Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობის უკან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს


ბექა გრიგორიადისი
ბექა გრიგორიადისი

პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის მოითხოვდა შვილის, მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.

ბექა გრიგორიადისი პოლიციამ მაშინვე დააკავა, როგორც კი ჩანთიდან კარვის ამოღება მოინდომა.

„მე ვათენებ ჩემი ლაზარეს გულისთვის, მინდა ჩემი ლაზარე დავიხსნა, რომ ჩემთან ერთად იყოს... მე მჭირდება უამრავი ხალხის დახმარება", - ეს სიტყვები თქვა ბექა გრიგორიადისმა დაკავებამდე და აქციაზე მისულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. მან, ასევე, გამოყო ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც მხარს უჭერენ.

რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესცენტრიდან აცნობეს, რომ ბექა გრიგორიადისი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

თბილისი. აქცია ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით
თბილისი. აქცია ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით

ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება პოლიციამ 29 მაისსაც არ მისცა. მან შვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ დაიწყო „ერთი კაცის აქცია", რომელსაც სხვა მოქალაქეებიც უერთდებიან.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

„ლაზარე გრიგორიადისი არ უარყოფს იმ ფაქტს და ადასტურებს, რომ ის იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებდა რუსულ კანონს, როგორც ყველა სხვა ახალგაზრდა, მაგრამ მან რომ კონკრეტულად, მიზნობრივად მიაყენა დაზიანება პოლიციელს, ასეთი რამ არ ყოფილა“, – თქვა ლაზარეს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო გამოიყენა.

XS
SM
MD
LG