Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან ჟურნალისტები და აქტივისტები აქციას მართავენ


პარლამენტის შესასვლელთან ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს!“
პარლამენტის შესასვლელთან ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს!“

საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. დოკუმენტი აქციის მიმდინარეობის დროს რეგისტრირდება საქართველოს პარლამენტის ბიუროზე.

„არ შეგვიშვეს შიგნით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ბევრ კოლეგას აქვს სპეციალური საშვი. დანარჩენებს კი გვაქვს პარლამენტის წევრის დაშვებული საშვები. ეშინიათ, რომ შევახსენეთ, საით მივყავართ ამ კანონს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც არის გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორი.

პარლამენტის შესასვლელთან ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს!“ ჟურნალისტებიც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებით ცდილობს, რუსული მეთოდებით გააჩუმოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ამ განცხადებით, კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს მისი მხილების საწინააღმდეგო ნაბიჯს.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG