Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა დაუპირისპიროს კიევმა რუსეთის „კოლონიზაციის პოლიტიკას“ ოკუპირებულ მიწებზე?


რუსეთიდან მარიუპოლში ჩასულთა უმრავლესობა მშენებლობაზე მუშაობს
რუსეთიდან მარიუპოლში ჩასულთა უმრავლესობა მშენებლობაზე მუშაობს

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება მარიუპოლში რუსეთიდან 300 ათასი მოქალაქის ჩასახლებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის იატაკქვეშა წყაროებზე დაყრდნობით, 20 აგვისტოს ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრმა განაცხადა

მოსკოვი ასევე აგრძელებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ მიწების კოლონიზაციას, რომლის ოკუპაციაც უკრაინაში 2022 წლის თებერვლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოახდინა.

ოკუპირებულ მიწებზე განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს რადიო თავისუფლების პროექტი „ნოვოსტი პრიაზოვია“ („აზოვისპირეთის ამბები“), რომლის ჟურნალისტებმა შემდეგი შეკითხვების გარშემო სცადეს პასუხების მოპოვება:

  • რუსეთის მოქალაქეთა რა კატეგორია ჩადის სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
  • სად მუშაობს ეს ხალხი და როგორ ექცევა მათ ადგილობრივი მოსახლეობა?
  • რა ეფექტის მიღება სურს რუსეთს ასეთი კოლონიზაციის პოლიტიკით უახლოეს და გრძელვადიან პერსპექტივაში?
  • და რა ელოდებათ რუს კოლონიზატორებს უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ?

„მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის წალეკვაა“

13 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრძელებენ უკრაინელთა გასახლებასა და იძულებითი ასიმილაციასტ. კერძოდ, ხერსონის რეგიონის გენიჩესკის რაიონიდან, საოკუპაციო ხელისუფლება რუსეთში იძულებით ასახლებს უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც უარი თქვეს რუსული პასპორტების მიღებაზე. მათ სახლებში კი ასახლებენ ეროვნული უმცირესობების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთის ნაკლებად უზრუნველყოფილ სოციალურ ფენებს განეკუთვნებიან.

8 აგვისტოს მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აღინიშნა ქალაქში მუსლიმანური დღესასწაული ყურბან-ბაირამი.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მარიუპოლში ძალიან გაიზარდა აზიური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან აგვისტომდე თითქმის გაორმაგდა. მოსახლეობის „ჩანაცვლების პოლიტიკა“ ხორციელდება ისევე ეფექტურად, როგორც მარგინალიზაციის პოლიტიკა, - აღნიშნა ანდრიუშჩენკომ.

ნიკოლაი ოსიჩენკო
ნიკოლაი ოსიჩენკო

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მარიუპოლის ტელევიზიის დირექტორი ნიკოლაი ოსიჩენკო ამბობს, რომ რუსეთს სურს მარიუპოლის ადგილობრივი მოსახლეობის „წალეკვა“ და ამას გააკეთებს მანამ, სანამ დრო ექნება.

„რაც შეეხება თამასას - 300 ათას ადამიანს, არავინ იცის ზუსტად, თუ რა თამასა აქვთ თავისთვისვე დაწესებული ოკუპანტებს. მე ვფიქრობ, რომ მათ არ იციან ამის შესახებ, რადგან არ არსებობს ასეთი თამასა. მათი მიზანია - მარიუპოლის მკვიდრი მოსახლეობის წალეკვა. იმისათვის, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, ისინი საცხოვრებლად გადაჰყავთ ქალაქის განაპირას, ხოლო ცენტრში ცხოვრებას იწყებენ ე.წ. მარიუპოლელები. ვინ არიან მარიუპოლის ეს ახალი მცხოვრებლები? მიგრანტი მუშები, რომლებიც რუსეთიდან ფულის საშოვნელად მიემგზავრებიან მარიუპოლში. და თან მიჰყავთ ცოლები, ბავშვები, ბებიები და ყველა, ვინც კი შეუძლიათ“, - ამბობს ნიკოლაი ოსიჩენკო.

მარიუპოლში ასევე საცხოვრებლად რუსეთის იმ მოქალაქეები ჩადიან, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ქალაქი ფრონტის ზურგში მდებარეობს და თითქოს უსაფრთხოა. მაგრამ, ოსიჩენკოს აზრით, ეს რუსები თავიანთი ხელისუფლების პროპაგანდას ენდობიან.

„იპოთეკის სახით აღებული სესხით ისინი აშენებენ ბინებს ქალაქის ცენტრში. მაგრამ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც იქ მიეშურებიან, პირველ რიგში, საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ სახსრებს. რადგან იქ უძრავი ქონების შეძენა, სრულიად არალეგიტიმურია. კაპიკია ყველა იმ დოკუმენტის ფასი, რომელსაც მათ მისცემენ. ამიტომ ისინი კაპიტალსაც დაკარგავენ და ბინასაც. და კიდევ, მარიუპოლი არ არის ზურგში მდებარე ქალაქი, ამიტომ იქ ჩასვლა სახიფათოა“, - ამბობს ტელეჟურნალისტი.

უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქი მარიუპოლი რუსეთის ჯარებმა 2022 წლის მაისში, თითქმის სამთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ აიღეს. ქალაქის შტურმის დროს განადგურდა საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა და სხვა ობიექტები.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომამდე მარიუპოლში დაახლოებით 426 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. რუსეთის მიერ ქალაქის სასტიკი ალყის შედეგად, არაერთი შეფასებით, დაიღუპა სულ მცირე 25 ათასი ადამიანი. კიდევ 350 ათასი დევნილად იქცა.

მარიუპოლში თითქმის არაა სამუშაო ადგილები. რუსეთიდან ჩამოსულები ძირითადად მშენებლობაზე საქმდებიან. ნიკოლაი ოსიჩენკოს თანახმად, თავად ძირძველ მარიუპოლელებს ეს ამბავი ძალიან არ მოსწონთ და ვერ ხვდებიან, თუ რატომ ხდება ასე.

რუსეთის მიერ დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსები მარიუპოლში, 30 მარტი, 2023 წელი
რუსეთის მიერ დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსები მარიუპოლში, 30 მარტი, 2023 წელი


„და მე სწორედ ამას ვუხსნი მათ წელიწად-ნახევარია, რომ თქვენ იქ (რუსეთის ხელისუფლებისთვის - რედ.) არასოდეს გახდებით თავისიანები, მაშინაც კი, თუ ეკუთვნით "რუსულ სამყაროს" და თუ გიყვართ პუტინი. რუსებს ეს საერთოდ არ აინტერესებთ. მათთვის, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც კეთილი არ ინებეთ და გასულ გაზაფხულზე არ შეხვდით რუსეთის არმიას. სწორედ მათთვის, სპეციალურად მარიუპოლის მცხოვრებთათვის და მხოლოდ მარიუპოლის მცხოვრებთათვის შემოიღეს ფილტრაციის ბანაკები. ანუ რუსეთს სძულს მარიუპოლის მოსახლეობა. და ისინი ყოველთვის იქნებიან მეორე კლასის ადამიანები ოკუპირებულ ქალაქში“, - დარწმუნებულია მარიუპოლის ტელევიზიის დირექტორი.

ოსიჩენკო დარწმუნებულია, რომ მარიუპოლში დასახლებული რუსი მოსახლეობა ქალაქს დატოვებს, როდესაც დეოკუპაცია მოხდება. და ეს არ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი შიშით გამოწვეული.

„მათ შეეშინდებათ იმ ადამიანების რისხვის, რომლებიც წელიწად-ნახევარია სადღაც ცხოვრობენ, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ქალაქი, რომლებმაც დაკარგეს სახლები. მათ სწორედ ამ ხალხის მხრიდან შურისძიების ეშინიათ“, - დასძინა ოსიჩენკომ.

მარიუპოლი, 11 ივნისი, 2023 წელი
მარიუპოლი, 11 ივნისი, 2023 წელი

„მათთვის არ არსებობს ცნება უკრაინა და საფრთხე“

ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგეი დანილოვი ამბობს, რომ ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საცხოვრებლად სხვადასხვა კატეგორიის რუსი მოსახლეობა ჩაჰყავთ. სამხედროებს და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს აბინავებენ სახლებში, რომლებიც წაართვეს ოკუპაციის გამო საკუთარი საცხოვრებლებიდან აყრილ მოსახლეობას. ხერსონის რეგიონში ასევე ბევრი ჩადის რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებიდან.

„ესენი არიან რუსები უკიდურესი ჩრდილოეთის, ეროვნული რესპუბლიკებიდან, მაგალითად, ციმბირიდან. ხშირად რუსეთის რამდენიმე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩამოვიდნენ და შეიძინეს საცხოვრებელი სახლები იმავე ჩაპლინკაში, კალანჩაკში, სკადოვსკსა და გენიჩესკში, - თან თავიანთი ოჯახებიც მოჰყავთ. ისინი აღიქვამენ ამას, როგორც მომგებიან ინვესტიციას, სანამ ფასები არ გაიზარდა, სანამ ყველა რუსი არ მიხვდა, რამდენად მოგებიანია ეს. ისინი ჩამოვიდნენ საუკეთესო კლიმატურ პირობებში და შეიძინეს იაფი საცხოვრებელი. შემდეგ არის რუსების სხვა კატეგორია - მხოლოდ მამაკაცები, ვისთანაც ამ ზაფხულის პერიოდში ჩამოდიოდნენ მათი ოჯახები, მაგალითად, ცოლები ბავშვებთან ერთად. ესეც ასევე საკმაოდ მასობრივი ფენომენია“, - ამბობს დანილოვი.

რუსეთიდან ჩასულები, ექსპერტის თანახმად, სხვადასხვა სფეროში მუშაობენ. და მათ სულაც არ ანაღვლებთ, რომ ბრძოლა შეიძლება ხერსონის რაიონის მოშორებით მდებარე ტერიტორიებსაც მიუახლოვდეს.

სერგეი დანილოვი
სერგეი დანილოვი

„მათ რიცხვს განეკუთვნებიან საოკუპაციო ხელისუფლების სამოქალაქო ორგანოებში მომუშავენი, რუსეთის სამშენებლო კომპანიების მშრომელები, რომლებიც გზებსა და ხიდებს არემონტებენ, ასევე ბიზნესით დაკავებული ადამიანები, რომლებსაც ყირიმიდან და კრასნოდარის მხარიდან გასაყიდად სხვადასხვა სახის პროდუქტები ჩამოაქვთ. ეს არის ახალი ჯურის ხალხი, რომელთათვისაც არ არსებობს ცნება უკრაინა და საფრთხე. მათთვის რუსეთია მარადიული“, - ამბობს დანილოვი.

საოკუპაციო ხელისუფლების დამოკიდებულება ადგილობრივ მცხოვრებლებსა და რუსეთიდან ჩამოსულთა მიმართ, განსხვავებულია.

„ეს არის კარდინალური სხვაობა. ჩვენი ხალხი იქ მუდმივი შიშის ქვეშ იმყოფება, მაშინ როცა პრივილეგირებულები სულ სხვა მდგომარეობაში იმყოფებიან. მათთან ღამით შესამოწმებლად და გასაჩხრეკად არავინ მიდის, რაც ჩვეულებრივი ამბავია ხერსონის მარცხენა ნაპირზე მცხოვრები ნებისმიერი ადგილობრივის შემთხვევაში. ამიტომ დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია“, - ამბობს ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმ რუსების ნაწილი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდნენ, ამ რეგიონებს განთავისუფლების დროს დატოვებენ. ზოგმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს საომარ მოქმედებებში, ზოგი კი იქ დარჩეს და განაგრძოს ცხოვრება.

ნოვა კახოვკის შესასვლელი, ხერსონის რეგიონი, 7 სექტემბერი, 2022 წელი
ნოვა კახოვკის შესასვლელი, ხერსონის რეგიონი, 7 სექტემბერი, 2022 წელი

„უკრაინელთა მასობრივი გამოდევნა ყირიმიდან დაიწყო“

როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კოლონიზაციის პოლიტიკაზე საუბრობს, ყირიმის რეინტეგრაციის ასოციაციის ექსპერტი, საერთაშორისო იურისტი ბორის ბაბინი აღნიშნავს, რომ ყველაფერი 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით დაიწყო.

იურისტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების იქიდან გასახლების ერთადერთი შესაძლო ვარიანტი - გაძევების მექანიზმია. მაგრამ ყირიმის შემთხვევაში ამ პროცესის დროს უკრაინა შესაძლოა წააწყდეს რიგ გამოწვევებს, რადგან ნახევარკუნძულზე ასიათასობით ასეთი (ოკუპაციის შემდეგ საცხოვრებლად ჩასული) ადამიანი იმყოფება.

„ამ ვითარებაში ჩვენ უნდა მოვახდინოთ გაძევებაა ორი კატეგორიის მიხედვით. პირველში - იქნებიან დამნაშავეები, რომლებსაც გაძევებასთან ერთად ელოდებათ სასჯელი როგორც უკრაინის სისხლის სამართლის, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ჩადენილი დანაშაულებისთვის. კოლონიზატორთა მეორე ნაწილში იქნებიან სამხედრო ტყვეები. ამიტომ იმ პირთა ნაწილი, რომელიც უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, ჟენევის კონვენციის მიხედვით მიჩნეული იქნებიან მებრძოლებად. ამიტომ გაძევების ნაცვლად ისინი ფაქტობრივად ჩაითვლებიან სამხედრო ტყვეებად აქედან გამომდინარე შედეგებითურთ. კერძოდ, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, გათვალისწინებული იქნება მათი გაცვლა“, - ამბობს იურისტი.

ყირიმი, 27 აგვისტო, 2023 წელი
ყირიმი, 27 აგვისტო, 2023 წელი

ბაბინი თვლის, რომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს იმ რუსეთის მოქალაქეების რეესტრის გაკეთება, რომლებიც ყირიმიდან გაძევებას დაექვემდებარებიან, რათა ეს პროცესი სტრუქტურულად მოწესრიგდეს და გასაგები გახდეს, თუ რომელი კატეგორიის ხალხს გააძევებენ პირველ რიგში. ამასთან, იურისტი არ გამორიცხავს, რომ გაძევების პროცედურაში შუამავალი ქვეყნებიც ჩაერთონ, რომელთა დახმარებით წინასწარ უნდა მომზადდეს ნიადაგი გაძევების ჰუმანური სახით ორგანიზებისათვის.

„ამაში უნდა ჩაიდოს თანხები და უნდა გაიწეროს ხარჯთაღრიცხვის მექანიზმი. ვინაიდან [უკრაინის] კანონმდებლობის თანახმად, ეს ადამიანები არ არსებობენ. ეს ახლა უნდა გაკეთდეს. არა დეოკუპაციის შემდეგ, არამედ ახლა“, - აღნიშნავს ბაბინი.

უკრაინის სამხრეთ ტერიტორიების ნაწილში მიმდინარე ბრძოლებისა და ოკუპაციის გათვალისწინებით, სტატიაში მოყვანილ ზოგიერთ შეფასებასთან დაკავშირებით რედაქციას არ შეუძლია მოიპოვოს ოფიციალური დადასტურება ან დამოუკიდებლად გადაამოწმოს ისინი.

  • რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები.
  • უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვლიდან გრძელდება რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესია, რომელსაც კრემლი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
  • გაეროს თანახმად, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაღუპულია 9444 სამოქალაქო პირი.
  • გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისმა 15 აგვისტოს გამოაცხადა, რომ დაღუპულებს შორის 545 ბავშვია. ამავე განცხადებით, დაიჭრა 16 940 ადამიანი, მათ შორის - 1126 ბავშვი.
  • მსხვერპლის რეალური მონაცემი, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია, რადგან ჯერ კიდევ არ არის მოპოვებული ინფორმაცია ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, ხოლო სიკვდილის შესახებ ბევრი ცნობა კვლავაც დასაზუსტებელია, - ამბობს გაერო.
XS
SM
MD
LG