23 ივნისს საქალაქო სასამართლოში 2 ივნისს პარლამენტის წინ, მცირერიცხოვან აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 5 დაკავებულის შემთხვევა ერთ საქმეში გააერთიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ხუთივე დაკავებული, ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე, გრიგოლ ფრანგიშვილი და ნოდარ სიხარულიძე აქციისას წესრიგს არღვევდა, პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.
მედიის და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც სასამართლოში პოლიციას მტკიცებულებად აქვს წარდგენილი, არ ისმის არც დემონსტრანტების მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები და არც ის, რომ სამართალდამცველები მათ რამეს სთხოვენ, რასაც არ ითვალისწინებენ. ამ კადრებში მხოლოდ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებაა ასახული.
კადრებზე ჩანს საპროტესტო ბანერებზე გაკეთებული წარწერა “ირა*ლი”, რასაც შსს შეურაცხმყოფელ სიტყვად მიიჩნევს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის შეურაცხყოფდა ეს წარწერა - სიტყვა შეურაცხმყოფლად და უცენზუროდ ჩაითვალა მასში შემავალი ბგერების, “ყ" და "ლ”-ს კომბინაციის გამო.
“ამ პირებთან მიდიოდნენ პოლიციელები და მოუწოდებდნენ, აღნიშნული ბანერები შეენახათ. ამის პასუხად მათ პოლიციელებს მიაყენეს წინმსწრები შეურაცხყოფა, განმარტეს, რომ მონა და ნაძირალა პოლიციელებს არ დაემორჩილებოდნენ და, შესაბამისად, ამის გამო დაკავებულები იქნენ.
განსხვავებულია ბატონ გრიგოლ ფრანგიშვილის შემთხვევა, მას ეცვა თეთრი ფერის მაისური და ამ თეთრი ფერის მაისურზე წარწერა ჰქონდა უცენზურო და უხამსი გამონათქვამის [ზურგზე ეწერა ასო “ყ” - რ.თ] და ამ შემთხვევაშიც არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ, რომ ეს მაისური გამოეცვალა, მაგრამ ის კვლავ გავიდა და კვლავ დაბრუნდა იმ მაისურით, სადაც იყო წარწერილი ეს უხამსი განმარტებები და მანაც პოლიციელებს, მას შემდეგ, რაც განმარტება მიიღო, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კანონდარღვევას და შესაბამისი ზომები იქნებოდა მიღებული პოლიციელების მხრიდან, პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა”, - ასე განმარტა სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ღამეს დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული.
საბა ბრაჭველის საქმე
სასამართლომ განხილვა საბა ბრაჭველის საქმით დაიწყო. ის 2 ივნისის ღამეს დააკავეს პარლამენტის წინ. თაბახის ფურცელზე, რომელიც აქციაზე ბრაჭველს ეჭირა ხელში, ეწერა მხოლოდ ერთი სიტყვა, “ირა*ლი”. ეს სიტყვა მან პროტესტის ნიშნად დაწერა და გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს, ასევე იმას, რომ პოლიციამ მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე მსგავსი ბანერით ხელში დააკავა ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
“…დაკავებით, საბა ბრაჭველს შეეზღუდა შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და მისმა დაკავებამ გამოიწვია თავისუფლების უფლების შეზღუდვა”, - უთხრა სასამართლოს საბას ადვოკატმა, ივანე ჩიტაშვილმა.
“თუ დავუშვებთ, რომ ეს ჯდებოდა აზრის გამოხატვის ფარგლებში, კონსტიტუციის დარღვევა გამოდის დაკავებაც, პატიმრობაც და სამართლებრივი დევნაც. მნიშვნელოვანია ამ დაკავების შეფასება ევროპული კონვენციის მეათე მუხლის შუქზე - სწორედ მეათე მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის უფლების დაცვას. მეათე მუხლი გამოიყენება არა მხოლოდ იმ ინფორმაციასა და იდეებზე, რაც მისაღები და დადებითია, [ეს მუხლი ამბობს, რომ] დაცვა სჭირდება სწორედ გამოხატვის ისეთ ფორმებს, რაც წყენას იწვევს, შეურაცხმყოფელია ან აღაშფოთებს კონკრეტულ პირებს, იქნება ეს ხელისუფლების წარმომადგენელი, პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი”, - ეს საბა ბრაჭველის კიდევ ერთი ადვოკატის, თამთა კახიძის შესავალი სიტყვის ფრაგმენტია.
ამ სიტყვაში მან სასამართლოს შეახსენა, რომ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება და არ შეიძლება მისი საჯარო კრიტიკის გამო ადამიანების დასჯა. მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ითვალისწინებს, რომ პოლიტიკოსოს განცხადებით აღშფოთებულ მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს მკაცრი და რადიკალური თავის საჯარო შეფასებებში.
“მე მივიჩნევ, რომ მე არ ვარ დღეს აქ ბრალდებული, ეს მე ვდებ დღეს ბრალს მათ, რომ ისინი [პოლიცია] არ ემორჩილებიან კანონს და არღვევენ ადამიანის უფლებებს. თქვენ დღეს უნდა უპასუხოთ კითხვას, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს”, - უთხრა სასამართლოს თავად საბა ბრაჭველმა.
სამართალდამცავი უწყების მუშაობის დამკვიდრებული პრაქტიკის კრიტიკის გამო, მას მოსამართლემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვა და მოუწოდა ელაპარაკა მხოლოდ იმ ფაქტებზე, რაც მის დაკავებამდე უძღოდა წინ.
საბა პოლიციის პრაქტიკაზე საუბრისას ცდილობდა მოსამართლისთვის მოეყოლა, რა მოხდა მისი დაკავების შემდეგ: მას 6 საათის განმავლობაში არ მისცეს უფლება, დაერეკა ოჯახთან, ადვოკატთან ან სახალხო დამცველთან.
მოსამართლე არ დაინტერესდა ამბის ამ ნაწილით და მკაფიოდ აღნიშნა, რომ ის მსჯელობს მხოლოდ იმაზე, დაარღვიეს თუ არა დემონსტრანტებმა კანონი.
საბა ბრაჭველმა სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელი დავით ქეშელაშვილი, რომელიც მის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმედ დაიბარა სასამართლოში და ვინც ხელს აწერს მისი დაკავების ოქმს, პირველად პოლიციის შენობაში ნახა, მისი დაკავებისას იგი აქციაზე არ ყოფილა.
მან ცრუ ჩვენების თავიდან ასაცილებლად მოსამართლეს სთხოვა გამოეთხოვა სატელეფონო ანძების მონაცემები, რათა დარწმუნებულიყო, რომ პოლიციის მოწმემ, რომელიც არ ყოფილა აქციაზე, არაფერი იცოდა მისი დაკავების შესახებ.
ასევე, ითხოვა, სასამართლოს დაეკითხა პოლიციელი სერგი ბზიშვილი, რომელმაც გასცა მისი დაკავების ბრძანება. ბზიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, რომელსაც 2 ივნისის ღამეს, საბა ბრაჭველი უხსნიდა, რომ ბანერი, რომელიც ხელში ეჭირა, გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა. და არგუმენტად მოჰყავდა სტრასბურგის სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილება ნატა ფერაძის სარჩელზე, სადაც ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ “პანორამა არა *ლე” ბანერით აქციაზე დგომა დასჯადი ქმედება არ შეიძლება იყოს.
ივანე ჩიტაშვილი, საბა ბრაჭველის ადვოკატი: [სერგი ბზიშვილმა] უშუალოდ გასცა საბა ბრაჭველის დაკავების ბრძანება და უშუალოდ მონაწილეობდა მის დაკავებაში. თქვენ შეიძლება იკითხოთ, საიდან დასტურდება ეს ფაქტი. ეს ფაქტი დასტურდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. შესაბამისად, იგი გახლავთ ფაქტობრივი დამკავებელი და მას უნდა ჰქონდეს საქმისადმი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
შსს-ს წარმომადგენელი: ბატონი დავით ქეშელაშვილია [პოლიციელი, რომელიც საბას დაკავების აქტს აწერს ხელს - რ.თ] საბა ბრაჭველის დამკავებელი პირი. დაკავებაში მონაწილეები, იქ მყოფი სხვა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები და ასე შემდეგ, იყვნენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი, მათ შორის შეიძლება ბატონი სერგიც [ბზიშვილი]...
ივანე ჩიტაშვილი: ჩვენ მივუთითებთ იმ გარემოებებზე, რაც დასტურდება ვიდეოჩანაწერით. სერგი ბზიშვილს უშუალოდ დაკავებამდე ჰქონდა საბა ბრაჭველთან ურთიერთობა, იგი აძლევდა მითითებებს, მან გასცა დაკავების განკარგულება. ჩვენ არ ვითხოვთ 30 პოლიციელის დაკითხვას, ვინც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, ჩვენ ვითხოვთ მთავარი ფიგურანტის დაკითხვას. ასევე ჩვენ ვუთითებთ, რომ დავით ქეშელაშვილი საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე. შესაბამისად, ამ ფაქტის დასადასტურებლად ან უარსაყოფად მნიშვნელოვანი იქნება მისი ჩვენება.
შსს-ს წარმომადგენელი: დავით ქეშელაშვილის მხრიდან ფაქტობრივი გარემოების აღწერის და კითხვა-პასუხების შემდეგ თუ გამოიკვეთა, რომ არ არის დავით ქეშელაშვილი საბა ბრაჭველის დაკავებაში მონაწილე, გადაწყვეტილების მიმღები, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დაიკითხოს სერგი ბზიშვილი.
ივანე ჩიტაშვილი: დავით ქეშელაშვილი, ჩვენს მიერ შესწავლილი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ ის შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იყო და მით უმეტეს ამ გარემოებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ადამიანის [სერგი ბზიშვილის] სასამართლოში მისვლა და ჩვენების მიცემა.
საბა ბრაჭველი: არ ვითხოვთ 30 პოლიციელის დაკითხვას, როგორც ეს უკვე თქვა ჩემმა ადვოკატმა. ერთი პოლიციელის გამოძახება და დაკითხვა არ გადატვირთავს სისტემას, არ გააჭიანურებს საქმეს და არ მგონია, არსებობდეს ამ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების საფუძველი.
შსს-ს წარმომადგენელი: დავით ქეშელაშვილი მოწმის სახით იკითხება ფიცის ქვეშ, შესაბამისად, მისი ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებას.
ივანე ჩიტაშვილი: თუმცა სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს ცრუ ჩვენების ფაქტებსაც და სტატისტიკაც აჩვენებს ამას, რომ გვაქვს ცრუ ჩვენების ფაქტებიც. შესაბამისად, მარტო ის, რომ ფიცის ქვეშ იმყოფება, ვერ იქნება მისი მხრიდან არასწორი ინფორმაციის რისკის პრევენცია.
მოსამართლე: სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პიროვნება ფიცის ქვეშ აძლევს ჩვენებას, ცრუ ჩვენების პირობებში მას აქვს გააზრებული, რომ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.
სასამართლომ სატელეფონო ანძების გამოთხოვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, სერგი ბზიშვილის დაკითხვაზე კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ მიიღებს და 22 ივნისს დაკითხა 58 წლის პოლიციელი დავით ქეშელაშვილი საპატრულო პოლიციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
“მიმდინარეობდა აქცია, მე ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას … გაზაფხულის წვიმიანი ამინდი იყო, ზემოდან მეცვა საწვიმარი ლაბადა, ამიტომ ჩემი მხრიდან პირდაპირ კითხვებს რომ გავცე პასუხი, არ მქონდა სამკერდე [კამერა] ჩართული, ვერ მოვახერხე, იმიტომ რო წვიმიანი ამინდი იყო. … ამ აქციაზე გარკვეული პერიოდი არაფერი პრობლემა არ ჰქონდათ ამათ. არავინ არ მისულა, ელემენტარული რაც დაიწყო შემდეგში უცენზურო სიტყვებით პლაკატებით გამოსვლა, არ იყო მიზანშეწონილი…. მე იქ ვიდექი, ჩანს კიდევაც, არ არის მაგისი დამტკიცება პრობლემა. ვაიმე, იქ ვიყავი თუ არ ვიყავი, ასეთი რამეები რომ არ დაიწყოს…
მივედით, გავაფრთხილეთ, რომ გამოხატეთ პოზიცია, პრეტენზია, უბრალოდ ეს უცენზურო სიტყვები და შეძახილები არ არის საჭირო, ხალხი მოძრაობს, რუსთაველია მაინც, პარლამენტის წინ. რომ მოტრიალდებოდა, გამოვიდოდა ჩვენი პოლიციელი, მათ შორის მეც, ისევ აწევდნენ პლაკატებს”, - ასე დაიწყო პოლიციელმა 2 ივნისის ღამეზე საუბარი. პოლიციელის მონათხრობის პარალელურად დარბაზში ისმოდა რეპლიკები, რომ იმ დროს, როცა დემონსტრანტებს აკავებდნენ, უკვე აღარ წვიმდა.
მოსამართლე: ბატონი საბას მხრიდან რა ქმედებას ჰქონდა ადგილი?
დავით ქეშელაშვილი: აი, ის პლაკატი, ჩემო გოგო…. პირიქით, პატივცემულო მოსამართლევ, პლაკატი…
მოსამართლე: ყველას ეჭირა?
დავით ქეშელაშვილი: კი, ბატონო, ვინც იქ იყო, ყველას ეჭირა. და კიდევ შეძახილები.
მოსამართლე: ვის მიმართ?
დავით ქეშელაშვილი: ქუჩაში ყვიროდნენ ირა*ლი, ირა*ლი, დაჟე ირა*ლეებო, სირებო, ბოდიში…
მოსამართლე: უშუალოდ ბატონი საბას მხრიდანაც?
დავით ქეშელაშვილი: ბატონი საბას მხრიდანაც და სულ ყველას მხრიდანაც, ვინც იყო აქციის მონაწილე.
მოსამართლე: ბატონი საბას მხრიდან, რაც დაასახელეთ, ამის გარდა, კიდევ რა შეძახილებს ჰქონდა ადგილი, კონკრეტულად თქვენს მიმართ?
დავით ქეშელაშვილი: მონებო, პუტინის მონებო, ნაძირალებო… ჩემ მიმართ და პოლიციელების მიმართ… საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე…
მოსამართლის შემდეგ მოწმე პოლიციელს კითხვები საბა ბრაჭველის ადვოკატებმა დაუსვეს.
ივანე ჩიტაშვილი: დაახლოებით როდის მიხვედით 2 ივნისს პარლამენტთან?
დავით ქეშელაშვილი: ზუსტად დროები არ მახსოვს. ჩვენ დღე და ღამე [არეული გვაქვს], გუშინ ღამის 1 საათზე მივედი სახლში, პატივცემულო…
ივანე ჩიტაშვილი: მესმის, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გაქვთ.
დავით ქეშელაშვილი: არ მახსოვს, სადღაც 5 საათი იყო, გუშინ რო წავედი და მით უმეტეს 2 რიცხვში როდის დაგვიძახეს და როდის…
ივანე ჩიტაშვილი: დავაზუსტებ: დაკავებამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი საათით ადრე?
დავით ქეშელაშვილი: მეტი, მეტი!
ივანე ჩიტაშვილი: დიდი ხნით ადრე.
დავით ქეშელაშვილი: კი, ბატონო!
ივანე ჩიტაშვილი: ადვოკატი შოთა თუთბერიძე რო დააკავეს, მაშინ თუ იყავით?
დავით ქეშელაშვილი: არა! ადვოკატი შოთა თუთბერიძე მაგის წინ მოხდა, სავარაუდოდ, მაგრამ მე იმ დროს როგორ არ ვიყავი, მაგრამ დაკავებაში არ მიმიღია მონაწილეობა.
ივანე ჩიტაშვილი: ეს პროტესტი რას შეეხებოდა, ხო არ გახსოვთ?
დავით ქეშელაშვილი: ვერ გეტყვით მე… იცით, რაშია საქმე, იმდენი პროტესტია გამოხატული, ხანდახან ისეთი დაღლილები ვართ, შენი ჭირიმე, ხანდახან მწყურვალები და მშივრები ვართ, რა. პირდაპირ ვიტყვი, რა. ახლა მე ვერ დავიწყებდი იქ იმის კვლევას, რა თემაზე. გასაგებია, რომ რაღაც პროტესტია და…
დავით ქეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა ვერც იმ პოლიციელების სახელები და გვარები, ვისთან ერთადაც დემონსტრანტებს აფრთხილებდა, ჩამოეწიათ საპროტესტო ბანერები და ვერც იმ კოლეგების ვინაობა, ვისთან ერთადაც, მისი მტკიცებით, დააკავა საბა ბრაჭველი. მეტიც, მან ვერ გაიხსენა, როგორ გამოიყურებოდა ბრაჭველი აქციის ღამეს ან რა ეცვა. პოლიციელმა იმისგან განსხვავებულად აღწერა დაკავების მომენტიც, ვიდრე ეს 2 ივნისის ღამის კადრებშია ასახული.
კადრებში ჩანს, რომ საბა ბრაჭველი დაკავებისას ვარდება ძირს - პოლიციელმა თქვა, რომ ბრაჭველს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ორი პოლიციელი, დავით ქეშელაშვილი და მისი კოლეგა, მას აქეთ-იქით ამოუდგნენ, ყველანაირი ექსცესის გარეშე გაჰყვა მშვიდად პოლიციის მანქანისკენ.
ივანე ჩიტაშვილი: ბატონო დავით, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სიტყვა იყო უცენზურო?
დავით ქეშელაშვილი: იცით რა, ქართულ ლექსიკაში ასეთი სიტყვა ირა*ლი არ გვიწერია, ეს არის უცენზურო სიტყვა, თქვენც კარგად იცით! ახლა იქ შეძახილებიც იყო….
ივანე ჩიტაშვილი: იყო არა, საბა ბრაჭველზე ვლაპარაკობთ.
დავით ქეშელაშვილი: კი, ბატონო, საბა ბრაჭველისგანაც იყო.
ივანე ჩიტაშვილი: დაკავებამდე თუ დაკავების მომენტში?
დავით ქეშელაშვილი: დაკავებამდეც და დაკავების მომენტშიც.
ივანე ჩიტაშვილი: ირა*ლის მაგივრად რომ ყოფილიყო ირაჯლი, მაინც დააკავებდით?
დავით ქეშელაშვილი: ირაჯლი არ გამოხატავს იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ.
ივანე ჩიტაშვილი: კი, ბატონო.
დავით ქეშელაშვილი: ეს თქვენ გააანალიზეთ, რას გამოხატავს!
ივანე ჩიტაშვილი: ანუ სამართალდარღვევად მიიჩნიეთ იმიტომ, რომ ეს თქვენი აზრით იყო უცენზურო და რატომ თვლით, რომ ეს უცენზურო სიტყვაა?
დავით ქეშელაშვილი: იმიტომ, რომ პლაკატებთან ერთად იყო შეძახილები - ირა*ლიებო!
ივანე ჩიტაშვილი: ეს უშუალოდ საბასგან? საბა იძახდა ამას?
დავით ქეშელაშვილი: კი, ბატონო!
ივანე ჩიტაშვილი: დაკავებამდე?
დავით ქეშელაშვილი: კი, ბატონო, რამდენიმე წუთით ადრე.
ივანე ჩიტაშვილი: თქვენ თუ თვლიდით, რომ ეს ბანერი იყო უხამსი, სანამ პოლიციელებს მიაყენებდა შეურაცხყოფას, მანამდე დაკავების განზრახვა არ გქონიათ, ხო?
დავით ქეშელაშვილი: ახლა, როცა წესრიგი არ ირღვევა, რატომ უნდა ჩავერიო, ადამიანია და თავის პროტესტს გამოხატავს მშვიდობიანად, გამოსულია და დგას და სწორედ ეს პლაკატი იყო გამომწვევი, რამაც გამოიწვია ჩვენი ურთიერთობა, მისვლა და დაძაბული სიტუაცია.
ივანე ჩიტაშვილი: სხვა მხრივ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა?
დავით ქეშელაშვილი: თუ მშვიდობას დავარქმევთ, ამ წარწერების გარდა… არავითარი შეურაცხყოფა ჩემთვის არავის არ მოუყენებია, “შენი დედაო” არავის არ უთქვამს. ერთადერთი, რაც არის, მონებო, პუტინის პოლიციელებო და ნაძირალებო, ეს სიტყვა იყო…
ივანე ჩიტაშვილი: აქ გამოითქვა მოსაზრება, რომ დაკავების ადგილას საერთოდ არ იყავით...
დავით ქეშელაშვილი: მაგის დამტკიცებას არაფერი არ უნდა! ორი წუთი უნდა!
ივანე ჩიტაშვილი: კითხვას დაგისვამთ. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, საბა ბრაჭველი დაკავების მომენტში როგორ გამოიყურებოდა, გახსოვთ?
დავით ქეშელაშვილი: კი, როგორ არ მახსოვს!
ივანე ჩიტაშვილი: რა ეცვა?დავით ქეშელაშვილი: აუ, ეგ აღარ მახსოვს. ეგენი აღარ მახსოვს. არადა, იცის თვითონაც, ხო ვნახე, არა?
ივანე ჩიტაშვილი: სად ნახეთ?დავით ქეშელაშვილი: დაკავების მომენტში!
პოლიციელ დავით ქეშელაშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება და აქციის ღამეს საბა ბრაჭველისთვის გადაღებული ფოტო არის ის მტკიცებულებები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს წარუდგინა ბრაჭველის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასტურად.
საქმეში არ არის არც დავით ქეშელაშვილის და არც აქციაზე მყოფი სხვა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები. იმის მიუხედავად, რომ ბრაჭველი დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში იყო წინასწარი დაკავების იზოლატორში იმ არგუმენტით, რომ ეს დრო პოლიციას მტკიცებულებების მოსაგროვებლად სჭირდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხრე კამერების ჩანაწერების არსებობით მხოლოდ 12 ივნისს დაინტერესდა.
ბრაჭველის ადვოკატებმა დავით ქეშელაშვილს ჰკითხეს, რატომ გახანგრძლივდა წინასწარი პატიმრობის 24-საათიანი ვადა 48 საათამდე, თუკი ეს დრო მტკიებულებების მოსაპოვებლად არ გამოუყენებიათ.
“არ აღიარებდა დანაშაულს. შეიძლება არც დაგვეკავებინა, რომ ეღიარებინა, რომ ეთქვა, აი, ბიჭებო… არ აღიარა!” - უპასუხა პოლიციელმა.
კითხვა-პასუხის შემდეგ სასამართლომ მოწმე პოლიციელთან ერთად ნახა ბრაჭველის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება - ესაა 2 ივნისის ღამეს გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს როგორ აკავებენ მას. დავით ქეშელაშვილს უნდა ეჩვენებინა სასამართლოსთვის, სად იყო თვითონ ამ ვიდეოში.
4-წუთიანი ვიდეოს ჩვენებისას დარბაზში ისმოდა ქეშელაშვილის კომენტარები:
“აი, აქ ვდგავარ, გვერდზე, ბიჭებთან!”
“ვერა ვხედავ, გაორება მაქვს, აი, მანდ ვდგავარ, ბიჭებთან!”
“მე სად ვდგავარ და ხალხში ვარ, მანდ ვდგავარ, კადრში, აი, ვჩანვარ”.
“კადრში არა ვჩანვარ, მარა აქ ვარ. კადრში რომ არ ვჩანვარ, არ მაქვს დაკავების უფლება?”
- კადრში არ ჩანხართ და დაკავებაში არ მონაწილეობთ? - ჰკითხეს საბა ბრაჭველის ადვოკატებმა მოწმე პოლიციელს.
- ნახე, რა ამბავი ხდება, სინამდვილეში ვარ! - უპასუხა მან.ვიდეოს დასრულების შემდეგ დავით ქეშელაშვილმა სასამართლოს უთხრა: “მე კადრში არ ვჩანვარ იმიტომ, რომ ბევრი ვიყავით, გაფანტულები ვიყავით”, საბა ბრაჭველს კი აუხსნა: “ჩემს გარშემო ხდებოდა თქვენი დაკავება”.
ამ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 5 ივლისს, 2 საათზე გაგრძელდება. შემდეგ სხდომებზე სასამართლო გამოკითხავს სხვა ოთხი დაკავებულის მოწმე პოლიციელებს და გამოიკვლევს მტკიცებულებებს.