„ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ (1969, აშშ, სიდნი პოლაკი)
1 ივლისს 90 წელი გავიდა სიდნი პოლაკის დაბადებიდან. დიდი რეჟისორის იუბილეს მისი 3 ფილმის, „ქანცგაწყვეტილი ცხენების“, „ტუტსის“ და „კონდორის სამი დღის“ რესტავრირებული ვერსიების პრემიერა დაამთხვიეს. საინტერესოა, რომ პოლაკის სამივე ნამუშევარი სხვადასხვა დროს ჩვენს კინოთეატრებშიც გადიოდა. მეტიც, „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ ჰოლივუდში გადაღებული პირველი ფილმია, რომელიც საბჭოთა ტელევიზიით უჩვენეს.
„ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ უსამართლოდ დავიწყებული ფილმია, რომელიც თავის დროზე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ზედმეტად პესიმისტური და პირქუშია. მარტივი გასაგებია, რატომ შეიძინეს ეს ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებისთვის - სიდნი პოლაკი სრულიად უკომპრომისოდ ასახავს „ამერიკული ოცნების“ მეორე მხარეს, გვთავაზობს კინემატოგრაფიულ მეტაფორას დეჰუმანიზაციისა, რომელიც მოაქვს ინდუსტრიულ საზოგადოებას.
პოლაკი აღადგენს გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკას, ეკონომიკური დეპრესიის ეპოქას და მთელ ფილმს აგებს საცეკვაო შეჯიბრებაზე, რომლის გამარჯვებული 1500 დოლარით უნდა დაჯილდოვდეს. ეს თანხა მონაწილეებს იმისთვის ეყოფათ მხოლოდ, რომ შიმშილისგან არ მოკვდნენ.
1969 წელს გადაღებული ფილმი, ეკრანიზაცია ჰორას მაკოის 1935 წელს გამოცემული წიგნისა, რომელიც 1932 წელს მომხდარ ამბავს აღადგენს, დღესაც აქტუალურია, 2024 წელს. და ახლა უკვე არა მარტო ამერიკელი მაყურებლისთვის. ამიტომ დარწმუნებული ვარ, უფროსი თაობაც კი, „ქანცგაწყვეტილი ცხენები“ არაერთხელ რომ უნახავს თუნდაც გადაცემა „ილუზიონში“, დღეს სულ სხვაგვარად აღიქვამს ჰოლივუდის ამ უკომპრომისო თვითკრიტიკას, ადამიანთა გაჭირვებაზე თამაშს, საცეკვაო შოუს, რომელიც ომს, სისხლისღვრას ემსგავსება.
საცეკვაო მოედანი აქ დახურული სივრცეა, რომელშიც გადავყავართ პოლაკს მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე. კამერა თითქმის არ გადის ამ სივრციდან, რათა არაფერმა გაფანტოს ჩვენი ყურადღება. ბოლოს კი მთელი ეს მოედანი საკონცენტრაციო ბანაკს უფრო ემსგავსება, მოცეკვავეების დანომრილი მაისურებით და დატანჯული სახეებით... ამავე დროს, „ქანცგაწყვეტილი ცხენები“ საინტერესოდ არის აწყობილი დრამატურგიულად. თავდაპირველად მაყურებელი თავად ერთვება მარათონში და აინტერესებს, როგორ გაგრძელდება შეჯიბრება, ვინ გაიმარჯვებს. მაგრამ საზარელი მარათონი თანდათან გვღლის (მარათონი და არა ფილმი!) და ვთანაარსებობთ უკვე არა პუბლიკასთან, არამედ პერსონაჟებთან. მაშინაც კი, როცა მარათონის მონაწილეები ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით დიდად არ გამოირჩევიან. აბა, ვის გაუგია სოლიდარობა შეჯიბრებაში? თანაც, შეჯიბრებაში, რომელიც თავისი სადიზმით ძველ რომს, გლადიატორთა ბრძოლას უფრო გაგახსენებთ. ამიტომ შეიძლება დაასკვნათ კიდეც: „არა, ადამიანი ცივილიზაციამ ვერ შეცვალა!“
მაგრამ ნუ იჩქარებთ! „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ თავისი სისასტიკის და პესიმიზმის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ფილმია ჰოლივუდის ისტორიაში. სიდნი პოლაკს მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდება იმისთვის, რომ მსახიობთა შესანიშნავი გალერეა შექმნას და ახლოდან გაგვაცნოს ფილმის პერსონაჟები. შეუძლებელია ოდესმე დაივიწყო ალისა, სიუზან იორკის შესრულებით - მსახიობი, რომლისთვისაც მარათონი უკანასკნელი შანსია მიიქციოს ჰოლივუდის პროდიუსერების ყურადღება. წარმატებისკენ სწრაფვა კი ხშირად ჭკუიდან შლის ადამიანებს. ამ ქალის ტრაგიკული ისტორია გვახვედრებს, რომ ეს მარათონი რეალურად არც ცეკვების კონკურსია და არც შეჯიბრება გამძლეობაზე. ესაა სხვისი უბედურებით ტკბობა, ადამიანთა ტანჯვის გადაქცევა სანახაობად. თანაც, სანახაობად პირველ რიგში გაჭირვებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ იხილონ მათზე უფრო გაჭირვებულები, მათზე უფრო უბედურები და მშივრები.
ალისასგან განსხვავებით, პოლაკის გალერეის ცენტრალური პერსონაჟები, გლორია და რობერტი სისასტიკეს ასე ადვილად არ ნებდებიან. კანადელი მსახიობის, მაიკლ სარაზინის გმირი ანგელოზს ჰგავს, რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდა. ჯეინ ფონდა კი თამაშობს სასოწარკვეთილ ქალს, ყველაფერზე რომ წამსვლელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ არ დამარცხდეს ცხოვრებაში. 1940 წელს, „ეკონომიკური დეპრესიის“ ეპოქის ბრწყინვალე კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციაში, ჯონ ფორდის „მრისხანების მტევნებში“ მთავარი როლი შეასრულა მამამისმა, ჰენრი ფონდამ. „ქანცგაწყვეტილ ცხენებში“ იმავე ეპოქას დაუბრუნდა მისი ქალიშვილი - უფრო რადიკალური, უფრო გაბრაზებული, რეგისტრების მკვეთრი ცვლის რომ არ ეშინია და მაქსიმალურად ათავისუფლებს სიდნი პოლაკის ფილმს გულისამაჩუყებელი მელოდრამატიზმისგან. უცნაურიცაა, რომ „ოსკარის“ 9 ნომინაციიდან ამერიკის კინოაკადემიამ ვერ გაიმეტა პრემია ჯეინ ფონდასთვის („ოსკარი“ გადასცეს შოუს წამყვანის როლის შემსრულებელს, გიგ იანგს), რომელიც „ქანცგაწყვეტილ ცხენებში“, შესაძლებელია, საუკეთესო როლს ასრულებს თავის კარიერაში.
ვფიქრობ, ჰოლივუდმა სიდნი პოლაკის ოსტატობაც დაგვიანებით დააფასა. საკმაოდ ჯიუტი კაცი იყო და კატეგორიულად მოითხოვდა ფილმის გადატანას 35 მმ ფირზე, რათა სივრცის ეფექტზე აეგო მთელი ეს დამთრგუნავი სანახაობა. რამდენიმე ეპიზოდის გადაღებისას პოლაკი თავად დგებოდა გორგოლაჭებზე და ასე ქმნიდა ჰაერის გარღვევის, მეტიც, მონობის დაძლევის შთაბეჭდილებას. ე.წ. ფლეშ-ფორვარდი ფილმის პროლოგშივე გვახვედრებს ტრაგიკულ დასასრულს, რადგანაც „ქანცგაწყვეტილი ცხენების“ ავტორებს არსებითად არც უნდათ სიუჟეტით ჩვენი ყურადღების მიპყრობა. ეს საცეკვაო მარათონი გაძლებაზეა, ამიტომ მაყურებელმა უნდა გაიაზროს, რომ თვალს ადევნებს არა მარტო ზოგადად, ადამიანის ექსპლუატაციას, არამედ ადამიანის განცდის, ტკივილის ექსპლუატაციას. რეალური ტკივილის გადაქცევას შოუდ, „რეალითი შოუდ“ - ასე აქტიურად, აგრესიულად რომ დამკვიდრდება სატელევიზიო პროგრამებში სიდნი პოლაკის ფილმის პრემიერიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ყველგან. მათ შორის - საქართველოში.
ფილმის ორიგინალური ვერსია ნახეთ აქ:
ვერსია, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე გადიოდა:
ფორუმი