Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსში ბექა ვარდოსანიძის მრავალსაათიანი გამოკითხვა დასრულდა


ბექა ვარდოსანიძე
ბექა ვარდოსანიძე

პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილმა ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ, რომელიც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე გამოკითხვაზე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუსის შენობა დატოვა. ვარდოსანიძე უწყებაში დილიდან იკითხებოდა მოწმის სახით.

ვარდოსანიძის ადვოკატმა სერგო ხურციძემ სუსის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სუსის წარმომადგენლებმა ვარდოსანიძის ელექტრონულ ფოსტაზე ვერ იპოვეს გაგზავნილი შეტყობინება.

"აბსოლუტურად შესაძლებელი იყო ჩვეულებრივად, მშვიდ ვითარებაში გაეხსნათ მისი ელექტრონული ფოსტა და შეემოწმებინათ, გაგზავნილი იყო თუ არა შეტყობინება. გახსნეს და აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ გაგზავნილი არაა. კიდევ მოვალთ აქ და საგამოძიებო მოქმედებებში მივიღებთ მონაწილეობას", - ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ ჯერჯერობით ვერც ის დადგინდა, საიდან იყო გაგზავნილი შეტყობინება.

ბექა ვარდოსანიძე მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას ტექნიკა ჩამოართვეს და გამოკითხვის მიმდინარეობისას ძირითადად მის ელექტრონულ ფოსტას ათვალიერებდნენ.

სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 31 იანვრის დილით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის ბინა და ავტოფარეხი გაჩხრიკა.

სუსის განცხადებითვე, "დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები".

სუსის თანახმად, 31 იანვარს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, "რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები".

ვიდეობლოგერი და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წევრი ბექა ვარდოსანიძე ცნობილია ანტილიბერალური, ანტიდასავლური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური გზავნილებით.

ვარდოსანიძეს, რომელიც წლებია, სხვადასხვა პლატფორმაზე მაუწყებლობს, ახლა მხოლოდ ფეისბუკზე 80 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მის ვიდეოებს ათიათასობით ნახვა და ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს.

XS
SM
MD
LG