Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის ჩიხი და გაყოფილი ოჯახები ცხინვალის რეგიონიდან


გზა ახალგორისკენ
გზა ახალგორისკენ

"3 თუ 4 იანვარს, 75 წლის ქალს მუცლის ტკივილმა შეაწუხა ძალიან, გამოიძახეს სასწრაფო. ქალი თბილისში გადაყვანას ითხოვდა, რას მიშველიან ცხინვალშიო. სასწრაფოს მორიგე ექიმმაც ჩათვალა, რომ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა, თუმცა ახალგორის მთავარმა ექიმმა არ გაუშვა. შვილებს უნდა საახალწლოდ შეხვდეს და იგონებს, თამაშობსო. ეჭვი თიაქარზე ჰქონდათ და ცხინვალის საავადმყოფოში ქალს მუცლის ღრუში სიმსივნე აღმოუჩინეს", - ჰყვება ახალგორის მკვიდრი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისი თანასოფლელის ამბავს.

საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა ახალგორელებისთვის ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე, 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩაიკეტა. ოძისის (ოსურად რაზდახანი) პუნქტს დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე ადამიანი კვეთდა (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით).

ამჟამად ცხინვალის რეგიონის საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი დახურულია. გამყოფი ხაზის გადაკვეთის უფლებას მხოლოდ მძიმე პაციენტებს ან პანაშვიდსა და გასვენებაში წამსვლელებს აძლევენ.

ახალგორელები ჰყვებიან, რომ იანვრის დასაწყისში ინსულტით ორი ახალგორელი გარდაიცვალა. ერთი, 70 წლამდე კაცი - გზაზე, მეორე - ცხინვალის საავადმყოფოში.

"ინსულტიანი პაციენტები ახალგორიდან ცხინვალში არ უნდა გააგზავნონ, რადგან ახალგორთან თბილისი უფრო ახლოსაა. ახალგორიდან პაციენტები ჯერ ცხინვალში გადაჰყავთ და მხოლოდ ცხინვალის საავადმყოფოს დამოწმების შემდეგ - თბილისში. გარდა ამისა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად ავადმყოფებს რელიეფურად რთული გზის გავლა უწევთ. სასწრაფო დახმარების მანქანამ ოთხი მთა უნდა გადაიაროს, გზაც მოკლაკნილია უღელტეხილებით", - უხსნის რადიო თავისუფლებას თამარი.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი
ახალგორიდან პაციენტები ჯერ ცხინვალში გადაჰყავთ და მხოლოდ ცხინვალის საავადმყოფოს დამოწმების შემდეგ - თბილისში.
თამარ მეარაყიშვილი

თავად მას მე-5 წელია ცხინვალში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო, გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, კი მის მონახულებას ვეღარც ქალიშვილიც ახერხებს, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტშიც გვითხრეს, რომ გზის ჩაკეტვას 27-მდე ახალგორელი ემსხვერპლა. მათ შორის მარგო მარტიაშვილი და ჯუმბერ მილაძე. 63 წლის კაცი სასწრაფო დახმარების მანქანაში, ერგნეთ-კარალეთის გზის მონაკვეთზე, გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილი ნინო მილაძე მაშინ ამბობდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისგან პაციენტის თბილისში გადაყვანის ნებართვა ვერა და ვერ მიიღეს.

DRI აღნიშნავს, რომ დროული სამედიცინო მომსახურების პირობებში შეიძლებოდა, ფატალური შედეგი არც დამდგარიყო.

ახალგორელები სამედიცინო სერვისის სავალალო მდგომარეობასაც უჩივიან - არასაკმარისი კვალიფიციური პერსონალი, მედიკამენტების და აღჭურვილობის სიმწირე.

ახალგორი
ახალგორი

შექმნილი ვითარების გამო, ახალგორის სოფლები ეთნიკურად ქართველებთან ერთად ოსი მოსახლეობისგანაც იცლება.

გამყოფ ხაზს აქეთ მცხოვრები დევნილები - უწყვეტი კავშირი

"WhatsApp-ით ვესაუბრები ხოლმე სულ ცხინვალსა და ვლადიკავკაზში დარჩენილ ჩემს ნათესავებს", - გვეუბნება ეთნიკურად ოსი გალინა ნათელა ქელეხსაევა და ცხინვალში მცხოვრებ ბიძაშვილს ურეკავს.

ფატიმა კავშირზე მაშინვე გამოდის.

"როგორა ხარ, ფატიმა?" - ეკითხება ოსურად.

ერთმანეთის და ოჯახების მოკითხვის შემდეგ ფატიმა გალინას აგებინებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული გართულებისგან გარდაიცვალა ბიჭი, რომელზეც ადრე უყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში დარჩენილ ნათესავებს კვირაში ერთხელ მაინც ურეკავს, სალაპარაკო არ ელევათ და ყურმილის დაკიდებას არ ჩქარობენ.

"ძალიან მენატრებიან. ძალიანაც მინდა წასვლა იქეთ..."
please wait

No media source currently available

0:00 0:05:05 0:00

"ბიძაშვილები დამრჩა ცხინვალში, ჩემი და-ძმა ვლადიკავკაზში, დეიდები, დეიდაშვილები და ძალიან ბევრი ახლო ნათესავები. მე წარმოშობით ჯავიდან ვარ და ბევრი კლასელები, კურსელები და ძალიან ბევრი ხალხი დამრჩა იქა, რომლებთანაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. ძალიან მენატრებიან. ძალიანაც მინდა წასვლა იქეთ, მაგრამ ვიზის გარეშე ჩვენ არ გვიშვებენ და არალეგალურად კიდევ მე არ მინდა გადასვლა, საშიშია და იმის მოლოდინში ვართ, როდის გაიხსნება გზები, როდის აღვადგენთ ახლო ურთიერთობებსა და ნდობას ოსებსა და ქართველებს შორის", - ამბობს ეთნიკურად ოსი გალინა ნათელა ქელეხსაევა დიდი ლიახვის ხეობიდან, რომელიც ახლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში ქართველ ქმართან ერთად ცხოვრობს.

გალინა ნათელა ქელეხსაევა
გალინა ნათელა ქელეხსაევა

ის ერთ-ერთი იყო საქართველოს 26 000-მდე მოქალაქეს შორის, რომელთაც 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუწია. გამყოფ ხაზს იქით დარჩენილ ახლობლებს ვერ ნახულობს, ინტერნეტით დაელაპარაკება ან ტელეფონზე დაურეკავს.

შავშვების დასახლებაში სულ 177 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გალინას სახლი დასახლების ბოლოში დგას. თავიდან ყველა კოტეჯი ერთნაირი იყო, რძისფერი კედლებით და შინდისფერი სახურავით, თუმცა სივიწროვის გამო მობინადრეებმა კოტეჯები ოდნავ გააფართოვეს და ცოტა ხელიც შეავლეს.

შავშვების დევნილთა დასახლება
შავშვების დევნილთა დასახლება

მოაწყვეს ბოსტნები და ახალ გარემოში მეტ-ნაკლებად ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეიქმნეს. მიუხედავად ამისა, გალინას დღემდე არ ასვენებს კითხვა: ნეტავ ახლა რა ხდება ქემერტში? ღამით თვალებს როგორც კი დახუჭავს, სიზმარში ქემერტშია.

"13 წელიწადია აქა ვართ უკვე, მაგრამ არასდროს მინახია სიზმარში შავშვები. ისევ ჩვენი ძველი გზები, სახლები [მესიზმრება]. იქ სკოლაში ვმუშაობდი და სიზმარშიც იმ გზებზე დავდივარ. იქ კი არაფერია ახლა, სუფთა მინდორია უკვე ჩვენი სახლი, ნასახლარია, ხეებიც აღარ არის, მაგრამ … იქ მირჩევნია, რადგან ჩვენთან ჰაერიც უფრო სხვანაირი იყო, ბუნება და მიწაც", - გვეუბნება გალინა.

60 წლის ნაზი ბეროშვილი 13 წლის წინ დევნილი მეორედ გახდა. საცხოვრებელი სახლის დატოვება პირველად მას 1991 წელს მაშინდელი კონფლიქტის დროს მოუწია.

ნაზი ბეროშვილი შვილიშვილთან ერთად.
ნაზი ბეროშვილი შვილიშვილთან ერთად.

"პირველი არეულობის დროს შემეძინა შვილი. ცხინვალში ვიყავი გათხოვილი. პირველი დევნილობის დროს ერედვში წავედი დროებით, დედაჩემის სახლში. მაგრამ ჩაიკეტა ცხინვალი და მერე ვეღარ შევედი. 2008 წელს ერედვიდანაც რომ გამოგვრეკეს, შავშვების დასახლებაში მოვხვდით. სახლი დაგვიწვეს ერედვში. ცხინვალში ჩემი ქმრის სახლი გვქონდა გაყოფილი. ჩემი მაზლები ცხოვრობენ ახლა იქ, მათ ოსი ცოლები ჰყავდათ და ამიტომ დარჩნენ. კავშირი ტელეფონით გვაქვს. ქართულად ვლაპარაკობთ. თითქმის ყოველდღე. ახლაც ველაპარაკე WhatsApp-ით. მოვიკითხავთ ოჯახებს, როგორ ხართ? ავად ხომ არ ხართ რომელიმე?", - ჰყვება ნაზი.

შავშვებიდან ცხინვალამდე, დაახლოებით, 45 კილომეტრია. 45 კილომეტრი და ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლები მანძილი აშორებთ გორის მუნიციპალიტეტში დასახლებულ დევნილებს მეორე მხარეს დარჩენილ ნათესავებსა თუ იქ დატოვებულ სახლებთან.

ჩორჩანა-წნელისის კრიზისამდე და პანდემიამდე კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს დარჩენილ ნათესავებს ერთმანეთის მონახულება და მიმოსვლა რამდენიმე გამშვები პუნქტის გავლით შეეძლოთ. ახალგორელების შემთხვევაში ეს ოძისი/რაზდახანის გადასასვლელი იყო. მას მოსაბრუნის გამშვებ პუნქტსაც უწოდებენ. ასევე, ფუნქციონირებდა ორი გამშვები პუნქტი იმერეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთან და ერგნეთის, რომელსაც ჰუმანიტარული ორგანიზაცია წითელი ჯვარი დღემდე იყენებს.

ერგნეთი
ერგნეთი

პანდემიამდე ცხინვალში ან ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთი ოსეთი) მცხოვრებლებისთვის გადაადგილება ასევე ლარსის გამშვები პუნქტის გავლით იყო შესაძლებელი. ამისათვის მათ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქის პასპორტთან ერთად რუსეთის პასპორტი უნდა ჰქონოდათ, რის შემდეგაც მათზე სპეციალურ საშვს გასცემდნენ.

2008 წლის ომამდე, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დაახლოებით 40%-ს - დიდი და მცირე ლიახვის ხეობებსა და ახალგორის რაიონს - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა. 2008 წლის ომის დროს ქართული სოფლების მოსახლეობის უმრავლესობა იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. მათთვის, 2008 წელსვე, შიდა ქართლში სახლები აშენდა. თუმცა, ახალგორის მოსახლეობამ ეტაპობრივად უკან დაიწყო დაბრუნება, რისთვისაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ხელი არ შეუშლია.

ახალგორის ჩიხი - როგორ აღმოჩნდა ახალგორის მოსახლეობა პოლიტიკური ვითარების მძევალი

თბილისი-ცხინვალის დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვის მიზეზი 2019 წლის აგვისტოში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო პუნქტის განთავსება გახდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგო პუნქტის არსებობის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება იყო.

ჩორჩანა/წნელისი, 2019 წლის 30 აგვისტო.
ჩორჩანა/წნელისი, 2019 წლის 30 აგვისტო.

ამის შემდეგ ცხინვალმა თბილისს საგუშაგოს გაუქმება ულტიმატუმის სახით მოსთხოვა. ჩორჩანასთან არსებული საგუშაგო ქართული მხარისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამიტომ დათმობაზე წასვლას დღემდე არცერთი მხარე არ აპირებს.

ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ გადასასვლელ პუნქტს მანამ არ გახსნიდა, სანამ საქართველოს ხელისუფლება ჩორჩანასთან განთავსებულ პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა.

ჩორჩანა-წნელისის კრიზისს წინ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადამიანთა დაკავებები უძღოდა; ახალგორის სკოლაში ქართულად საუბარიც კი აიკრძალა და, DRI-ის ინფორმაციით, ბრძანების დარღვევის გამო ორი დირექტორი თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

ქართულ-ოსური ურთიერთობა 2018 წელს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტმაც უკიდურესად დაძაბა. პარალელურად გრძელდებოდა ე.წ. ბორდერიზაციის, ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვას დღემდე იწვევს. ცხინვალი ამ პროცესს "სახელმწიფო საზღვრის გავლებას" უწოდებს, რაც თბილისისთვის "მცოცავი ოკუპაციაა".

პირველი მავთულხლართი 2011 წლის შემოდგომაზე სოფელ ხურვალეთში გაავლეს, რითაც სოფელი ორ ნაწილად გაიყო. სწორედ მაშინ მოექცა საქართველოს მოქალაქის, დათა ვანიშვილის სახლი გამყოფი ხაზის მიღმა, მიწის ნაკვეთი კი - საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი, რომელიც "მცოცავი ოკუპაციის" სიმბოლოდ იქცა 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.

82 წლის დათა ვანიშვილი, 2018 წლის 18 ივნისი.
82 წლის დათა ვანიშვილი, 2018 წლის 18 ივნისი.

"სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიანო", - ეს იყო მისი ანდერძი, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცოლმა ჟურნალისტებს გააცნო.

2011 წლიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კარგავს სახლებს, სახნავ-სათეს მიწებსა და საძოვრებს.

ოჯახების გაერთიანების პროგრამა - რა იყო და რას ნიშნავდა ის ახალგორელებისთვის?

2020 წლის ნოემბერში ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ოჯახების ე.წ. გაერთიანების პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და, შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობდა. ხალხს ყველა კომუნალური გადასახადი და ჯარიმაც უნდა დაეფარა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც ადგილობრივი უშიშროების სამსახურისთვის უნდა წარედგინათ.

"ოჯახების გაერთიანების პროგრამას ძალიან უარყოფითი მხარე ჰქონდა. რეალურად ის არ იყო ოჯახების გამთლიანების პროგრამა. პირიქით, ახალგორელებს უკან დაბრუნება აუკრძალეს. ძალიან ბევრ ოჯახს უძრავი ქონება საკმაოდ იაფ ფასებში გააყიდვინეს. ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური კი ხელს აწერინებდა, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში, მათ ახალგორში დარჩენილ ნებისმიერ უძრავ ქონებაზე პრეტენზია არ ექნებოდათ", - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან DRI-ს ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად წასვლის სურვილი თავიდან 300-მდე ადამიანმა გამოთქვა, თუმცა, DRI-ს ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილმა მასზე უარი თქვა, რადგან ადგილობრივებს პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ამ პროგრამას ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან დაცლის "ლეგალურ" და "მცოცავ ეთნიკურ წმენდად" აფასებს.

ოჯახების ე.წ. გაერთიანების პროგრამა ამჟამად გაუქმებულია, თუმცა უკან ვერ ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებმაც საბუთს ხელი უკვე მოაწერეს.

კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, DRI საქართველოს ხელისუფლებას ყველა ტრიბუნის გამოყენებას ურჩევს.

"ის, რომ ახალგორის თემა ნაკლებად ისმის თბილისში, თუნდაც პოლიტიკურ დებატებში და საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენება არ ხდება, ეს, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა და აქაც ჩანს ძალიან, რომ ხელისუფლება უფრო სხვა თემებითაა დაკავებული", - აღნიშნავს ნანუაშვილი.

გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილების პრობლემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განხილვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, თუმცა მას შედეგი არ მოაქვს. ბოლო 55-ე შეხვედრაზე, რომელიც გასული წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია კონფლიქტის ფართო ესკალაციისთვის მზარდ რისკებს ქმნის.

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში კი ბიბილოვმა თქვა, რომ "ამ საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე გადაწყვეტენ, რადგან უკანონო საგუშაგოს საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტა ომს გამოიწვევს".

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG