Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო საელჩოს განცხადებას იმეორებს


გამოხატვის თავისუფლების დასაცავად თბილისში, პარლამენტთან 3 ივნისს გამართული აქციის მონაწილეები
გამოხატვის თავისუფლების დასაცავად თბილისში, პარლამენტთან 3 ივნისს გამართული აქციის მონაწილეები

სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება გაიმეორა ბოლო დღეებში, საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავების გამო.

5 ივნისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს, ვედანტ პატელს ჰკითხეს, რამდენად ყურადღებით აკვირდებიან იმას, რაც საქართველოში ხდება.

პატელმა უპასუხა, რომ საელჩომ უკვე თქვა და კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა კი, არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებს, რომლებთანაც შეერთება სურს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.

  • 1 ივნისს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დასაწყებად კარვის გაშლის მცდელობისას დააკავეს "უცხოეთის აგენტების" კანონის მოწინააღმდეგეთა აქციის დროს, პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, მარტში დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი, რომელიც შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
  • ბექა გრიგორიადისს ბრალად დასდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
  • 1 ივნისს, პოლიციელებმა საპროტესტო პლაკატები წაართვეს გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეკრებილ აქტივისტებს.
  • 2 ივნისს, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან გაიმართა აქცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები, მათ შორის წარწერით: "ირაყლი".
  • პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა აქციის 7 მონაწილე.
  • 3 ივნისს აქცია გაიმართა ბათუმში, სადაც ანალოგიური ბრალდებით დააკავეს 6 პირი.

3 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კვლავ გაიმართა აქცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამჯერად, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს კარვის გაშლა მოახერხა ბექა გრიგორიადისმა, რომელიც 1 ივნისს დაკავების შემდეგ სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

XS
SM
MD
LG