Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მე არაფერი დამაკლდება" - კოკა მორგოშია ამბობს, რომ სანქციის დაწესების არ ეშინია


კოკა მორგოშია "ალტ-ინფოს" ორგანიზებულ აქციაზე
კოკა მორგოშია "ალტ-ინფოს" ორგანიზებულ აქციაზე

ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობისა" და ტელეარხ "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელი კოკა მორგოშია ამბობს, რომ არ ეშინია სანქციის დაწესების. ევროპარლამენტარების მიერ ამ საკითხის დაყენების საპასუხოდ მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყოველთვის იპოვიან გზას, რომელიც გააძლიერებთ.

"ევროპაში მე ათეულობით წელი ვცხოვრობდი და თუ ევროპის არჩევანი იქნება, რომ "ლგბტ-გეი პროპაგანდის" ლობით მოხდეს ჩემი სანქცირება, მე არაფერი დამაკლდება - მომემატება, დეკლარირებული იქნება ყველასთვის, რომ ნომერი პირველი სამიზნე ვართ მე და "ალტ-ინფო", - ამბობს მორგოშია.

8 ივლისს "ალტ-ინფოს" ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს "პრაიდის ფესტივალისთვის" შექმნილი სივრცეები - სწორედ ამიტომ გაჩნდა სანქცირების შესახებ მოთხოვნა. მორგოშია ამბობს, რომ იმ დღეს ძალადობა არ ყოფილა:

"ჭკუა ვისწავლეთ, არ შევსულვართ პოლიციასთან დაპირისპირებაში, გავიშალეთ და ვანახეთ ყველას, რომ ჯობდა გადადებულიყო..."

მისივე თქმით, მის სახელზე არ არის რეგისტრირებული ქონება და არ აქვს საბანკო ანგარიშები, რაზე წვდომაც სანქციის დაკისრების შემთხვევაში შეეზღუდებოდა.

"ეძებონ და მიაგნონ, თუ მიაგნებენ, ღმერთმა შეარგოთ. არ ვარ მე ისეთი შტერი, რომ ჩემს გვარზე მქონდეს რამე, თუნდაც მამიდაჩემზე..." - აღნიშნავს "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელი.

მამიდა, ციალა მორგოშია, რომელზეც კოკა მორგოშია ლაპარაკობს, "ალტ-ინფოს" მთავარი დამფინანსებელია. კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, არხს 2023 წლის მხოლოდ სამ თვეში 208,5 ათასი ლარი აქვს მიღებული დამფუძნებლისგან, გასულ წელს კი - დაახლოებით მილიონი ლარი.

"[მამიდაჩემის] პირადი დანაზოგიდან ანგარიშზე მიდის თანხა, რომელიც აისახება ანგარიშზე... ქეშად... მამიდაჩემის წარმომადგენლობა აქვს რამდენიმე ადამიანს და ისინი ახორციელებენ ამას... ამ რეალობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ "ალტ-ინფოსთვის" შექმნილი პრობლემა მის გაძლიერებას ნიშნავს. ყოველთვის ნახავს გზას", - ამბობს მორგოშია.

ევროპის პარლამენტში LGBTI პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფმა ევროკავშირის მესვეურებს მიმართა წერილით, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს "თბილისი პრაიდის" მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო.

"ჩვენ მძლავრად მოგიწოდებთ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ ჯგუფ 'ალტ-ინფოსთვის' და მის უკან მდგომი ოლიგარქისთვის, კონსტანტინე მორგოშიასთვის", - ვკითხულობთ ევროპის პარლამენტის წევრების წერილში.

წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროკომისარი თანასწორობის საკითხებში ჰელენა დალი.

8 ივლისს ჩაიშალა "თბილისი პრაიდის" კვირეულის დახურვის ღონისძიება, მიუხედავად სამართალდამცველების დაპირებისა, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ღონისძიების დაწყებამდე ლისის ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" მიერ წაქეზებული ჰომოფობიური ჯგუფები შეიჭრნენ და ღონისძიების ადგილი დაარბიეს.

XS
SM
MD
LG