Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ურტყამდნენ განზრახ, დამიზნებით“ - 19 ნოემბერი და ძალოვნების ძალადობის პრაქტიკა


„აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში“, - განაცხადა სახალხო დამცველმა 19 ნოემბერს, როდესაც შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავა.

მომიტინგეების ცემა, დევნა, გინება, ფიზიკური ანგარიშსწორება ქუჩაში და პოლიციის ავტომობილებში - 19 ნოემბერს, ადრე დილით, ჭავჭავაძის გამზირიდან აყრის შემდეგ, პოლიციამ მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირზე დააკავა. დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

19 ნოემბერს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. ადვოკატები, რომლებიც მათ შეხვდნენ, ჰყვებიან, რომ - მათ სხვადასხვა სირთულის დაზიანებები ჰქონდათ. დაკავებულების ნაწილი ხელწერილით გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში“, - როდესაც შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

დაკავებულებსა და დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

  • ჭავჭავაძის გამზირზე პოლიცია და სპეცრაზმი გამთენიის 06:00 საათისთვის გამოჩნდა. გავრცელდა ცნობები სპეცტექნიკის, მათ შორის - წყლის ჭავლის მანქანების გამოჩენის შესახებ.
  • აქციის მონაწილეების შევიწროება 07:00 საათისთვის დაიწყეს.
  • სამართალდამცავებმა ჭავჭავაძის გამზირზე დაშალეს აქცია, გაიტანეს მანქანები, რომლითაც ჩახერგილი იყო გზა, აიღეს კარვები.

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ზაჰესში, სამი დაკავებული მოინახულა - ახალგაზრდა კაცები, სამივე მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს: ალექსანდრე ქავთარაძე, ალექსანდრე ბექაური და რეზი დუმბაძე.

„ალექსანდრე ქავთარაძე 20 წლის არის. დაკავების დროს, მასზე რამდენიმე პოლიციელი ძალადობდა - რაც თავისთავად ძალის გადამეტებაა; მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მასთან მივიდა ერთ-ერთი პოლიციელი და უთხრა - ხომ მაინც დაგაკავეო და სახეში დაარტყა. იზოლატორის ექიმმაც შეამოწმა და თვალთან აქვს დარტყმის კვალი“, - ადვოკატი გვიყვება, რომ პოლიციის მანქანაში სახეში ურტყეს რეზი დუმბაძესაც, რომელიც დაკავების დროს დაეცა, პოლიციელი თმებში სწვდა და ისე წამოაყენა; ხოლო ალექსანდრე ბექაურს დაკავების დროს სახეში მუშტი დაარტყეს და ტუჩი გაუხეთქეს. დაცვის ქვეშ მყოფებმა ადვოკატს უამბეს სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებაც - „დედის გინება იყო, ნაბი*ვრებს ეძახდნენ, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ“.

ადვოკატი ტყეშელაძე ამბობს, რომ ძალოვნები ძირითადად ნიღბებით იყვნენ და ნიღბები მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს არ ეკეთათ.

„რისთვის სჭირდებათ მათ ნიღბები?! რატომ უნდა ეკეთოთ ნიღბები წინასწარვე მშვიდობიან მოქალაქეებთან, მშვიდობიან აქციაზე მისულებს?! ეს მიუთითებს, რომ განზრახული აქვთ - რაღაც უკანონობა ჩაიდინონ. ვფიქრობ, ამ ადამიანებს დასჯის კი არ ეშინიათ - ვნახეთ, რომ იდენტიფიცირებული მოძალადეებიც არ დასაჯეს წინა აქციების დროს ["აგენტების კანონზე"], ვფიქრობ, სახეს იმიტომ მალავენ, რომ არ ნახონ ოჯახებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა“, - ლაშა ტყეშელაძე გვეუბნება, რომ წინა აქციების დროს რამდენიმე ათეულ ადამიანს იცავდა, მაგრამ არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 19 ნოემბერს დააკავეს 16 ადამიანი პოლიციის დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166). მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 16 ადამიანი მოინახულეს: 14 მოქალაქე - დროებითი მოთავსების იზოლატორებში და კიდევ 2 - კლინიკაში.

„16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია“, - წერია ომბუდსმენის ოფისის მიერ 19 ნოემბერს, საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა ეფექტიანი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების მოთხოვნით და გადასცა საჯაროდ გავრცელებული მასალები, „რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული“.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ [Amnesty International] აცხადებს, რომ პოლიციამ თბილისში ძალადობრივად დაშალა საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების ბანაკი და ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.

„საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები შეკრების თავისუფლების უფლების პატივისცემისა და დაცვის შესახებ. ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, ძალადობის შიშის, დაშინებისა და უკანონო დაკავების გარეშე. პოლიციის ასეთი ხისტი პასუხი ძირს უთხრის ამ პრინციპებს და ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიმართ ამჟამინდელი მთავრობის მიდგომას. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, ვინც კვლავ დაკავებულია“, - აცხადებს დენის კრივოშეევი, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგებს აპროტესტებდნენ. უუჰჰიჰოი

უფლებადამცველები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მომიტინგეებთან ანგარიშსწორების მეთოდები, რაც 19 ნოემბერსაც გამოვლინდა, საქართველოში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს, ჯერ კიდევ 2023 წელს დამკვიდრდა.

„იმ დროიდან - ყველა აქციას, რომელიც იმართება პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმართული, ძალადობრივად შლიან... აპრილ-მაისში, ჩვენ მოკლე ანგარიშიც გამოვაქვეყნეთ - ჩვენი შეფასებით, აქციის ზოგიერთი მონაწილის მიმართ ძალადობა იყო არაადამიანური მოპყრობა და მათ შორის - წამების ნიშნებსაც შეიცავდა, თუნდაც - დავით ქაცარავას შემთხვევაში“, - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანალიტიკოსი კარლო შერაზადიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამართალდამცველების სითამამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაუსჯელობაა.

უფლებადამცველი იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ საქმეს „ჩრდილოეთი ირლანდია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც - თუკი მოძალადე სამართალდამცველების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, უნდა დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ევროპული სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ შეუძლებელია ხელმძღვანელ პირებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია იმ სამართალდამცველების შესახებ, ვინც ახორციელებს ძალადობას. საქართველოს შსს ამბობს, ვერ ვადგენთ მოძალადე პირების იდენტიფიცირებასო, მაგრამ დღემდე თანამდებობაზე არიან წინა აქციებზე მოძალადეები და ორგანიზატორები - შსს-ს მაღალჩინოსნები და, რა თქმა უნდა, არ გვექნება აქციების სხვანაირი დაშლა, მართვა და ფასილიტაცია“, - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანალიტიკოსი კარლო შერაზადიშვილი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად“, მაშინ როცა დემონსტრანტების რაოდენობრივი სიმცირის პირობებში, „არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება“.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დასკვნით, პოლიციის ქმედებას უკანონოდ აქცევს რამდენიმე გარემოება:

1. შეკრების მშვიდობიანი ხასიათი და მისი მონაწილეების ხაზგასმით მშვიდობიანი ქცევა;

2. საპოლიციო ძალების არაპროპორციულად მაღალი რაოდენობა და გამოყენებული ფიზიკური ძალის სიხისტე;

3. ძალის გამოყენების წინ რაიმე ტიპის გაფრთხილების არარსებობა.

აქციაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორს, მუშაობაში ხელი შეუშალეს რამდენიმე ჟურნალისტს.

სერგი ბარამიძეს დაუმტვრიეს კამერაც.

„სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია?“ - უთხრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა „მთავარ არხს“.

ოპერატორ სერგი ბარამიძის დაკავება „პუბლიკის“ ჟურნალისტის - მინდია გაბაძის ობიექტივში მოხვდა. გაბაძეს სამართალდამცველებმა არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის - გულ-მკერდის არეში.

„ვიღებდი მორიგ ორ დაკავებას, ერთდროულად. ორი მანქანა მოაყენეს პოლიციელებმა და ამ მანქანებს შუა მოვხვდი. პოლიციელებმა სათითაოდ მკრეს ხელი. იყო მუქარა და მაგ დროს დამარტყეს ხელი რამდენჯერმე. იცოდნენ, რომ მედიის წარმომადგენელი ვიყავი - კამერაც მქონდა, პრესის ბარათიც, ვეუბნები კიდევაც - ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ არაფერი იცვლებოდა... შოკში ვარ "მთავარი არხის" ოპერატორის ცემის გამო. თვალში ურტყამდნენ განზრახ, დამიზნებით ხელს და კამერას. სისხლიც დავინახე“, - ეუბნება გაბაძე რადიო თავისუფლებას.

„19 ნოემბერს, აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - აცხადებს „მედიის ადვოკატირების კოალიცია“, ასახელებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტებსაც და მედიის თავისუფლების უხეში შეზღუდვისთვის პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG