Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებების მარადიულ მოლოდინში 


რუს რეჟისორს, სერგეი სოლოვიოვს, ახალგაზრდების მიმართ რაღაც განსაკუთრებული მოწიწება რომ ახასიათებდა, ამაში პირადად დავრწმუნდი, როცა 1983 წელს მასთან ერთად თბილისის სადებიუტო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიში მომიხდა მუშაობა.

„ასა“ (სსრკ, 1987, რეჟისორი სერგეი სოლოვიოვი)

ფესტივალის გრან-პრი კახა მელითაურისა და დათო შენგელიძის „ახალმა წელმა“ მოიგო - უჩვეულოდ აგებულმა, პოეტურმა კინოფრესკამ, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე ჯეროვნად არაა დაფასებული ქართული კინოს ისტორიაში. ჟიური სხვა წევრებისგან განსხვავებით, სოლოვიოვს თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების ფილმი პირველივე კადრების ნახვის შემდეგ შეუყვარდა, დასკვნით სხდომაზე კი, როცა პრიზები უნდა გაგვენაწილებინა, მოკლედ განაცხადა: „აქ არის სიახლე და ახალგაზრდობა, ის, რაც ყველას ძალიან გვჭირდება“.

სერგეი სოლოვიოვს, რომელსაც 26 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდებოდა, სწორედ ახალგაზრდობის მიმართ ნდობამ გადააღებინა თავისი მთავარი ფილმი „ასა“, ერთგვარი პროგრამული ფილმი-მანიფესტი დღეს უკვე არარსებული საბჭოთა კავშირისა. რეჟისორი, რომელსაც პატივისცემა და საერთაშორისო აღიარება არასდროს აკლდა, ენდო 19 წლის, სრულიად გამოუცდელ ყმაწვილს, სერგეი ლივნევს და შეუკვეთა სცენარი საბჭოთა ახალგაზრდულ კულტურაზე, უფრო სწორად „კონტრკულტურაზე“ - მუსიკოსებზე, მხატვრებზე, არტისტებზე. თანაც, როგორც მოგვიანებით აღიარა, საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა არც ვიქტორ ცოიზე, არც გრებენშჩიკოვზე, არც ლენინგრადის „ანდეგრაუნდზე“...

ენდო ახალგაზრდებს და რაც მთავარია, ენდო ცხოვრებას, რომელიც იმხანად მართლა ყოველდღე იცვლებოდა. გადაღების პროცესში სცენარი არაერთხელ გადაკეთდა - ფილმში შემოდიოდნენ ახალი პერსონაჟები, ჟღერდა ახალი მუსიკა. თითქოს თავად ავტორებმაც არ იცოდნენ, როგორ განვითარდებოდა ამბავი ექთან გოგოზე, რომელიც ერთდროულად შეუყვარდათ კრიმინალურ ავტორიტეტს (სიტყვა „ბიზნესმენი“ ჯერ ნაკლებად გამოიყენებოდა) და ახალგაზრდა კაცს, სახელად „ბანანანი“, სილაღე და თავისუფლება რომ მოაქვს ტურისტებისგან დაცარიელებულ ზამთრის ყირიმში, სადაც ფილმის მოქმედება ვითარდება.

იმპროვიზაციის სიყვარულმა და სინამდვილის, მე ვიტყოდი, უფრო დროის ცვლილებების მიმართ ნდობამ, იმოქმედა თავად ფილმის მხატვრულ მთლიანობაზე - „ასა“, ალბათ, ყველაზე ეკლექტიკური ფილმია საბჭოთა კინოს ისტორიაში. აქ თავისუფლად თანაარსებობენ დეტექტივი, მელოდრამა, მიუზიკლი, „ისტორიული ანეკდოტიც“ კი (პაველ პირველის მკვლელობა). 1987 წელს, როცა „ასა“ ეკრანებზე გამოვიდა, კინოკრიტიკა ნაკლებად იყენებდა სიტყვა „პოსტმოდერნიზმს“. ვიღაცამ სხვა შეფასება გამოიყენა - „პლურალისტური სტილი“... იმის აღსანიშნავად, ალბათ, რომ ფილმმა ყველაზე ზუსტად გამოხატა გორბაჩოვის „პერესტროიკის“ მთავარი იდეა.

სხვათა შორის, სწორედ მიხეილ გორბაჩოვმა აუნთო „ასას“ მწვანე შუქი ეკრანებზე გამოსასვლელად. 90-იან წლებში სერგეი სოლოვიოვმა გაიხსენა წინააღმდეგობა, რომელიც მას პრემიერის წინ შეუქმნეს. პრემიერა უნდა გამართულიყო მოსკოვის კინოთეატრ „უდარნიკში“. ფილმის ჩვენების შემდეგ მუსიკოსები, რომლებმაც „ასას“ საუნდტრეკი ჩაწერეს, ჯგუფები „კინო“, „ბრავო“, „აკვარიუმი“, აპირებდნენ აქცია-კონცერტის მოწყობას იქვე, კინოეკრანის წინ. 10 წუთში გაიყიდა ყველა ბილეთი. უკმაყოფილო ახალგაზრდები მიაწყდნენ სალაროს, მერე კი კინოთეატრში შეღწევა სცადეს. „უდარნიკის“ შეშინებულმა დირექტორმა მოსკოვის ქალაქკომის მდივანს, ბორის ელცინს, დაურეკა და სთხოვა, მხარი დაეჭირა პრემიერის გაუქმებაში. „ესენი აქ ორგიის მოწყობას აპირებენ!“ - უთქვამს „უდარნიკის“ დირექტორს.

სოლოვიოვს შეატყობინეს, რომ ფილმი მოიხსნა რეპერტუარიდან. რეჟისორმა იმავე დღეს მისწერა წერილი გორბაჩოვს, რომლის განკარგულებით ფილმის პრემიერა დიდ საკონცერტო დარბაზში გადაიტანეს. უფრო მეტიც, მოაწყვეს ჰეპენინგის მსგავსი სანახაობა იმ მუსიკოსების მონაწილეობით, რომლებიც აქამდე საბჭოთა კონტრკულტურას ქმნიდნენ. ის, რაც პოპულარული იყო მხოლოდ „სარდაფებში“ და აქამდე ნახევრად ლეგალურად, ზოგჯერ კი სრულიად არალეგალურად არსებობდა, მეინსტრიმად იქცა. ვიღაცამ პრემიერის შემდეგ იხუმრა კიდეც, „ასამ“ თავისუფლების მოდა დაამკვიდრა საბჭოთა კულტურაშიო.

დღეს, როცა „ასას“ ვუყურებთ, შეიძლება შევცდეთ და ფილმში წარმოდგენილ რეალობას „უბრალოდ, საბჭოთა კავშირი“ დავარქვათ. იმის გათვალისწინებითაც, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლის პროცესში ეგრეთ წოდებული სოც-არტი ყველაზე პოპულარული სტილი ხდება აქაურ კულტურაში. მაგრამ ეს არ იქნება ზუსტი შეფასება.

სერგეი სოლოვიოვი ნაკლებად ცდილობს სოცრეალიზმის სახეების ირონიულ გადააზრებას. „ასაში“ მითითებულიცაა მოქმედების დრო - 1980 წლის ზამთარი, მოსკოვის ოლიმპიადისთვის მზადების ხანა, როცა ბრეჟნევის ეპოქის „უძრაობა“ პიკს აღწევს, როცა გაყინულობა, სიცარიელე და უპერსპექტივობა გადაიზრდება თითქმის ფანტასმაგორიულ სამყაროში („ლილიპუტების თეატრი“, მაგალითად), სადაც ცვლილების იმედი აღარ არსებობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ „პერესტროიკის“ ეპოქის დასაწყისში სერგეი სოლოვიოვმა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, პირადი მიმოწერაც კი ჰქონდა ქვეყნის პირველ პირთან, მიხეილ გორბაჩოვთან, უბრალოდ დაასწრო ყველას და ამ ეპოქის მეორე მთავარი ფილმისგან, თენგიზ აბულაძის „მონანიებისგან“ განსხვავებით, მას წარსულზე თხრობა დასჭირდა არა იმდენად სამართლიანობის აღსადგენად, რამდენადაც მომავლის გასააზრებლად. შემთხვევით არ სრულდება „ასა“ ვიქტორ ცოის სიმღერით „ველით ცვლილებებს!“ .

მაგრამ აკი ვთქვი - „ასა“ მუდმივად იცვლებოდა დროში. თანაც, არა მარტო ფილმის გადაღების პროცესში. „ასას“ ისტორია, ბანანი-ბიჭის ისტორია, პირველი საბჭოთა ბიჭისა, რომელიც მხატვრულ ფილმში საყურით გამოჩნდა, გაგრძელდა მაშინაც კი, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა.

  • ვიქტორ ცოი - დაიღუპა ავტოავარიაში 1990 წლის აგვისტოში. საბჭოთა კავშირის დაშლას ვერ მოესწრო.
  • სტანისლავ გოვორუხინი - კრიმინალური ავტორიტეტის როლის შემსრულებელი. 2012 წელს ხელმძღვანელობდა ვლადიმირ პუტინის საარჩევნო შტაბს.
  • სერგეი ბუგაევი - ბანანანის როლის შემსრულებელი. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი.
  • სერგეი ლივნევი - „ასას“ სცენარისტი. 1999 წელს საცხოვრებლად გაემგზავრა შეერთებულ შტატებში.
  • ბორის გრებენშჩიკოვი - ამჟამად „უცხოური გავლენის აგენტი“.
  • ტატიანა დრუბიჩი 2013 წელს ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: „აქ არაფრის მოლოდინი აღარ მაქვს. ვისაც აქედან წასვლა შეუძლია - წადით! არაა საჭირო აქ ცხოვრება“. 2014 წელს დრუბიჩმა დაგმო ყირიმის ოკუპაცია. რუსეთში დარჩა, თუმცა საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.
  • ყირიმი - ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლიდან.
  • სერგეი სოლოვიოვი გარდაიცვალა 2021 წელს.

ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG