უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქოს) პატრიარქმა ფილარეტმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეახსენა, რომ ისიც მსგავს ვითარებაში იმყოფებოდა, როცა დაკარგა ავტოკეფალია რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ.
რადიო თავისუფლება: დაუჭერს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უკრაინის ეკლესიას, როგორია თქვენი მოლოდინი?
ფილარეტი: ჩვენი მოლოდინი პირველ რიგში არის უკრაინის მართლმადიდებლობის გაერთიანება ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიად. გაერთიანების შემდეგ - ამ გაერთიანებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის არჩევა. ამ ტომოსს ჩვენ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესგან ველოდებით. მას შემდეგ, რაც შევქმნით გაერთიანებულ ეკლესიას, დაიწყება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) სამწყსოს მიერთება უკრაინის ეკლესიასთან. მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს სამწყსოს ეს მიერთება იქნება ნებაყოფლობითი, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსკოვს სურს რელიგიური პრობლემების შექმნა, რათა შემდეგ შეძლოს არა მხოლოდ უკრაინის ეკლესიის, არამედ უკრაინის სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაც.
რადიო თავისუფლება: რას მოელით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან? რას ეტყოდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს ამ ისტორიული მოვლენის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების წინ?
ფილარეტი: გვსურს შევახსენოთ მათ, რომ იყო დრო, როცა რუსეთის სახელმწიფომ მოსპო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და თბილისში დანიშნა რუსი ეგზარქოსი. ამდენად, საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს ისტორია. ასეთივე ისტორიას გადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. რა გვსურს საქართველოს ეკლესიისაგან? გვსურს, რომ როცა უკრაინის ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიის ტომოსს, საქართველოს ეკლესია შევიდეს ლოცვის ერთობაში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. და ჩვენ გვაქვს ამის იმედი, რადგან ქართველი ხალხი ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, როგორც უკრაინელი ხალხი ქართველ ხალხს. ამის საფუძველზე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას.
რადიო თავისუფლება: იყო თუ არა რამე კონტაქტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან ან საპატრიარქოს წარმომადგენლებთან?
ფილარეტი: უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყების შემდეგ მე არ მქონია კონტაქტი პატრიარქ ილიასთან. ჩვენს რამდენიმე მღვდელმთავარს ჰქონდა კონტაქტი საქართველოს ეკლესიასთან, მაგრამ ეს იყო ერთგვარი კერძო კონტაქტები, არაოფიციალური. მაგრამ ოფიციალური კონტაქტები პატრიარქთან და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებთან ჩვენ არ გვქონია.
რადიო თავისუფლება: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები ლაპარაკობენ დიდი სქიზმის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებლობაში, თუკი უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს. ვინ შეიძლება მიემხროს რუსეთის პატრიარქს მსოფლიო პატრიარქთან დაპირისპირებაში?
ფილარეტი: დიდი სქიზმა, როგორც ამას მოსკოვი წინასწარმეტყველებს, არ იქნება, ვინაიდან სქიზმაში შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ეკლესია, შესაძლოა ანტიოქიის ეკლესიამ მხარი დაუჭიროს რუსეთის ეკლესიას, მაგრამ სხვა ეკლესიების შემთხვევაში, როგორებიცაა ბულგარეთის ეკლესია, სერბეთის ეკლესია, ეს პრობლემატურია. რომც დავუშვათ, რომ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში მხარს არ დაუჭერენ მსოფლიო პატრიარქს, ეს მოკლე დროით მოხდება. მაგრამ მთლიანობაში ყველა მართლმადიდებელი ეკლესია დაუჭერს მხარს მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას.
რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ მოელით, რომ საქართველოს ეკლესია თქვენ დაგიჭერთ მხარს ან ნეიტრალური იქნება?
ფილარეტი: შეიძლება გარკვეული ხნით ნეიტრალური იყოს, გარკვეული ხნით. თუმცა შეიძლება მაშინვე დაუჭიროს მხარი. მაგრამ საბოლოოდ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას.