Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარების ჯგუფი "ალტ-ინფოს" და მორგოშიას წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს


18 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი რადიკალური ჯგუფი "პრაიდის ფესტივალის" ტერიტორიაზე შეიჭრა და დაარბია.
18 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი რადიკალური ჯგუფი "პრაიდის ფესტივალის" ტერიტორიაზე შეიჭრა და დაარბია.

ევროპის პარლამენტში LGBTI პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფმა ევროკავშირის მესვეურებს მიმართა წერილით, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს "თბილისი პრაიდის" მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო.

წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროკომისარი თანასწორობის საკითხებში ჰელენა დალი.

"საჭირო გახდა ყოველწლიური LGBTIQ Pride ღონისძიების გაუქმება და ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაცია შესაბამისმა უწყებებმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრაციის ასობით ძალადობრივი მონაწილე თავს დაესხა ფესტივალის ადგილს 8 ივლისს. საქართველოს ხელისუფლების და უწყებების მარცხმა, დაეცვათ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება და უშიშროება, მონაწილეებს და ორგანიზატორებს მყისიერი საფრთხე შეუქმნა. LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრანტების კავშირები ულტრამემარჯვენე ჯგუფ ალტ-ინფოსთან ძალიან შემაშფოთებელია", - ვკითხულობთ წერილში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "თბილისი პრაიდზე" ამგვარი თავდასხმები აშკარად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს - იმას, რაც არის დემოკრატიის არსობრივი კომპონენტები, რომლებიც უნდა დაიცვას ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე ყველა ქვეყანამ.

წერილის ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა რაც შეიძლება მძლავრად დაიგმოს 8 ივლისს LGBTIQ-ის წინააღმდეგ მომხდარი ძალადობრივი თავდასხმა თბილისში.

"ჩვენ მძლავრად მოგიწოდებთ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ ჯგუფ 'ალტ-ინფოსთვის' და მის უკან მდგომი ოლიგარქისთვის, კონსტანტინე მორგოშიასთვის", - ვკითხულობთ ევროპის პარლამენტის წევრების წერილში.

8 ივლისს ჩაიშალა "თბილისი პრაიდის" კვირეულის დახურვის ღონისძიება, მიუხედავად სამართალდამცველების დაპირებისა, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ღონისძიების დაწყებამდე ლისის ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" მიერ წაქეზებული ჰომოფობიური ჯგუფები შეიჭრნენ და ღონისძიების ადგილი დაარბიეს.

XS
SM
MD
LG