Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ექიმების, აპარატურის და ჯანდაცვის სისტემის გარეშე რჩება


ცხინვალის საავადმყოფო. 13 სექტემბერი, 2021.
ცხინვალის საავადმყოფო. 13 სექტემბერი, 2021.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებით, დე ფაქტო ხელისუფლება ვალდებულია, დაახლოებით ერთ-ნახევარჯერ შეამციროს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა.

ჯანდაცვის სისტემის მუშაკები შემცირებაზე განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებენ. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ აგუნდა პლიევასა და მედპერსონალს შორის უკვე ღია კონფლიქტია. ამას ისიც ემატება, რომ განათლებული სამედიცინო კადრები დე ფაქტო რესპუბლიკას ტოვებენ.

ტელეგრამარხ „ბონვარონზე“ ასეთი პოსტი გამოქვეყნდა:

სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს შორის კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება. ექიმები რესპუბლიკას მასობრივად ტოვებენ. მხოლოდ ამ თვეში ორი ქირურგი დატოვებს სამხრეთ ოსეთს და სამუშაოდ რუსეთის ერთ-ერთ, ახალ რეგიონში წავა. და ეს ყველაფერი სამხრეთ ოსეთში სპეციალისტების მწვავე დეფიციტის და მედიცინის დაბალი დონის პირობებში ხდება. პეტერბურგში აპირებს წასვლას კიდევ ერთი შრომისუნარიანი ქირურგი. ზოგადად, თითქმის ყველა შრომისუნარიანი, ახალგაზრდა ექიმი ტოვებს რესპუბლიკას“, - წერია ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია, პროგრამა „ეხო კავკაზას“ დაუდასტურა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცესპიკერმა და, ამავე დროს, ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ალექსანდრ პლიევმა. მისი თქმით, სამხედრო ქირურგები მართლაც გადადიან ე.წ. დონბასის რესპუბლიკების ჰოსპიტლებში, სადაც ექიმებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.

ამას ემატება რუსეთის ფედერაციის რეგიონებში ექიმებისა და მედპერსონალისთვის შედარებით მაღალი ანაზღაურება. რაც შეეხება სხვა მიმართულების ექიმებს, პლიევის თქმით, ისინი ხშირად უსაქმოდ სხედან, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტში არ არის ფინანსები სამედიცინო აპარატურის შესაკეთებლად და სხვა საჭირო მასალების შესაძენად.

ადგილზე არსებული აპარატურა კი ან დაზიანებული, ან საერთოდ გაფუჭებულია. პლიევის თქმით, ტრავმატოლოგები ვერაფერს აკეთებენ იმის გამო, რომ არა აქვთ შესაბამისი საშუალებები და ხშირად რენტგენის აპარატი არ მუშაობს.

„იმავე მდგომარეობაში არიან თვალის ექიმები და ქირურგები. აპარატურის შესაკეთებლად ბიუჯეტში 1 კაპიკიც არ ჩაუდიათ. ვცდილობდი დეპუტატები დამერწმუნებინა, რომ თუ სამედიცინო დანადგარების რემონტისთვის თანხას არ გაითვალისწინებდნენ, ბიუჯეტის მიღება საერთოდ დაგვებლოკა, მაგრამ არ მომისმინეს. მათ პრეზიდენტთან კონფლიქტი არ სურდათ, მაგრამ რა შუაშია პრეზიდენტთან კონფლიქტი, როცა ჯანდაცვა უნდა დაზარალებულიყო და დაზარალდა კიდეც“.

უფრო მძიმე ვითარებაა ოკუპირებული ახალგორის რაიონის საავადმყოფოში, სადაც პაციენტებს ფაქტობრივად არც იღებენ და ისეც ხდება, რომ იქაური მედპერსონალი ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს აშანტაჟებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა უთხრა.

მისი თქმით, გასულ კვირას ადგილობრივი კლინიკიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს, მაგრამ რამდენიმე დღეში ისინი სამსახურში გამოცხადდნენ და იქიდან წასვლას არ აპირებენ. გარდა ამისა, მეარაყიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის აუდიტის სამსახურმა უამრავი ე.წ. მკვდარი სული და რამდენიმე თანამდებობაზე მომუშავე ერთი პირი აღმოაჩინა. ე.წ. თანამდებობრივი შემთავსებლების პრობლემა დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. მოსკოვი კი ამას მოითხოვს გაგლოევისგან და წელს ბიუჯეტის დაფინანსებაც კი შეუმცირეს.

ოკუპირებული ჯანდაცვის სისტემის სრული კრახი, ასეთ შეფასებას აკეთებს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი და ამბობს, რომ ეს კრახი, დე ფაქტო პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე გამოსვლისას, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც აღიარა. ბენდიანიშვილის თქმით, გაგლოევი კორუფციას ვერაფერს უხერხებს და ეს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში დადის სამკურნალოდ და გაგლოევი აღიარებს, რომ მიუხედავად დიდი კაპიტალდაბანდებისა, ვერ მოხერხდა ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგება. აქ კორუფციასთან ერთად კადრების დეფიციტია მთავარი მიზეზი. ასევე გაგლოევის აღიარებით ჩვენებას ჰგავს ახალგაზდების მიგრაციის მასშტაბები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახალგაზრდების გადინება ძირითადად რუსეთში ხდებოდა, მაგრამ ვერც იქ ხედავენ პერსპექტივას და საგულისხმოა უკვე, რომ ჩემი ინფორმაციით, 300-ზე მეტი ახალგაზრდა ამერიკაში გაემგზავრა მექსიკის გავლით. არის შემთხვევები, რომ ევროპაშიც მიდიან და იქ რჩებიან“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში გადასული პაციენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელს საქართველოს ჯანდაცვის სერვისით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა 221-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო 2022 წელს რეფერალურ პროგრამაში უკვე 335 ადამიანი ჩაერთო.

რაც შეეხება რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებას და ვალდებულებებს.

2022 წლის 4 აგვისტოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმება“ ითვალისწინებს თანამდებობის პირებისა და საჯარო სექტორის ხარჯების ოპტიმიზაციას. ეს განსაკუთრებით იმოქმედებს სამედიცინო სექტორზე.

ექიმთა რაოდენობა 2022 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის დასრულებამდე 438-დან 305-მდე უნდა შემცირდეს, ამავე პერიოდში საშუალო დონის სამედიცინო პერსონალი 822-დან 524-მდე, ხოლო უმცროსი პერსონალი 425-დან 382-მდე შემცირდება.

XS
SM
MD
LG