Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ აზნავურის საუკუნე 


ფრანგი რეჟისორის ჟიულიენ დიუვივიეს ფილმი „ეშმაკი და 10 მცნება“, 1962 წელი.
ფრანგი რეჟისორის ჟიულიენ დიუვივიეს ფილმი „ეშმაკი და 10 მცნება“, 1962 წელი.

საფრანგეთი შარლ აზნავურის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„ეშმაკი და 10 მცნება“ (1962, საფრანგეთი, რეჟისორი ჟიულიენ დიუვივიე)

2012 წლის ზაფხულში, როცა შარლ აზნავურმა ახალციხეში, რაბათის ციხის გახსნასთან დაკავშირებით კონცერტი გამართა, საქართველო ხელისუფლების შეცვლის მოლოდინით ცხოვრობდა, ამიტომ ფრანგი მომღერლის და მსახიობის სტუმრობას მშობლიურ სამცხე-ჯავახეთში, სადაც აზნავურმა წინაპართა საფლავები მოინახულა, როგორც მახსოვს, ისეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორსაც ეს დიდი ხელოვანი იმსახურებდა.

არადა, ჩვენ გვიმღეროდა 88 წლის ჩაუმქრალი ვარსკვლავი, კაცი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ევროპულ კულტურაში „არტ-სიმღერის“ ჟანრი. ასაკში მისი ინდივიდუალობა უფრო მეტად გამოიკვეთა, მისი ხრინწიანი ხმა, რომელიც თითქოს მუდამ არსებობისთვის იბრძვის და ყოველთვის იმარჯვებს ამ ბრძოლაში, „დაძველებამ“ კიდევ უფრო მაგიური გახადა. 6 წლის შემდეგ, მისი დაკრძალვის დღეს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა - „საფრანგეთში პოეტები არასდროს კვდებიანო“. თუმცა შარლ აზნავური არ არის მხოლოდ საფრანგეთის, ან თუნდაც სომხეთის შვილი. ვფიქრობ, ყველა, ვისაც მისი სიმღერა მოუსმენია, განსაკუთრებით ცოცხალი შესრულებით, მას ახლობლად, მეგობრად, ნათესავად მიიჩნევს.

მით უმეტეს, კინოშიც თუ უნახავს! შარლ აზნავურმა 60-მდე ფილმში გადაღება მოასწრო. შეასრულა მთავარი როლი ფრანსუა ტრიუფოს ფილმში „ესროლეთ პიანისტს“. თუმცა თავად ყველაზე ძალიან უყვარდა ედვარდ საროიანის პერსონაჟი, ატომ ეგოიანის ფილმში „არარატი“*(2002), რომელიც, შეიძლება ითქვას, აზნავურის წინაპრებს ეძღვნება - სომეხთა ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ. ძალადობის მიმართ დიდი არტისტის დამოკიდებულება ყოველთვის რადიკალური იყო. სად გადის შურისძიების ზღვარი? როგორ შეიძლება პატარა ადამიანი დაუპირისპირდეს უსამართლობას, როცა იცის რომ განწირულია ამ ბრძოლაში? ესაა კითხვები, რომლებიც ხშირად ისმის მისი სიმღერების ტექსტებსა და მის კინოროლებში, რომელთაგანაც მე ერთ ნოველას გამოვარჩევდი ფრანგული კინოს კლასიკოსის, ჟიულიენ დიუვივიეს ფილმიდან „ეშმაკი და 10 მცნება“.

60-იანი წლების დასაწყისში დიუვივიეს, ისევე როგორც მთელ ე.წ. მამიკოების თაობას, მაგრად მოხვდა „ახალი ტალღის“ მეამბოხეებისგან, რომლებმაც ფაქტობრივად მთელი მოღვაწეობა (ყოველ შემთხვევაში დასაწყისში ნამდვილად) წინა თაობის რეჟისორების ესთეტიკისგან გამიჯვნაზე ააგეს. უფროსი თაობა განაწყენებას ვერ მალავდა, ზოგჯერ თავს იმართლებდა, ზოგჯერ, როგორც მაგალითად მარსელ კარნე, ცდილობდა მიებაძა კიდეც იმათთვის, ვინც ცოცხალი კლასიკოსების კინოზე ქილიკობდა. სწორედ ამ დროს ჟიულიენ დიუვივიემ გადაწყვიტა დუელში გამოეწვია ახალგაზრდები, გადაიღო რა ერთ-ერთი ყველაზე ანტიკლერიკალური ფილმი კინოს ისტორიაში „ეშმაკი და 10 მცნება“, ფილმი-ფარსი, სატირა, აწყობილი იმ დროის ევროპულ კინოში პოპულარული სკეტჩებისგან, რომლებიც ადამიანთა მანკიერებებს ეძღვნება.

„ეშმაკი და 10 მცნება“, ცხადია, შეისყიდეს საბჭოთა კინოთეატრებში გაქირავებისთვის. მით უმეტეს, რომ ფილმს გარანტირებული ჰქონდა კომერციული წარმატება - ალენ დელონი და დანიელ დარიე, ლუი დე ფიუნესი და ფერნანდელი, მელ ფერერი და ლინო ვენტურა, მიშელ სიმონი და ჟან-კლოდ ბრიალი... ვის აღარ ნახავთ „10 მცნებაში“! და შარლ აზნავურიც.

სკეტჩში „არა კაც ჰკლა“ აზნავური სემინარისტს თამაშობს. მას დაგეგმილი აქვს დასაჯოს თავისი უმცროსი დის საყვარელი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს სიცოცხლე გაუმწარა. უფრო სწორად, თავი მოაკვლევინოს, რათა ასეთი გზით მაინც გახდეს შესაძლებელი მოძალადის დაპატიმრება და გასამართლება. დიუვივიეს გენიალური მიგნება ისაა, რომ მან აზნავურს და მის პარტნიორს, ლინო ვენტურას იმიჯები „გადმოუბრუნა“. ვენტურა, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება კრიმინალებთან მებრძოლ გამომძიებლებს, პოლიციელებს ასახიერებდა, წარმოგვიდგინა როგორც აბსოლუტური ბოროტების სიმბოლო, ხოლო აზნავური - შეშინებული, რწმენადაკარგული „პატარა კაცი“ და, ამავე დროს, დავითი გოლიათის წინაშე. „ეშმაკსა და 10 მცნებაში“ მისი გმირი არ მღერის, მაგრამ ეს შესანიშნავი ნოველა კარგ მუსიკალურ დუეტს ჰგავს. თითქმის ცინიზმამდე გათანაბრებული პესიმიზმი დასცინის ადამიანების მიერ მოგონილი კანონიერების იდეას და, ამავე დროს, მუხტავს მაყურებელს ახალი ენერგიით სწორედაც რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ეშმაკსა და 10 მცნებაში“ ცინიზმი იმდენად გამძაფრებულია, რომ ეროვნულ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე ერთი ნოველა, „სტრიპტიზის მოცეკვავით“ საერთოდ ამოვარდა ფილმიდან (ამ ნოველის არსებობის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვეთ, როცა შესაძლებელი გახდა დიუვივიეს ფილმის აღდგენა). თუმცა დიუვივიე ამტკიცებდა, რომ ქრონომეტრაჟის შემცირება პირადად მისი გადაწყვეტილება იყო და არა ცენზურის მოთხოვნა. საბჭოთა ვერსიაში, უბრალოდ, გადააადგილეს ნოველები, თუმცა ფილმს ამით არც არაფერი დააკლდა. სხვათა შორის, ამ ჟანრის სხვა ფილმების მთავარი ნაკლი სწორედ ესაა - მხატვრული მთლიანობის ნაკლებობა. თუმცა დიუვივიეს ეკვილიბრისტიკა, ჟანრებით თამაშის მისი უნარი მაინც განასხვავებს „10 მცნებას“ თუნდაც იტალიური კინოსკეტჩებისგან. მაგალითად, ნოველა შარლ აზნავურის მონაწილეობით არანაირად არ დატოვებდა „შავი კომედიის“ შთაბეჭდილებას, რომ არა სხვა ეპიზოდები - ღიად კომიკური სიუჟეტებით. არ დაიზაროთ, დაიწყეთ ფილმის ყურება თუნდაც სწორედ ამ ნოველიდან და შემდეგ ნახეთ მთლიანად. აუცილებლად იგრძნობთ განსხვავებას და დარწმუნდებით როგორი დიდი ოსტატია ჟიულიენ დიუვივიე, რომელმაც იმდენი ქნა, რომ მაინც „უკბინა“ ახალგაზრდა ყმაწვილებს. ფილმის ერთ ეპიზოდში ეშმაკი იტყვის - „მე დიდი ხანია თვალი დავადგი ახალგაზრდებს. რა ვქნა, მიყვარს ეს „ახალი ტალღა“.

ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით.

საბჭოთა ვერსია, რუსულ ენაზე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG