Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ მილიონი ლარი შეიტანა "ალტ-ინფოში" 2022 წელს


კოკა და ციალა მორგოშიები - ფოტოილუსტრაცია
კოკა და ციალა მორგოშიები - ფოტოილუსტრაცია

პრორუსული ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, სადაც ტელეკომპანიები საკუთარი შემოსავლების შესახებ აქვეყნებენ მონაცემებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას.

"ალტ-ინფო" არის ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერების დაფუძნებული არხი, რომლიც ფინანსდება ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას მამიდის სახელით. ამ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში არაერთი აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.

  • ბოლო ასეთი აქცია იყო 8 ივლისს - ძალადობრივმა ჯგუფმა ჩაშალა "პრაიდის ფესტივალი", დალეწა და მოიპარა ორგანიზატორების ქონება;
  • ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს - იმ დღეს, როცა თბილისში პრაიდი უნდა მოწყობილიყო, ცენტრალური ქუჩები ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მაშინ 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ბოლო შემთხვევის გამო ევროპარლამენტარების ჯგუფმა მოითხოვა სანქციების დაწესება "ალტ-ინფოსა" და მისი ხელმძღვანელის, კოკა მორგოშიასთვის.

"ჩვენ კატეგორიულად მოგიწოდებთ, დაუწესეთ მიზანმიმართული სანქციები ჯგუფ "ალტ-ინფოს" და მის უკან მდგომ ოლიგარქს, კონსტანტინე მორგოშიას", - ამ მოთხოვნით ევროპარლამენტის 6-მა წევრმა ევროკავშირის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართა.

რადიო თავისუფლებას კოკა მორგოშიამ უთხრა, რომ სანქციის დაწესების არ ეშინია, რადგან მას არ აქვს საბანკო ანგარიშები - შესაბამისად, სანქციებით ფულზე წვდომა არ შეეზღუდება.

"ეძებონ და მიაგნონ, თუ მიაგნებენ, ღმერთმა შეარგოთ. არ ვარ მე ისეთი შტერი, რომ ჩემს გვარზე მქონდეს რამე, თუნდაც მამიდაჩემზე..." - ამბობს "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელი.

კოკა მორგოშიას მამიდა 80 წლის პენსიონერი ციალა მორგოშიაა. სწორედ ის არის თანხის ოფიციალური შემტანი ტელეკომპანია "ალტ-ინფოში", რომლის ეთერიდანაც მუდმივად ისმის ანტიდასავლური და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემები: "ალტ-ინფოს" შემოსავლები
კომუნიკაციების კომისიის მონაცემები: "ალტ-ინფოს" შემოსავლები

"[მამიდაჩემის] პირადი დანაზოგიდან მიდის თანხა, რომელიც აისახება [ტელევიზიის] ანგარიშზე... მამიდაჩემის წარმომადგენლობა აქვს რამდენიმე ადამიანს და ისინი ახორციელებენ ამას... ამ რეალობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ "ალტ-ინფოსთვის" შექმნილი პრობლემა მის გაძლიერებას ნიშნავს. ყოველთვის ნახავს [დაფინანსების] გზას", - ამბობს მორგოშია.

2023 წლის პირველ სამ თვეში "ალტ-ინფოს" დამფუძნებლისგან 208,5 ათასი ლარი აქვს მიღებული. ზუსტად 1 წლის წინ კი არხს ფინანსური კრიზისი ჰქონდა და მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე იდგა.

"ფინანსებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დამფინანსებლების უმრავლესობას, რომლებსაც ბანკებსა და ორგანიზაციებში ჰქონდათ ბიზნესაქტივობა, მისცეს მითითება, რომ ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ", - ამბობდა მორგოშია მაშინ.

XS
SM
MD
LG