Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქერა მერლინი და შავ-თეთრი ნორმა


"ქერა" (აშშ, ავსტრალია, 2022. რეჟისორი ენდრიუ დომინიკი)

ჩვენს რუბრიკას "რას ვუყუროთ?" დავარქვით, რაც, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ კარგი ფილმები უნდა ვნახოთ... თუკი გვაინტერესებს, რა ხდება თანამედროვე კინოში.

ავსტრალიელი რეჟისორის, ენდრიუ დომინიკის "ქერა" სწორედაც რომ თანამედროვე კინოხელოვნების კრიზისს ასახავს, გვიჩვენებს, როგორ ჩამორჩა დროს "პოსტკოვიდური ეპოქის" ჰოლივუდი, როგორ ცდილობს დაეწიოს აქტუალურ თემებს. მაგრამ ვერ ახერხებს. მეტისმეტად სწრაფად ვითარდება მოვლენები.

"ქერა" ამავე სახელწოდების პოპულარული წიგნის, ჯოის კეროლ ოუტსის რომანის ეკრანიზაციაა. მწერალი წლების მანძილზე იკვლევდა მერლინ მონროს ცხოვრების ფაქტებს, თუმცა ბიოგრაფიული რომანის ჟანრზე უარი თქვა და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული კერპის პორტრეტი წარმოგვიდგინა, როგორც ფანტასტიკური ხილვა, როგორც ფსიქოლოგიური ტრილერი.

ასე ამბობენ. წიგნი არ წამიკითხავს. თუმცა ვნახე ენდრიუ დომინიკის ფილმი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან მოეწონა წიგნის ავტორს. და არა მარტო მას. ვენეციის კინოფესტივალზე, "ქერას" ოფიციალური პრემიერის დასრულების შემდეგ დარბაზი 14 წუთის განმავლობაში ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს და ფესტივალის მთავარ პრიზს უწინასწარმეტყველებდა.

ენდრიუ დომინიკის ფილმი პრიზის გარეშე დარჩა. ჟიურიმ არ შეიმჩნია არც მთავარი როლის შემსრულებელი, წარმოშობით კუბელი ანა დე არმასი, რომელსაც დღეს "ოსკარის" მთავარ კანდიდატად ასახელებენ. არსებითად, ეს ახალგაზრდა მსახიობი ერთადერთია, ვინც "ქერაში" 3 საათის მანძილზე ცდილობს, გადაარჩინოს ფილმი უხამსობისგან და პრეტენზიულობისგან. კარგი მსახიობია, მაგრამ ჯადოქარი არ არის, ამ "პოპფსიქოანალიტიკურ თრეშს" ოდნავი სიღრმე მაინც რომ შესძინოს.

სიღრმე და, რაც მთავარია, სიახლე. მთელი 3 საათი მაყურებელს სთავაზობენ სრულიად აუწყობელ ატრაქციონს იმ კლიშეებისა, რომლებიც დაგროვდა მერლინ მონროზე, როგორც მანიპულაციის ობიექტზე. ამას თითქოს გამართლება აქვს - "ნევროტული კინო", ვიზუალური კონვულსიები, ის ენა, რომლითაც გველაპარაკებიან ავტორები, თავად ფილმის გმირის მძიმე ცხოვრებას უნდა შეესაბამებოდეს. ამას როცა გავიაზრებთ, დაგვებადება ეჭვი, რომ ენდრიუ დომინიკს უბრალოდ არ უყვარს თავისი გმირი. ოკ. არც ესაა პრობლემა. თუმცა უწინაც მითქვამს - კინოც თუ არ გიყვარს, იქნებ სხვა პროფესიაში გეცადა ბედი?"

"ქერა" - ესაა ამბავი ქალზე, რომელიც ეძებს მამას, იქმნის ("უქმნიან") იმიჯს და შემდეგ ამავე იმიჯთან იწყებს ბრძოლას. ასე ცოცხლდება ეკრანზე ორი ქალი - ნორმა ჯინი და მერლინ მონრო, ნამდვილი ნორმა და ჰოლივუდისთვის შექმნილი ხატი. ნორმას ბრძოლა "ფეიკ-ნორმასთან" გამოიხატება ხერხით, რომელსაც სტუდენტებიც არ იყენებენ სადიპლომო ფილმებში - ერთმანეთს ენაცვლება შავ-თეთრი და ფერადი გამოსახულება. უფრო მეტიც, მუდმივად იცვლება ეკრანის ფორმატი. "ორი ნორმა", "ორი კინო" გაგვახსენებს ორაკორდიან მუსიკალურ ნაწარმოებს მერლინ მონროზე შეთხზული, ათასჯერ გაგონილი ანეკდოტების განმეორებით და პოპ-ფროიდისტული გზავნილით - "ქალი, რომელსაც არა ჰყავს მამა, ეძებს ამ მამას სხვა მამაკაცებში".

შესაბამისად მერლინი, ნევროტიკი და "მტირალა ქალი", (პლუს - ლამაზი!) გადაიქცევა ჰოლივუდის პროდუქტად, იმ ჰოლივუდისა, რომელიც ქალის ზუსტად ასეთ სახეს უკვეთს მსახიობს, რადგანაც ასეთია იმხანად ამერიკული (და არა მარტო ამერიკული) საზოგადოების მოთხოვნილება. აქ რეჟისორს შეეძლო საინტერესოდ წარმოედგინა ისტორიული ფონი, რომელმაც შექმნა მერლინ მონრო და გამიჯნა მერლინი-ხატი ნამდვილი მერლინისგან. მაგრამ რა ეპოქა და ისტორიული ფონი, რა ატმოსფერო და ნიუანსები? მეტისმეტს ნუ მოვთხოვთ საშუალო რეჟისორს, რომელიც ძალიან ნიჭიერი (და ჭკვიანი) ქალის ბიოგრაფიას შეეჭიდა, თუმცა თავის გამართლება ჯერ კიდევ ფილმის გადაღებამდე დაიწყო, ამტკიცებდა, რომ "ქერა" არ არის ბიოგრაფიული ფილმი, რომ ესაა უფრო ფილმი ქალზე, რომელმაც მერლინ მონროს ნიღაბი მოირგო.

მერლინ მონროზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა ესაა ფილმები მსახიობის მძიმე ბავშვობით, კენედისთან უცნაური ურთიერთობით, ჰოლივუდის ოქროს ხანის ხატის ნევროზებით. ამ მხრივ "ქერა" უფრო ჰგავს კარიკატურას კინოზე, რომელიც მერლინ მონროს მიეძღვნა. არც ის ფილმები იყო შედევრები და ახლა იმ უმწეობის კარიკატურა ვიხილეთ. ამასაც აიტანდა მაყურებელი, კონვულსიური ვიზუალური ეფექტების და უპრიმიტიულესი ვუაიერიზმის გარდა, ავტორებს იუმორის გრძნობა რომ ჰქონოდათ (თუნდაც "შავი იუმორის"). მაგრამ პათეტიკა და პრეტენზიულობა, მოგეხსენებათ, იუმორის მტერია. პრეტენზია კი სახეზეა - ძალადობის ისტორია - ჯერ დედის მხრიდან, შემდეგ მამაკაცების მხრიდან, სისტემის მხრიდან და ბოლოს იმ სახის მხრიდან, რომელიც შექმნა თავად მერლინმა - ვარსკვლავის დეკონსტრუქციას მოითხოვს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორის მიზანია, გააბრაზოს მერლინ მონროს ის ფანები, რომლებიც მისი სურათების და სუვენირების კოლექციებს აგროვებენ... სურს დაანახოს, რომ მათ ტყუილი უყვარდათ, რომ ნორმა იყო ქალი, რომელიც იძულებული გახდა ეთამაშა, მოეკატუნებინა თავი, რათა ხალხს მოსწონებოდა, ბოდიში და...მამა მოეძებნა. კი, საყვარელი იყო, ძალიან საყვარელი, მაგრამ მამაკაცებმა ცხოვრება გაუმწარეს და ყველაფერი დაუნგრიეს. თუკი მართლა ესაა ენდრიუ დომინიკის მიზანი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმათ, ვინც მერლინ მონროს ნიჭს აფასებს (და, შესაძლებელია, "სუვენირებს" არ აგროვებს ჰოლივუდის სექსსიმბოლოს გამოსახულებით), ეს სამსაათიანი სექსისტური კიტჩი აზრს ვერ შეაცვლევინებს. ისტორიას დარჩება შესანიშნავი ფილმები ამ მართლაც რომ ძალიან კარგი მსახიობის და ლამაზი ქალის მონაწილეობით. აი, ამ ფილმებს "ქერა" ნამდვილად ვერ გაუტოლდება.

მერლინ მონროს ცხოვრებაში მამა არ არსებობს, მაგრამ მამის ნაცვლად ჩნდება ჰოლივუდის პატერნალისტური სისტემა, რომელიც არსებითად კლავს პიროვნებას ჰოლივუდის ვარსკვლავში. ეს თემა, რომელიც მეტ-ნაკლებად ვითარდება ფილმში, განსაკუთრებით აიტაცეს "ქერას" თაყვანისმცემლებმა. იმდენად, რომ თვალი დახუჭეს აბორტების მიმართ ფილმის ავტორის ორაზროვან დამოკიდებულებაზე, ქალის სხეულის სწორედაც რომ "მასკულინურ რეპრეზენტაციაზე" და რაც მთავარია, მსხვერპლის სახის უტრირებით მაყურებლის მანიპულაციაზე. რაც შეეხება ჰოლივუდის, როგორც მოძალადე ფაბრიკის მხილებას, ისევ ბოდიში უნდა მოვიხადო და გავიხსენო ფილმი რეჟისორისა, რომელიც სხვა მამაკაცებთან ერთად ჩნდება მერლინ მონროს ბიოგრაფიაში. ესაა ბილი უაილდერი და მისი "სანსეტ ბულვარი". სხვათა შორის, 50-იანი წლების დასაწყისში გადაღებული მსოფლიო კინოს ეს მარგალიტი ზუსტად იმ ჟანრშია გადაღებული, რომელსაც ეთამაშება ენდრიუ დომინიკი - "ფეიკ-ბიოგრაფიაა"... გლორია სვენსონი თამაშობს ვარსკვლავს, რომელიც ჰოლივუდმა შექმნა და თავად ჩააქრო. ოღონდ ბილი უალდერს ჰყოფნის ნიჭი, დაიცვას დისტანცია ირონიით, უფრო მეტიც, ცინიზმით, რათა თავად არ აღმოჩნდეს იმ ჰოლივუდში, რომელსაც ასე მწარედ დასცინის.

"ქერაში" რა მივიღეთ ბოლოს? რეჟისორი აკეთებს იმას, რაშიც ბრალს სდებს ჰოლივუდს. თუკი 50-იანი წლების კინოინდუსტრია მერლინ მონროს სექსუალური მკერდის და თეძოების ხარჯზე გამდიდრდა, ახლა ბაზარზე გასაყიდად გამოიდო ვარსკვლავის განცდები, მისი კომპლექსები, ტრავმები. თანაც - მოდაა ეს - ავტორი ფემინისტების გულის მოგებასაც შეეცადა (ვფიქრობ, ამაოდ). აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლი, უმწეო ქალის სახე კარგად იყიდება. მერამდენედ შეიძლება გავუძლოთ ამ ფარისევლობას?

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG