Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: აქციაზე 13 ადამიანი დავაკავეთ


პოლიციამ პარლამენტთან მოქალაქეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი".
პოლიციამ პარლამენტთან მოქალაქეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი".

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს პარლამენტის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილეების შესახებ - უწყება ამტკიცებს, რომ აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს და ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება.

"იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი.

პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები.

შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი", -
წერს უწყება და აცხადებს, რომ აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს.

აქციის ყველა მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამოა დაკავებული.

დაკავებულთა შორის არიან 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა, რომელიც სასტიკად არის ნაცემი. ის ინგოროყვას კლინიკაშია.

დავით ქაცარავას ფოტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ არის გადაღებული.
დავით ქაცარავას ფოტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ არის გადაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები არ არის - რადიო თავისუფლება ჯანდაცვის სამინისტროში ცდილობს დაზუსტებას, აქციის მონაწილეებიდან და დაკავებულთაგან რამდენი მოხვდა კლინიკაში.

პოლიციამ აქციის წევრების დაკავება წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. სპეცრაზმმა რამდენიმე წუთში გაწმინდა პარლამენტის წინ ტერიტორია დემონსტრანტებისგან.

საქართველოს პარლამენტმა "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG