თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალების „შესამჩნევი წინსვლა“ დააფიქსირა ზაპოროჟიეს ოლქში, შეტევის სამხრეთ ხაზზე.
მისი თქმით, უკრაინის არმიამ „გარკვეულ წარმატებას“ მიაღწია რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზზე შეტევაში. მან აღნიშნა, რომ კიევს ჯერ კიდევ „მძიმე ბრძოლა მოელის“ ამ მონაკვეთზე.
უკრაინის ხელისუფლებამ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ რამდენიმე ადგილას გაარღვია რუსული თავდაცვის პირველი ხაზი და იქ კიდევ უფრო გამაგრებულ რუსულ პოზიციებს წააწყდა, იუწყება „ამერიკის ხმა“.
გაზაფხულზე გამოცხადებული, მაგრამ ზაფხულის დასაწყისში დაწყებული იერიშის მსვლელობისას უკრაინის არმიამ ჯერჯერობით ვერცერთ დიდ დასახლებულ პუნქტზე ვერ შეძლო კონტროლის აღდგენა.
ამ კვირაში კიევში გააკრიტიკეს დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომლებშიც აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმური წყაროები კონტრშეტევაში „ნელი პროგრესის“ შესახებ ლაპარაკობდნენ. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა შეიძლება შემცირდეს უკრაინული ძალების შესამჩნევი წინსვლის გარეშე.
უფრო ადრე, ივნისის ბოლოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა „არ არის შოუ“. „ყოველი დღე, ყოველი მეტრი“ უკრაინის ჯარს სისხლით ეძლევაო, თქვა მან. მაშინ მან განაცხადა, რომ ოპერაციის დასახული გეგმები სრულდება.