„ინციდენტი“ (აშშ, 1967, რეჟისორი ლარი პირსი)
არადა, სულ მეგონა, რომ გამოცდილებამ თავისი ქნა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს თუ არა, აბსოლუტურ უმრავლესობას მაინც სისხლში გაუჯდა უკვე ძალადობისა და ტერორის მიმართ აუტანლობა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენში ისევ გაჩნდებოდნენ დაუსჯელი ტერორისტული ჯგუფები და, რომ მათ ქმედებას ფაქტობრივად გაამართლებდა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც სიტყვის თავისუფლება, თუნდაც შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობისგან ვერ გაურჩევია.
კი, ძალადობას, საბედნიეროდ, ამ ქვეყნის უმრავლესობა არ ამართლებს. მაგრამ თავის დამშვიდება იმით, რომ „ისინი ცოტანი არიან“, „ტიტუშკები არიან“, „მშიშრები არიან“ მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ამ პატარა ჯგუფებს.
და კიდევ აძლიერებს გულგრილობა, დუმილი, რომელმაც ყველაზე წესიერი ადამიანიც კი მოძალადედ შეიძლება აქციოს.
უფროს თაობას, ალბათ, ახსოვს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დადგმული, ზურაბ კანდელაკის სატელევიზიო სპექტაკლი „ეს არ უნდა მომხდარიყო“, რომელიც 1980 წელს ნოდარ ბეგიაშვილმა, ნინო შარაბიძემ და თინა ჭაბუკიანმა აღადგინეს... იმხანად ეს ტელედადგმა თავისებურ სოციოლოგიურ კვლევადაც შეფასდა იმის დასადგენად, თუ როგორ რეაგირებდა ბრეჟნევის „გაყინულ ეპოქაში“ მცხოვრები ქართული საზოგადოება გულგრილობაზე. „თვითმფრინავის საქმემ“ და მთავარი როლის შემსრულებლის, გეგა კობახიძის დაპატიმრებამ, ტელესპექტაკლი თაროზე შემოდო (როგორც ვიცი, ფირის განადგურებასაც აპირებდნენ). თუმცა, როდესაც საქართველოში თვითმფრინავის გამტაცებელთა შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, „ეს არ უნდა მომხდარიყო“ ისევ გაიხსენეს. „ნუ იქნები გულგრილი!“ - ითხოვდნენ სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეები ქართველი ხალხისგან.
შოკის ეფექტი, რომელიც ამ წარმოდგენამ შექმნა, პირველ რიგში, ნაცნობი რეალობის თითქმის ნატურალისტურმა აღბეჭდვამ განაპირობა. სატელევიზიო დადგმის პერსონაჟები, მთელი ეს გულგრილი საზოგადოება, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უცხოპლანეტელები არ ყოფილან - ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ; თავიანთი ოჯახებით, თავიანთი პრობლემებით, „უბრალო ხალხი“, ანდა, ოდნავ მოგვიანებით დამკვიდრებულ ტერმინს თუ გავიხსენებთ, „მორჩილი უმრავლესობა“. აქამდე არავის გვინახავს ასე ახლოს მოტანილი სარკე ქართულ სატელევიზიო ხელოვნებაში. აქამდე სისასტიკის და ძალადობის სურათებს ვნახულობდით მხოლოდ დასავლურ ფილმებში, რომელთა ჩვენებას საბჭოთა კინოთეატრებში ერთი მიზანი ჰქონდა - „კაპიტალისტური სამყაროს მხილება“.
საბჭოთა კინოთეატრებისთვის სწორედ ამ მიზნით შეისყიდეს და გაახმოვანეს საშუალო ნიჭის ამერიკელი რეჟისორის, ლარი პირსის „ინციდენტი“, ფაქტობრივად პირველი „ჰორორი“, რომელიც პრემიერიდან მალევე კინოგაქირავების აბსოლუტური ლიდერი გახდა.
„ინციდენტის“ მხატვრული ღირებულება მაღალი არაა. ჩვენი სატელევიზიო დადგმისა არ იყოს, ეს უფრო სოციოლოგიური დოკუმენტია, თითქმის გამომწვევად მარტივი ფორმით და რადიკალურად მკვახე სათქმელით, ხასიათების გაუღრმავებლად. დრო და ადგილი დაკონკრეტებულია - ნიუ-იორკის მეტრო. ღამის ორი საათი. ნახევრად ცარიელი მატარებლის ვაგონი. შავ-თეთრი ფირი, რომელიც აირჩიეს ფილმის ავტორებმა, ნახევარტონების პრინციპულ უარყოფასაც გამოხატავს. ბოროტება ბანალურია. ბოროტებას არა აქვს ნიუანსები.
შემთხვევა მეტროს ვაგონში უყრის თავს თითქმის ერთი და იმავე სოციალური ჯგუფის 14 მგზავრს, რომელთაც ორი ახალგაზრდა, ჯო და არჩი ატერორებს. საინტერესოა, რომ თუკი მგზავრების პორტრეტები მეტ-ნაკლებად განსხვავებული და დასამახსოვრებელია (მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული წყვილის გარდა, ყველა თითქმის ერთნაირად დაქანცული და უიმედოა), მოძალადეებს საერთოდ არაფერი აქვთ ადამიანური. ესაა ორი პირუტყვი. მათთვის სისასტიკე, უბრალოდ, ცხოვრების წესია. როგორც ჩანს, გამოცდილებაც საკმაოდ დაუგროვდათ - თოთხმეტივე მგზავრს განსხვავებულად აწამებენ. მე ვიტყოდი, „უშეცდომოდ აწამებენ“, რადგანაც ზუსტად იციან მათი სისუსტეები და შენიღბული ვნებები. აგერ შავკანიანი რობენსონი, დაჩაგრული თავისი კანის ფერის გამო, სიამოვნებით აკვირდება როგორ ჩაგრავენ თეთრები თეთრებს. აგერ ჯარისკაცები, რომლებმაც, წესით, ქვეყანა უნდა დაიცვან, კრიტიკულ მომენტში უკანასკნელი ლაჩრები აღმოჩნდებიან...
მოძალადე ლაწირაკებს მშვენივრად ესმით, რომ სისასტიკე არ ცნობს სიმრავლეს, როცა მსხვერპლთ ერთადერთი, რაც აერთიანებთ - შიშია. გაუცხოება მომხმარებლური საზოგადოების არსებობის ატრიბუტია. ასეთ გარემოში სოლიდარობისთვის უკვე აღარავის სცხელა, რადგანაც აქ მხოლოდ საკუთარი, ვიწრო სამყოფლის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. „მთავარია მშვიდობა იყოს!“ - ეს ლოზუნგი მათთვის იმ მცირედის შენარჩუნებას ნიშნავს, რასაც დიდი ვაი-ვაგლახით, წვალებით, ისევ და ისევ დამცირებით მიაღწიეს ცხოვრებაში.
ლარი პირსი დამოუკიდებელ ამერიკელ რეჟისორად ითვლება. თუმცა ჰოლივუდი მაინც ჰოლივუდია. 60-იან წლებში აქ, მით უმეტეს, არ დაუშვებდნენ თუნდაც ისეთი სასტიკი ფილმის გადაღებას, როგორიც მიჰაელ ჰანეკეს „სახალისო თამაშებია“.
აქ მონსტრები უკვე პირდაპირ ემუქრებიან ოჯახურ ფასეულობებს, ლიბერალურ წესრიგს, რაც აშინებს მაყურებელსაც, რომელიც ისეა გაოგნებული კონკრეტული ურჩხულების საქციელით, თითქოს ბოროტებას არასდროს გადაჰყრია ცხოვრებაში.
არა, ლარი პირსი უკიდურესობამდე არ წავა და მეტროს მგზავრებს შორის მაინც მიაგნებს ერთ პერსონაჟს, რომელსაც ეყოფა გამბედაობა, თქვას „საკმარისია!“. არსებითად სხვა მგზავრები სწორედ ასეთი გმირის მოლოდინით არ აქტიურობენ. ტერორისა და დამცირების გარემოში ყოველთვის სჯერათ, რომ გამოჩნდება ლიდერი, რომელიც ჩვენს საქმეს გააკეთებს და „აღადგენს სამართლიანობას“.
2021 წლის დეკემბერში „ინციდენტი“ მარჯანიშვილის თეატრში ლევან წულაძემ დადგა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ლევანმა განაცხადა, რომ ამერიკული ფილმის ადაპტაცია ჩვენი საზოგადოების გულგრილობის, კონფორმიზმის საჩვენებლად გადაწყვიტა. „ეს მუდმივი პრობლემაა!“ - დასძინა მაშინ „იმედის“ ჟურნალისტმა.
ცოტა ხანში ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.
ფილმის ორიგინალური ვერსია:
რუსულად გახმოვანებული საბჭოთა ვერსია:
ფორუმი