ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე 14 მაისს დაკავებული დავით ქაცარავა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს, სავარაუდოდ, პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.
მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და პოლიციას მიმართავდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით - ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.
დავით ქაცარავას ცოლი სოფო ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მის ქმარს „თავში ურტყეს”. მასთან ქაცარავას კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაარეკვინეს უცხო ნომრიდან და როგორც ქალი ამბობს, ხმაც კი ძალიან შეცვლილი ჰქონდა.
დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.
14 მაისის აქციაზე პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა - ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულთა შორის არის 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი - ის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელის რტყმით გამოხატავდა პროტესტს.
პოლიციამ აქციის წევრების დაკავება წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. სპეცრაზმმა რამდენიმე წუთში გაწმინდა პარლამენტის წინ ტერიტორია დემონსტრანტებისგან.
საქართველოს პარლამენტმა "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ფორუმი