„რიცხვები შოკისმომგვრელია, უკრაინის ომის გავლენას საკუთარ თავზე განიცდის მსოფლიოში მცხოვრები ყოველი მეორე ადამიანი. ანუ იაპონიაში, პოლონეთსა თუ ბრაზილიაში მცხოვრები ადამიანები განიცდიან სევდას, როდესაც უკრაინიდან მიღებულ ამბებს ადევნებენ თვალს და ღელავენ თავიანთ მომავალზე. ამგვარად, ომი ანგრევს არა მხოლოდ მენტალურ კეთილდღეობას, არამედ ცუდად აისახება ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა სამიტზე ოლენა ზელენსკამ, უკრაინის პრეზიდენტის ცოლმა. კიევის სამიტი სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა.
ღონისძიების კულუარებში ითქვა, რომ უკრაინელთა 90%-ს პოსტტრავმული აშლილობის სიმპტომები აღენიშნება. უკრაინის ჯანდაცვაში პროგნოზირებენ, რომ სულ მცირე 15,7 მილიონ ადამიანს დასჭირდება სხვადასხვა ხარისხის ფსიქოლოგიური დახმარება.
„სტრესული აშლილობის დონე უკრაინაში ძალიან მაღალია“
ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც ეს განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, არის ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობა. ანუ, საკუთარი თავის ისეთი აღქმა, როდესაც ადამიანს ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება და თვითრეალიზება შეუძლია.
ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლება და, ზოგადად, ჯანმრთელობის განუყოფელი კომპონენტია. ამ უფლების განხორციელების სირთულეები განიხილეს კიევის სამიტზე.
რიცხვები, რომელიც თავის მოხსენებაში გააჟღერა უკრაინის პირველმა ლედიმ, 11 ქვეყანაში, არგენტინიდან იაპონიამდე, ჩატარებული დიდი გამოკითხვის ნაწილია და აჩვენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანებს ისევე აღელვებთ, როგორც სიღარიბე, ფასების ზრდა და კლიმატის ცვლილება.
„პოსტტრავმული სინდრომი - იმ დიდი პოსტსტრესული აშლილობის მხოლოდ ნაწილია, რომელმაც დისტრესის გამო იჩინა თავი ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის სტრესი, ეს არ არის ქრონიკული სტრესი, არამედ დისტრესი, რომელიც განსხვავდება სიტყვა "სტრესისგან". ეს არის ის, რასთან პრაქტიკულად შეუძლებელია გამკლავება. და ეს შიშით გამოწვეული რეაქციები, შეშფოთება და პანიკა, რომლებსაც ჩვენ განვიცდით, ზოგიერთ ადამიანში გადადის აშლილობაში, მათ შორის - პოსტტრავმულ აშლილობაში. ვიღაცასთან იგი სხვა დონის პრობლემად რჩება, რომლის მოგვარებასაც ალკოჰოლის საშუალებით ცდილობს“, - ამბობს ფსიქოთერაპევტი ოლეგ ჩაბანი, უკრაინის ა. ბოგომოლეცის სახელობის ფსიქოსომატური მედიცინისა და ფსიქოთერაპიის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი.
მეცნიერი, რომელიც კიევის სამიტზე იყო მიწვეული, „კანონზომიერს“ უწოდებს უკრაინაში სტრესული აშლილობის ძალიან მაღალ დონეს.
„მე სრულად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ომი უკრაინაში - მთელი მსოფლიოსთვის გავიდა მენტალური ომების დონეზე. რამდენი ქვეყანაა ჩაბმული ამ ომში! მხოლოდ უკრაინის მოკავშირეების ჩამოთვლაც კი საკმარისია. ან მათი, ვისი ამ გარსში ჩათრევაც რუსეთს სურს. პლანეტა დედამიწა - უკრაინისა და ამ ომის თემით არის მოცული. და ახლა კიდევ ეს საშინელი სურათები, ჩვენ გროტესკულ სურათებში ვცხოვრობთ. ინფორმაცია ძალიან სწრაფად, ძალიან თვალისმომჭრელად და მუდმივად მოგვეწოდება - ესეც პლანეტა დედამიწის მთელი მოსახლეობის, პირველ რიგში, ჩემი და თქვენი დაავადების დონის მაჩვენებელია“, - ამბობს პროფესორი ოლეგ ჩაბანი.
„ეს შეიძლება იქცეს სამყაროს განკურნების დასაწყისად“
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზით, უკრაინელების 90%-ზე მეტს უკვე აქვს პოსტტრავმული აშლილობის სულ მცირე ერთი სიმპტომი. ამასთან, სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თავიანთ პრობლემებს არ მიიჩნევენ სხვებისათვის არსებითად და მნიშვნელოვნად, მით უფრო ომის პირობებში. ახალმა გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ სპეციალისტებს 50-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში მიმართავენ. შედარებისათვის: გერმანიაში, ბრიტანეთსა თუ აშშ-ში ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან დადის ყველა მეოთხე.
„პირველი ვარიანტია - არ ესმით, მეორე ვარიანტია - ესმით, მაგრამ არ მიდიან. და მაინც უფრო მეტად (და ეს გაჟღერდა პირველი ლედის ბაგეთაგან, და ეს მართალია) ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ მათ ეს პრობლემა სჭირთ. დამეთანხმეთ, რომ როდესაც ადამიანი ომში იმყოფება, ომის სიტუაციაში, თუნდაც არა წინა ხაზზე, - ეს თავისებურად განსაკუთრებული პრობლემებია. ესაა აშლილობა იმ სამხედროებისა, რომლებმაც მეგობრების დაკარგვა თუ სხვა სახის საშინელებები გადაიტანეს. მეორე შემთხვევაა ადამიანი, რომელიც სამშვიდობოს იმყოფება, მაგრამ მის თავზე მუდმივად გაუდის ბათქი-ბუთქი რაკეტებს. და გარდა ამისა, არსებობს კიდევ საფრთხე, რომელიც მან საკუთარ გონებაში დახატა. ცხადია, რომ ამას გარკვეული ემოციური რეაქცია უნდა მისცეს - შიში, განგაში, დაძაბული სიტუაცია, უძილო ღამე. მძაფრდება სომატური დაავადება. აი, ადრე ის ასე არ ავადმყოფობდა, ახლა კი ასტკივდა ზურგი და ტკივილი არაფრით არ გადის. და ასეთ შემთხვევაში ადამიანები საკუთარ თავს უწყებენ ახსნას: "ასეთია ცხოვრება, აი, დადგება მშვიდობიანი ცხოვრება და მაშინ ყველაფერი მშვიდად იქნება“, - აღნიშნავს პროფესორი ჩაბანი.
კიევის სამიტი სამი საკითხის გარშემო იყო კონცენტრირებული: მენტალური ჯანმრთელობა ზოგადად, უკრაინელთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ომის პირობებში და ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობა.
ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო სტივენ ფრაი - ბრიტანელი მსახიობი და მწერალი, რომელმაც თქვა, რომ თავად მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს ბიპოლარული აშლილობით.
კიევში გამართულ სამიტზე ჩავიდნენ დანიის პრემიერ-მინისტრი, ესტონეთის, ლიეტუვის, ჩეხეთისა და სომხეთის პირველი ლედები და დანიის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პირველი ჯენტლმენები. სამიტზე მოკლე სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა,
სამიტს ვიდეოკავშირით ჩაერთო ჰოლივუდის მსახიობი რიჩარდ გირი. იგი აღნიშნავდა, თუ რაოდენ საჭიროა, რომ დიდებმა ბავშვებს ასწავლონ თავიანთ გრძნობებსა და ემოციებზე საუბარი, თავად კი მოსმენა ისწავლონ.
კიდევ ერთი ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი, პირადად იმყოფებოდა კიევში.
„ჩემი 63 წლის განმავლობაში უკრაინის შესახებ ჩემი შთაბეჭდილება ისაა, რომ ვიდრე ისინი (უკრაინელები) იტანჯებიან, ფსიქიკური ჯანმრთელობა პრობლემა იქნება. მაგრამ მე ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იქცეს სამყაროს განკურნების დასაწყისად. და ამიტომ მინდოდა, რომ აქ ვყოფილიყავი“, - განაცხადა შონ პენმა.