Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“არ იყო ლამაზი ჩვენს დაიკოებთან და დედიკოებთან” - გრძელდება “ირა*ლის” გამო დაკავებულების საქმის განხილვა სასამართლოში


საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე პოლიციელებით გარშემორტყმული 2 ივნისის აქციაზე.
საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე პოლიციელებით გარშემორტყმული 2 ივნისის აქციაზე.

საქალაქო სასამართლოში განახლდა ერთი თვის წინ პარლამენტის წინ, მცირერიცხოვან აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების პროცესი. 5 ივლისს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ სამი მოწმე პოლიციელი დაკითხა და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმეები არიან პოლიციელები, რომლებმაც, მათი მტკიცებით, დემონსტრანტები დააკავეს, მტკიცებულებად კი აქციაზე გადაღებულ ფოტოებს იყენებენ. ვიდეოები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს, დაკავებულების მიერ მოგროვებული და დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფრაგმენტული მასალაა. ამ კადრებში, სადაც ჩანს როგორ აკავებენ პოლიციელები მოქალაქეებს, მოწმედ გამოკითხულ პოლიციელებს საკუთარი თავის პოვნა უჭირთ.

ამ საქმეში არ არსებობს პოლიციელების სამხრე კამერის ან პარლამენტთან არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. გამოკითხული სამართალდამცავები ამბობენ, რომ კამერების ჩართვის ვალდებულება მათ მოქალაქეების დაკავებისას არ აქვთ და რადგან 2 ივნისის ღამეს წვიმდა, ისინი სამხრე კამერებს გაუფრთხილდნენ და არ ჩაურთავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ხუთივე დაკავებული, ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე, გრიგოლ ფრანგიშვილი და ნოდარ სიხარულიძე წესრიგს არღვევდა, არ ემორჩილებოდა პოლიციას და მათ შეურაცხყოფას აყენებდა. მედიის და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც სასამართლოში პოლიციას მტკიცებულებად აქვს წარდგენილი, არ ისმის არც დემონსტრანტების მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები და არც ის, რომ სამართალდამცველები მათ რამეს სთხოვენ. ამ კადრებში მხოლოდ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებაა ასახული.
კადრებზე ჩანს საპროტესტო ბანერებზე გაკეთებული წარწერა “ირა*ლი”, რასაც შსს შეურაცხმყოფლად და უცენზუროდ მიიჩნევს მასში შემავალი ბგერების, “ყ”-სა და “ლ”-ს კომბინაციის გამო.

ნიკა რომანაძის საქმე

სასამართლოში ნაჩვენები ვიდეოებიდან ირკვევა, რომ ნიკა რომანაძე აქციაზე მაშინ დააკავეს, როცა ის სხვებთან ერთად საქართველოს ჰიმნს მღეროდა.

პოლიციელი დავით გიორგაძე, რომელიც სასამართლოს ისე წარუდგა, როგორც ნიკა რომანაძის დამკავებელი პოლიციელი და ამ საქმის მოწმე, ამტკიცებს, რომ ნიკა რომანაძეს საჯარო სივრცეში ხელში ეჭირა ბანერი უცენზურო სიტყვით “ირა*ლი”. როდესაც მას პოლიცამ აუხსნა, რომ ეს დაუშვებელია, დემონსტრანტმა პოლიციელებს პირველ ჯერზე დაუჯერა, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენა და დააკავეს.

“დაუმორჩილებლობას არ ვედავებით, კულტურული ადამიანია. იმ მომენტში, როცა მოვედით გასაფრთხილებლად, რომ თქვენ ჩამოგეწიათ ბანერები, გვეძახდით “ნაძირლებოს”. დაკავების მომენტის შემდეგ თქვენს მიმართ მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. დაკავება რო დავიწყეთ, მაშინ მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ნაძირლებოს, რუსეთის მილიციას გვეძახდა”, - თქვა მოწმე პოლიციელმა.

გადმოწერა

დაცვის მხარემ ჩათვალა, რომ პოლიციელი მნიშვნელოვანი დეტალების აღწერის გარეშე, ზოგადად იხსენებდა დაკავების მომენტს და მას მომხდარის უფრო დეტალური აღდგენა სთხოვა.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: დაკავების მომენტი გაიხსენეთ. რა ვითარებაში დააკავეთ.

დავით გიორგაძე, პოლიციელი: გაიხსენეთ რა, ერთი თვის წინ მომხდარი გაიხსენეთ, ეგრე არ ხდება. იმის მერე ბევრ აქციაზე ვიყავი და მე ახლა კომპიუტერი კი არ მაქვს [თავში]...

პოლიციელმა სასამართლოში ვერც ის გაიხსენა, როგორ გამოითხოვა სამხრე კამერების ჩანაწერები ანალიტიკური სამსახურიდან - სწორედ ამ მტკიცებულებების მოპოვების არგუმენტით გაუორმაგდა ნიკა რომანაძეს წინასწარი პატიმრობა 24 საათიდან 48 საათამდე.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: პროცედურა როგორ ხდება [სამხრე კამერების გამოთხოვნა], რომ მითხრათ…

დავით გიორგაძე, პოლიციელი: რ ვიცი, ჩვენი შიდა სამსახური აგზავნის.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: თქვენ ხო გააგზავნეთ?

დავით გიორგაძე, პოლიციელი: ერთი წამით. ვწერთ და ვაბარებთ და მერე ისინი აგზავნიან.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: რას წერთ, სად აბარებთ? ეგ მაინტერესებს.

დავით გიორგაძე, პოლიციელი: ჩვენს სამსახურში.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: ხელით წერთ რამე დოკუმენტს თუ ონლაინ ხდება?

დავით გიორგაძე, პოლიციელი: აღარ მახსოვს ახლა ზუსტად. რა გინდათ, ერთი თვის წინ რა გავაკეთე, ეგ გითხრათ?

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: ეს ხო პირველად არ ხდება?

დავით გიორგაძე, პოლიციელი: თუ ხელით არის დაწერილი, ესე იგი ხელით დავწერე, თუ ამობეჭდილია და გაგზავნილი, ესე იგი ამობეჭდილია. მთავარი ხო არის, რომ გაგზავნილია. რაღაცნაირ კითხვას მისვამთ, ისეთს, რომ გახსოვთ თუ არა, ასე არ ხდება.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: ძალიან მარტივ კითხვას გისვამთ. როგორ ითხოვთ ხოლმე სამხრე კამერების ჩანაწერებს.

დავით გიორგაძე, პოლიციელი: ვწერთ პატაკს, ვაგზავნით და მოდის პასუხი.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: ვის სახელზე აგზავნით პატაკს?

დავით გიორგაძე, პოლიციელი: აღარ მახსოვს ეგრე. კერძოდ, ვის სახელზე ვაგზავნით.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: არ იცით, პატაკს ვის სახელზე აგზავნით?

დავით გიორგაძე, პოლიციელი: ერთი წამით, არ იცით, არა, რა. არ იცით წერა და ეს, შეურაცხყოფას მაყენებთ! ეგრე სად არის! დასვით წესივრად და კონკრეტული კითხვა. შეურაცხმყოფელ იმას მისვამთ და ასე არ შეიძლება აქ, მე მგონი.

დავით გიორგაძე პოლიციაში 2013 წლიდან მუშაობს. ის ამ სხდომაზე რამდენჯერმე გაღიზიანდა პროცედურულ საკითხებსა და სხვა დეტალებზე დასმული კითხვების ფორმულირების გამო.

ნიკა რომანაძე: [ბატონო პოლიციელო] როგორც ვიცი, უცენზურობა გამოიწვია ყ და ლ-ს თანწყობამ. მაინტერესებს. რამდენად გეუზრდელებათ სიტყვები: ყლორტი, ყლაპი, ყლუპი, ყლანტი, ყლაპვა, ყლიყვი…

მოსამართლე: ერთი წამით... ბატონო ნიკა, რაზეც არის ოქმი შედგენილი, იმაზე ვისაუბროთ. სხვა, ქართულ გრამატიკაში, ქართულ ლექსიკაში რა სიტყვები არის ამ ბგერათა წყობით, ამ საკითხს არ ვიხილავთ და არც გაჟღერებულა ეს სიტყვები საპროტესტო აქციაზე.

ნიკა რომანაძე: მესმის, ბატონო მოსამართლე, მაგრამ რომ მწერებოდა ყლარსის კოშკი…

მოსამართლე: სამომავლოდ შესაძლო გადაცდომის ფაქტებს არ ვიხილავთ.

ნიკა რომანაძე: კარგი, როგორც მივხვდი, ყ და ლ-ს თანწყობის გამო დამაკავეთ. ირა*ლი იყო და “ყ” და “ლ” იყო შიგნით. რომ დავაზუსტოთ, ეგ მაინტერესებს.

დავით გიორგაძე, პოლიციელი: არა, ასოცირდებოდა მამაკაცის სასქესო ორგანოსთან, რასაც იძახდით და რაც გეწერათ შიგნით.

ნიკა რომანაძე: ირა*ლი ასოცირდება თქვენთვის მამაკაცის სასქესო ორგანოსთან?

დავით გიორგაძე, პოლიციელი: სხვა რაღაცასაც იძახდით. “ირა*ლეებო”, ბოდიში თქვენთან, ქალბატონო მოსამართლე…

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: თქვენ ამბობთ, რომ პლაკატი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და როცა დაკავება დაიწყეთ, მაშინ მოგაყენათ შეურაცხყოფა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). 2013 წლიდან პოლიციელი ხართ, მაიორი კაცი ბრძანდებით, ადმინისტრაციულ კოდექსს კარგად უნდა იცნობდეთ, პლაკატის ჭერით, თქვენი შეფასებით, საზოგადოებრივი წესრიგი როგორ დაირღვა?

დავით გიორგაძე, პოლიციელი: პლაკატზე გაკეთებული წარწერით. იყო შეურაცხმყოფელი. გამოკვეთილი იყო ადამიანის სასქესო ორგანოს სიტყვა, გამოკვეთილი იყო, ზოგადად სახელზე არ არის ლაპარაკი. გამოკვეთილი იყო, დიდი ასოთი იყო “ყ” და ასე შემდეგ.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: 166-ე მუხლის შინაარსს იცნობთ, ხომ? წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. პლაკატის ჭერა რა კონფიგურაციაში შეიძლება იწვევდეს საზოგადოების შეურაცხყოფას? მთელი ამ მუხლის არსი არ არის, რომ სხვა მოქალაქე უნდა შეწუხდეს, იქ ვინც ცხოვრობს, პირობითად, პარლამენტის წინ?

დავით გიორგაძე, პოლიციელი: ცხოვრებაზე არ არის. იქ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, ქალაქის ცენტრია და ბავშვთან ერთად მშობლები დადიან, ტურისტები დადიან და ასე შემდეგ.

გიორგი მახარაძე, ნიკა რომანაძის ადვოკატი: და?

პოლიციელი: რა და? იყო შეძახილი და ასევე პლაკატზე ეწერა, ადვილად აღქმადი იყო. ბატონ ნიკას ჩვეულებრივი ქართულით ეწერა და არა ძველი ქართულით და ყ იყო გამოკვეთილი დიდი ასოთი, თუ არ ვცდები, წითელითაც. ამას ჩვეულებრივად წაიკითხავდა პატარა ბავშვიც და მიხვდება კიდევ რა ხდებოდა და რასთან გვქონდა საქმე.

ნიკა რომანაძე სასამართლო სხდომებს დისტანციურად ესწრება. წინა სხდომაზე მოსამართლემ მას სთხოვა, ჩამოეხსნა კედელზე გაკრული საკუთარი ფოტო, რომელიც ამ საქმეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მტკიცებულებად არის წარმოდგენილი პოლიციის მხრიდან.
ნიკა რომანაძე სასამართლო სხდომებს დისტანციურად ესწრება. წინა სხდომაზე მოსამართლემ მას სთხოვა, ჩამოეხსნა კედელზე გაკრული საკუთარი ფოტო, რომელიც ამ საქმეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მტკიცებულებად არის წარმოდგენილი პოლიციის მხრიდან.

საბოლოოდ, ამ სხდომაზე პოლიციელმა თქვა, რატომ დააკავა ნიკა რომანაძე:

“ის სიტყვა [ირაყლი] რომ არ გეთქვათ, ეს გახდა მოტივი თქვენი დაკავების”.

ნოდარ სიხარულიძის საქმე

კადრებში, რომელიც სასამართლოს აქვს მტკიცებულებად წარდგენილი, ჩანს, რომ ნოდარ სიხარულიძე, რომელსაც პოლიცია სხვების მსგავსად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება, პარლამენტის წინ კიბეებთან ბანერებს ალაგებს. თავად ნოდარმა თქვა, რომ იმ დროს, როცა აქციის სხვა მონაწილეებს აკავებდნენ, ზურგიდან გაიგონა ხმა “ესეც დააკავეთ, ესეც წამოიყვანეთ” და როცა პოლიციამ ხელი მოჰკიდა დასაკავებლად, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

“ჩემი პროტესტის ფორმა გამოიხატებოდა იქ დგომაში, სოლიდარობაში და სიტყვიერ გაპროტესტებაში. არ ყოფილა ჩემი მხრიდან არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, თუ იყო, წარადგინოს მოწინააღმდეგე მხარემ მტკიცებულებები. არც წინააღმდეგობა არ გამიწევია დაკავებისას“, - უთხრა ნოდარ სიხარულიძემ მოსამართლეს განხილვის დაწყებისას.

სასამართლომ 5 ივნისს ნოდარ სიხარულიძის საქმეზე მოწმე პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი გამოკითხა. მან სასამართლოს უთხრა, რომ აქცია თავიდან მშვიდობიანი იყო და არანაირ კანონს არ არღვევდა, მეტიც, თავად ნოდარ სიხარულიძეს ევროკავშირის დროშა ეკავა იმ დრომდე, სანამ არ გამოჩნდა ბანერები უცენზურო წარწერებით.

“პოლიციელები მივედით და ვთხოვეთ ამ ადამიანებს, შეურაცხმყოფელი პლაკატები შეენახათ. იმ მომენტში გვემორჩილებოდნენ, პლაკატებს დაბლა წევდნენ, როგორც ვტრიალდებოდით, ეს პლაკატები ისევ ხელში ეჭირათ. ამას ჰქონდა ინტენსიური სახე. შემდგომ მივედით, კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ შეენახათ ეს პლაკატები და უკვე იყო როგორი შეძახილები, იცით, “პუტინის მილიციელები ხართ და არ დაგემორჩილებით ამ ყველაფერზე”, ჩავთვალეთ, რომ ეს იყო შეურაცხყოფა ჩვენს მიმართ, ამავდროულად, არდამორჩილება, რადგან არაერთხელ მოვუწოდეთ არა მხოლოდ პლაკატებზე, შეურაცხმყოფელ პლაკატებზე იყო აქ საუბარი და დავაკავეთ”, - უთხრა სასამართლოს პოლიციელმა ბიძინა ჟამერაშვილმა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ერთმანეთს პლაკატებს უცვლიდნენ და ასე აღმოჩნდა ნოდარ სიხარულიძის ხელში ერთ-ერთ ჯერზე პლაკატი ასომთავრული წარწერით.

“მივიჩნევ, რომ ეს პლაკატი იყო წინასწარ განსაზღვრული. ძველი ქართული ლექსიკონით იყო დაწერილი. რთი პოლიციელი ვერ მოიძებნება, რომელმაც ძველი ქართული დამწერლობა იცის. შევარცხვინე თქვენი მუნდირი და თქვენი ქართულის მასწავლებელი“. [წინასწარ] ჰქონდათ განსაზღვრული, პოლიციელისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა“, - თქვა პოლიციელმა და იქვე განმარტა, რომ მას არ შეუძლია სწრაფად წაიკითხოს ძველი ქართულით ნაწერი ტექსტები და თუკი უცხო ტექსტს მიუტანენ ასომთავრულით დაწერილს, დრო დასჭირდება იმის გასარკვევად, მასზე რა წერია.

დემონსტრანტები პარლამენტის წინ ასომთავრულით გაკეთებული საპროტესტო ბანერებით; ნოდარ სიხარულიძე ამ კადრში არ ჩანს.
დემონსტრანტები პარლამენტის წინ ასომთავრულით გაკეთებული საპროტესტო ბანერებით; ნოდარ სიხარულიძე ამ კადრში არ ჩანს.

ვიქტორ კვიტატიანი, ნოდარ სიხარულიძის ადვოკატი: ვისი სიმშვიდე დაირღვა ამ პლაკატის ჭერით?

ბიძინა ჟამერაშვილი, პოლიციელი: პლაკატი, რომელიც იყო შეურაცხმყოფელი, მივიჩნიე ჩემ შეურაცხყოფად, პოლიციელის შეურაცხყოფად, მარა ამ ადამიანს ეკავა კიდევ სხვა პლაკატები, რომელიც იყო შეურაცხმყოფელი, შეძახილები, “ირა*ლეები” ხართ, ინტერპრეტაცია ჰქონდა სასქესო ორგანოზე. ირა*ლის ჩვენს ქართულ ლექსიკონში, მე მგონი, განმარტება არ აქვს საერთოდ და კარგად ვხვდებით ადამიანური თვალსაზრისითაც, როდესაც შეძახილია [რა იგულისხმება]…

ვიქტორ კვიტატიანი, ნოდარ სიხარულიძის ადვოკატი: როგორ დაუკავშირეთ, ეს რომ მამაკაცის სასქესო ორგანო იყო?

ბიძინა ჟამერაშვილი, პოლიციელი: ინტერპრეტაციას როგორც მივცემთ…

ვიქტორ კვიტატიანი, ნოდარ სიხარულიძის ადვოკატი: თქვენი ინტერპრეტაცია იყო პირადად?

ბიძინა ჟამერაშვილი, პოლიციელი: მომისმინეთ! საზოგადოების ნაწილი, რომელიც იქ მოძრაობს, გადაადგილდება და შეძახილებია “თქვე ირა*ლეებო” და ამ “ყ”- ზე გამახვილებულია კონკრეტულად, ბუნებრივი განცდა გიჩნდება ადამიანს, რომ სასქესო ორგანოზე მიანიშნებს.

ვიქტორ კვიტატიანი, ნოდარ სიხარულიძის ადვოკატი: ვის მიემართებოდა ეს შეურაცხყოფა? ვის მიემართებოდა ეს “ირა*ლი"?

ბიძინა ჟამერაშვილი, პოლიციელი: ჩემთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვის მიმართ იყო. თქვენს დასაცავ პირს უნდა კითხოთ, ვის მიემართებოდა.

ბიძინა ჟამერაშვილს, სხვა კოლეგების მსგავსად, აქციაზე დაკავებული დემონსტრანტის დაკავების კადრები სამხრე კამერით არ გადაუღია. ასევე სხვა კოლეგების მსგავსად, მან სასამართლოს უთხრა, რომ სამხრე კამერის ჩართვის ვალდებულება პოლიციელს მოქალაქეების დაკავებისას არ აქვს.

გრიგოლ ფრანგიშვილის საქმე

გრიგოლ ფრანგიშვილი 2 ივნისის დაკავებულებს შორის აღმოჩნდა არა საპროტესტო ბანერით ან შეურაცხმყოფელი სიტყვების სკანდირებით, არამედ წარწერებიანი მაისურით, რომლის გახდასაც მას პოლიციელი სთხოვდა.

თეთრი მაისური, ზურგზე ფლომასტრით მიწერილი ბგერა “ყ”-თი პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობად მიიჩნია და 19 წლის დემონსტრანტს მოუწოდა, გაეხადა.

გრიგოლ ფრანგიშვილმა მაისური გაიხადა, (ამას აქციის მონაწილეებიც და პოლიციაც ადასტურებენ), ამოატრიალა, რომ წარწერა არ გამოჩენილიყო და რადგან ნაწვიმარი საღამო იყო, უკუღმა გადაიცვა. ფრანგიშვილის “ხრიკმა” პოლიციასთან არ გაჭრა და ისევ მოსთხოვეს გახდა. საბოლოოდ დემონსტრანტი სამართალდამცველებმა წელსზემოთ შიშველი, მხრებზე მოხვეული საქართველოს დროშით და ხელში საკუთარი წარწერებიანი მაისურით დააკავეს. სხვა დაკავებულების მსგავსად წინასწარი დაკავების იზოლატორში მანაც ორი დღე და ღამე გაატარა.

გრიგოლ ფრანგიშვილი 2 ივნისის აქციის ღამეს პარლამენტის შენობასთან მაისურით, რომელიც პოლიციამ უხამსობად მიიჩნია.
გრიგოლ ფრანგიშვილი 2 ივნისის აქციის ღამეს პარლამენტის შენობასთან მაისურით, რომელიც პოლიციამ უხამსობად მიიჩნია.

გრიგოლ ფრანგიშვილის საქმეზე სასამართლომ მოწმის სახით გამოკითხა პოლიციელი აღამალი ასკეროვი. მან გამოკითხვისას თქვა, რომ “აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, ზრდილობიანად, ჩარჩოები აქვს ყველაფერს”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: თუ გახსოვთ ზოგადად, რა შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა მაისურზე?

აღამალი ასკეროვი, პოლიციელი: ბოდიშის მოხდით ქალბატონებთან და სასამართლოსთან, უწმაწური სიტყვები იყო ძალიან ისეთი, რაც შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ არის ლამაზი. ჩვენი დაიკოები, დედიკოები და ბავშვები მოძრაობენ და არ არის ლამაზი, არ უნდა წაეკითხათ. თუ ციტატას ითხოვთ მაგ სიტყვის, შემიძლია ვთქვა…

ვიქტორ კვიტატიანი, გრიგოლ ფრანგიშვილის ადვოკატი: დიახ, დიახ, თქვით!

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: პრინციპში, ფოტოც გვაქვს და შესაბამისად…

აღამალი ასკეროვი, პოლიციელი: კადრებიც არის შესაბამისად, კადრებიც არის გადაღებული, როცა ხელში ეჭირა ეს მაისური დაკავებულს და როცა ზედ ეცვა ეს მაისური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: ოქმში გიწერიათ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენაო.

აღამალი ასკეროვი, პოლიციელი: კი, ბატონო, მეორედ რო მივედით და ვუთხარით, მოეწესრიგებინა აღნიშნული ქმედება, ვუთხარით, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ტანზე ეცმეოდა თუ ხელში ეჭირებოდა, მაისურზე ეწერა ის სიტყვები რაც ეწერა და “მე არ ვემორჩილები თქვენს მოთხოვნას, თქვე მონებოო” და გადმოვიდა შეურაცხყოფაზე და დავაკავეთ.

მოსამართლე: თქვენს მიმართ იძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს? თქვენ მოგმართავდათ?

აღამალი ასკეროვი, პოლიციელი: ზოგადად იძახდა პოლიციელების მისამართით. მონა არავინ არ ვართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ვიქტორ კვიტატიანი, გრიგოლ ფრანგიშვილის ადვოკატი: მე მაინტერესებს დაკავების მომენტი. თქვენ მოუწოდეთ ბატონ გრიგოლს, რა ექნა? რა მოუწოდეთ?

აღამალი ასკეროვი, პოლიციელი: აღნიშნული მაისური გამოეცვალა, მოსულიყო და გაემართა ის თავისი საპროტესტო აქცია, არავინ არ უშლიდა. რომ მოვუწოდეთ ბატონ გრიგოლს, მოეწესრიგებინა აღნიშნული ქმედება, ის წავიდა 9 აპრილის [მონუმენტის] მიმართულებით, ტანზე გაიხადა მაისური და, შესაბამისად, იმ მაისურით დაბრუნდა უკან პარლამენტის ტერიტორიაზე, ხელში ეკავა ის მაისური. ჩვენ რომ მივედით და ვუთხარით, რა მნიშვნელობა აქვს, ტანზე გეცმევა თუ ხელში გექნება ეს მაისური… დარღვევაა იმიტომ, რომ ცალსახად ჩანს, მაისურზეც რეები აწერია… დაიწყო ჩვენს მიმართ უცენზურო სიტყვები, რუსული მილიცია და მონები. ჩვენ, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებთ, არ ვართ არც მონები და არც რუსული მილიცია.

ვიქტორ კვიტატიანი, გრიგოლ ფრანგიშვილის ადვოკატი: თქვენ სამხრე კამერა გეკეთათ?

აღამალი ასკეროვი, პოლიციელი: მაგ მომენტში ამინდი იყო ცუდი…

ვიქტორ კვიტატიანი, გრიგოლ ფრანგიშვილის ადვოკატი: ხო, მაგრამ ეგ წვიმაშიც ხო მუშაობს?

აღამალი ასკეროვი, პოლიციელი: კი, ჩართული უნდა ყოფილიყო, წესით, მაგრამ არ მახსოვს. ზოგადად მე სამხრე კამერის ჩართვის ვალდებულება არ მაქვს.

პოლიციელს გრიგოლ ფრანგიშვილის ადვოკატის კითხვაზე, სად უნდა წაეღო დემონსტრანტს მაისური, რომელიც მათი მოთხოვნით გაიხადა, პასუხი არ გაუცია. მან თქვა, რომ ეს უკვე აღარ არის მისი საქმე.

გადმოწერა

ამ საქმეზე სასამართლოს გამოსაკითხი ჰყავს კიდევ ერთი პოლიციელი, კობა კაპანაძე. მან ჩვენება უნდა მისცეს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელის, ედუარდ მარიკაშვილის დაკავების საქმეზე. კობა კაპანაძე 5 ივნისის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა იმ მიზეზით, რომ ორკვირიან სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფება.

მომდევნო სხდომა ამ საქმეზე 1 სექტემბერს, დილის 10 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განსახილველად 4-თვიანი ვადით არის შეზღუდული.

XS
SM
MD
LG