Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარეს თმის ფასი


სანამ სასამართლო გაარკვევს, დამნაშავეა თუ არა ლაზარე გრიგორიადისი, პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ის უკვე გამოაცხადეს დამნაშავედ - ორიენტაცია არეულ ანარქისტად, გამოაცხადეს იმის აშკარა მინიშნებით, რომ ასეთი ადამიანისგან ყველაფერი, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და „პოლიციელის ცოცხლად დაწვაც“ მოსალოდნელია.

სისტემა უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეშ უგულებელყოფას არ სჯერდება და განაჩენის დადგომამდე ცდილობს ბრალდებულის „გამოსწორება-გარდაქმნას“, ირაკლი კობახიძის გამონათქვამის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, მისი „არეული ორიენტაციის“ დალაგებას.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, 3 აპრილს ლაზარე გრიგორიადისმა ნებაყოფლობით თქვა უარი თავის გამორჩეულ ვარცხნილობაზე („ისარგებლა საპარიკმახერო მომსახურების უფლებით“), თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ გრიგორიადისს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

თმის იძულებით გადაპარსვას მექანიკურად გადავყავართ წარსულში, სადაც ყველაფერი, მათ შორის ადამიანის სხეულიც, სისტემის საკუთრება იყო, სადაც ყველა პატიმარს, ყველა ჯარისკაცს ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდა, თუმცა ვერც პირობითად თავისუფალი ადამიანები სარგებლობდნენ მაინცდამაინც მრავალფეროვანი არჩევანით. დიახ, იყო დრო, როცა სიცოცხლე იმდენად საშიში იყო, რომ ნებისმიერი გადახვევა ე.წ. მიღებული სტანდარტიდან, ნებისმიერი გამორჩეულობა, სისტემის მიერ აღიქმებოდა გამოწვევად და, შესაბამისად, შეიცავდა ხიფათს. ერთგვარი მიმიკრია იყო ეს არაფრით გამორჩეულობა, ჩაცმულობით ან ვარცხნილობით მსგავსება სხვა ადამიანებთან, რომლებიც ნაწილობრივ იძულებით, ნაწილობრივ კი ნებაყოფლობით (გადარჩენის მეტი შანსის გამო), პოლიტიკური ძილქუშის თუ ანაბიოზის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

„როგორც საბჭოთა ადამიანთა მთელი ერთობლიობა, ჩვენც იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა - რეალობისგან, - წერდა მერაბ მამარდაშვილი 1990 წელს, - ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი, მათ ზნეში, საქმიანობაში, ცოდნაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა, ენერგიადაშრეტილებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში“.

ამ სიტყვების წარმოთქმიდან 33 წლის შემდეგაც საქართველოს საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, რთულ საზოგადოებაში იცხოვროს თუ კვლავ ძველ გარემოში გააგრძელოს თვლემა.

„დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, რომ გაიხსნა საზღვრები. ყველა გადის გარეთ და ხედავს, როგორ ცხოვრობენ სხვები და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა“, - ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები დიდწილად განსაზღვრავენ მისი პარტიის - „ქართული ოცნების “ მოქმედების ლოგიკას, რომელიც ბუნებრივად უარყოფს რთულ საზოგადოებას, სადაც ხალხი ფხიზლობს, სადაც მართლმსაჯულება თავისუფალია, სადაც სამართლიანი არჩევნები ტარდება და სადაც, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებები იცვლებიან.

ბუნებრივია, რომ სწორედ ახალგაზრდებს, რომელთა სტიქიისთვისაც ჯერ კიდევ უცხოა თვლემა, გაუჩნდათ კითხვები, თუ სად ცხოვრობენ, რას აკეთებენ და საით მიდიან? ბუნებრივია, რომ სწორედ მათ შეამჩნიეს, რომ უკან, სიკვდილის ტოლფას ძილში ექაჩებიან, რომ მათ ირგვლივ, როგორც ფილოსოფოსმა შენიშნა, ფეხზე მდგომი გვამების უღრანი ტყეებია, რომლებიც სულს უხუთავენ თავიანთი სიცრუით, ფანტომებით, ჩაგვრა-შევიწროებით, უაზრობით, უვიცობით და აკარგვინებენ ყველაზე მნიშვნელოვანს - დროის შესაბამისად ცხოვრების საშუალებას.

ვინ ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ და ისროლა თუ არა ის ლაზარე გრიგორიადისმა? - ეს ერთი ამბავია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ შექმნა გარემო, სადაც არა მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა გახდა შესაძლებელი, არამედ გაზით გაგუდვაც და რეზინის ტყვიით თუ წყლის ჭავლით თვალის დაკარგვაც. ვინ შექმნა გარემო, რომელშიც კანონის ფარგლებში დარჩენა საზოგადოებისათვისაც შეუძლებელი იყო და - სამართალდამცავებისთვისაც?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ნეგატიური ეპითეტით ამკობენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ბრალეულობაც, ისევ და ისევ, ჯერ არ დამტკიცებულა. ღარიბაშვილისა და კობახიძის ლექსიკა დიდად არ განსხვავდება საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის, ნიკოლაი ტრუბინის ლექსიკისგან, რომლის ადრესატები, არც მეტი, არც ნაკლები, 1989 წლის აპრილის აქციების ლიდერები იყვნენ. „ექსტრემისტები“, „სატანისტები“, „კონსტიტუციური წყობის ძირგამომთხრელები“ და ა.შ. ნაცნობი სიტყვებია...

მაინც რატომ არ ელოდება ხელისუფლება სასამართლო პროცესის დასრულებას?

რატომ არღვევენ მაღალი თანამდებობისა და სასამართლოზე გავლენის მქონე პირები უდანაშაულობის პრეზუმფციას?

რატომ არის მნიშვნელოვანი ბრალდებულის ორიგინალური ვარცხნილობის იძულებით შეცვლა, რასაც იურისტები ღირსების შემლახავი ქმედების კვალიფიკაციას ანიჭებენ?

იმიტომ ხომ არა, რომ სხვებისთვის მაგალითი იყოს?

იმიტომ ხომ არა, რომ, როგორც შუა საუკუნეებში იყო, დაისაჯოს პატიმრის „როგორც ხორცი, ასევე სული“?

იმიტომ ხომ არა, რომ სისტემამ, როგორც ბერჯესის „მექანიკურ ფორთოხალშია“, უთხრას ლაზარეებს: „პიროვნების მაგივრად უნებო არსებებად გაქციეთ, საკუთარი არჩევანი აღარ გაგაჩნიათ: თქვენ ახლა სხვისი გამოწერილი რეცეპტებით უნდა იცხოვროთ“.

7-9 მარტის საპროტესტო აქციები სწორედაც რომ სხვის რეცეპტებზე უარის თქმით იყო შთაგონებული. ყველასთვის აშკარა გახდა, რომ ის რუსული კანონიც სხვისი დაწერილი რეცეპტი იყო და საქართველოსთვის სასიკვდილო ზიანს შეიცავდა.

ასევე სხვისი დაწერილია რეცეპტი, რომელიც 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს განაჩენის გამოტანამდე აცხადებს ქვეყნის მტრად და, რომლის მიზანი არა კანონის უზენაესობა, არამედ ახალი თაობის დაბერების დაჩქარებაა, რათა ეს თაობაც მიეცეს ჯერ უიმედობას, შემდეგ კი ძილ-ღვიძილს და ამ თაობამაც აღარ გააპროტესტოს სხვისი გამოწერილი რეცეპტებით ცხოვრება.

იძულება კი არა, ასეთი ჰიპოთეზური რჩევაც კი - „შენივე უსაფრთხოებისათვის, სტანდარტულად შეიკრიჭე თმა“ - იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ უარს გათქმევინებენ ყველაზე მნიშვნელოვანზე - დროის შესაბამისად ცხოვრებაზე. სინამდვილეში ეს არის ლაზარეს თმისა და პატიმრობის ფასი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG