Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის აგენტის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" შეცვლა?


ფოტო: თბილისი, 9 დეკემბერი, 2023. ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი დემონსტრაცია.
ფოტო: თბილისი, 9 დეკემბერი, 2023. ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი დემონსტრაცია.

​​​​​​​„აგენტების კანონში“ სიტყვა აგენტის ამოღება არაფერს ამსუბუქებს მათთვის, ვისაც ეს კანონი უნდა შეეხოს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის ისეთივე შეურაცხმყოფელია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, როგორც სიტყვა აგენტი.

„ვენეციის კომისიამ იმსჯელა ტერმინ "აგენტთან" დაკავშირებით და ანალიზი გააკეთა, რომ ეს შეიძლება უარყოფით კონოტაციას იწვევდეს, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და ამიტომ ეს ტერმინი აღარ არსებობს წარმოდგენილ კანონპროექტში“, - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

„ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან დათმობად თვლის იმას, რომ 2023 წელს ხმაურით ჩაგდებული კანონპროექტიდან ტერმინი „აგენტი“ ამოიღო.

2023 წელს ჩაგდებული კანონპროექტის ტექსტში ერთადერთი ცვლილება შევიდა - ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“ ჩანაცვლდა.

„ოცნებაში“ განმარტავენ, რომ სიტყვა „აგენტის“ ამოღებას შარშანაც აპირებდნენ, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ტერმინმა გამოიწვია „ვნებათაღელვა და ლეგიტიმურადაც - ხშირ შემთხვევაში“; ახლა კი - როცა ეს ტერმინი ტექსტში აღარ არის, მათი ლოგიკით, ვნებათაღელვას აღარაფერი უნდა იწვევდეს.

ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ „აგენტზე“ არანაკლებ შეურაცხმყოფელია - არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციებისთვის.

„მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე გვეუბნება, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ მისთვის კიდევ უფრო მძიმედ აღსაქმელი ტერმინია და „მოღალატეს ნიშნავს“.

„მაგალითად, მაქვს ["მწვანეთა მოძრაობას"] ახლა პროექტი, იაპონური გრანტია და გულისხმობს იმას, რომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად, უნდა შევიძინო ნაგავმზიდი კურორტ ბახმაროსთვის. უცხო ძალის გატარებაა ეს?! უცხო ძალის ინტერესების გატარებაა - ნაგვის მანქანას რომ ვყიდულობთ?!... ჩოხატაურს ექნება გავლენა იაპონიიდან?!

მანამდე, გერმანიის მიერ დაფინანსებული პროექტით ვიყიდეთ წყლის გამათბობელი ჰელიოსისტემები [მზის ენერგიაზე მომუშავე] დუშეთში და ასევე დუშეთში - ვიყიდეთ ენერგოეფექტური ღუმელები, რომლებიც დავურიგეთ მოსახლეობას... გერმანიის ზემოქმედებაა ახლა ეს?! და მე ვარ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი?!“, - ნინო ჩხობაძე, პარალელურად - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარეა. ეს პლატფორმა წლების წინ საგანგებოდ არის შექმნილი - საქართველოს ევროინტეგრაციის წინ წასაწევად და სახელმწიფოსთან კოორდინაციით მოქმედებს.

„პლატფორმის პოზიციაა, რომ ეს კანონპროექტი ["აგენტების კანონი"] საქართველოს უკან ხევს და სერიოზულ კითხვის ნიშნებს სვამს ჩვენს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით... მთელი პლატფორმა არის შექმნილი ევროინტეგრაციისთვის... გვინდა უფრო წინ წავიდეთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საფრთხეს - ეს კანონი პრობლემებს უქნის ჩვენს ევროინტეგრაციას“, - გვეუბნება ჩხობაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონპროექტის გაცოცხლებით ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააჩერა ევროკომისიის 9-პუნქტიანი რეკომენდაციების,9 დათქმის, შესრულების პროცესი.

წლებია უკვე, ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის საქმიანობს კორნელი კაკაჩიას ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP).

კაკაჩია გვეუბნება, რომ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ამ მიზნის შესაბამისად მოქმედება ვერაფრით ჩაითვლება უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებად; თუმცა, იცის, რომ „ოცნების“ მიერ ჩაფიქრებული კანონი - „რუსეთისა და სხვა ავტორიტარული ქვეყნების მსგავსად“, სწორედ „ამ იარლიყის მიწებებას“ უპირებს.

„[ხელისუფლების] მთელი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის [არასამთავრობო სექტორი და მედია] მარგინალიზება მოახდინოს, რადგან, ფინანსური დამოუკიდებლობის გამო, ვერ აკონტროლებენ მათ. შესაბამისად, საზოგადოების ამ ნაწილს აღიქვამენ საფრთხედ ხელისუფლებაში მათი ყოფნისთვის და ბატონობისთვის“, - კორნელი კაკაჩია გვეუბნება ასევე, რომ საერთაშორისო დონორები არასოდეს ერევიან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის საქმიანობაში.

მისი განმარტებით, დონორების ფული გაიცემა კონკრეტული პროექტებისთვის, საერთო დასავლურ ფასეულობებზე დაყრდნობით და საზოგადოების კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ხარჯები კი სრულად გამჭვირვალეა.

„აგენტების კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში, ორგანიზაციების ნაწილი შეურაცხმყოფელი სახელით საქმიანობას არ მოისურვებს, დაიხურება და, შესაბამისად - საჭირო სერვისები შეუწყდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს.

საერთაშორისო დაფინანსება დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტიაა მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებიც, მესამე სექტორთან ერთად, ე.წ. აგენტების კანონს, 8 აპრილს, პარლამენტის შენობასთან აპროტესტებდნენ.

ისმოდა შეძახილები - „არა რუსულ კანონს“, „არა რუსეთს“.

„ჩვენნაირი ორგანიზაციები გრანტებზე სწორედ იმის გამო ვართ დამოკიდებული, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა პოლიტიკურ ფულზე, შავ ფულზე, ან ისეთი ბიზნესის ფულზე, რომელსაც თავისი ინტერესების გატარება უნდა და ამიტომ სურს რეკლამის მოცემა; ან ისეთ ბიზნესზე არ ვიყოთ დამოკიდებული, რომელსაც უნდა, რომ გაჩუმდე, ანდა თავადაც ზეწოლის ქვეშ არის და არ გაძლევს რეკლამას სწორედ ამ ზეწოლის გამო, იმიტომ, რომ ხელისუფლების, მმართველი ძალის და არავის ინტერესებს არ გაატარებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე.

სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, არც „ნეტგაზეთს“ წარმოუდგენია - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” დარეგისტრირება.

„ერთადერთი, ჩვენ ვის ინტერესებსაც ვატარებთ, ჩვენი აუდიტორიაა. მის [საზოგადოების] ინტერესებს პასუხობს ჩვენი კონტენტი, მათ გამოწვევებს, მათ წუხილებს ვპასუხობთ და ასე ვცდილობთ, დავგეგმოთ გაშუქების სტრატეგია“, - ნესტან ცეცხლაძე გვეუბნება, რომ საერთაშორისო დონორები გავლენის გატარებას არავის სთხოვენ „და ეს ყველაზე უკეთ ხელისუფლებამ იცის, რომელიც მილიონობით დაფინანსებას იღებს ასევე საერთაშორისო დონორებისგან“.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ - თუკი „აგენტების კანონი“ დამტკიცდება, მძიმე პრობლემები შეექმნება მედიას და განსაკუთრებით - ონლაინმედიას, რომელიც შესაძლოა დაიხუროს.

„შავი სია“ და სეირის მოლოდინი

ხელისუფლებამ ხმაურიან კანონპროექტში ტერმინი „აგენტი“ შეცვალა, მაგრამ უცვლელად დარჩა სულისკვეთება - რომლითაც, უკვე დიდი ხანია, თავის მომხრეებსა და მოკავშირეებს აგენტებისა და სამშობლოს მოღალატეების შავი სიის შედგენის მოლოდინი გაუჩინა.

„ზოგადად, ჯაშუშობა და აგენტობა არის ძალიან მძიმე საქმე... ძალიან დასაძრახია ნებისმიერი ჯაშუშის საქმიანობა... ყველაზე მძიმე ხვედრია ზოგადად აგენტობა. ეს ყველაფერ მათ ბედზე ძალიან მძიმედ აისახება ხოლმე... რაღაც მომენტში შეიძლება კომფორტული იყოს აგენტობა, მაგრამ... აგენტის ხვედრი არის ყველაზე მძიმე ხვედრი. როდესაც ხარ აგენტი, ამ შემთხვევაში შენ გიწევს შენი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა. გამოთქმაც არსებობს ცნობილი - ყოფილი აგენტები არ არსებობენ“, - ამბობდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ირაკლი კობახიძე, შარშან - იმხანად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ეს იყო 2023 წლის თებერვალში, როცა პარლამენტში გაჩაღებული იყო მუშაობა „აგენტების კანონის“ მისაღებად.

შარშან თებერვალში, კობახიძემ ისიც განმარტა, რომ აგენტი იგივე მონაა და „ვიღაცის ინტერესის გამტარებელს“ ნიშნავს. მსგავს განცხადებებს ხშირად აკეთებდნენ „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც.

შემდეგ, მასშტაბური აქციების ზემოქმედებით, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რომ ერთი მოსმენით მიღებული პროექტი მეორე მოსმენაზე ჩაეგდო; მაგრამ მან მაინც განაგრძო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აგენტებად და სახელმწიფოს მოღალატეებად მოხსენიება.

„სამშობლოს მოღალატეებისა“ და „ჯაშუშების/აგენტების“ „შავი სიის“ შედგენის მოლოდინი ეტყობა დისკუსიებს დღესაც, სოციალურ ქსელებში.

ტენდენცია ასეთია: ხელისუფლების მომხრეები [მათ შორის - საჯარო მოხელეები] კომუნიკაციას ერთი შეხედვით უწყინარი შეკითხვებით იწყებენ - თითქოს საკითხში ვერ ერკვევიან და გულწრფელად აინტერესებთ, მაგალითად - „გამჭვირვალობა ცუდია?“, „გამჭვირვალობა არ არის ევროპული?“, „გამჭვირვალობა რუსულია?“, „აგენტებს ხომ აღარ გიწოდებენ, რა პრობლემა გაქვთ?“.

მცირედი წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი, ხშირად - მათი ტონი რადიკალურად იცვლება და ისმის მუქარა - ქონების წართმევის, დაჭერისა თუ ქვეყნიდან გაძევების შესახებ.

„ოცნება“, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ ითხოვს უწყინარი რეესტრის შექმნას - გამჭვირვალობის მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, ლაპარაკობს „შავ ფულზე“, რომლის დამალვაც თითქოს არასამთავრობო სექტორსა და მედიას სურს. „შავ ფულზე“ 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე, უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმაც ილაპარაკა.

ანრი ოხანაშვილის გარდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიგებშია კიდევ ათეულობით სხვა პირი, რომლებიც წარსულში თავად მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში და შეხება ჰქონდათ დონორების დაფინანსებასთან.

სამოქალაქო საზოგადოებას აინტერესებს - იყვნენ თუ არა მაშინ ისინიც აგენტები და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები? შეკითხვები უპასუხოდ რჩება.

„აგენტების კანონის“ მოსალოდნელ შედეგებზე სასაუბროდ, 8 აპრილს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ „ოცნებამ“ საბოლოოდ გამოაჩინა ნამდვილი სახე და კანონის გაცოცხლებით - ევროპას „არა“ და „მკაფიო უარი“ უთხრა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, აზრის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცეს. გიორგი მსხილაძემ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები - კანონპროექტს ევროინტეგრაციის გზის შემაფერხებლად თვლიან და, რომ - ბიურომ რეგისტრაციაში არ უნდა გაატაროს.

ოდნავ მოგვიანებით, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ, დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტი სადავო კანონს ვეტოს დაადებს. საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევა შეუძლია.​

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა კანონპროექტი, რომელიც 2023 წლის მარტში, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ იძულებით ჩააგდო. ხალხმა მას „რუსული კანონი“ დაარქვა და დღემდე ასე უწოდებს.

სადავო კანონპროექტის კვლავ ინიციირებას საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციები მოჰყვა. ისინი ერთხმად მიუთითებენ, რომ მისი დამტკიცება საქართველოს ევროპულ გზას ჩამოაშორებს.

ევროპარლამენტის რამდენიმე ათეული წევრი მოუწოდებს ევროკომისიას - შეისწავლოს, რამდენად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაც საქართველომ ახლახან მიიღო.

ტექსტის მიხედვით, არ გამოირიცხება „საწყის ეტაპზე“ დაბრუნება - სტატუსის ჩამორთმევა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG