Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეა კულუმბეგაშვილის ფილმის კონკურენტები ვენეციაში


23 ივლისს, ვენეციის კინოფესტივალის მხატვრულმა დირექტორმა ალბერტო ბარბერამ 81-ე „ბიენალეს“ პროგრამები გაგვაცნო.

როგორც ყოველთვის, მთავარი კონკურსის შემადგენლობა პრესკონფერენციის ბოლოსთვის დაიტოვა. გვითხრა, რომ წელს ძალიან ძლიერი პროგრამაა და ჟიურის, რომელსაც იზაბელ იუპერი უხელმძღვანელებს, შეიძლება გაუჭირდეს საუკეთესოს დასახელება.

ვენეციის კინოფესტივალზე, რომელიც 28 აგვისტოს გაიხსნება, „ოქროს ლომისთვის“ 21 ფილმის ავტორი იბრძოლებს. მათ შორის ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით „აპრილზე“ მუშაობა სულ ახლახან დაასრულა.

თუმცა მედიაში ჯერ კიდევ მაისში დაასახელეს დეას ფილმი ვენეციის ფესტივალის საკონკურსო პროგრამის სავარაუდო კანდიდატად. იმასაც ამბობდნენ, რომ „აპრილის“ გადაღებები თითქმის გასაიდუმლოებული იყო - შემოქმედებითი ჯგუფი პრესასთან კომენტარზე უარს ამბობდა. დღეისთვის ვიცით, რომ ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, ია სუხიტაშვილის შესრულებით, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს.

ვენეციის კინობიენალე, რომელიც კანის კინოფორუმთან ერთად მსოფლიოს მთავარ (და ყველაზე ძველ) კინოფესტივალად ითვლება, აქამდე ქართველებს დიდად არ სწყალობდა. 2019 წელს აქ, „ჰორიზონტების“ პროგრამაში, უჩვენეს დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“.

თუმცა მთავარ კონკურსში ქართული ფილმი მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში ვიხილეთ - 1992 წელს ლანა ღოღობერიძის „ვალსი პეჩორაზე“ და 1996 წელს, ოთარ იოსელიანის „ყაჩაღები“.

მრავალი წელი ვენეციის კინოფესტივალი „საავტორო კინოს“ დათვალიერებად ითვლებოდა. მაგრამ ბიენალემ ნელ-ნელა შეცვალა კონცეფცია მას შემდეგ, რაც მთავარმა კონკურენტმა, კანის კინოფორუმმა უარი განაცხადა „ნეტფლიქსის“ და „ამაზონის“ ფილმების საკონკურსო პროგრამაში ჩართვაზე.

ვენეციის ფესტივალის დირექციამ ასეთ შეზღუდვებზე უარი განაცხადა, რაც აქაურ საკონკურსო პროგრამებს დაეტყო - „ოსკარებისთვის“ გამზადებული ჰოლივუდის დიდი პროექტები ვენეციის ბიენალეს მთავარი პრიზისთვის, „ოქროს ლომისთვის“ ბრძოლაში ჩაებნენ. მეტიც, წლების წინ აქ კიდევ ერთი სექცია დაამატეს - სერიალების პრემიერები.

ფესტივალის ფორმისა და შინაარსის ცვლილებამ მყისიერად გაზარდა სპონსორების რაოდენობა (რასაც ვერ ვიტყვით კანის და განსაკუთრებით ბერლინის ფესტივალზე); ვენეციის ბიენალე კინოვარსკვლავების დათვალიერებად იქცა. კინოს სამყაროში ხუმრობენ კიდეც, მაყურებელს ზოგჯერ „ცოცხალი ვარსკვლავის“ ნახვა ფილმის ნახვაზე მეტად აინტერესებს და ამას ვენეციის ლიდოზე გაშლილი წითელი ხალიჩა ადასტურებსო.

ცხადია, გამოცდილმა მენეჯერმა, ალბერტო ბარბერამ იცის, რომ კონკურსი მაინც პრესტიჟია. დიდ ფესტივალზე გამარჯვებული ფილმი ისტორიას რჩება. ამიტომ ცდილობს ბალანსი დაიცვას და მთავარი კონკურსი ე.წ. არტფილმებით გაამდიდროს.

წელს ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მთავარი პროგრამის ხარისხზე ჯერ ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ასეთ სიჭრელეში იზაბელ იუპერის ჟიურის მართლაც გაუჭირდება საუკეთესოს დასახელება.

სანამ საკონკურსო პროგრამას გაეცნობით, გაიხსენეთ, რომ ვენეციის ფესტივალზე (ისევე, როგორც კანსა და ბერლინში) მოქმედებს „კვოტა“ - საკონკურსო სექციის მნიშვნელოვან ნაწილს ეროვნული კინო უნდა წარმოადგენდეს. ამ ფილმების ხარისხი, როგორც წესი, მაღალი არაა. თუმცა გამონაკლისები მაინც სახეზეა - შარშან, მაგალითად, მატეო გარონეს „მე, კაპიტანი“ საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულებს შორის დაასახელეს.

„შვილები მათ შემდეგ“ (რეჟისორები ზორან და ლუდოვიკ ბუხერმები)

ეკრანიზაცია ფრანგი მწერლის, ნიკოლა მატიეს ამავე სახელწოდების წიგნისა, რომელიც 2018 წელს გონკურის პრემიით აღინიშნა. ეს სოციალური რომანი გვიამბობს ბავშვებზე, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ეკონომიკური კრიზისის წლებში იზრდებიან. ფილმის რეჟისორები ჯერ კიდევ გადაღების დაწყებამდე აღნიშნავდნენ, რომ აპირებენ შეარბილონ სისასტიკე, რომელიც უხვადაა რომანში და დაუმატონ „რომანტიკა რადიკალურ და მკაცრ ამბავს“.

„ბრუტალისტი“ (რეჟისორი ბრედი კორბეტი)

ამბავი უნგრელ ებრაელზე, ახალგაზრდა არქიტექტორზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში ჩაამწყვდიეს. ომის დასრულების შემდეგ ედრიან ბროუდის პერსონაჟი ცოლთან ერთად შეერთებულ შტატებში მიემგზავრება ახალი ცხოვრების დასაწყებად. კორბეტი, როგორც მსახიობი, რომელმაც ჯერ კიდევ ჰანეკეს „სახალისო თამაშებით“ დაგვამახსოვრა თავი, განსაკუთრებული რეჟისორული ოსტატობით აქამდე არ გამოირჩეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, თანმიმდევრულია და ისევე, როგორც წინა ფილმებში, კვლავ აინტერესებს თემა კომპრომისისა, რომელსაც ადამიანი წარმატებული კარიერის შესაქმნელად მიმართავს.

„ქვიარი“ (რეჟისორი ლუკა გუადანინო)

გუადანინო, როგორც ჩანს, უბრუნდება თავის საყვარელ „გეი-თემას“, ყოველგვარი მინიშნებების და თვალის ჩაკვრების გარეშე. ყოველ შემთხვევაში პირდაპირი და უკომპრომისოა უილიამ ბეროუზის 1985 წელს გამოცემული წიგნი (დაწერილი 50-იანი წლების დასაწყისში), რომლის ეკრანიზაცია ჰოლივუდში დამკვიდრებულ იტალიელს (სხვათა შორის, გუადანინო „აპრილის“ ერთ-ერთი პროდიუსერიცაა) წლების წინ ჰქონდა ჩაფიქრებული. სექსის გარდა, რომელსაც ამ რეჟისორთან ყოველთვის რომანტიკულ-კიტჩური იერი აქვს, „ქვიარში“ ბლომად უნდა იყოს ნარკოტიკული ხილვები და ჰალუცინაციები. გუადანინოს მოყვარული არა ვარ, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ფილმის მიმართ ინტერესს განაპირობებს - მთავარი როლის შემსრულებელი, შესანიშნავი ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი, რომელმაც, რომანის ავტობიოგრაფიული მოტივების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, ბეროუზი უნდა განასახიეროს. იუმორი და სარკაზმი ამ კაცს არასდროს აკლდა!

„მეზობელი ოთახი“ (რეჟისორი პედრო ალმოდოვარი)

ალმოდოვარი ბოლოს და ბოლოს დათანხმდა ჰოლივუდში მუშაობას. აქამდე ვერ ბედავდა, რადგანაც როგორც თავად ამბობდა... საკმარისი ინგლისური არ იცოდა. ახლა უკვე ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. რაც თავისთავად სიახლეა. თუმცა პრესაში გავრცელებული კადრებით და ახალი ფილმის სიუჟეტით თუ ვიმსჯელებთ, „მეზობელი ოთახი“ ტიპური „გვიანდელი ალმოდოვარი“ უნდა იყოს. არა, რა თქმა უნდა, დედისა და ქალიშვილის ურთიერთობის თემა მას ყოველთვის აინტერესებდა, მაგრამ „მაღალი ქუსლების“ მთელ ეშხს არა იმდენად დიზაინი, რამდენადაც ბერგმანთან პოლემიკა განსაზღვრავდა. მე პირადად ტილდა სუინტონის გვარმა დამაფრთხო პედროს ახალი ფილმის ტიტრებში. „ადამიანის ხმა“ ხომ ვნახეთ? ფილმი, რომელშიც დიდი რეჟისორის განუმეორებელი სტილი, მისი ტკივილები, კომპლექსები, იუმორი მთლიანად „შეჭამა“ ბუტაფორიამ და პათეტიკამ.

„მთის პატარძალი“ (რეჟისორი მაურა დელპერო)

რეჟისორი ამბობს, რომ ფილმი გამოხატავს გარდამავალ ეპოქას, როცა სრულდება სისასტიკე და იწყება ახალი ცხოვრება. მთავარი გმირი ჯარისკაცია, რომელიც 1944 წელს პატარა იტალიურ სოფელში დასახლდება და ასეთი სახით ცდილობს გაექცეს ძალადობას. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს განასახიერებს ტომაზო რანიო, იტალიური კინოს ვარსკვლავი, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ დელპეროსთან მუშაობა მისი ბიოგრაფიის ახალი ფურცელია.

„სიცილიური წერილები“ (რეჟისორები ფაბიო გრასადონია და ანტონიო პიაცა)

იტალიური კინო ისევ ვერ ამბობს უარს მაფიის არაერთხელ დამუშავებულ თემაზე. თუმცა „სიცილიური წერილების“ რეჟისორები ამ ჟანრის საუკეთესო ავტორებად ითვლებიან თანამედროვე იტალიურ კინოში. ამჯერად ეს ახალი კრიმინალური დრამა ხელისუფლებისა და მაფიის კავშირზე გვიამბობს. ვფიქრობ, გარდა კვოტებისა, „სიცილიური წერილების“ საკონკურსო პროგრამაში ჩართვა მთავარი როლის შემსრულებელმა განაპირობა - გაგახსენებთ, რომ 44 წლის ელიო ჯერმანო კანის და ბერლინის კინოფესტივალების ლაურეატია, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი.

„სიყვარული“ (რეჟისორი დაგ იოჰან ჰაუგერუდი)

ესაა ტრილოგიის მეორე ფილმი, რომელიც ნორვეგიელმა რეჟისორმა სექსუალურ ურთიერთობებს მიუძღვნა. პირველი წელს ვნახეთ ბერლინის კინოფესტივალის „პანორამაში“. ჰაუგერუდს მოსწონს, როცა მისი ფილმების პერსონაჟები სექსზე საუბრობენ... უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე მოქმედებენ. შესაბამისად, მის ფილმებში ბევრია იმპროვიზაცია და იუმორიც. თუმცა ამ რეჟისორის წინა ფილმიდან გამომდინარე, ვეჭვობ, რომ „სიყვარული“ ვენეციის კონკურსში მხოლოდ ფესტივალის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გამოსახატავად მოხვდა.

„ორდენი“ (რეჟისორი ჯასტინ კურზელი)

ამ ავსტრალიელი რეჟისორის ბიოგრაფიაში „მაკბეტი“ საუკეთესოდ ითვლება, თუმცა მე პირადად მიყვარს მისი „ნიტრამი“, ტერორიზმის შესახებ გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და დრამატული ფილმი თანამედროვე კინოში. სიუჟეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ორდენი“ ტიპური კრიმინალური დრამაა, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში გადავყავართ. კურზელი კვლავ იკვლევს ტერორიზმის ანატომიას მთავარი როლის შემსრულებელთან, ჯუდ ლოუსთან ერთად, რომელსაც, ცხადია, ვიხილავთ ვენეციის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე.

„მარია“ (რეჟისორი პაბლო ლორაინი)

პაბლო ლორაინი, რომელმაც ჩილეში დაიწყო პოლიტიკურად მწვავე ფილმების გადაღება, უკვე კარგად დამკვიდრდა ჰოლივუდში. მიუხედავად იმისა, რომ ბიოგრაფიული კინოს ჟანრი ვერაფერი ახლით ვერ გაამდიდრა, მეტიც, ჩავარდნაც ჰქონდა (ჟაკლინ კენედის კინობიოგრაფია ამ მხრივ საგანგებოდ უნდა აღვნიშნო), ვენეციაში მას პატივს სცემენ და ბევრს მოსწონს კიდეც შარშანდელ ბიენალეს კონკურსში ჩართული მისი შავი კომედია, რომელიც პინოჩეტის ბიოგრაფიის თავისუფალი ინტერპრეტაციაა. ახლა ანჯელინა ჯოლის მიერ განსახიერებული მარია კალასი! უფრო სწორად, კალასის ბიოგრაფიის ის ეპიზოდები, რომლებიც დიდი მომღერლის ცხოვრების კრიზისულ პერიოდს ასახავენ. გარკვეულ იმედს ტოვებს ლორაინის მუსიკალურობა და ოპერის მიმართ მოწიწება. თუმცა, თუკი გავიხსენებთ, რამდენადაა დათარსული კალასის სახე კინოში, ვერაფერს მოვუხერხებთ ეჭვს, რომ „მარია“ ისეთივე კიტჩი იქნება, როგორც ბოლო დროს, მუსიკოსებზე გადაღებული სხვა ფილმები.

„სამი დაქალი“ (რეჟისორი ემანუელ მურე)

გია დანელიას „შემოდგომის მარათონს“ ჰგავს ცოტა ეს ამბავი მამაკაცზე, რომელიც „ჩაიხლართება“ ცოლთან და მის ორ მეგობარ ქალთან ურთიერთობაში. კაცის როლს თავად ემანუელ მურე ასრულებს, ფრანგი ვუდი ალენი, რომელიც უკვე წლებია იღებს ერთნაირ ფილმებს ფრანგულ ბურჟუაზიასა და ემანსიპირებულ ქალებზე.

„მოკალით ჟოკეი“ (რეჟისორი ლუის ორტეგა)

ლუის ორტეგა არგენტინული კინოს იმედად აღიარეს, როცა ეკრანებზე გამოვიდა მისი პირველი ფილმი „შავი ყუთი“, სოციალური დრამა, გადაღებული „სინემა ვერიტეს“ სტილში. შემდეგ სერიალებმა გაიტაცა და ახლა ისევ დაუბრუნდა მხატვრულ კინოს, მძაფრსიუჟეტიან ამბავს, რომელიც ცხენოსონთა ცხოვრებას ეძღვნება.

„ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ (რეჟისორი ტოდ ფილიპსი)

2019 წელს, ვენეციის ფესტივალზე, „ჯოკერის“ პირველივე სეანსის დასრულებისთანავე ცხადი გახდა, რომ ტოდ ფილიპსის ფილმი „ოქროს ლომს“ მოიგებდა. კრიტიკოსებმა ოვაცია ფინალური ტიტრების გამოჩენისთანავე მოაწყვეს. ბუნებრივია, რომ „ახალი ჯოკერის“ პროდიუსერებმა საკულტო ფილმის სიკველი სწორედ ვენეციის ფესტივალისთვის შეინახეს. მეორე „ოქროს ლომი“ ერთსა და იმავე ფილმს? რატომაც არა. მშვენიერი ფაქტია კინოს ისტორიისთვის. არადა, ტოდ ფილიპსი თავიდან ირწმუნებოდა, რომ „ღია ფინალის“ მიუხედავად არ აპირებდა ფილმის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, პროექტი სარისკოა. წარუმატებლობამ შეიძლება პირველი ფილმის შთაბეჭდილება დაჩრდილოს. ვფიქრობ, ტოდ ფილიპსმა სწორი არჩევანი გააკეთა - რადიკალურად შეცვალა „ჯოკერის“ ჟანრი და ფაქტობრივად გადაიღო მიუზიკლი, რომელშიც ლედი გაგას გამოჩენამ (იგი ფსიქიატრის როლს ასრულებს) რაღაც ახალი მიმართულებით უნდა წაიყვანოს ისტორია ჯოკერისა, არტურ ფლეკისა, რიტუალური მკვლელობის შემდეგ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი რომ გახდა.

„პატარა გოგო“ (რეჟისორი ჰალინა რეინი)

წლევანდელ საკონკურსო ფილმებს შორის ჰალინა რეინის ბოლო ნამუშევარი აშკარად გამოირჩევა. ამბავი ბიზნესმენი ქალისა, რომელიც თავის ახალგაზრდა სტაჟიორთან რომანს გააჩაღებს, ახალი არაა კინოსთვის. მაგრამ აქ ყურადღებას იპყრობს პირველ რიგში რეჟისორის სახელი - ნიდერლანდელი მსახიობი, რომელიც ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით, სტატიებით, წიგნებით, გამომწვევი ნატურალიზმით („ინსტინქტი“, გადაღებული 2019 წელს, მისი, როგორც რეჟისორის დებიუტია) და, რაღა თქმა უნდა, ნიკოლ კიდმანი, რომელსაც უკვე აქვს ეროტიკულ ტრილერებში მუშაობის გამოცდილება.

„მე ჯერ აქ ვარ“ (რეჟისორი ვალტერ სალესი)

ძალიან კარგი ბრაზილიელი რეჟისორის დაბრუნება დიდ კინოში სასიხარულო ფაქტია. მით უმეტეს, რომ სალესის ახალ ფილმში მთავარ როლს ისევ მისი მუზა ფერნარდა მონტენეგრუ ასრულებს („ბრაზილიის ცენტრალური ვაგზალი“). „მე ჯერ აქ ვარ“ პოლიტიკური დრამაა, რომელსაც გასული საუკუნის 70-იანი წლების ბრაზილიაში გადავყავართ, სამხედრო დიქტატურის ეპოქაში, როცა პოლიტიკოსების გაუჩინარება ლამის ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ფაქტი გახდა. სალესის კინო ყოველთვის მწვავეა პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ამ რეჟისორს აქვს უნარი, საინტერესოდ გამოხატოს სოციალური ფონი, რომელიც ხშირად ადამიანთა ტრაგედიის მიზეზი ხდება.

„მომავალი დივა“ (რეჟისორი ჯულია ლუიზა შტაიგერვალტი)

2022 წელს ჯულია შტაიგერვალტის ფილმმა „სექტემბერი“ მოიგო იტალიის კინოაკადემიის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის. ყოფილი მსახიობის ეს რომანტიკული კომედია შტაიგერვალტის, როგორც რეჟისორის დებიუტია. „მომავალი დივა“ ასევე სატირული კომედია უნდა იყოს - ფილმი გვიყვება 70-80-იან წლებში განთქმული პორნოსტუდიის მუშაობაზე. პოპულარული იტალიელი მსახიობი პიეტრო კასტელიტო ასახიერებს სტუდიის დამაარსებელს რიკარდო სკიკის, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკაში ჩაერთო და „სიყვარულის პარტია“ დააარსა.

„მოსავალი“ (რეჟისორი ათინა რაჰელ ცანგარი)

ბერძენი რეჟისორის ფილმში ვიხილავთ შესანიშნავ მსახიობს კალებ ლენდრი ჯონსს, რომელიც ჩემი აზრით შარშან, ვენეციის ფესტივალის „ლომს“ იმსახურებდა „დოგმენში“ განსახიერებული მთავარი როლისთვის. ფილმის მოქმედებას გადავყავართ შუა საუკუნეების შოტლანდიის ერთ მიყრუებულ სოფელში, რომლის მცხოვრებლები გაჭირვებას მათთვის უცხო ადამიანებს აბრალებენ. „მე ყველასთვის არ ვიღებ ფილმებს. ვცდილობ „გადავამუშაო“ სამყარო საკუთარ მზერაში, საკუთარ ლინზაში“, - აღნიშნავს ბერძენი რეჟისორი, რომელიც დეა კულუბეგაშვილის მსგავსად ევროპული „არტკინოს“ ერთ-ერთ დამაიმედებელ ავტორად ითვლება.

„ახალგაზრდობა“ (რეჟისორი ვან ბინი)

ეს ერთადერთი დოკუმენტური ფილმი ვენეციის ფესტივალის კონკურსში არის დასრულება ტრილოგიისა, რომლის პირველი ნაწილი შარშან, კანის ფესტივალზე უჩვენეს. როგორც ამბობენ, დიდი ჩინელი დოკუმენტალისტის სტილი არ იცვლება. ვან ბინი ისევ მისთვის დამახასიათებელი „უწყვეტი მზერით“ გამოხატავს სამკერვალო ფაბრიკის მუშების მძიმე ცხოვრებას, გვიამბობს თანამედროვე მონობასა და ჩინელი ახალგაზრდების უპერსპექტივო მომავალზე.

„უცნობის თვალები“ (რეჟისორი იეო სიუ ჰუა)

„უცნობის თვალებს“ ზოგიერთი კრიტიკოსი „ოქროს ლომის“ მთავარ კანდიდატად მიიჩნევს. ესაა პირველი სინგაპურული ფილმი, რომელიც ვენეციის ფესტივალის კონკურსში მოხვდა. 2018 წელს ახალგაზრდა რეჟისორის ტრილერი „ხილული სამყარო“ ლოკარნოს კინოფესტივალის პირველი პრიზით აღინიშნა. „უცნობის თვალებში“ სიუ ჰუა გვიყვება მამაზე, რომელიც თავისი გაუჩინარებული ქალიშვილის ძებნის პროცესში ეჭვს იღებს მეზობელ-ვუაიერისტზე. თავად რეჟისორს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შიშის და გამოუვალობის ატმოსფეროს შექმნა მისი მთავარი ამოცანაა კინოში. სწორედ ამიტომ შეუყვარდა „ნუარის“ ჟანრი, რომელსაც არასდროს ღალატობს.

„ბრძოლის ველი“ (რეჟისორი ჯანი ამელიო)

იტალიურ პროგრამაში ჯანი ამელიო ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორია. მისი შედარებით სუსტი ფილმიც კი არასდროსაა მოსაწყენი. ამელიოს მოქმედების განვითარების მძაფრი შეგრძნება ახასიათებს. იგი შესანიშნავად მუშაობს მსახიობებთან. ცოტა ძველმოდურია და სატელევიზიო კინოს ესთეტიკა უშლის ხელს, მაგრამ კარგი ფილმებიც ბევრი აქვს, თუნდაც „ჭიანჭველების მბრძანებელი“, რომელიც ჩემი აზრით უსამართლოდ დაიჩაგრა ორი წლის წინ, ვენეციის კინოფესტივალზე. „ბრძოლის ველი“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დღეებს აღადგენს, პაციფისტური ფილმია, რომელსაც, როგორც ვენეციის ფესტივალის დირექტორმა განაცხადა, პირდაპირი კავშირი აქვს იმასთან, რაც დღეს ხდება მსოფლიოში.

„მშვიდი შვილი“ (რეჟისორები დელფინ და მურიელ კულენები)

ვენსან ლინდონი თამაშობს მამას, რომელიც ცდილობს მოაგვაროს ურთიერთობა შვილებთან, განსაკუთრებით კი იმასთან, ვინც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ჯგუფებს უჭერს მხარს. დელფინ კულენი ცნობილია როგორც კარგი დოკუმენტალისტი და მწერალი, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი. თუმცა აქამდე, როგორც მხატვრული კინოს რეჟისორს, განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

სულ ეს არის. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ამ პროგრამაში დეა კულუმბეგაშვილს და მის მსახიობებს ნამდვილად აქვთ გამარჯვების შანსი.

აქვე გაგახსენებთ, რომ ვენეციის ბიენალე, კანის ფესტივალისგან განსხვავებით, სეანსებს არა მარტო პროფესიონალებისთვის, არამედ ჩვეულებრივი მაყურებლისთვისაც აწყობს. ბილეთების შეძენის წესებს გაეცნობით ვენეციის კინოფესტივალის საიტზე.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ფესტივალი ეწყობა არა ქალაქ ვენეციაში, არამედ კუნძულ ლიდოზე, სადაც ქალაქის ცენტრიდან მოსახვედრად დაახლოებით ნახევარი საათი დაგჭირდებათ „ზღვის ავტობუსით“, ე.წ. ვაპორეტოთი.

დანარჩენს, იმედია, ვენეციიდან გიამბობთ და 7 სექტემბერს 81-ე კინოფესტივალის გამარჯვებულებებს გაგაცნობთ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG