Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეტი სიხისტეა საჭირო“ - კრემლის პროპაგანდისტები “ოცნებას” აგულიანებენ


ამ პროპაგანდის თანახმად, კრემლისთვის მიუღებელი ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ გამოსვლა, ცხადდება დასავლეთის მიერ ორგანიზებულად.
ამ პროპაგანდის თანახმად, კრემლისთვის მიუღებელი ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ გამოსვლა, ცხადდება დასავლეთის მიერ ორგანიზებულად.

რუსი პროპაგანდისტები თბილისში მშვიდობიანი აქციების დაშლას იწონებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, კიდევ უფრო ხისტად იმოქმედოს.

მელიქიშვილის გამზირზე 16 დაკავებული ადამიანიდან, „10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია“, - განაცხადა 19 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა.

ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. ორი ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავებისას სახეში ურტყეს.

პოლიციელების მხრიდან ცემაზე ლაპარაკობს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკავებული ოპერატორიც.

ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მკაფიოდ ამბობენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო და პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

მაგრამ რუსეთში, სადაც კრემლისთვის არასასურველი ნებისმიერი შეკრების დაშლა დიდი ხანია ნორმად იქცა, ქართველ სამართალდამცავებს იწონებენ.

მათ „ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს“, - დაწერა ტელეგრამში სამხედრო პროპაგანდისტმა იური პოდოლიაკამ და პოლიციას „პროვოკატორების ნეიტრალიზებისკენ“ მოუწოდა. „თან მხოლოდ მაიდანებზე არა, არამედ სახლებშიც“.

კრემლის პროპაგანდისტი სერგეი მიხეევიც ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უფრო ხისტად უნდა იმოქმედოს.

კრემლის იდეების გამხმოვანებლები ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაბლოკოს ფინანსური დახმარება, რომელსაც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეჰპირდა ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

„აი, ახლა გაირკვევა, ნამდვილი დამოუკიდებლობა გაქვთ თუ არა“, - მიმართავს მიხეევი ხელისუფლებას. „სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფული „კარვების ქალაქის შენარჩუნებას“ მოხმარდება.

მიხეევს მიჰყავს საავტორო გადაცემა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ბოსის, ვლადიმირ სოლოვიოვის არხზე. 2022 წლის დეკემბერში, გამოცემა „ინსაიდერი“ წერდა, რომ მისი კურატორი ეფესბეს პოლკოვნიკი, ვალერი მაქსიმოვია.

ზოგი ბლოგერი კი წუხს, რომ პოლიციამ დაინდო აქციის მონაწილეები.

„პოლიციამ დაარბია პროდასავლელი ნაძირალების შაბაში. ბარემ ევროკავშირის ტილოებიც ერთ ადგილას გაეკეთებინათ, მთლად კარგი იქნებოდა“, - წერს ბლოგერი მიკა ბადალიანი, რომელიც წარმოადგენს პროკრემლისტურ ორგანიზაცია „ევრაზიას“.

ეს ორგანიზაცია სანქცირებულია აშშ-ის მიერ მოლდოვაში ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით, თავად ბადალიანი კი ხშირად ავრცელებს კრემლის პროპაგანდას რუსეთის მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

კრემლისთვის ყველა აქცია “მაიდანია”

ამ პროპაგანდის თანახმად, კრემლისთვის მიუღებელი ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ გამოსვლა, ცხადდება დასავლეთის მიერ ორგანიზებულად.

მაგალითად, 2020 წელს, როდესაც ბელარუსში გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ, კრემლი ამტკიცებდა, რომ ხალხი ქუჩაში დასავლეთის ფულმა გამოიყვანა.

გამონაკლისი არც საქართველოა.

უკვე წლებია, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარე თითქმის ყველა საპროტესტო აქციას, კრემლის პროპაგანდისტები „მაიდანად“ ნათლავენ.

მაიდანი 2014 წელს უკრაინაში მომხდარი „ღირსების რევოლუციაა“, რომელმაც პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას დაუსვა წერტილი. კრემლმა მას ყირიმის ანექსიით, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებით უპასუხა და დღემდე „სახელმწიფო გადატრიალებას“ ეძახის.

წელს „მაიდანის“ ხსენება დაიწყეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც. გაზაფხულზე, როდესაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა, რომ არ დაუშვებს „მაიდანს“ და საქართველოს „უკრაინიზაციას“.

ბოლო რამდენიმე დღეა, კრემლის პროპაგანდა ახალი ძალით ალაპარაკდა იმაზე, რომ არჩევნების შედეგებს საქართველოში დასავლეთის განკარგულებით აპროტესტებენ.

“როგორც პუტინმა და ლუკაშენკამ”

რუსეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო, „ტასი“ ამტკიცებს, რომ დემონსტრანტები „ძალისმიერი ამოცანებისთვის“ მოამზადეს და ისინი „ძალოვნებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას“ აპირებენ.

„ტასი“ წერს, რომ „წყარომ რეგიონში“ უთხრა, თითქოს „თბილისში აშშ-ის საელჩოში, ოც დღეზე გათვლილი ნაღდი ფული ინახება, დემონსტრანტების სტიმულირებისთვის“.

იმავეს წერს სამხედრო პროპაგანდისტი ბორის როჟინიც. ოღონდ ის „რუსულ სპეცსამსახურებს“ ეყრდნობა.

ზოგი უფრო შორსაც მიდის და მკაცრი ზომებისკენ მოუწოდებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ კრემლსაც.

„ესკალაცია კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ხელისუფლება ძალას არ გამოიყენებს. როგორც თავის დროზე, პუტინმა და [ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ] ლუკაშენკამ“, - წერს პროკრემლისტური ტელეგრამარხი „ლომოვკა“.

არხის ავტორი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები თბილისსა და სოხუმში აშშ და დიდი ბრიტანეთი არიან.

„ახლა ჩვენი სვლაა“, - წერს იგი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG