Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა 13 ივნისს დაიწყება


მარტის აქციების მონაწილე, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი
მარტის აქციების მონაწილე, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი

საქალაქო სასამართლოში დაიწყო მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა. დაცვისა და ბრალდების მხარეების შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ზვიად შარაძემ მომდევნო სხდომის თარიღად 13 ივნისის 13:00 საათი განსაზღვრა. პროკურორების თქმით, მომდევნო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოწმეთა ჩვენებებით დაიწყება. ცნობილია, რომ 13 ივნისის სასამართლო სხდომის ხანგრძლივობა 2 საათი იქნება.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ბრალდების მხარეს მოწმეებად ჰყავს პოლიციელები, ექსპერტები (რომლებმაც სამართალდამცველებს და პოლიციის დამწვარ მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარეს) და ბრალდებულის ერთი მეგობარი. პროკურატურას იმედი აქვს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საშუალებას მისცემს. ბრალდება 21 წლის დემონსტრანტს მოლოტოვის კოქტეილით ორი პოლიციელის სხეულის დაზიანებას და პოლიციის ერთი მანქანის, "ტოიოტა კოროლას" დაწვას ედავება. დღეს გამართულ სხდომაზე პროკურორებმა თქვეს, რომ დაშავებული ორი პოლიციელიდან ერთს ხელის არეში, მეორეს კი ფეხის არეში ჰქონდა დამწვრობები, ავტომობილის დაწვით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ კი 39 500 ლარი შეადგინა.

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. დაცვის მხარეს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

"ლაზარე გრიგორიადისი არ უარყოფს იმ ფაქტს და ადასტურებს, რომ ის იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებდა რუსულ კანონს, როგორც ყველა სხვა ახალგაზრდა, მაგრამ მან რომ კონკრეტულად, მიზნობრივად მიაყენა დაზიანება პოლიციელს, ასეთი რამ არ ყოფილა“, – უთხრა დღეს ჟურნალისტებს ლაზარეს ერთ-ერთმა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე ზვიად შარაძე გახმაურებული საქმეებიდან განიხილავდა ასევე "კარტოგრაფების საქმეს". ამ საქმეზე მან დაცვის მხარეს უარი უთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწმის სახით სასამართლოში გამოკითხვაზე და 2020 წლის 30 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა ორივე ბრალდებული მაშინ, როცა დაცვა მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გირაოთი მაინც შეეცვალათ 2021 წლის 28 იანვარს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.

XS
SM
MD
LG