საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ასე ეხმიანება ომბუდსმენი გუშინ, 1 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სწორედ ამ ქმედებისთვის ბექა გრიგორიადისის, მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამის, დაკავებას.
"განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ ამ დღეს პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეთათვის საპროტესტო ბანერების წართმევა სამართალდამცავთა ვალდებულებებს ეწინააღმდეგება:
"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა".
1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება.
ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება პოლიციამ 29 მაისსაც არ მისცა. მან შვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ დაიწყო „ერთი კაცის აქცია", რომელსაც სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.