Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვნახეთ კანის კინოფესტივალზე?


„მეგალოპოლისში“ კოპოლა სამყაროს დასასრულის მიმართ შიშს გამოხატავს და ადანაშაულებს არა ჩვენი მეოცნებეების მიერ მოგონილ „გლობალურ ბოროტებას“, არამედ ადამიანთა სიხარბეს, ძალადობის მიმართ ვნებასა და პოპულიზმს..."
„მეგალოპოლისში“ კოპოლა სამყაროს დასასრულის მიმართ შიშს გამოხატავს და ადანაშაულებს არა ჩვენი მეოცნებეების მიერ მოგონილ „გლობალურ ბოროტებას“, არამედ ადამიანთა სიხარბეს, ძალადობის მიმართ ვნებასა და პოპულიზმს..."

არა, ჩემგან ნუ მოელით ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრის მუშაობაზე კანში. ამ ხალხს მხოლოდ ფესტივალის გახსნის დღეს მოვკარი თვალი აკრედიტაციის გაცემის დარბაზში. ფილმების ჩვენებაზე წულუკიანის არმია არ მინახავს.

კოლეგა, ტელეკომპანია „იმედიდან“, ტრადიციულად, პრესკონფერენციებზე ეკონტაქტებოდა ვარსკვლავებს, ცდილობდა „ხეირი ენახა“ იმ იდეოლოგიის სასარგებლოდ, რომელსაც მისი ტელევიზია ქადაგებს. ერთხელ გაუმართლა კიდეც - ფრენსის კოპოლამ თანამედროვე ამერიკა რომის იმპერიას შეადარა. თუმცა კოლეგას კოპოლას „მეგალოპოლისი“ ყურადღებით რომ ენახა, იმაში მაინც დარწმუნდებოდა, რომ დიდ ამერიკელ რეჟისორს იმის ნიჭი მაინც ჰყოფნის, ხელოვნება იაფფასიან პუბლიცისტიკად არ აქციოს. „მეგალოპოლისში“ კოპოლა სამყაროს დასასრულის მიმართ შიშს გამოხატავს და ადანაშაულებს არა ჩვენი მეოცნებეების მიერ მოგონილ „გლობალურ ბოროტებას“, არამედ ადამიანთა სიხარბეს, ძალადობის მიმართ ვნებასა და პოპულიზმს. შუა სეანსის დროს ფილმის კადრი იყინება. დარბაზიდან ეკრანს უახლოვდება ჟურნალისტი და... იღებს ინტერვიუს ფილმის გმირისგან, რომელსაც ადამ დრაივერი განასახიერებს. ეს სასაცილო ეპიზოდი ავტორის თავისებური თხოვნაა, იუმორით შევხედოთ „მეგალოპოლისის“ აპოკალიფსურ ხილვას. თუმცა იუმორი, მოგეხსენებათ, დიდი ჯილდოა, რომელიც, სამწუხაროდ, ყველას არ ერგო ამ უსამართლო სამყაროში. განსაკუთრებით მათ, ვისაც აკვიატებები აწუხებთ.

ჰოდა, „საქმიანი შეხვედრებით“ გადატვირთულ წულუკიანის არმიას რა დააინტერესებდა კანის ფესტივალის კონკურსში? სქესის შეცვლა, კაცის გარდაქმნა ქალად ჟაკ ოდიარის ფილმში „ემილია პერესი“? (მთავარი როლის შემსრულებელი, კარლა სოფია გასკონი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც „პალმა“ მოიპოვა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის), თუ პირიქით, ქალის გადაქცევა, არც მეტი და არც ნაკლები, მარჩელოდ? ("მარჩელო მიო“)... იქნებ ჰომოფობიის უკომპრომისო მხილება რუმინულ საკონკურსო ფილმში „სამი კილომეტრი სამყაროს დასასრულამდე“? თუ „შეგირდი“, დონალდ ტრამპის კინობიოგრაფია, რომელშიც ჰომოფობი ადვოკატი გეი აღმოჩნდება? ანდა წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებულს როგორ აღიქვამდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კინემატოგრაფისტები? გაეცინებოდათ „ანორაზე“, რომელშიც რუსი ოლიგარქის 21 წლის ვაჟი ნიუ-იორკში ჩადის, რომელიღაც სექსკლუბში სტრიპტიზის მოცეკვავეს გაიცნობს და ცოლად შეირთავს? ამ ქორწინებას არ დაუშვებს მამა, რომელიც ამერიკაში ჩავა საქმის მოსაგვარებლად. ოლიგარქები არ დაუშვებენ შვილების თავისუფლებას, რადგანაც სძულთ ყველაფერი, რაც სიყვარულთან, ბედნიერებასთან, მხიარულებასთან ასოცირდება.

ვერცერთი ფილმის ნახვას ვერ ვურჩევდი ჩვენი კინოცენტრის მრავალრიცხოვან დელეგაციას მიუხედავად იმისა, რომ კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამა წელს უჩვეულოდ მრავალფეროვანი იყო. შედევრები, სამწუხაროდ, არ გვინახავს. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, შედევრები ისედაც ცოტაა თანამედროვე კინოში. მეცხრამეტედ ვიყავი კანში და მხოლოდ 5 შედევრი მახსენდება - კრისტიან მუნჯიუს „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“, ჩანგ დონ ლის „პოეზია“, კენ ლოუჩის „მე, დანიელ ბლეიკი“, ძმები დარდენების „ყმაწვილი აჰმედი“ და აკი კაურისმიაკის „მკვდარი ფოთლები“... თუმცა უარესი პროგრამებიც მახსოვს კანის ფესტივალზე. მარტივად რომ ვთქვათ, კონკურსის საშუალო დონე წელს ცუდი არ ყოფილა.

ჟაკ ოდიარის ფილმში „ემილია პერესი“ მთავარი როლის შემსრულებელი, კარლა სოფია გასკონი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც „პალმა“ მოიპოვა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ჟაკ ოდიარის ფილმში „ემილია პერესი“ მთავარი როლის შემსრულებელი, კარლა სოფია გასკონი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც „პალმა“ მოიპოვა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

დავიწყოთ ცუდი ფილმებით

“დანგრეული სიყვარული“ (L’amour ouf)

რეჟისორი ჟილ ლელუში

1/10

სასიყვარულო რომანი, რომელიც სამი საათი გრძელდება და თითქმის 30 წელს მოიცავს, მოულოდნელი მუსიკალური ჩართვებით, ბევრი სისხლით და დამღლელი მელოდრამატიზმით. „დანგრეული სიყვარული“ ფაქტობრივად სერიალია, რომლის ავტორს, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს სერჯო ლეონეს „ერთხელ ამერიკაში“. თუმცა ლეონეს ოსტატობამდე ლელუშს ჯერ კიდევ ბევრი აკლია - კინოს გადაღება და მსახიობებთან მუშაობა უნდა ისწავლოს. „ეს კლოდ ლელუში არაა. არ შეგეშალოთ!“ - გვარწმუნებდნენ ფრანგი კოლეგები... არადა, კლოდ ლელუშის ყველაზე ცუდი ფილმიც კი სჯობდა ამ გაუგებრობას, რომელიც, როგორც ჩანს, „ფრანგული კვოტით“ მოხვდა კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.

“პართენოპე” (Parthenope)

რეჟისორი პაოლო სორენტინო

2/10

ესაა ნეაპოლის მშვენების, სორენტინოს მტკიცებით, „ქალაქის ყველაზე ლამაზი ქალის“ ცხოვრების ისტორია, დაბადებიდან მოხუცებულობამდე. პართენოპე ნეაპოლის მზეთუნახავია, რომლის სხეულის დაუფლებაზე ყველა მამრი ოცნებობს, თვით მისი ძმაც კი (!). . მაგრამ ამ ტანწერწეტა ასულს, გარუჯული სხეულით, მხოლოდ ინტელექტუალი მამაკაცები იზიდავს - მოსწონს სექსის წინ მაღალ ლიტერატურაზე საუბარი. პართენოპე ანთროპოლოგია, თუმცა სორენტინოს, ქალის უნარებზე მეტად, მისი სხეული და განსაკუთრებით მკერდი აინტერესებს. წარმომიდგენია კანის ფესტივალის წლევანდელი ფემინისტური ჟიურის გაოგნება სანახაობით, რომელსაც სორენტინო გვთავაზობს. ჩვენგან განსხვავებით მათ ბოლომდე მოუწევდათ სუნამოს რეკლამის სტილში გადაღებული ფილმის ყურება და ქალის ობიექტივაციის, „სურათად“ წარმოდგენის ატანა.

“მარჩელო მიო” (Marcello Mio)

რეჟისორი კრისტოფ ონორე

3/10

კიარა მასტროიანის მობეზრდა ეს შეფასებები: „როგორ დაემსგავსე მამას“, „კატრინისგან არაფერი გაქვს“, „მარჩელოს ასლი ხარ“... იმდენად მობეზრდა, რომ გადაწყვიტა გამოეწყოს მამის ტანსაცმელში, მოირგოს მისი სათვალე და გახდეს... მარჩელო მასტროიანი. მისი საქციელი აღიზიანებთ ყოფილ ქმრებს (ორივე საკუთარ თავს განასახიერებს), ქალიშვილის აკვიატების მიზეზს ვერ იგებს დედა (კატრინ დენევი ამღერდება კიდეც), მაგრამ კიარა მართლაც ჰგავს მამას - ჯიუტია, პრინციპული და მანიპულაციის ნიჭიც საკმაოდ აქვს იმისათვის, რომ მთელი ეს ადგილობრივი ბოჰემა დაიმორჩილოს. ვფიქრობ, ამ ფილმის ღირსების დასაფასებლად, კარგად უნდა იყო ჩახედული ფრანგული გლამურის ნიუანსებში და სისტემატურად ეცნობოდე ჟურნალ „პარი-მატჩის“ ჭორებს.

„ველური ალმასი“ (Diamant Brut)

რეჟისორი აგატა რედინგერი

3/10

19 წლის გოგონა, რომელიც ღარიბ ოჯახში გაიზარდა და ვერ აგვარებს ურთიერთობას დედასთან, ოცნებობს მონაწილეობა მიიღოს „რეალითი შოუში“ და გახდეს ტელევარსკვლავი. ფილმის ავტორს („ველური ალმასი“ მისი დებიუტია) არა აქვს უნარი, დისტანცია დაიცვას თავის გმირთან და ყველანაირი გზით ცდილობს შეგვაცოდოს ეს ფუყე, სრულიად უგრძნობი და ეგოისტი თოჯინა. თანაც მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინის ეფექტი კრავს ამბავს (გოგონა ზარს ელოდება ტელევიზიიდან და იმედი აქვს, რომ სერიალში აიყვანენ), აქ არც ისტორია ვითარდება და არც გმირის ხასიათი. თოჯინა თოჯინად რჩება, სოციალური ფონი კი ფონად, რომელიც თავის მხრივ, დამოუკიდებელი ფემინისტი რეჟისორებისგან მოპარულს უფრო ჰგავს, ვიდრე ორიგინალურ, ახალგაზრდულ კინოს.

“ლიმონოვი, ბალადა” (Limonov: The Ballad)

რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი

კირილ სერებრიაკოვს კანის ფესტივალზე ხელში უჭირავს რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩისა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკის ფოტო, რომლებიც რუსეთში სპექტაკლის გამო დააპატიმრეს.
კირილ სერებრიაკოვს კანის ფესტივალზე ხელში უჭირავს რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩისა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკის ფოტო, რომლებიც რუსეთში სპექტაკლის გამო დააპატიმრეს.

4/10

კანის ფესტივალს, ტრადიციულად, ჰყავს თავისი ფავორიტები. ერთ-ერთი პუტინის რუსეთიდან გაქცეული კირილ სერებრენიკოვია. თეატრალები ამბობენ, კარგი რეჟისორიაო. მისი „ზაფხული“, რომელიც ვიქტორ ცოის მიუძღვნა, მეც მომწონს, განსაკუთრებით მუსიკალური ჩანართები. მაგრამ „ლიმონოვს“ მუსიკასთან არაფერი აკავშირებს და, სამწუხაროდ, არც კინოსთან. ფილმი გადაღებულია ინგლისურ ენაზე, რუსები სხედან, სვამენ, ჩხუბობენ, წვანან საბჭოთა გარემოში, მაგრამ საუბრობენ ინგლისურად... შეუძლებელია ამის ყურება უხერხულობის განცდის გარეშე. თუკი, რა თქმა უნდა, კინო გიყვართ და იცით, რომ ეს არაბუნებრივი დიალოგები „ბაზრის მოთხოვნილებაა“ - ამერიკაში არ უყვართ ტიტრების კითხვა. „ლიმონოვი“ არც ბალადაა. ერთი ჩვეულებრივი „ჩერნუხაა“, მსუბუქად რომანტიზებულ ნაციონალ-ბოლშევიკზე, რომელსაც წარმოგვიდგენენ, როგორც გამოცანას, ანუ როგორც „იდუმალი რუსული სულის“ სიმბოლოს.

“შეგირდი” (The Apprentice)

რეჟისორი ალი აბასი

4/10

ფილმში აღდგენილია დონალდ ტრამპის კარიერის პირველი ეტაპი, მისი მეგობრობა კონსერვატორ იურისტ როი კონთან (დემოკრატებმა კონი „ეშმაკის ადვოკატად“ მონათლეს) და ივანკა ტრამპთან ქორწინების წლები. კანში, ალბათ, ყველა მოელოდა ტრამპის დემონიზაციას მოსალოდნელი არჩევნების წინ, მაგრამ მივიღეთ სულ სხვა სურათი; ალი აბასი და ტრამპის როლის შემსრულებელი სებასტიან სტენი ადვილად უმკლავდებიან კარიკატურიზაციის ცდუნებას და მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ მიუკერძოებლობა. თუმცა ფილმის ღარიბ კინოენას, სიცივეს, გაუბედაობას ეს არ შველის - მეტისმეტად სტანდარტული ბიოპიკია, უფრო სატელევიზიო გადაცემა, ვიდრე კინო.

“ზეწარი” (The Shrouds)

რეჟისორი დევის კრონენბერგი

4/10

იდეა დევიდ კრონენბერგის ახალი ფილმის მართლაც ორიგინალური და აქტუალურია - ვენსან კასელი განასახიერებს გენიალურ მეცნიერს, რომელიც ვერ ეგუება ცოლის გარდაცვალებას და იგონებს აპარატს, რომელსაც... გარდაცვლილის ცხედრის დანახვა შეუძლია - დაკვირვება, თუ როგორ იხრწნება მკვდარი საფლავში. თავიდან ეს ისტორია სასაცილოა და ველოდებით როგორ განვითარდება ნეკროფილიის თემა, უფრო სწორად, რა მიმართულებით - ბუნუელისკენ, ანუ სიურრეალისტური აბსურდისკენ თუ უბრალოდ, ჰორორისკენ, იმ ჟანრისკენ, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებით აფასებენ კანის კინოფესტივალზე. მაგრამ უკვე სადღაც მეთხუთმეტე წუთიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ კრონენბერგმა არ იცის რა მოუხერხოს თავის გმირს. შესაბამისად, საყვარელი ცოლის „დაზუმვის“ ათასჯერ განმეორებული კადრები აღარანაირ ემოციას არ ქმნის მოწყენილობის გარდა.

“ო, კანადა” (Oh, Canada)

რეჟისორი პოლ შრეიდერი

რიჩარდ გირი, პოლ შრეიდერი, უმა თურმანი
რიჩარდ გირი, პოლ შრეიდერი, უმა თურმანი

5/10

პოლ შრეიდერი, კაცი, რომელმაც, ჩემი აზრით, კინოს თეორეტიკოსებისთვის „ბიბლია“ დაწერა („ტრანსცენდენტური კინო“), ისევ ძველმოდურ კინოს იღებს, ხანდახან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ მას უბრალოდ ეზარება კარგი კინოს გადაღება. ამ მხრივ შრეიდერი ცოტა არ იყოს ჰგავს „ო, კანადის“ გმირს, ცნობილ მემარცხენე დოკუმენტალისტს, რომელიც სიკვდილის წინ დათანხმდება აღსარებაზე კინოკამერების წინ. მოხუცს თამაშობს რიჩარდ გირი, ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც ბობოქარ 60-იან წლებში გადავყავართ, ჯეიკობ ელორდი. აქვეა ძალიან ლამაზი უმა ტურმანი, მოხუცის ცოლი, რომელიც ყურადღებით აკონტროლებს ფილმის გადაღებას. სადღაც, ფილმის ბოლოს აღმოჩნდება, რომ „ო, კანადის“ გმირი სულაც არაა იდეალური და მემარცხენე კინემატოგრაფისტების კერპი ამ ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა შეიძლება სრულიად დაამსხვრიოს. კინო აფიქსირებს არა მარტო სიცოცხლეს, არამედ სიკვდილსაც, უფრო სწორად, კვდომის პროცესს. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს. ამიტომაცაა, რომ „ო, კანადას“, ცოტა არ იყოს, მტვერი ადევს.

“ჩიტი” (Bird)

რეჟისორი ანდრეა არნოლდი

5/10

ბრიტანელი გოგონა ბეილი, რომელიც ბავშვობასთან დამშვიდობების პერიოდს გადის, შემთხვევით გაიცნობს უცნაურ ახალგაზრდა კაცს, სახელად „ბერდი“. კაბაში გამოწყობილი ეს „ჩიტი“, რომელიც შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ბეილის ხილვაა, აქ მშობლებს ეძებს... არნოლდის კინო - ესაა ხელის კამერით გადაღებული სცენები, მცირე ბიუჯეტი, სიღარიბე და ბავშვები, რომლებსაც მარტოობა აწუხებთ. ოდესღაც ეს ყველაფერი ვნახეთ კენ ლოუჩის გენიალურ ფილმში „კესი“, თუმცა იქ არ იყო იმდენი პათეტიკა, ერთგვარი ზეაწეული ტონი, როგორც არნოლდთან. მაგიური რეალიზმის სინთეზი სოციალურ დრამასთან, ცხადია, საინტერესოა, მაგრამ ცოტა არ იყოს ხელოვნურს ჰგავს. ფრანც როგივსკი კი, რომელიც „ჩიტს“ განასახიერებს, სრულიად ამოვარდნილია ფილმის კვაზიდოკუმენტური ესთეტიკიდან.

“სიკეთის სახეები” (Kinds of Kindness)

რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი

6/10

ლანთიმოსის სტილის მოყვარულები ამ ფილმით კარგად გაერთობიან. ფილმი სასაცილოა, ცინიკური და ხანდახან საკმაოდ რადიკალურიც. „სიკეთის სახეები“ აერთიანებს სამ ისტორიას, ერთი და იმავე მსახიობებით. სამივე სიურრეალისტური ამბავი ეძღვნება ძალაუფლებას, მანიპულაციასა და ვნებას. ჯესი პლემონსი (გადაეცა „პალმა“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის), უილამ დეფო და ემა სტოუნი ოსტატურად იცვლიან ნიღბებს და აბნევენ მაყურებელს, რომელიც, ტრადიციულად, ლანთიმოსის ფილმების აღქმისას, ერთგვარ ლაბირინთში ხვდება, საიდანაც გამოსვლა რთულია, თუკი ჰოლივუდში გადასახლებული ბერძენი რეჟისორის „შავ იუმორს“ ვერ აფასებ. სამწუხაროდ, ფილმის სამივე ნოველა ერთნაირად საინტერესო არაა. იწყება კარგად, მაგრამ, როგორც ეს ჩვევია ლანთიმოსს, ავტორი ფინალისკენ ვერა და ვერ ბედავს დამუხრუჭებას, შესაბამისად, აუბრალოებს ფორმასაც, სათქმელსაც.

“ქალი ნემსით” (Pigen med nålen)

რეჟისორი მაგნუს ფონ ჰორნი

6/10

ეს შავ-თეთრი ჰორორი აღადგენს პირველი მსოფლიო ომის პერიოდის დანიას და გვიამბობს რეალურ პერსონაჟზე - ქალზე, რომელიც ჩვილი ბავშვების მკვლელობისთვის გაასამართლეს. ფილმის პირველი ნაწილი, რომელშიც პაციფისტური იდეები ოსტატურად უკავშირდება ქალების ჩაგვრის თემას, ბევრად უკეთესია მეორეზე, როცა სოციალური კინო მოულოდნელად ტრილერში გადაიზრდება. ავტორი ცდილობს აღადგინოს გერმანელი ექსპრესიონისტების ესთეტიკა, მიმართავს უხმო კინოსთვის დამახასიათებელ მიზანსცენებს, თუმცა ფინალის მოახლოებასთან ერთად, „ქალი ნემსით“ უფრო ესთეტიკურ თამაშს ემსგავსება და კარგავს ზემოქმედების ძალას.

“რომანტიკოსების თაობა” (Feng liu yi dai)

რეჟისორი ძია ჩანკე

6/10

ამბავი ქალზე, რომელიც ინდუსტრიული პეიზაჟების ფონზე ცდილობს მოძებნოს თავისი დაკარგული შეყვარებული, დიდი ჩინელი რეჟისორის ძველი ფილმების, განსაკუთრებით „ქალაქი 24“-ის განმეორებას ჰგავს. იგივე გარემო, ჩინეთის მუშათა კლასი, თხრობის ძველებური მანერა, სტატიკური კადრები... კამერა აღბეჭდავს ისტორიულ ცვლილებებს ჩინეთის ეკონომიკაში, რომლებიც ოდნავაც არ აუმჯობესებენ მშრომელი ადამიანების ცხოვრებას. ძია ჩანკე თავს უფლებას აძლევს გაიმეოროს და თავიდან აკინძოს ძველი ფილმების კადრები, რაც ცხადია არაა საკმარისი იმისთვის, რომ ოსტატის ახალი ფილმი კანის ფესტივალის გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდეს.

“მეგალოპოლისი” (Megalopolis)

რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა

ადამ დრაივერი და ფრენსის ფორდ კოპოლა
ადამ დრაივერი და ფრენსის ფორდ კოპოლა

6/10

ფრენსის ფორდ კოპოლამ, რომელმაც „მეგალოპოლისის“ პროექტზე ჯერ კიდევ 1977 წელს დაიწყო ფიქრი, აშკარად დააბნია თავისი თაყვანისცემლები. ჩემი აზრით, მისგან ელოდნენ მონუმენტურ კინორომანს, „აპოკალიფსის“ თუ „ნათლიმამის“ სტილში, მან კი გვანახა ორსაათნახევრიანი კლიპი სამყაროს მომავალზე, როდესაც ისტორიის წრე იკვრება და კაცობრიობა რომის იმპერიას უბრუნდება. „მეგალოპოლისი“, ამბავი ნიჭიერ არქიტექტორზე, რომელიც ნათელი მომავლის ქალაქს აშენებს და დიქტატორზე, რომელიც ყველანაირ შემოქმედებას ეწინააღმდეგება, მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსის ანდერძს უფრო ჰგავს. ჰალუცინაცია და ფსიქოდელური განცდები, რომლებიც საფუძვლად დაედო ფილმის ენას, არსებითად 85 წლის ავტორის შიშებია, წარმოდგენილი თეატრალურ, ლიტერატურულ, მუსიკალურ სახეებში. მე პირადად ერთი წამითაც არ მომწყენია კოპოლას ატრაქციონებზე, თუმცა გაუთავებელი ციტატების გააზრება, უნდა ვაღიარო, ადვილი არ იყო. ანალოგიებს თუ მივმართავთ, კოპოლას გზავნილი, მთელი ეს კომპიუტერული „კომედია დელ არტე“ ძალიან ჰგავს ფედერიკო ფელინის გვიანდელ ფილმებს, როცა ასაკში შესული მაესტრო ყველასთვის მოულოდნელად „გაბავშვდება“ და იწყებს იმ კანონების რღვევას, რომლებიც კინომ თავისი არსებობის მანძილზე მიიღო.

“სუბსტანცია” (The Substance)

რეჟისორი კორალი ფარჟა

6/10

ისტორია ასაკში შესულ სექსვარსკვლავზე, რომელსაც პენსია ემუქრება, ძალიან ჰგავს ბილი უაილდერის უკანასკნელ და, სამწუხაროდ, დაუფასებელ შედევრს „ფედორა“. თუკი კინო სხეულის, უფრო სწორად - დროში „განვითარებული“ სხეულის ხელოვნებაა, რატომ არ უნდა განვიხილოთ „ბოდი-ჰორორი“ აბსოლუტურად კინემატოგრაფიულ ჟანრად? შესაბამისად, რატომაც არ უნდა მივაკუთვნოთ საპატიო ადგილი მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში? ეს კითხვა უკვე დავუსვით იმ ხალხს, ვისთვისაც 2021 წელს გაუგებარი აღმოჩნდა „ტიტანის“ გამარჯვება კანის ფესტივალზე. „სუბსტანციას“ ასევე ჰქონდა „პალმის“ მოპოვების შანსი. ძლიერი, რადიკალური, გაბრაზებული კინოა, დემი მურის ვირტუოზულად განსახიერებული მთავარი როლით. ჩემი კოლეგები აღფრთოვანდნენ ფილმით, თუმცა პირადად მე ეს ყველაფერი - ქალის სხეულის ექსპლუატაცია, „ტანის გახსნა“, სისხლის მდინარეები უკვე მაგრად მომბეზრდა თანამედროვე კინოში.

“სასტუმრო დესტინო” (Motel Destino)

რეჟისორი კარიმ აინოზი

6/10

ვიკიპედია გვახსენებს ბრაზილიელი რეჟისორის საყვარელ ავტორებს, რომელთა შორის ფასბინდერი და დუგლას სირკია. როგორც ჩანს, ამ რეჟისორებს დაესესხა აინოზი თავის „გაფერადებულ კინოში“. გაიხსენა ლუკინო ვისკონტის პირველი ფილმი „ახირება“ და მოარგო სასიყვარულო ტრილერი ე.წ. ტროპიკულ ბოდი-არტს, ბევრი სექსით, ძალადობითა და ვუაიერიზმით. „სასტუმრო დესტინო“, ამბავი 21 წლის ბრაზილიელ ბიჭზე, რომელიც პოლიციას და ნარკომოვაჭრეებს ბორდელის ტიპის სასტუმროში ემალება, სახალისო საყურებელია, აქვს მუხტი და ძალიან შთამბეჭდავი ფინალი, თუმცა ადასტურებს მოსაზრებას, რომ კარიმ აინოზი, რომელსაც ერთ დროს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, საბოლოოდ გადაეშვა კომერციული კინოს მორევში.

“სამი კილომეტრი სამყაროს დასასრულამდე” (Three Kilometres to the End of the World)

რეჟისორი ემანუელ პირვუ

ემანუელ პირვუ
ემანუელ პირვუ

7/10

მოზარდი ბიჭი, რომელიც დუნაის ნაპირას, ცივილიზაციისგან თითქოს სრულიად მოწყვეტილ სოფელში ცხოვრობს, ჰომოფობი მშობლების, თანასოფლელების, ადგილობრივი პოლიციის მსხვერპლი ხდება. ყმაწვილის ამბავს ჯერ მალავენ, შემდეგ კი მის მკურნალობას ცდილობენ - “ჯადოს მოხსნას” და ეშმაკის განდევნას. ემანუელ პირვუ, სამწუხაროდ, კრისტიან მუნჯიუ არაა, კერძო ისტორია ტრაგედიად რომ აქციოს. ამისათვის მას კინემატოგრაფიული რესურსი არ ჰყოფნის. მაგრამ მაინც შოკს იწვევს ასეთი სახის ველურობა ევროკავშირის ქვეყანაში, თანამედროვე რუმინეთში, სადაც ადამიანის ჩაგვრას პატრიარქალური გარემო და კორუფცია უწყობს ხელს. „ლგბტ-კანონი“ თუ მივიღეთ, ემანუელ პირვუს ფილმს, ალბათ, ვერასდროს ნახავს ჩვენი მაყურებელი.

“დიდი მოგზაურობა” (Grand Tour)

რეჟისორი მიგელ გომეში

7/10

პორტუგალიელ რეჟისორს ამ ფილმისთვის სამართლიანად გადაეცა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. ესაა თავისებური შავ-თეთრი სიზმარი, გამოხატული მედიტაციური კინოს სტილისტიკაში. ინგლისელი დიპლომატი გაურბის საცოლეს, რომელთანაც ჯვარი უნდა დაიწეროს და სამოგზაუროდ მიემართება შორეულ აზიაში. მოქმედება 1918 წელს ხდება, თუმცა, როდესაც ფილმში თანამედროვე შანხაის ცათამბჯენები გამოჩნდება, მაყურებელი ხვდება, რომ გომეშის გმირი მოგზაურობს არა მარტო სივრცეში, არამედ დროშიც. კოლონიალიზმი - გომეშის შემოქმედების მთავარი თემა - არ გამქრალა, მხოლოდ ფორმა შეიცვალა. „თეთრი კაცი“ და „თეთრი ქალი“ (ფილმის მეორე ნაწილში საქმროს საძებნელად უკვე ქალი გაეშურება) მოჩვენებებს ემსგავსებიან აღმოსავლეთში, სადაც სიცოცხლესა და სიკვდილზე ჯერ კიდევ ევროპელებისგან განსხვავებული წარმოდგენა აქვთ.

“ემილია პერესი”(Emilia Perez)

რეჟისორი ჟაკ ოდიარი

8/10

დიდებული ფილმი - მხიარული, სევდიანი, აზარტული, მუსიკალურად მდიდარი, შესანიშნავი მსახიობებით. ასეთი კინო გადაიღო ჟაკ ოდიარმა მექსიკაში. ამბავი მდიდარ ნარკობარონზე, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყებად სქესს შეიცვლის ისრაელის კლინიკაში, შემდეგ კი ქალების უფლებების დამცველი ხდება, ისე სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება, რომ ფილმი ერთი წამითაც არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. გენდერული სახეცვლილება, რომელიც საფუძვლად უდევს „ემილია პერესის“ სიუჟეტს, განუწყვეტლივ ცვლის ფილმის ენასაც. ოდიარისთვის სამყაროს მრავალფეროვნება კინოს ენის მრავალფეროვნებაში აისახება. მისთვის არ არსებობს სტილი, არ არსებობს ჟანრი, სრულიად განსხვავებულ ენასთან, განსხვავებულ ჟანრთან რომ ვერ თანაარსებობდეს. სწორად შენიშნა ერთმა ჩემმა კოლეგამ - „პედრო ალმოდოვარს შეშურდებოდა ოდიარის, შურიანი კაცი რომ იყოსო“.

“ანორა” (Anora)

რეჟისორი შონ ბეიკერი

შონ ბეიკერი
შონ ბეიკერი

8/10

„ანორას“ გამარჯვება სენსაციაა კანის კინოფორუმის ისტორიაში. „ოქროს პალმას“ ამ ფილმისთვის, როგორც ჩანს, ფესტივალის დირექციაც არ მოელოდა, როცა სეანსების პროგრამას ადგენდა. ბეიკერის ფილმის პრემიერა შუადღეს გაიმართა. დღის ამ მონაკვეთში მოთხოვნა საპრემიერო მოსაწვევებზე, როგორც წესი, ბევრად ნაკლებია, ვიდრე საღამოს პრემიერებზე. „ანორას“ პალმამ გაგვახარა ქართველი ჟურნალისტები, რომლებსაც, რა დასამალია, ხშირად გვიჭირდა კანის ფესტივალის ფილმების აღქმა თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. მიუხედავად იმისა, რომ „კონკიას“ ეს ისტორია წარმოუდგენლად სევდიანია, „ანორა“ ყველა ტკივილს დაგავიწყებთ. საინტერესოა, რომ „პალმას“ შონ ბეიკერის ფილმისთვის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რუსი ლიბერალი კრიტიკოსებისგან (პუტინის მედია კანში კვლავაც სანქცირებულია), რომლებიც ბეიკერისგან უფრო აქტიურ პოლიტიკურ პოზიციას მოითხოვენ. „რატომ არ არის ფილმში ნახსენები ომი უკრაინაში?“, „რატომ არიან ასეთი საყვარლები რუსი ოლიგარქები?“, „რატომ ვერ ელევა ჰოლივუდი რუსულ ენას?“... ადამიანებისგან, რომლებიც პუტინმა აგენტებად გამოაცხადა და სამშობლოს ჩამოაშორა, ეს კითხვები ბუნებრივია, თუმცა, ვფიქრობ, მოსთხოვო ბეიკერს აქტიური პოლიტიკური გზავნილები, იგივეა, დავუშვათ, ბილი უაილდერს დაუწუნო სამოქალაქო პოზიცია „ერთი, ორი, სამის“ გამო, რომელსაც შონ ბეიკერის ფილმი აუცილებლად გაგახსენებთ.

“ყველაფერი, რაც სინათლეს გვაგონებს” (All We Imagine as Light)

რეჟისორი პაიალ კაპადია

9/10

ამბავი სამი ექთანი ქალისა, რომლებიც მუმბაიში, მოხუცთა სახლში მუშაობენ, ინდური კინოსთვის დიდ სატიაჯიტ რეის აცოცხლებს. კაპადია, პროფესიით კინოდოკუმენტალისტი, ახერხებს გააერთიანოს ინტიმური ისტორიები დოკუმენტურ სურათებთან, რომლებიც ხალხით გადაჭედილ, ღარიბ, ქაოტურ, ჭუჭყიან ქალაქს აღბეჭდავენ. მინიმალიზმი და თხრობის სისადავე ფილმის ბოლო კადრამდე გაგაოცებთ... და კიდევ დელიკატური კამერა, რომელიც ფინალამდე იცავს დისტანციას ფილმის გმირებთან და ენდობა მაყურებლის მზერას. არანაირი სპეკულაცია აქტუალური თემებით! მხოლოდ ფილმის დასაწყისში ვხედავთ მოხუც პაციენტებს, რომლებსაც სამი მეგობარი, ეს თავისებური „ჩეხოვის სამი და“ უვლის. კანის კონკურსში წარმოდგენილი ფილმი-ატრაქციონების შემდეგ, ხმაურის და გუგუნის შემდეგ, ეს ინდური საგა მართლაც სუფთა ჰაერია, რომლის დეფიციტს აშკარად განიცდის მსოფლიო კინემატოგრაფი.

“წმინდა ლეღვის მარცვლები” (The Seed of the Sacred Fig)

რეჟისორი მუჰამად რასულოფი

განსაკუთრებით იმოქმედა ფილმმა ქართველ კოლეგებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ამბავი ირანელი მოსამართლისა, რომელსაც საპროტესტო გამოსვლების დროს შვილები აუმხედრდებიან, ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა თბილისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარების დღეებში.
განსაკუთრებით იმოქმედა ფილმმა ქართველ კოლეგებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ამბავი ირანელი მოსამართლისა, რომელსაც საპროტესტო გამოსვლების დროს შვილები აუმხედრდებიან, ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა თბილისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარების დღეებში.

სეანსზე, რომლისთვისაც ამ ფილმის ბილეთი მერგო, გაუგონარი რამ მოხდა, ტექნიკური პრობლემის გამო ირანული სურათი ფრანგული სუბტიტრების გარეშე უჩვენეს. არადა, „წმინდა ლეღვის მარცვლები“ დიალოგების ფილმია, ამბავს აქ სიტყვა უფრო გამოხატავს, ვიდრე მოქმედება. შესაბამისად, გამიჭირდება შეფასება მუჰამად რასულოფის ფილმისა, რომელსაც ბევრი ჩემი კოლეგა საუკეთესოდ მიიჩნევს კანის ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში. განსაკუთრებით იმოქმედა ფილმმა ქართველ კოლეგებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ამბავი ირანელი მოსამართლისა, რომელსაც საპროტესტო გამოსვლების დროს შვილები აუმხედრდებიან, ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა თბილისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარების დღეებში. ნიშანდობლივია, რომ „წმინდა ლეღვის მარცვლები“ კანში ფესტივალის ბოლო დღეს უჩვენეს, როცა ქართველებს ჩემოდნები ჩალაგებული გვქონდა და ვემზადებოდით სამშობლოში დასაბრუნებლად. სამშობლოსი, რომლის ირანიზაციას არავინ დავუშვებთ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG