„მღვდლის ცოლი“ (1970, იტალია-აშშ, რეჟისორი დინო რიზი)
ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კანის კინოფესტივალზე ცოცხალი სოფია ლორენი ვნახე. იმხანად ჯერ კიდევ 80 წლის ვარსკვლავმა წარადგინა ახლად რესტავრირებული ასლი ვიტორიო დე სიკას ფილმისა „ქორწინება იტალიურად“, ბევრი ილაპარაკა ასაკის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე („სარკეში რომ ვიყურები, ყოველთვის ვამბობ: „ბრავა, სოფია!“), ვიტორიო დე სიკაზე, რომელსაც მამად და მასწავლებლად მიიჩნევდა, იტალიაზე, ჰოლივუდზე, ოჯახზე და ცხადია, მარჩელო მასტროიანიზე, რომელიც მოიხსენია როგორც „ღვიძლი ძმა“. სოფიას ჰკითხეს, მარჩელოსთან ერთად მუშაობის თითქმის 40-წლიანი პერიოდიდან რომელ ფილმებს აფასებს ყველაზე მეტად. ჩამოყვა, ჩამოყვა... მგონი ყველა ფილმი ჩამოთვალა. შიგადაშიგ ეცინებოდა... და სულ ბოლოს გაიხსენა დინო რიზი, „კაცი, რომელმაც ჩემი და მარჩელოს დაძმობას დასცინა, ამიტომაც მისი „მღვდლის ცოლი“ განსაკუთრებით მიყვარსო“.
ლუის ბუნუელის სახელობის დარბაზში, სოფიასთან შეხვედრა (რომელსაც კანის ფესტივალის დირექციამ „მასტერკლასი“ დაარქვა) შუადღეზე გაიმართა, როდესაც ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტები ან კინოს უყურებენ, ან პლაჟზე ირუჯებიან. დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. ვიფიქრე კიდეც, ახალი თაობა მოვიდა და სოფია ლორენი ახალგაზრდებისთვის ის კერპი აღარაა, თავის დროზე უამრავ ადამიანს ტვინი რომ გადაუტრიალა-მეთქი. მაგრამ ვინც სოფიასთან შეხვედრაზე მოვიდა, იმან ზეპირად იცოდა იტალიური კინოს (და, შესაძლებელია, მსოფლიო კინოს) მთავარი დუეტის ყველა ფილმი. „მღვდლის ცოლის“ ხსენებაზე დარბაზმა ტაში დასცხო. არადა, დინო რიზიმ, რომლის სარკასტულ იუმორზე იტალიაში ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მართლა გაბედა ლორენი-მასტროიანის ერთობლივ იმიჯთან შეჭიდება. ფაქტია, 1970 წლის შემდეგ, როცა მოეწყო „მღვდლის ცოლის“ მსოფლიო პრემიერა (პროდიუსერების მოთხოვნით ფილმი ინგლისურ ენაზე გადაიღეს, რათა პირველი ჩვენება შეერთებულ შტატებში გამართულიყო), კლიშეები, რომლებიც სოფიას და მარჩელოს დუეტმა დაამკვიდრა, მხოლოდ ერთხელ დაინგრა კინოში, ეტორე სკოლას შესანიშნავ ფილმში „განსაკუთრებული დღე“, რომელშიც მექალთანე მარჩელო ჰომოსექსუალი ჟურნალისტის როლს ასრულებს, ყოველთვის სექსუალური სოფია კი მრავალშვილიან დიასახლისს განასახიერებს.
ყოფილი მომღერალი ვალერია ბინი გულაცრუებულია მამაკაცებზე. აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული წლებია ატყუებს. ვალერია შეიტყობს, რომ საყვარელი კაცი, რომელსაც ლამის მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, დაოჯახებულია. სასოწარკვეთილი ქალი თვითმკვლელობის გადაწყვეტულებას იღებს. თუმცა ეს სცენა იმდენად მოკლებულია „სასპენსს“, რომ სასაცილო ხდება - ჩვენ ხომ ვიცით, რომ ფილმი მხოლოდ ახლა დაიწყო, ამიტომ შეუძლებელია სოფია ლორენის პერსონაჟმა თავი მოიკლას. თანაც, მარჩელოს ველოდებით, რომელიც მალევე გამოჩნდება ეკრანზე - ჯერ ფსიქოანალიტიკოსის, შემდეგ კი მღვდლის როლში.
ძლიერი, ამაყი, თავის თავში დარწმუნებული ქალის და სექსუალური ეგოცენტრიკის, დამფრთხალი მამაკაცის პოპულარული დუეტი „მღვდლის ცოლში“ თავიდანვე შერყეული ჩანს. სოფიას პერსონაჟებს არაერთხელ გასჭირვებიათ, მაგრამ ეს ღირსეული ქალები მაინც იმარჯვებდნენ. „მღვდლის ცოლში“ ვალერიას დახმარება დასჭირდა. მაგრამ მას ისევ ატყუებენ.
დინო რიზის ფილმი 60-იანი წლების იტალიური კომედიის და სოციალური დრამის ერთგვარი ნაზავია. უფრო სწორად, ანტიკლერიკალური მოტივები თანდათან ჩნდება „მღვდლის ცოლში“ და კომედიის ჟანრი ჩვენ თვალწინ გადაიზრდება ავტორის სერიოზულ მსჯელობად ძლიერი და გავლენიანი ინსტიტუტების როლზე ადამიანთა პირად ცხოვრებაში. ფილმის პრემიერამდე თითქმის 10 წლით ადრე, ეს თემა ვირტუოზულად დამუშავდა პიეტრო ჯერმის ფილმში „განქორწინება იტალიურად“, მარჩელო მასტროიანით მთავარ როლში. სხვათა შორის, ეგ ის წლებია, როცა იტალიის კანონმდებლობამ სოფიასაც გაურთულა ცხოვრება. მისი მომავალი მეუღლე კარლო პონტი დაოჯახებული იყო. სოფია და მასზე 21 წლით უფროსი პროდიუსერი იძულებულები გახდნენ საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღოთ, რათა ოჯახი შეექმნათ. 10 წლის შემდეგ ეკრანებზე გამოდის „მღვდლის ცოლი“, რომელშიც მორალური ცენზორის როლს უკვე ეკლესია შეასრულებს.
თავიდან, ეს კონტრასტი, სოფია ლორენი, რომელიც მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე იცვლის კაბებს, არანაირად არ ცდილობს შენიღბოს თავისი ფრივოლურობა, და მარჩელო, კოჭებამდე გრძელი შესამოსლით (შავმა სუტანამ უბრალოება და თავმდაბლობა უნდა გამოხატოს), სასაცილოა, დინო რიზისთვის დამახასიათებელი სარკაზმის ილუსტრაციაა. მაგრამ „წმინდა მამაკაცი“ ძლიერ ქალთან ბრძოლა-სიყვარულში (ბრძოლა და სიყვარული „მღვდლის ცოლში“ მართლა ერთიანად განიხილება) მაყურებლისთვის მოულოდნელად იმარჯვებს - ძლიერი ქალიც კი უსუსური ხდება მამაკაცის წინაშე, რადგან კაცს მისივე შექმნილი ინსტიტუტი იცავს.
კათოლიკური ეკლესია, მოგეხსენებათ, მღვდლებს ქორწინების და შვილების ყოლის უფლებას არ აძლევს. დინო რიზის ფილმში სარკაზმი პიკს აღწევს, როცა მღვდლები ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ სჯობს საყვარლები გაიჩინონ, მალულად დაკავდნენ სექსით, „სახლში“ რაც უნდათ ის აკეთონ, მაგრამ კანონი არ დაარღვიონ. სოფია, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად ახერხებდა კაცების დამორჩილებას, კარდინალებს და ეპისკოპოსებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. მისი ერთადერთი უპირატესობა კი ისაა, რომ დედა შეუძლია გახდეს.
სოფია კანის კინოფესტივალზე ღაჟღაჟა წითელი კაბით გამოცხადდა. რა თქმა უნდა, მხრებმოშიშვლებული, რა თქმა უნდა, დეკოლტეთი. გვითხრა, რომ არ ეთაკილება ბებიების თამაში. 2020 წელს განასახიერა მადამ როზა, შვილის, ედუარდო პონტის ფილმში „მთელი ცხოვრება წინაა“ - მოხუცი ებრაელი ქალი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმის საშინელება გამოცადა და ახლა ბორდელის მფლობელია. უცნაურად გაერთიანდა ამ სახეში უხამსობა და კეთილშობილება, ვულგარულობა და მორალური სიმტკიცე. არსებითად ამ ერთიანობამ შექმნა სოფია ლორენის ხატი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დღეს, როცა 90 წელი გავიდა მისი დაბადებიდან, ისევ იყურება სარკეში და ამბობს: „ბრავა, სოფია!“
ფორუმი