Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო დერჟავა გახდა“ - „პუტინის ტვინი“ დუგინი „ოცნებას“ აქეზებს


2008 წელს ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი თბილისის აღებას ითხოვდა
2008 წელს ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი თბილისის აღებას ითხოვდა

რუსი ნაციონალისტი ფილოსოფოსი, ალექსანდრ დუგინი ტაშს უკრავს საქართველოს „აგენტების კანონის“ მიღებისთვის. იდეოლოგი, რომელსაც დასავლურმა მედიამ „პუტინის ტვინი“ შეარქვა, აპრილიდან მოყოლებული „ქართულ ოცნებას“ გულშემატკივრობს.

„საქართველო სუვერენული დერჟავა გახდა. ეს მოძმე მართლმადიდებელი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ქვეყანა გლობალისტების ზეგავლენისგან გათავისუფლდა და სუვერენული განვითარების ახალ გზას დაადგა“, - დაწერა დუგინმა 27 მაისს საკუთარ არხზე ტელეგრამში.

დუგინი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.

იქამდე ერთ დღით ადრე მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც მიულოცა.

„ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ საქართველო დასავლეთისგან საკუთარ სუვერენიტეტს იცავს, - დაწერა მან.

ბოლო თვე-ნახევრში, ალექსანდრ დუგინმა საქართველოში მიმდინარე ამბებზე ოცზე მეტი პოსტი დაწერა.

მათი შინაარსი სხვა რუსი პროპაგანდისტების პოსტებს ჰგავს: „აგენტების კანონით“ საქართველოს ხელისუფლება იცავს საკუთარ სუვერენიტეტს. დასავლეთს „გავლენის აგენტების“ დაკარგვა არ უნდა, ამიტომ „ენჯეოების ხელით“ რევოლუციას გეგმავს.

ერთ-ერთ ბოლო პოსტში დუგინმა დაწერა, რომ „კოლექტიური დასავლეთისთვის“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ისეთივე მიუღებელია, როგორც ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი.

რას ნიშნავს დუგინის ყურადღება?

დუგინს ტელეგრამში მხოლოდ 60 ათასამდე მიმდევარი ჰყავს, პოსტებს საშუალოდ 10 ათასამდე ადამიანი ნახულობს. მაშინ, როდესაც, ზოგი პროპაგანდისტის აუდიტორია ორ მილიონს აღწევს.

მაგრამ დუგინის იდეოლოგიურ გზავნილებს ჰყავს ერთი, მთავარი მკითხველი - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული დუგინი თავის იდეოლოგიას „ახალევრაზიულობას“ ეძახის. იგი რუსეთისა და ე.წ. კოლექტიური დასავლეთის დაპირისპირებაზე დგას.

თავის მთავარ ნაშრომში დუგინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი „ნამდვილი ჭირი, ავადმყოფობა და ვირუსია“, რომელიც სხვა ერებს საკუთარი ცხოვრების წესს ახვევს თავს. რუსეთი კი, დუგინის თანახმად, მართლმადიდებლობასა და კონსერვატიულ ღირებულებებზე დგას და მხოლოდ მას შეუძლია დასავლეთის „კულტურული ექსპანსიის“ შეჩერება.

როგორ?

რუსეთი უნდა გადაიქცეს ზესახელმწიფოდ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შთანთქვის ხარჯზე. ამავდროულად კი, დასავლეთი შიგნიდან უნდა მოარყიოს, რასობრივი და იდეოლოგიური დაპირისპირებებისა და სეპარატიზმის წახალისებით. და ბოლოს - უნდა გამოიყენოს დასავლეთ ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე. ამ ყველაფერს თუ თანმიმდევრულად გააკეთებს, ნატო შიგნიდან გაირღვევა.

პუტინი თითქოს ერთი-ერთში მიჰყვება ამ გეგმას. ახალისებდა ულტრამემარჯვენეებს დასავლეთში, ევროკავშირი კი რუსულ გაზსა და ნავთობზე გახადა დამოკიდებული.

რუსეთის პრეზიდენტს არც საბჭოთა რესპუბლიკებზე კონტროლის გაძლიერება დავიწყებია: მოლდოვაში სეპარატისტების მხარდაჭერას, საქართველოზე თავდასხმას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მან 2014 წელს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაჩაღება დაუმატა.

დუგინი აღმოსავლეთ უკრაინას "ნოვოროსიას" - ახალ რუსეთს ეძახის. უკრაინელი სეპარატისტების მხარდამჭერ აქციაზე, 2014 წლის 11 ივნისი.
დუგინი აღმოსავლეთ უკრაინას "ნოვოროსიას" - ახალ რუსეთს ეძახის. უკრაინელი სეპარატისტების მხარდამჭერ აქციაზე, 2014 წლის 11 ივნისი.

უკრაინის გაქრობა დუგინის იდეოლოგიის ქვაკუთხედია.

„ერთიანი უკრაინის არსებობა დაუშვებელია“ და ამიტომ იგი უნდა დანაწევრდეს, რუსეთმა კი აღმოსავლეთი უკრაინა და ყირიმი უნდა აკონტროლოს, - წერდა იგი.

ცხადია, უკრაინის განადგურება დუგინის ბოლო გაჩერება არაა და შემდეგ აღმოსავლეთ ევროპისა და ბოლოს მთელი ევროპის ჯერი უნდა დადგეს.

დუგინი „პუტინის ტვინია“

ამ და სხვა დამთხვევების გამო, უკვე წლებია, დასავლური მედია დუგინს „პუტინის ტვინს“ და მისი იმპერიული პოლიტიკის შთამაგონებელს ეძახის. თუმცა კრემლის რუსი და უკრაინელი კრიტიკოსები ხშირად ამბობდნენ, რომ ეს შეფასება გაზვიადებულია.

„არ მგონია, [დუგინს] პუტინზე ან ვინმეზე რაიმე ზეგავლენა ჰქონდეს. მისი იდეოლოგია მეტისმეტად ეგზოტიკურია რუსეთისთვის“, - ეუბნებოდა უკრაინელი პოლიტოლოგი და ევროპული ულტრამემარჯვენე მოძრაობების მკვლევარი, ანტონ შეხოვცოვი გამოცემა „მედუზას“ 2022 წლის მაისში.

მაგრამ უკვე შემოდგომაზე იმავე „მედუზამ“ დაწერა, პუტინი ხშირად ელაპარაკება დუგინს საკუთარი იდეოლოგიის დასახვეწადო.

პუტინთან დაახლოებული ანონიმური წყარო ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი დუგინს მისი ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ ხშირად ხვდებაო.

დარია დუგინა, დუგინის ქალიშვილი, რომელიც 2022 წელს მამის ავტომობილში აფეთქდა.
დარია დუგინა, დუგინის ქალიშვილი, რომელიც 2022 წელს მამის ავტომობილში აფეთქდა.

დუგინის ქალიშვილის, ასევე ფილოსოფოსის, დარია დუგინას ავტომობილი 2022 წლის 20 აგვისტოს აფეთქდა. იქიდან ორ თვეში, გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ვარაუდით, ის უკრაინელებმა მოკლეს.

მოკლედ, „მედუზას“ მტკიცებით, კრემლში დუგინს და კიდევ რამდენიმე ფილოსოფოსს იდეოლოგიურ საკითხებზე ელაპარაკებიან. „იმაზე, რა უნდა რუსეთს და რა არის მისი მიზანი“.

„პუტინი უკვე დუგინის ლექსიკონით ალაპარაკდა“ და დუგინის საყვარელი სიტყვა, “ანგლოსაქსები” აითვისა, - ამბობდა წყარო.

დუგინის მსგავსად, პუტინიც ბოლო წლებია ალაპარაკდა "ტრადიციული ღირებულებების" დაცვაზე. ეს მოიცავს ტრანსგენდერი ადამიანების დაკნინებას. და კიდევ - დასავლეთის აბუჩად აგდებას, ტრანსგენდერთა უფლებების დაცვის გამო.
დუგინის მსგავსად, პუტინიც ბოლო წლებია ალაპარაკდა "ტრადიციული ღირებულებების" დაცვაზე. ეს მოიცავს ტრანსგენდერი ადამიანების დაკნინებას. და კიდევ - დასავლეთის აბუჩად აგდებას, ტრანსგენდერთა უფლებების დაცვის გამო.

15 აპრილს დუგინი რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პოლიტიკის უმაღლესი სკოლის დირექტორად დაინიშნა.

30 აპრილს კი მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა ამერიკელმა კონსერვატორმა კომენტატორმა, ტაკერ კარლსონმა, რომელიც იქამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტს ელაპარაკა.

დუგინი „რუსეთში ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფილოსოფოსია“, მისი იდეები „იმდენად სახიფათოა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ქალიშვილი მოუკლა, ამაზონმა კი მისი წიგნების გაყიდვა აკრძალა“, - თქვა ტაკერ კარლსონმა.

დუგინი თბილისის აღებას ითხოვდა

დუგინის პოზიცია მკაფიოა - საქართველო უპირობოდ რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა იყოს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, იგი კრემლს მოუწოდებდა თბილისი აეღო და ამტკიცებდა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ომი კი არა, არამედ რუსეთ-დასავლეთის ომია.

რუსეთმა უნდა „გაანთავისუფლოს ქართველი ხალხი ამერიკელი ოკუპანტებისგან. ქართული ჯარი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ქართველებმა ომი არ იციან. ამიტომ თბილისის აღება რუსეთისთვის ტურისტული გასეირნება იქნება“, - ამბობდა იგი.

ბოლო წლებში საქართველომ ისევ დააინტერესა დუგინი.

მან რამდენიმე ინტერვიუ მისცა ულტრამემარჯვენე, პრორუსულ მედია „ალტ-ინფოს“. ამბობდა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუკი უარს იტყვის პროდასავლურ მისწრაფებებზე და ნეიტრალურ კურსს აირჩევსო.

აღფრთოვანებული იყო დუგინი 2021 წლის ივლისშიც, როცა რადიკალებმა თბილისის ცენტრში ქვიარების მსვლელობა ჩაშალეს და 53 ჟურნალისტი გალახეს.

დუგინი აზიარებს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დახევის კადრებს და კომენტარში წერს: აი, ის საქართველო, რომელსაც ვაფასებ. 2021 წლის 7 ივნისი.
დუგინი აზიარებს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დახევის კადრებს და კომენტარში წერს: აი, ის საქართველო, რომელსაც ვაფასებ. 2021 წლის 7 ივნისი.

„აი საქართველო, რომელსაც ვაფასებ“, - დაწერა მან მას შემდეგ, რაც სიძულვილის ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG