სულ უფრო მეტი შეკითხვა და ეჭვი ჩნდება დაკავებისა და სამართლებრივი დევნის მომრავლებული ფაქტების მისამართით. ვრცელ სიაში ერთიანდებიან როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე მედიის წარმომადგენლები თუ საპროტესტო აქციების მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები. ამერიკული მედია პოლიტიკური დევნის გამო ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც წერს. საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მწვავედ კრიტიკული შეფასებები ისმის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი თვლის, რომ პარტნიორები ოპონენტებმა ცალმხრივი ინფორმაციით მოატყუეს.
საერთაშორისო მესიჯები
“Washington Examiner”-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, დროა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიზნობრივი სანქციებით დაემუქროს საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების პოლიტიკური დევნის გამო. განსაკუთრებული შეშფოთება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
სტატიაში ნახსენებია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც 16 დეკემბერს წლების წინანდელი საქმის გამო გამოკითხეს.
სტატიის ავტორი - ტომ როგანი, ასევე წერს, რომ:
- წარსულში შეხვედრია გიგა ბოკერიას, რომელმაც მისი ნდობა დაიმსახურა და ის, ამ საქმეში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების მსგავსად, ცნობილია თავისი „ანტიკორუფციული და პროამერიკული პოზიციებით“;
- საქმეში მოხსენიებულია ასევე საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ბათუ ქუთელია - „ეს აღარ უნდა გაგრძელდეს“;
- ის (სტატიის ავტორი) სათანადოდ არის ინფორმირებული ბრალდებების გაყალბებისა და ხელისუფლების მცდელობის შესახებ, დააშინოს ოპოზიცია, რათა შეწყდეს პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ;
- ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო კრემლსა და მის ავტოკრატიულ ფასეულობებს უახლოვდება;
- ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააფრთხილოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ თუ არ შეწყდება მოქალაქეებისა და თავისუფალი ოპოზიციის უფლებების ხელყოფა, კონკრეტული პირების მიმართ დაწესდება მათთვის ყველაზე მტკივნეული სანქციები - საბანკო ანგარიშებსა და მათ შესაძლებლობებზე, ივაჭრონ და იმოგზაურონ საერთაშორისო დონეზე.
სტატიის ავტორი საჭიროდ თვლის, ასევე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტუროს კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერისთვის, გიორგი გახარიასთვის, მიწერილი ორპარტიული ღია წერილის მოწოდებები.
კონგრესმენების, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერისა და დემოკრატი ჯერალდ კონოლის მიერ საქართველოს პრემიერის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილში ვკითხულობთ:
- „ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც იქნება ხალხისგან, ხალხისთვის, და ხალხის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტადაა დაახლოებული დასავლეთთან და სურთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება“.
- „სწორედ ამიტომაც გავიდა ამდენი ხალხი ქუჩებში, რათა მშვიდობიანად გამოეხატა თავისი შეშფოთება, მაგრამ მათ მოძალადე ავაზაკები დაუპირისპირდნენ“.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა - პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების არშესრულებისა თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების პროცესების გამო.
ქვეყანაში გამწვავებული ვითარების ფონზე პოლიტპატიმრების არსებობაზე ლაპარაკობდნენ ახლახან თბილისში მყოფი ევროპარლამენტარები.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა, 10 დეკემბერს, თბილისში ყოფნის დროს აღნიშნა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური აქტივობის გამო დაკავებული და გასამართლებული პირები და ეს „შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან“. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საქმეები მას არ შეუსწავლია, ათეულობით ადამიანის დაკავება ან გასამართლება მისთვის „კარგის ნიშანი“ არ არის.
პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მომრავლდა დაკავებისა თუ სამართლებრივი დევნის იმგვარი ფაქტები, რომლებიც მეთვალყურეებს ბევრ ეჭვსა და შეკითხვებს უჩენს.
პოლიტიკოსების გარდა, ძველი თუ ახალი საქმეების გამო, სხვადასხვა დროს, მართლმსაჯულებას (ბრალდებულისა თუ მოწმის სტატუსით) გადაეცნენ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები თუ ბიზნესმენები, მაგალითად:
- გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“, დეპუტატი;
- ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე ყოფილი დეპუტატი;
- გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს“ გენმდივანი;
- ირაკლი ოქრუაშვილი – „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი (დაკავებულია);
- ნიკა გვარამია - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი;
- გიორგი რურუა - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე (დაკავებულია);
- მამუკა ხაზარაძე - მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი;
- ბადრი ჯაფარიძე - მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი;
- ავთანდილ წერეთელი - ბიზნესმენი;
- ვატო წერეთელი - ბიზნესმენი, ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი;
- კვლავ საპატიმროში რჩება 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული არაერთი პირი;
- ბოლო პერიოდში სხვადასხვა საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და გაასამართლეს ათობით პირი.
როგორც პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქვეყანაში აშკარად ვლინდება პოლიტიკური დევნის, შერჩევითი სამართლის ფაქტები.
მისი თქმით:
- „მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანების დასჯა ხდება შერჩევითი დროისა და შერჩევითი პირების შემთხვევაში. შერჩევითი სამართალი პოლიტიკური დევნის ფორმაა“;
- „ასეთ დროს უმნიშვნელო ხდება - რეალურად ჰქონდა თუ არა ამა თუ იმ პირს კანონდარღვევა. მთავარია მოტივი - რატომ დევნის ხელისუფლება მას შერჩევითად“;
- „ხელისუფლებას დღეს ჰყავს არაერთი ოდიოზური ფიგურა, რომელთა მიმართაც არ დაწყებულა არანაირი სამართლებრივი პროცესი“;
- „ხელისუფლება ცდილობს, სამართლებრივი დევნის მთელი ეს ძალისხმევა გადაიტანოს პოლიტიკურ ოპონენტებზე“;
- „ტოტალური პროცესი მიდის - ხელისუფლების სამიზნე სივრცეში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი“.
„ვხედავთ, რომ ხელისუფლება ფეხდაფეხ დასდევს კრიტიკულ აზრსა და ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს“, - ამბობს არჩილ გამზარდია, რომელიც „ქართული ოცნების“ პირველ წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ანალიტიკური ჯგუფის „2030“-ის რიგებში ირიცხებოდა. ეს სივრცე მან, როგორც ამბობს, განსხვავებული ხედვებისა და მიდგომების გამო დატოვა.
პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, „სხვა ყველაფერი რომ დავივიწყოთ, ოპონენტების წინააღმდეგ წლების წინანდელი, ძველი საქმეების ამოქექვა, უკვე სერიოზულ ეჭვებს აჩენს“.
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ საერთაშორისო დონეზე წარმოშობილ უარყოფით აღქმებსა და ეჭვებს შესაძლოა საქართველოს ინტერესებიც შეეწიროს.
„დაჭერები თუ სამართლებრივი დევნა - ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შეინარჩუნოს ხელისუფლება... თუ ეს არ შეწყდება, ის მკაცრი ტონი, რაც დასავლეთიდან გვესმის, კიდევ უფრო გამკაცრდება და დამაზიანებელი იქნება ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი.
ცრუ ინფორმაციის შედეგი?
როგორც ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, ოპოზიციამ მათ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული 87 პირის სია გადასცა. სია გადაეცათ ელჩებსაც. ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს როგორც პოლიტპატიმრების არსებობას, ასევე ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას.
როგორც ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა 15 დეკემბერს, ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარდგენილი „87-კაციანი სიიდან მხოლოდ 5 ადამიანია რეალურად ციხეში და ისინი არიან ციხეში (იგულისხმება ბატონი რურუა, ოქრუაშვილი და სხვები) კონკრეტული ფაქტებისათვის. არაერთი მათგანი ელოდება სასამართლოს“.
კრიტიკული შინაარსის ღია წერილზე, რომელითაც რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები პრემიერ გიორგი გახარიას მიმართავენ, ადრესატი ამბობს - „ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში და აქ ვერანაირ პრობლემას ჩვენ ვერ ვხედავთ“.
კონგრესმენების მიერ დასმულ აქცენტზე - აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით, გახარია აცხადებს, რომ ამერიკელ პარტნიორებს მიაწვდიან რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას.
პარტნიორებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას ხედავს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა 17 დეკემბერს, „ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ზუსტი, ადეკვატური შეფასება“ და პარტნიორებთან იქნება „შესაბამისი კომუნიკაცია“.
„ის ახსნა, რომ „ნაციონალები“ აწვდიან ინფორმაციას ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი, ძალიან უმწეო და, მეორე მხრივ - შეურაცხმყოფელი ახსნაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ნოდია.
საქართველოსთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ აკრედიტებული ელჩების ერთ-ერთ საზრუნავად დაასახელა 17 დეკემბერს, როცა ის „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე დიპლომატებს მასპინძლობდა.
პარალელურად, ამერიკაში შეხვედრებს მართავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ეჭვები და აღქმები საქართველოსთვის სახარბიელო რომ არ არის, ეს ცხადია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის“, ლადო ბოჟაძისთვისაც. თუმცა ეჭვების გასაფანტად ის ერთადერთ გზას ხედავს - უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას:
- „პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა მხოლოდ განცხადებები გააკეთეს და ეს არ აისახა (ევრონესტის) რეზოლუციაში - თუ ეს დადასტურებული იქნებოდა, რეზოლუციაშიც აისახებოდა“;
- „ცოტა უცნაური იყო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება - რომ საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციის მიერ მიწოდებული ცალმხრივი ინფორმაციით მსჯელობენ - რატომ არის ცალმხრივი და რატომ არ არის ორმხრივი?! რატომ არ არის მეტი კომუნიკაცია?!“
- „როგორც ხელისუფლების ქმედებები, ასევე ოპოზიციის ქმედებები უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს“.
ის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არ აისახა ევრონესტის რეზოლიციაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა რეზოლუციის ტექსტის სპეციფიკური ფოკუსით ახსნა.
ლადო ბოჟაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოჯახის - „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჯგუფს წარმოადგენს.
პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, შეშფოთება გამოხატა ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმაც, სწორედ იმ ჯგუფმა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს.