Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანონი კანონია“


გოგი გვახარია გვირჩევს იტალიელი რეჟისორის პიეტრო ჯერმის ფილმს „კანონის სახელით“ (1949)
გოგი გვახარია გვირჩევს იტალიელი რეჟისორის პიეტრო ჯერმის ფილმს „კანონის სახელით“ (1949)

„კანონის სახელით“ (1949, იტალია, რეჟისორი პიეტრო ჯერმი)

დიდი ხანია ჩვენს რუბრიკაში კინოკლასიკაზე არ გვისაუბრია. მოვიდა არჩევნების დრო და ვფიქრობ, არცერთი სხვა ფილმი არ უხდება ქვეყანაში შექმნილ განწყობას ისე, როგორც პიეტრო ჯერმის ეს დავიწყებული შედევრი. „ძველი კინოს“ ყურება თუ გიჭირთ, გარწმუნებთ, იმ ატმოსფეროს გასათავისებლად, რომელსაც პიეტრო ჯერმი ქმნის, განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. „კანონის სახელით“ შესაძლებელია მოძველებული ფილმი იყოს შვედისთვის ან ესპანელისთვის... იტალიელისთვისაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ნეორეალიზმის ეს კლასიკური ნიმუში, რომლის პრემიერა 1949 წელს გაიმართა, საქართველოსთვის ისევ აქტუალურია.

კინოს ისტორიის კონტექსტში თუ განვიხილავთ, „კანონის სახელით“, რომელსაც თავად ნეორეალისტები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, ფაქტობრივად, საფუძველს უყრის გასული საუკუნის 70-იანი წლების იტალიურ პოლიტიკურ კინოს (კორუფციის და მაფიის თემებით) და, მეტიც, „სპაგეტი-ვესტერნის“ ჟანრს, რომელიც ასე საინტერესოდ განვითარდა სერჯო ლეონეს ფილმებში. ამ მხრივ აუცილებელია გავიხსენოთ პიეტრო ჯერმის აღფრთოვანება ჯონ ფორდის ვესტერნებით და საერთოდ, 30-40-იანი წლების ამერიკული კინოთი, რომელსაც ნეორეალისტების უმრავლესობა ამრეზით უყურებდა. „კანონის სახელით“, ფაქტობრივად, ჯონ ფორდის სოციალური კინოა სიცილიური პეიზაჟით - ყოველი კადრი გაცოცხლებულია ჰაერით, გაჟღენთილია სიცოცხლით მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჩაკეტილი საზოგადოების სახეს ქმნის, საზოგადოებისა, რომელიც უკვე გახრწნის ზღვარზე იმყოფება.

ფაქტობრივად, სიცილია, რომელსაც გვიხატავს პიეტრო ჯერმი, წარმოდგენილია როგორც ჯოჯოხეთი, როგორც წყვდიადი, რომელშიც ჩადის ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მოსამართლე გვიდო სკიავი მასიმო ჯიროტის შესრულებით. ჯოჯოხეთს მართავს ადგილობრივი მაფიის თავი, დიდი ფრანგი მსახიობის შარლ ვანერის შესრულებით. თუმცა აქვეა ბარონი ლო ვასტო, რომელსაც ყველაფერი ნაყიდი აქვს - მიწები, წიაღისეული და, რაც მთავარია, ხალხი, ჩინოვნიკები. „კანონის სახელით“, ფაქტობრივად, პირველი ნეორეალისტური ფილმია, რომელშიც ხალხი, როგორც პერსონაჟი, აღარაა გაიდეალებული. ვფიქრობ, ასეთი ფრთხილი დისტანცია ნეორეალისტების იდეალებისგან, ფილმის სცენარისტების პოზიციაში უნდა ვეძებოთ - მარიო მონიჩელის, ტულიო პინელისა და განსაკუთრებით ფედერიკო ფელინის „ფუნდამენტალისტები“ ნეორეალიზმის პრინციპების ღალატში ადანაშაულებდნენ. „კანონის სახელით“ - უკვე არის ახალი ეტაპის დასაწყისი იტალიურ კინოში. აქცენტი ადამიანის მარტოობაზე კეთდება საზარელ ურჩხულთან ბრძოლაში... და ეს ურჩხული, პირველ რიგში, ფულია, რომლითაც უღარიბესი სიცილია იმართება.

საინტერესოა, რომ საბჭოთა კინოგაქირავებამ მალევე იყიდა და გაახმოვანა პიეტრო ჯერმის ფილმი. მაგრამ სათაური შეუცვალა და „სიცილიის ცის ქვეშ“ დაარქვა. სიტყვა „კანონი“ კაპიტალისტურ სამყაროს არ მოუხდებოდა და მაყურებელი აქ ვერ გაიგებდა, რომელ კანონებს ემსახურება მასიმო ჯიროტის პატიოსანი მოსამართლე. არსებითად პიეტრო ჯერმის იტალიაშიც ამიტომ შეუტიეს მემარცხენე ნეორეალისტებმა - „კანონის სახელით“ სისტემას ნაკლებად აკრიტიკებს. სისტემის სტრუქტურა ეჭვის ქვეშ არ დგება და მიუხედავად სოციალური სიმძაფრისა, ჯერმის აქცენტი უფრო კულტურაზე - პატრიარქალურ კულტურაზე გადააქვს. თითქოს, იმ იდეით, რომ თუკი ადამიანები შეიცვლებიან, თუკი შეიცვლებიან მოსამართლეები, თუკი უკეთესები მოვლენ, კანონი (სისტემა) აუცილებლად ამოქმედდება. სიღარიბე, რომელიც შობს მაფიას, უკანონობას, ძალადობას, აქ მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია „წესიერი კაცის“ იდეა, მეტიც, მესიის იდეა... მას შეუძლია თავი შესწიროს ამ წესიერებას, რათა სისტემა ჩამოყალიბდეს და კანონი კანონობდეს. ჯერ ის კაბინეტი უნდა დაალაგოს, რომელიც აქედან გაქცეული კოლეგისგან გადაიბარა, მერე კი ხალხს დაელაპარაკოს, მონებად ქცეულ ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ არ ესმით, რომ ამ სამყაროში არ შეიძლება დაიკავო შუალედური პოზიცია.

გამოსავალი დამოუკიდებელი სასამართლოა. ეს უნდა იყოს პიეტრო ჯერმის მთავარი გზავნილი. თუმცა ნებისმიერი სამართლებრივი სისტემა თავის ძალას დაკარგავს, თუკი ისეთი მოსამართლეები არ ეყოლება, როგორიც გვიდო სკიავია. იტალიურ კინოს სკიავი წლების შემდეგ გაახსენდება, როცა სიცილიური მაფია ისევ დაიმკვიდრებს ადგილს აქაურ პოლიტიკურ ფილმებში. მაგრამ ვფიქრობ, ვერც დამიანო დამიანის, ვერც ფრანჩესკო როზის, ვერც ელიო პეტრის ფილმებში ვერ შეიქმნება ასეთი შთამბეჭდავი სახე დადებითი გმირისა, როგორიც მასიმო ჯიროტიმ შექმნა პიეტრო ჯერმის ფილმში.

ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით

საბჭოთა ვერსია (რუსულად), კინოთეატრებში გადიოდა სათაურით „სიცილიის ცის ქვეშ

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG