Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცემის შემდეგ სურათებს თუ ვიდეოებს მიღებდნენ, ეს უნდა გადავაგზავნოთო" - დავით ქაცარავა


ცოლის ცნობით, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავას კლინიკაში მიყვანისას სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ცოლის ცნობით, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავას კლინიკაში მიყვანისას სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

14 მაისს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებას კლინიკიდან უყვება თავისი დაკავების ამბავს. ქაცარავა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრია და მანამ, სანამ პოლიცია მას დააკავებდა, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებს სწორედ ოკუპაციასა და რუსეთის ბოროტებაზე ესაუბრებოდა.

"გუშინ საღამოს, როცა გამოჩნდნენ კვლავ რობოკოპები და სპეცრაზმის წევრები და დაიწყეს ხალხის დაშლა, მომეცა საშუალება, მიმემართა პოლიციელებისთვის - ჩემი მიმართვის პათოსი იყო, რომ ისინი ემსახურებიან დღეს რუსულ რეჟიმს, რომ 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, რომელიც არავინ იცის, როდის შემოიჭრება კვლავ და იმის ნაცვლად, რომ ამ მტრის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლოთ, ისინი ემსახურებიან რუსულ ძალას. ზუსტად ამ მიმართვის შემდეგ დავაფიქსირე, რომ ზარი შემოუვიდა ერთ-ერთ ალბათ ოფიცერს. სავარაუდოდ, დავალება მიიღეს და როცა მან ტელეფონი გათიშა, ეგრევე ბრძანება გასცა და ხუთი-ექვსი პოლიციელი მეცა დასაკავებლად. მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შანსი ან გავქცეულიყავი, ან თავი ამერიდებინა, გავყევი აბსოლუტურად ნებაყოფლობით", - ასე იხსენებს დავით ქაცარავა თავისი დაკავების მომენტს. მისი აღწერით, პოლიციამ მასზე ძალადობა აქციის ტერიტორიიდან მისი გაყვანისთანავე დაიწყო და ძალადობას მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა.

"ჩემი გაყვანიდან დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფა - რამდენჯერმე, როცა იმ დერეფანში მატარებდნენ, სპეცრაზმელები მირტყამდნენ. მომპარეს ჩანთა, ტელეფონი, პირადი ნივთები, შემდეგ გამიკეთეს ხელბორკილები, გამოიძახეს მინივენი და როცა წამიყვანეს ამ მინივენისკენ, ერთ-ერთმა გასცა ბრძანება, შეკარით წრეო და მივხვდი, რომ ეს ეგზეკუციის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით ათმა ადამიანმა დაიწყო ჩემი ცემა - არ ვიცი, რამდენ ხანს მირტყამდნენ, მაგრამ, ალბათ, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ მიმეღო საკმაოდ დიდი დაზიანება. შემდეგ გააღეს მინივენის კარები, შემაგდეს. დაახლოებით ორ-სამ წუთში იქ შემომყვა სამი სპეცრაზმელი, სადაც ეგზეკუცია გაგრძელდა - მანქანაში ცემა განმეორდა სამჯერ. მესამე ცემაზე განსაკუთრებული სისასტიკით მცემეს და როდესაც დაინახეს რომ მთელი ჩემი სახე და თავი იყო გასისხლული და ჰემატომებში, ამოიღეს ტელეფონი და დაიწყეს გადაღება. თან მეკითხებოდნენ, რა გინდა ამ აქციებზე, რა გინდა იმ ოკუპაციის ხაზთან, თან მაგინებდნენ - ამ ვიდეოს თუ ფოტოს გადაღების შემდეგ ყური მოვკარი, "ახლა ეს უნდა გავაგზავნოთო." გასვლის წინ კიდევ რამდენჯერმე კარგად ძლიერად დამარტყეს თვალის მიდამოებში, ცემა მიმდინარეობდა მიზნობრივად თავის არეში, სხეულზე დაზიანებები არ მაქვს", - იხსენებს დავით ქაცარავა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოდან. ის აღნიშნავს, რომ იმ პოლიციელების ქცევა, რომლებმაც ის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ სპეცრაზმელებისგან, ვინც სცემა.

"პატრულმა ამ მკვლელებისგან განსხვავებით ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის თანადგომა და დახმარება აღმოეჩინათ", - ამბობს ქაცარავა. მისი ცოლის თქმით, კლინიკაში გადაყვანისას მას სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ჩადგმული აქვს პლატინის ფირფიტები.

"ტვინის შერყევა მძიმე ფორმაში მაქვს გამოხატული, სასწრაფო მოვიდა დაახლოებით ნახევარ საათში - დამიდგინდა თვალ-ბუდის ძვლის მოტეხილობა, ზედა ყბის მოტეხილობა, თვალი მაქვს დაზიანებული, დიდი ჰემატომები მქონდა თავის არეში - იურისტებმა ამ ყველაფერს უკვე მისცეს წამების კვალიფიკაცია, ეს არ იყო უბრალოდ ძალის გადამატება", - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ქაცარავა.

ქაცარავას ადვოკატი ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჯერ ვერ ახერხებს ჩვენების მიცემას სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებს სწავლობს. ადვოკატს აქვს ეჭვი, რომ თვალის დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ეს, სავარაუდოდ, მხედველობაზეც იქონიებს გავლენას.

14 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავით ქაცარავას ცემას "მიუღებელი ინციდენტი" უწოდა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა დავით ქაცარავას ცემა რუსეთის დაკვეთა? - კობახიძემ უპასუხა: „მე არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. ის აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს ე.წ. საზღვართან, გამყოფ ხაზთან. ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. მე მინდა შეგახსენოთ, არ მგონია რამე მეშლებოდეს, ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა „ეფესბეს“ აგენტის როლს რუსულ ფილმში და უცბად გახდა შემდეგ ანტირუსი. ამ ყველაფრის შემდეგ, მე არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში“.

დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG