„ალავერდობა“ (1962, სსრკ-საქართველო, რეჟისორი გიორგი შენგელაია)
„იავარქმნილი“. სხვა სიტყვა ძნელი საპოვნელია არა მარტო სტიქიის შედეგების შეფასებისას. „იავარქმნილის“ შთაბეჭდილებას სავაჭრო ცენტრებად გადაქცეული ეკლესია-მონასტრებიც ქმნიან. სიხარბე ყოველთვის იყო სილამაზის და ჰარმონიის მტერი. სიხარბე ზოგჯერ ყველაზე ძლიერ ქარბორბალაზე უფრო დამანგრეველია.
ამდენი წელი გავიდა და არ ძველდება გურამ რჩეულიშვილის ამბოხება სიხარბის წინააღმდეგ. სამ წელიწადში მოახერხა მწერალმა გამხდარიყო თავისი თაობის სიმბოლო - 60-იანელების თაობისა, რომელმაც ქართულ კულტურას არა მარტო სიცოცხლე და ბუნებრიობა დაუბრუნა, არამედ ახალგაზრდული ენერგიაც, სწორედ ის, რამაც ესოდენ მოგვხიბლა დღეს ჩვენს „ჯენზი-ყმაწვილებში“, ქედუხრელ ბიჭებსა და გოგონებში.
„ალავერდობა“ ახალი თაობის ტექსტია. მიუხედავად იმისა, რომ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობით ფაქტობრივად პირველად გაეცა პასუხი სტალინური ეპოქის ლიტერატურას, პირველად დაუბრუნდა კულტურას
ავტორი-პიროვნება, ესაა უფრო თაობის მანიფესტი, ვიდრე ინდივიდუალური ამბოხება. ამ თაობას მიეკუთვნებოდა გიორგი შენგელაიაც, რომელმაც მოთხრობის დასრულებიდან მალევე მიმართა „ალავერდობის“ ეკრანიზაციას.
„წამით მაინც გამოვაფხიზლებ მათ მოდუნებულ ვნებას“, „თანდათან ვივსები ჟინით“, - ეს სიტყვები იმდენად ბუნებრივია პოსტსტალინური ეპოქის თაობისთვის, რომ ამ 50-წუთიანი ფილმის სრულუფლებიან ავტორებად შეიძლება მოვიაზროთ არა მარტო რევაზ ინანიშვილი, რომელმაც „ალავერდობის“ სცენარი დაწერა, არა მარტო მხატვარი გოგი ოჩიაური და კომპოზიტორი ფელიქს ღლონტი, ახალი ქართული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, არა მარტო ალექსანდრე რეხვიაშვილი, ოპერატორი, რომელიც ბედავს და მკვეთრად უპირისპირებს ერთმანეთს სიჩქარეს, სრბოლას და სტატიკურ, სურათოვან პორტრეტებს, არა მარტო მთავარი როლის შემსრულებელი გეიდარ ფალავანდიშვილი, მამაკაცური სილამაზის ერთგვარი ეტალონი იმდროინდელ საქართველოში... გურამის ეს სიტყვები, ინტონაციაც კი, რომლითაც მისი მონოლოგი ჟღერს, მთელი ამ თაობის ენა იყო. გადაჭარბებულ ჰეროიზმს, სინამდვილის გაყალბებას ეს ახალგაზრდები ვერ იტანდნენ, თუმცა არც ჰეროიზმზე უთქვამთ უარი და დიდად არც თავად რეალობისთვის დამახასიათებელ უთანასწორობას შეუწუხებიათ. ესაა „სამოციანელების“ პარადოქსი - „ზნეობრივ ადამიანზე“ ოცნება, ხალხის გამოფხიზლების ვნება და თანაც მიუღებლობა ყოველგვარი დიდაქტიკისა და, მით უმეტეს, ძალადობისა. „ალავერდობის“ გურამი დროებით ურღვევს კომფორტს დეგრადირებულ ბრბოს, თვალს უხელს სიმართლისგან და სულიერებისგან გამიჯნულ მასას, რომელმაც რწმენა ბუტაფორიად აქცია - ალავერდის ტაძრის გუმბათზე ადის და იქიდან გადმოსძახებს ქვეყანას, არაფერი რომ არ ადარდებს, ეკლესიის ეზოში რომ ქეიფობს, მაგრამ ეკლესიას ვერ ხედავს… და აქ შეიძლებოდა დასრულებულიყო ყველაფერი. ახალ თაობას გმირი ეყოლებოდა, წინამძღოლი. მოლოდინი ასეთი ადამიანისა, რომლისთვისაც ვიწროა დამყაყებული ცხოვრების სივრცე, რომელიც ცხენის ჯირითით არღვევს საპყრობილედ ქცეულ შეზღუდულ რეალობას, ჩვენში უკვე ძალიან საგრძნობი იყო. იმ დროის რუსულ კინოში არაერთმა ავტორმა გადაწყვიტა მსხვერპლი-მესიის სახის შექმნა. არსებითად ეს იყო სტალინური კინოს მოდელებისგან განთავისუფლება ახალი, ამჯერად უკვე რომანტიკული ბელადის სახის შესაქმნელად. მაგრამ აქ არა, „ალავერდობაში“ არა!
გურამი ავიდა ტაძარზე ხალხის გამოსაფხიზლებლად, დადგა მესიის პოზაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლიდერი, წინამძღოლი, ბელადი უკვე გარდასული ხანაა მისთვის. არსებითად ის ხალხის დასანახად არც მოქმედებს, სპექტაკლს არ დგამს, მით უმეტეს პოლიტიკურ სპექტაკლს. გურამის ეს პერფორმანსი პირველ რიგში თვითრეფლექსიაა, საკუთარი ადგილის დანახვა ისტორიაში და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ხალხთან ერთად.
სიმართლის მაძიებელი ადამიანისთვის ეს გზა ტანჯვაა, რადგანაც სიმართლის ძიებას განხიბვლაც თან ახლავს - ეძებ და ხედავ, რომ სიმართლე სასტიკი და ულმობელია.
ამიტომაც მიხვდა გურამ რჩეულიშვილის მეამბოხე, რომ „ვნების სიმძაფრე შენებაშია“, რომ ამბოხება შრომის, შემოქმედების გარეშე ყოველთვის კონტრპროდუქტიულია. ეს იყო გურამ რჩეულიშვილის და გიორგი შენგელაიას პოზიციაც - მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილი ვერ შეცვლის საზოგადოებას, თუკი თავად საზოგადოებას, მას შემდეგ, რაც თვალი აუხილეს, არ ეყოფა გამბედაობა არა მარტო თვალი გაუსწოროს სინამდვილეს, არამედ იმოქმედოს და შეცვალოს ის.
დღეს „ალავერდობის“ ავტორები ჩვენ გვერდით აღარ არიან და ვერ ხედავენ, როგორ შეიძლება ხალხმა ორგანიზებულად, ბელადის გარეშე გამოხატოს პროტესტი იმ სამყაროს მიმართ,
სადაც ტრადიცია და რწმენა უსიცოცხლო ფეტიშად აქციეს. დროდადრო ამბოხებულებშიც გაიღვიძებს ხოლმე ლიდერის მოთხოვნილება და სკეპტიციზმი, მაგრამ ენერგია, რომლითაც ახალგაზრდები მოქმედებენ, უფრო ძლიერია, ვიდრე უფროსების ისტორიული გამოცდილება. ფაქტია, რომ წინა თაობებმა ვერაფერი მოუხერხეს უყაირათობას, არაპროფესიონალიზმს, სიხარბეს და, რაც მთავარია - ფარისევლობას, რომელიც, თავის მხრივ, უძლური აღმოჩნდა სტიქიის წინაშე. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქარბორბალა, ამ ზაფხულს რომ დაგვიზიანა დიდებული სამონასტრო კომპლექსი, უცხო (უცხოელების) სიტყვით მონათლეს - „ტორნადო“ დაარქვეს.
ფორუმი