რადიკალური ჯგუფები არ მალავენ, რომ განაწყენებულები არიან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლებით. ამ გადაწყვეტილებას ისინი დასავლეთის წინაშე კომპრომისად აფასებენ და შიშობენ, რომ ხელისუფლება მათაც დაუსვამს წერტილს.
31 იანვარს, დილით, როდესაც ვარდოსანიძეს სუსში კითხავდნენ, ცნობილი გახდა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილ პარტია "კონსერვატიულ მოძრაობას", სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის 217 482 ლარის გადახდა მოუთხოვია.
იმავე დღეს გაირკვა, რომ "კონსერვატიული მოძრაობის" ტელევიზიას, "ალტ-ინფოს", საბანკო ანგარიშები დაუხურეს.
ბრაზი ივანიშვილის მიმართ
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში დადანაშაულებული ბექა ვარდოსანიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მას, ტელეფონებისა და კომპიუტერის გარდა, ყველა სხვა პროფესიული ტექნიკური საშუალებაც ჩამოართვეს - დრონების ჩათვლით. ის სისტემატურად აშუქებდა იდეოლოგიური მოკავშირე „ალტ-ინფოს“ აქციებს.
სუსში მიყვანამდე, სულ ბოლო ფეისბუკლაივში, 29 იანვარს, ვარდოსანიძემ ბიძინა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მონაწილეობით კარიკატურული ვიდეო გამოაქვეყნა, ქართული ფილმის - „არასერიოზული კაცის“ მოტივებზე.
იმავე ეთერში კარიკატურით აღშფოთებულ „ოცნების“ მხარდამჭერებს რიტორიკულად ჰკითხა: ივანიშვილს „ზედმეტი ხომ არ მოსდის“, როცა ქვეყანაში ის ერთი წყვეტს - ვის დანიშნავს პრემიერ-მინისტრადო?!
ვარდოსანიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებიდან გაუშვა ხალხისთვის უფრო მისაღები ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო თავისი ხელისუფლების წევრები კორუფციის გამო გასამართლებით დააშინა, რითაც „წინააღმდეგობის სურვილიც გაუქრო“ ყველას და ღარიბაშვილიც გააჩუმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ვარდოსანიძე „ნამუსგარეცხილებსა“ და „კრეტინებს“ უწოდებს; ხოლო „ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ წევრებს - „უპატრონოებს“.
„თუ გგონიათ, რომ ბიძინა [ივანიშვილი] სააკაშვილისნაირად ამ ქვეყანას დააჩოქებს და თავისას გაიტანს, რასაც ჰქვია დასავლეთთან გარიგება და ქვეყნის ღალატი, არ არის ასე“, - ესეც ვარდოსანიძის სიტყვებია.
მას არ მოსწონს პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის შერჩევა, მათ შორის იმის გამოც, რომ კობახიძე ღიად აღარ ებრძვის აშშ-ის ახალ ელჩს და არც ის მოსწონს, რომ - მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, როგორც ამბობს, სწორედ მისი ლექსიკონიდან გადაიღო სიტყვები - „წიოკი“ და „ბანძი“.
იმისათვის, რომ ირაკლი კობახიძის წიგნისთვის დაეცინა, ვარდოსანიძემ 29 იანვარს, თავის გადაცემაში ბექა ყორშიას სიუჟეტიც გაუშვა, „მთავარი არხის“ არქივიდან. ვარდოსანიძე ამ ვიდეოში ირაკლი კობახიძეს დასცინის მისი რომანის გამო - "დაბრუნება ტერა ნუოვოში".
31 იანვარს სუსის შენობიდან ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ გამოსულმა ვარდოსანიძემ ბრალს გამოგონილი და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა - მაგრამ „ოცნების“ ლიდერების გვარები აღარ დაუსახელებია.
ბექა ვარდოსანიძის „დასჯაში“ პრორუსულმა, რადიკალურმა „ალტ-ინფომ“ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა:
- „ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება ...ვისაც უნდა - დაიჭერენ, ვისაც უნდა - არ დაიჭერენ“, - ამბობს კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარე, გიორგი ქარდავა.
- „ბექა ვარდოსანიძე იყო ძალიან აქტიური ბლოგერი და ბიძინა რაც მობრუნდა პოლიტიკაში, მესამედ მოსვლა რომ ჩაატარა, ძალიან აქტიურად აკრიტიკებდა და, როგორც ჩანს, ვერ აიტანეს ზედა ეშელონში - ბატონი ბიძინი როგორ შეიძლება ასე აკრიტიკო“, - თქვა „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ.
ბიძინა ივანიშვილის მწვავე კრიტიკა ბოლო დროს ხშირად ისმოდა „ალტ-ინფოს“ ეთერში. ასეა ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლების ამბის გახმაურების შემდეგაც.
„მაინცდამაინც იმას მოკიდეს ხელი, ყველაზე პოპულარული ვინც ჰყავდათ“, - ბრაზობენ „ალტ-ინფოს“ სხვა წამყვანები და ირაკლი ღარიბაშვილს უწოდებენ „პიროვნულად ტრადიციულ ადამიანს“, „ჩვეულებრივ ქართველ კაცს“, რომელიც „შეიძლება დაჯდეს სუფრაზე და შენთან ერთად დალიოს“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებსა თუ გადადგმულ ნაბიჯებს, სხვადასხვა დროს, ხშირად იწონებდნენ პრორუსული და რადიკალური ჯგუფები, იქნებოდა ეს ლგბტ თემის უფლებების შეზღუდვა, არასამთავრობო სექტორთან დაპირისპირება, უნგრეთის პოპულისტ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მეგობრობა, უკრაინასთან ქიშპობა თუ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობისკენ გადადგმული ნაბიჯები.
ახლა რის საჭიროებაა?
პოლიტიკის ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, რომელსაც წლების წინ ტელეგადაცემა „20/30“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიჰყავდა, ამბობს, რომ „ასეთი [რადიკალური, ანტიდასავლური] ძალა დროდადრო სჭირდება ივანიშვილს გარკვეული მიზნების მისაღწევად“, მაგრამ ახლა, მოცემულ მომენტში - „ფაქტია, რომ მათ საჭიროებას ვერ ხედავს“.
ის კიდევ ერთ ფაქტორზე მიუთითებს.
„როდესაც თუნდაც დაქირავებული ძალები მეტ-ნაკლებად ძლიერდებიან, ათში მეტოქეობის სურვილიც იზრდება და მერე... [ეს ჯგუფი] ცდილობს, რომ საკუთარი წესები უკარნახოს [ხელისუფლებას]. ეს კი ივანიშვილისთვის მიუღებელი იქნება მთლიანობაში“, - გამზარდიას შეფასებით, ახლა ბიძინა ივანიშვილი კომფორტულად არის დასავლეთთან და მისთვის ხელსაყრელია პრორუსული, რადიკალური ძალების ჩრდილში გადაყვანა პრინციპით - „სადამდეც თქვენ [დასავლეთი] ხართ ჰარმონიულები ჩემთან, მეც ვიქნები ჰარმონიულად თქვენთან“.
გამზარდია ღარიბაშვილის ჩანაცვლებასაც ამ მიდგომის ნაწილად განიხილავს, რადგან ფიქრობს, რომ „კობახიძე უფრო მისაღებია ევროპელი პარტნიორებისთვის, ვიდრე ღარიბაშვილი“.
ოპოზიციისთვის კი, ეს საკადრო ცვლილება მხოლოდ ტენდენციის განმტკიცებაა.
„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კობახიძის წარდგენა „საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას“, რადგან კობახიძე „აგენტების შესახებ კანონის“ მტკიცე მხარდამჭერი იყო.
„რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის. საქართველოსთვის ეს არის ძალიან სახიფათო ხელისუფლება“, - თქვა დეპუტატმა.
ოპოზიციის ამ შეფასებას „ოცნება“ სრულიად უსაფუძვლოდ თვლის და, თავის მხრივ, ოპოზიციას განიხილავს „გლობალური ომის პარტიის“ თანამოაზრედ, რომელსაც ქვეყანაში არეულობა და „მეორე ფრონტი“ სურს.
პრორუსული, რადიკალური ძალების ბოლო პერიოდში მოძლიერებისა და მეტი ხმაურის მიუხედავად, გამზარდია ფიქრობს, რომ მათი რეიტინგი მაინც იმდენად დაბალია, რომ „ოცნებისთვის“ უსარგებლოა.
„ერთადერთ პოლიტიკური ძალაა „ქართული ოცნება“, რომელსაც შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა“, - თქვა 1 თებერვალს, პარტიის ყრილობის შემდეგ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამას 5%-იანი ბარიერის პირობებში - ექსპერტების აზრი იყოფა, ხოლო ოპოზიციაში ამას გამორიცხავენ.
ირაკლი ღარიბაშვილისთანაგუნდელები ამბობენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო; მაგრამ არავინ აზუსტებს ეს ცვლილება რითი დაიწყო - პრემიერის პოსტიდან გადადგომით, თუ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გადაყვანის გეგმით.
ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ღარიბაშვილის ბედი ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ისევე, როგორც შეარჩია მომავალი პრემიერ მინისტრის - ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
„თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია“, - ასეთი იყო 1 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე - „რატომ მოიტყუეთ, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა?“
პარტიის ყრილობაზე მისული ივანიშვილი ჟურნალისტებთან არ გაჩერდა, თუმცა ჩავლისას კითხვაზე „რას უწუნებთ ღარიბაშვილს?“ სიცილით უპასუხა: „რა უნდა დავუწუნო? ნახეთ როგორი კაცია, კაცო!“.
„ალტ-ინფოს“ საიტზე მაყურებლების კომენტარებიდან ჩანს, რომ არხის აუდიტორია გაბრაზებულია "ქართული ოცნების" უმრავლესობის წარმომადგენელ მამუკა მდინარაძეზე, რომელმაც „ალტ-ინფოს“ სტუმრობაზე უარი სამი მიზეზით განმარტა: „ოცნება“ არც სხვა კრიტიკული ტელეარხების გადაცემებში დადის [„ნაცებთან“]; „ალტ-ინფოს“ დაბალი რეიტინგი აქვს და „გარკვეული მიმართულებებით გადაჭარბება“ შეიმჩნევა.