„დეკალოგი 10“ (1989, პოლონეთი, რეჟისორი ქშიშტოფ კიშლოვსკი)
ეჟი შტური გარდაიცვალა - დიდი პოლონელი მსახიობი, რომელსაც ხშირად ე.წ. მორალური აღელვების კინოს სიმბოლოდ მიიჩნევენ. ჯერ იყო ზბიგნევ ციბულსკი, შემდეგ დანიელ ოლბრიხსკი და ბოლოს ეჟი შტური. „ბოლოს“ იმიტომ, რომ „მორალური აღელვების კინომ“, როგორც მიმართულებამ პოლონურ კულტურაში, თავისი არსებობა კომუნისტური რეჟიმის ნგრევის წლებში დაასრულა, სწორედ იმ დროს, როცა ეჟი შტური, იმხანად თეატრის წარმატებული მსახიობი, კინოში მოვიდა და მთავარი როლები შეასრულა ქშიშტოფ კიშლოვსკის ადრეულ ფილმებში.
ეჟი შტურს არ ჰქონდა ისეთი მომხიბლავი გარეგნობა, როგორც ციბულსკის და ოლბრიხსკის, მაგრამ ჰქონდა ხასიათი სახეზე და, რაც მთავარია - თვითირონია, რომლის გარეშე თითქმის არცერთი ფილმი არ არსებობს შტურის მონაწილეობით. შემთხვევითი არაა, რომ მის ბიოგრაფიაში ყველაზე პოპულარულ ფილმად ითვლება იან მაჰულსკის „სექსმისია“ („ახალი ამორძალები“) - მხიარული ამბავი სამყაროზე, რომელსაც ქალები დაეპატრონებიან. თუმცა პოპულარული საუკეთესოს არ ნიშნავს. მსახიობმა თავისი თავი ყველაზე სრულად ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმებში გამოხატა, განსაკუთრებით „კინომოყვარულში“ (1979), რომელშიც არჩევანი, ანუ „მორალური აღელვების კინოს“ მთავარი თემა, განსხვავებულად წარმოჩინდება; სინდისი ერთგვარი მუხრუჭი ხდება გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ სწორედ არჩევანი ცხადდება თავისუფლების განცდის საშუალებად.
ქშიშტოფ კიშლოვსკის არაერთხელ განუცხადებია, რომ არ არის ეკლესიური ადამიანი და არ მიიჩნევს თავს იდეალურ კათოლიკედ. „დეკალოგის“ გადაღება რომ დაიწყო, პოლონეთი ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის მარწუხებში ცხოვრობდა. მაგრამ 1979 წელს, პაპ იოანე პავლე მეორის ვიზიტისა და ქადაგების შემდეგ, არათუ კიშლოვსკიმ, პოლონელმა ათეისტმა დისიდენტებმაც კი აღიარეს, რომ შეიცვალა მათი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ. იოანე პავლე მეორის სიტყვები „არ შეგეშინდეთ!“ აიტაცეს მუშათა მოძრაობის, „სოლიდარობის“ ლიდერებმაც, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულები „მორალური აღელვების კინოს“ ავტორებთან.
არჩევანი „დეკალოგის“ ათივე ფილმის დრამატურგიულ ხაზს განსაზღვრავს. აქ თავად ავტორია „უფალი“, რომელიც პერსონაჟებს სრულ თავისუფლებას აძლევს. არჩევანის ტვირთად ქცევა მაშინ იწყება, როდესაც ისინი 10 მცნებას არღვევენ. კიშლოვსკის გენიალურობა ისაა, რომ მას გააზრებული აქვს ხელოვანი-დემიურგის როლი, მაგრამ აქვე გამონახა იარაღი თავის დასაცავად - უძლიერესი თვითირონია, რომელიც „დეკალოგის“ ყველაზე ტრაგიკულ ნოველებშიც კი უხვადაა. თუმცა ძალიან ღიად, თითქმის სწორხაზოვნადაც კი, მხოლოდ დასკვნით, მეათე ნოველაშია, რომელშიც ქშიშტოფ კიშლოვსკი საყვარელ მსახიობს, ეჟი შტურს უბრუნდება.
თუკი ჩავთვლით, რომ „დეკალოგის“ ეპიზოდების წყობა ბიბლიური ათი მცნების თანმიმდევრობით იგება, მეათე ფილმს უნდა შეესაბამებოდეს მცნება „არ მოინდომო სხვისი საკუთრება“, მაგრამ კიშლოვსკისთვის მთავარი თანმიმდევრობის დაცვა, წესის დაცვა არაა. უფრო პირიქით, „დეკალოგის“ ათივე ეპიზოდში ის ძველი აღთქმის მცნებების ფრთხილ „დეკონსტრუირებას“ მიმართავს. არ უარყოფს, არ ემიჯნება. მე ვიტყოდი, უფრო აღრმავებს და ყოველ მცნებაში ხედავს ისევ და ისევ არჩევანს, მუდმივად ხაზს უსვამს, რომ პატივს სცემს ადამიანის უნარს შეარჩიოს, იმოქმედოს, გადაწყვეტილება მიიღოს, შეცდეს, მოინანიოს... და ეს ადამიანი არა იმდენად ფილმის პერსონაჟი, რამდენადაც მაყურებელია, რომელსაც პირდაპირ მიმართავს ავტორი თავისი მსახიობების საშუალებით. ამ მხრივ, მეათე ნოველა, რომელიც, სხვათა შორის, ისეთი პოპულარული არაა, როგორც სხვა ნოველები, მთელი ამ სერიალის რეზიუმეა.
ფილატელისტი მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები, ეჟი და არტური გადაწყვეტენ გაყიდონ მამის მარკების კოლექცია და ასე გააუმჯებოსონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა. აქამდე ვერც კი წარმოედგინათ, რამხელა სიმდიდრეს ფლობდა თურმე მამა, რომელთანაც კავშირი თითქმის გაწყვეტილი ჰქონდათ.
სლავოი ჟიჟეკი წიგნში „ქშიშტოფ კიშლოვსკის მატერიალისტური თეოლოგია“ წერდა, რომ დეკალოგის მეათე ფილმი ეძღვნება სუბლიმაციას და, რომ მარკების შეგროვება, მარკა, როგორც ფეტიში, იმხელა ვნებას აცოცხლებს, რომ კოლექციონერი მზადაა გაწიროს ყველაფერი - ოჯახი, სამუშაო, ბედნიერება, თვით საკუთარი თირკმელიც კი. სიხარბისა და გაფეტიშების თემასთან მიბრუნება მეათე ნოველას კრავს პირველთან და, შესაბამისად, პირველ მცნებასთან - „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „დეკალოგის“ სერია სრულდება პირველი მცნებით. წრე იკვრება. ზუსტად ისე, როგორც კიშლოვსკის უკანასკნელ ფილმში, მის თავისებურ ანდერძში „წითელი“, რომელიც ავტორმა გემის ჩაძირვით და ადამიანთა დაღუპვით დაასრულა, მაგრამ გადაარჩინა წინა სერიების, „ლურჯის“ და „თეთრის“ მთავარი გმირები.
დასრულების უნარი, წერტილის დასმის უნარი (რომელიც, თავის მხრივ, არჩევანს უკავშირდება), „დეკალოგის“ მეათე ფილმში გამოიხატება ფილატელისტი მამის ვნების სახით, რადაც არ უნდა დაუჯდეს აუცილებლად შეავსოს მარკების სერია, არაფერი გამოტოვოს. ეს ვნება ფეტიშიცაა, (როგორც ამას ჟიჟეკი ამტკიცებს) და აზარტიც, წინააღმდეგობის გადალახვა, შემოქმედება. ამის უნარი მამას აქვს, მაგრამ არა შვილებს, რომლებიც მამის სიკვდილმა გააერთიანა, მაგრამ გამდიდრების ვნებამ დააშორა. ისინი მამის ცხოვრებით დაინტერესდნენ მაშინ, როდესაც მამა ცოცხალი აღარაა. მათ არ იციან, რა უყვარდა და რა უნდოდა მამას. შვილებმა არ გააგრძელეს მამის საქმე, მათ უბრალოდ დაიწყეს მამის მიერ შექმნილით ცხოვრება, წარსულით ცხოვრება. მათ სურთ შეინარჩუნონ ძველი, მაგრამ არ აქვთ განახლების უნარი. „სხვისი ქონება არ მოინდომო“ ხომ ისიცაა, რომ არ უნდა იცხოვრო სხვისი შექმნილით, არ იამაყო იმით, რაც შენ არ გაგიკეთებია. ცარიელი ცხოვრება რაღაცით გინდა შეივსო? ამაზე ადვილი რა არის, შეივსო სხვის მიერ გაკეთებულით?
დიახ, „დეკალოგის“ მეათე ეპიზოდი ყველაზე ირონიულია, მაგრამ ყველაზე ტრაგიკულიც. აქამდე კიშლოვსკი სინანულს გამოხატავდა ადამიანის სისუსტის გამო და, ამავე დროს, ამ სისუსტის გამო უყვარდა თავისი პერსონაჟები. ფინალურ ეპიზოდში ის უკვე სარკასტულია და ასრულებს სერიალს (მე ვიტყოდი, უფრო ერთ, მთლიან ფილმს) უმოძრაობით, სიცარიელით, ისტერიული ხარხარით, რომელიც ყველაზე საშიშ მდგომარეობას გამოხატავს - განვითარების შეჩერებას და შემოქმედების სიკვდილს.
მით უფრო სიმბოლურია, რომ უფროსი ძმის როლს „დეკალოგის“ დასკვნით ფილმში ეჟი შტური ასრულებს, როგორც ამბობენ, საუკეთესო ჰამლეტი პოლონური თეატრის ისტორიაში. დიდი არტისტის ცხოვრების ფინალშიც იღვიძებენ „დეკალოგის“ ინტონაციები; ეჟი შტური წლებია ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას. ებრძოდა სცენაზე, კინოში, წერდა სტატიებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიცოცხლის გახანგრძლივება შემოქმედებით. მან დაგვიტოვა ეკრანული სახე კაცისა, რომელსაც მუდმივად უხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხშირად უშვებს შეცდომას, მაგრამ მაინც აგრძელებს ბრძოლას და არასდროს ეშინია დამარცხების.
ფორუმი