Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროვოცირებენ... როგორ არ მაინტერესებს, ხო წარმოგიდგენიათ?! - ღარიბაშვილი თავის შესახებ წარწერაზე


ფოტო 3 ივნისს პარლამენტთან გამართული აქციიდან
ფოტო 3 ივნისს პარლამენტთან გამართული აქციიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღიმილით პასუხობს კითხვას პარლამენტის შენობის წინ აქციებზე მოქალაქეების იმ პლაკატებით დგომის შესახებ, რომლებიც მას შეეხებოდა. მაშინ, როცა აქციაზე ადამიანები სუფთა ფურცლისა და "ირა*ლის" წარწერიანი პლაკატებისთვის დააკავეს, პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს საკითხი "არ აინტერესებს".

"ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენს უსუსურ, მარგინალიზებულ ოპოზიციას მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით, თავისი ენჯეოებით, დეგრადირებული, ამორალური ხალხით, არაფერი არ დარჩენია, გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ისინი პროვოცირებენ... როგორ არ მაინტერესებს საერთოდ, ხო წარმოგიდგენიათ?!. ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი პროვოკაციები, რომლებზეც სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აქციები საქართველოს პარლამენტის შენობასთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა. პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი კარვის გაშლის დროს დააკავეს.

  • 1 ივნისს პოლიციელებმა საპროტესტო პლაკატები წაართვეს გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეკრებილ აქტივისტებს;
  • 2 ივნისს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან, გაიმართა აქცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები, მათ შორის წარწერით: "ირაყლი".
  • პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა აქციის 7 მონაწილე.
  • 3 ივნისს აქცია გაიმართა ბათუმში, სადაც ანალოგიური ბრალდებით დააკავეს 6 პირი.

დაკავებულებს შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც სუფთა ფურცელი ეჭირა ხელში.

აქტივისტების ერთი ნაწილი პოლიციამ 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG