Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ლაზარე გრიგორიადისი - „მოლოტივის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული


საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 7 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 7 მარტი, 2023 წელი

21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში, 30 მარტს, შუადღისას წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლო, 31 მარტს იმსჯელებს მისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე იცავს. თითქმის სამი საათი იმყოფებოდა ის ბრალდებულთან წინასწარი დაკავების იზოლატორში. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბრალთან დაკავშირებით დაკავებულის პოზიცია, ამ ეტაპზე, კომენტარის გარეშე დარჩება:

„შევთანხმდით, რომ ჯერ არ გავამჟღავნებთ მის პოზიციას. ამ ინფორმაციას მასთან შეთანხმებით, მოგვიანებით ვიტყვით. ანუ, ამ ეტაპზე, ბრალთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. მე არ ვარ მოწოდებული, რომ ადამიანს გავურთულო მდგომარეობა. გამოვკითხე, ვიდეო-მტკიცებულებები დავათვალიერეთ, თვითონაც ნახა, მეც ვნახე, ოჯახის წევრებსაც უნდა დაველაპარაკო და მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

როგორც ადვოკატი გვეუბნება, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს, საღამოს, ქუჩაში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მეგობრის სახლი დატოვა.

რას ედავება ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაზარე გრიგორიადისს, 7-9 მარტის აქციების მონაწილეს, ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა.

გამოძიების ვერსიით, 2002 წელს დაბადებულმა 21 წლის ახალგაზრდამ, 7-9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მარტის აქციებზე გადაღებული კადრები, სადაც წითელი ისრის საშუალებით, უწყება მიანიშნებს კადრებზე ასახულ ახალგაზრდაზე, რომელსაც კაპიუშონი და ნიღაბი უკეთია. უწყების მტკიცებით, სწორედ ეს ახალგაზრდაა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სამართალდამცავებს ე.წ. „მოლოტივის კოქტეილს“ ესვრის. შემდეგ კადრში კი ჩანს ახალგაზრდა, რომელსაც ახურავს ქუდი და რუსთაველის გამზირზე, „თბილისი მარიოტთან“ ამოტრიალებულ უნომრო მანქანას, რომელიც შსს-ს ცნობით, მათი კუთვნილი ავტომობილია, ცეცხლს უკიდებს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„მამაზე ძალადობაში ბრალდებული“ - რას წერენ მის შესახებ სოციალურ ქსელში და რას ეუბნება მამა რადიო თავისუფლებას

29 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც წერია, რომ 2002 წელს დაბადებული პირი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული და ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული.

ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან მალევე, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის, სახელისუფლებო მედიის, POST TV-ის გვერდზე გავრცელდა მისი ფოტო და ინფორმაცია, რომ ლაზარე გრიგორიადისი მამაზე ძალადობის ბრალდებით იყო ნასამართლევი.

30 მარტს, ლაზარეს მამა, ბექა გრიგორიადისი ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

„დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ, გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უვარგისი მამა.... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ, სადაც არ გეხებათ, ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას, მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას“.

ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლება ბექა გრიგორიადისს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ მამა-შვილს ერთმანეთთან აქვთ კარგი, „თავისუფალი ურთიერთობა“. ინციდენტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მისი შვილის დაკავების შემდეგ გავრცელდა, 2021 წლის ოქტომბერში მოხდა, მალევე ამოიწურა და ამ ინფორმაციის გავრცელება ახლა მხოლოდ მისი შვილის დისკრედიტაციას ემსახურება:

„იქნებ მამა იყო მთვრალი და არ უნდა მისულიყო მასთან და არ მოხდებოდა არანაირი კონფლიქტი? რა შუაშია, რომ კონფლიქტი გვაქვს? ჩემგან ჩემს შვილს სრული თავისუფლება აქვს. ის სრულწლოვანი ადამიანია. ახალგაზრდა ბიჭია. მისი ასაკის რომ ვიყავი, მეც მინდოდა თავისუფლად ცხოვრება და ასეც ვიცხოვრე. ძალიან ჭკუაგახსნილი და კეთილი ადამიანია. გვქონდა პატარა ოჯახური შელაპარაკება და ყველაფერმა ჩაიარა საბოლოოდ მშვიდად. სასამართლოდანვე გაუშვეს ბავშვი. მომჩივანი არ ჰყავდა. მე მისთვის სრული თავისუფლება მაქვს მიცემული. როცა უნდა შემეხმიანება, არ ვაწუხებთ ერთმანეთს. მე რომ ჩემი შვილის მიმართ ცუდი დამოკიდებულება მქონდეს, საჯარო პოსტს დავდებდი? მე ბოლომდე ჩემი შვილის გვერდით ვიდგები, რადგან ვიცი, ვინც არის და რასაც წარმოადგენს. ვიცი, რა გულის პატრონიც არის“.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ცნობას, რომ ლაზარე გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული იყო, მამამისი გვეუბნება, რომ ეს ფაქტი მოხდა 2020 წელს, ნოემბერში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც დემონსტრანტები ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. მაშინ ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით ორჯერ დაშალეს, ხოლო 19 პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს:

„ცესკოსთან რომ აქციები იმართებოდა, აი იმ აქციაზე დააკავეს. მაშინ სულ პატარა იყო. ძალიან არ უყვარს უსამართლობა. ვერ ვიტყვი, რომ ის დაინტერესებულია პოლიტიკური პროცესებით, მაგრამ როცა უსამართლობას ხედავს, მაშინ უმძაფრდება ეს შეგრძნება და გადის. ასე გავიდა ცესკოსთანაც. ცესკოს აქციის შემდეგ ძალიან ვთხოვე, მა, გაანებე თავი, ნუ დადიხარ, ხომ ხედავ, არავის ინდობენ და ცხოვრება რატომ უნდა გაიმწარო-მეთქი, მაგრამ, მაინც წავიდა ამ აქციებზე. არ ვიცოდი, რომ მარტის აქციებზე მიდიოდა“, - გვეუბნება ბექა გრიგორიადისი.

ლაზარე გრიგორიადისი ერთ-ერთ აქციაზე, 2018 წელი
ლაზარე გრიგორიადისი ერთ-ერთ აქციაზე, 2018 წელი

ბექა გრიგორიადისის თქმით, მის შვილს, ამ ეტაპზე, აკადემიური წელი აქვს აღებული და ის სხვადასხვა ადგილას მუშაობდა: „არასდროს ყოფილა უსაქმურად, სულ რაღაცას აკეთებს, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს“.

ჩხრეკა ლაზარეს ბაბუისა და ლაზარეს მეგობრის სახლებში

ლაზარე გრიგორიადისის დაკავების პარალელურად, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის სახლში. ლაზარე ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. მისი ბაბუა, გია გრიგორიადისი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მხოლოდ შვილიშვილის ოთახი გაჩხრიკეს.

როგორც ის ამბობს, სამართალდამცავებმა სახლიდან ამოიღეს ე.წ. ჰუდი, კაპიუშონიანი ჯემპრი და დაზიანებული ტელეფონი:

„ლაზარეს საღამოს 7 საათზე ველაპარაკე ტელეფონით. მალე მოვალო. დაახლოებით თერთმეტის ნახევარი იყო, პოლიცია მოვიდა. ლაზარეზე არაფერი უკითხავთ. მე ვკითხე, რა ხდება-მეთქი და აქციასთან დაკავშირებით ვართ მოსულიო. კარადიდან ამოიღეს ჰუდი. მერე მკითხეს ტელეფონი და ლეპტოპი თუ აქვსო. ლეპტოპი არ აქვს. ძველი, ექვსი თვის წინ გატეხილი ტელეფონი წაიღეს. მერე ვკითხე, ლაზარე დაკავებული ხომ არ არის მეთქი და კიო, დაკავებულიაო“.

გარდა ლაზარე გიორგიადისის სახლში ჩატარებული ჩხრეკისა, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მისი მეგობრის სახლშიც. ლაზარეს მეგობარი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 29 მარტის საღამოს, დაკავებამდე, ლაზარე მასთან იყო სახლში. ლაზარეს წასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში კი მის კარზე სამართალდამცავებმა დააკაკუნეს და უთხრეს, რომ სახლი უნდა გაეჩხრიკათ.

როგორც ლაზარეს მეგობარი გვეუბნება, სამართალდამცავებს მისთვის არ წარუდგენიათ ჩხრეკის ორდერი:

„ვუთხარი, არ კი ვიცი, გაქვთ თუ არა ჩემს სახლში ასე შემოსვლის და ჩხრეკის ჩატარების უფლება-მეთქი. არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ, მხოლოდ საბუთები მაჩვენეს, რომ სამივენი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. მითხრეს, გვაქვს თქვენი სახლის ჩხრეკის უფლებაო. ერთ-ერთმა მითხრა, მაინც უნდა შემოვიდეთ და გოგო ხარ და ასე მშვიდად გეუბნებითო. დავთანხმდი, რადგან დასამალი არაფერი მქონდა. ცხადია, ვერაფერი ნახეს“.

ლაზარეს მეგობარი გვეუბნება, რომ სამართალდამცავები მის სახლში ეძებდნენ ლაზარეს მაისურსა და ნიღაბს:

„მითხრეს, თუკი მისი რაიმე ტანსაცმელი ან ნივთი გაქვს, ყველაფერი მოგვეციო, მაგრამ მე არაფერი მქონდა სახლში. რომ ვერაფერი იპოვეს, მერე მითხრეს, ნიღაბს და მაისურს ვეძებთო. არ ვიცი, რა ნიღაბს ეძებდნენ. პოლიციას რომ ვკითხე, რა დააშავა, რატომ ეძებთ-მეთქი, მითხრეს, რომ ედავებოდნენ პოლიციაზე თავდასხმას და მანქანის დაზიანებას და გამიკვირდა, რადგან ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ლაზარეს ამ საკითხზე ჩემთან არაფერი უთქვამს. ლაზარე 9 მარტს ვნახე ცოტა ხნით აქციაზე. მანამდე, 7 მარტს, მეც ვიყავი აქციაზე, მაგრამ ერთად არ ვყოფილვართ“.

აქვს თუ არა ლაზარე გრიგორიადისს კავშირი პოლიტიკურ პარტია „დროასთან“?

მას შემდეგ, რაც 29 მარტის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია 21 წლის კაცის დაკავების თაობაზე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, თითქოს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური პარტია „დროას“ წევრი იყო.

გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია. როგორც ის წერს, მართალია, დაკავებული პირი არც „დროას“ წევრია და არც იცნობს მას, მაგრამ მის უფლებებს „ყველანაირად დაიცავენ“.

გიგა ლემონჯავა, „დროას“ აღმასრულებელი მდივანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ერთადერთი, ვინც 7-9 მარტის აქციების დროს ძალადობდა, ეს იყო სახელმწიფო და შსს, მისი სხვადასხვა დანაყოფით.

მისივე თქმით, მარტის აქციების პროტესტი გამოწვეული იყო იმ „მოღალატეობრივი ნაბიჯით“, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის მიღებით და ადამიანებს ჰქონდათ სრული უფლება, გამოეხატათ აღშფოთება და პროტესტი:

გიგა ლემონჯავა
გიგა ლემონჯავა

„ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იმ დღეებში შსს-მ შეზღუდა საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს პროტესტი გამოწვეული იყო იმ აბსოლუტურად მოღალატეობრივი ნაბიჯით, რომელიც უკავშირდებოდა ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე პრაქტიკულად უარის თქმას და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას ამ რუსული კანონის მიღებით“.

გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ დაკავებული პირი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაუკავშირეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და სამართალწარმოება, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაიწყო, პოლიტიკურად მოტივირებულია:

„ამ ადამიანს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პარტია „დროასთან“, ის არ არის ჩვენი პარტიის წევრი, მას პირადადაც არ ვიცნობთ, პირველად გავიგეთ დღეს მის შესახებ, თუმცა, მე არ მინდა, ეს განცხადება გაიგოთ ისე, თითქოს ჩვენ ვინმეს ვემიჯნებით. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის პოლიტიკური პარტია „დროას“ წევრი, ის არის პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების მსხვერპლი. ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვევა ამ სისხლის სამართლის საქმეში და დავიცავთ მასაც და ყველას, ვის წინააღმდეგაც ხელისუფლება საგამოძიებო ორგანოებს იყენებს როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტს“.

პარტია „დროას“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც ხელისუფლებამ დემონსტრანტების დაკავების ახალი სერიით განაახლა, ემსახურება ერთი მხრივ კონკრეტული ადამიანის, მეორე მხრივ კი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას:

„ამ ადამიანის ფოტოები გაავრცელეს პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა. ფაქტია, რომ ამ ყველაფერს აქვს პროპაგანდისტული კონტექსტი და ეს პირდაპირ ჯდება იმ პროპაგანდისტულ ხაზში, რომელსაც ატარებს როგორც პრემიერ-მინისტრი, ისევ ზოგადად „ქართული ოცნება“ ე.წ. „სატანისტ ახალგაზრდებთან“ და „რადიკალურ ოპოზიციასთან“ დაკავშირებით“.

„ორიენტაცია არეული“ და „გზას აცდენილი ახალგაზრდა“, - 30 მარტს სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია ლაზარე გრიგორიადისი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. „სატანისტებისა“ და „ათასლარიანი ახალგაზრდების“ შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახალგაზრდა დემონსტრანტებს, რომლებიც 7-9 მარტს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის მიღებისა და ევროინტეგრაციის დაკარგვის პერსპექტივას აპროტესტებდნენ, ეს ახალი ეპითეტებიც მოარგეს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისს კონკრეტული ინტერესი ამოძრავებდა, ინტერესი, რომელიც მისივე სიტყვებით, „ბოლშევიკური ტროიკის“ ინტერესებს ემთხვევა:

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„მას ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს გზას აცდენილი ახალგაზრდა კაცი არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან - ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას ერთობა, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. ასეთი ორიენტაცია არეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული, როგორც სამართლებრივად, ისე საზოგადოების მიერ“.

რას ამბობენ დემონსტრანტების დაკავებისა და დაშლის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროპარლამენტარები?

მიუხედავად იმისა, რომ 9 მარტის საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ 7, 8 და 9 მარტს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 132 ადამიანი გაათავისუფლეს, მათი სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და კვლავ გრძელდება. ზოგიერთის სასამართლო პროცესი კი ჯერაც არ გამართულა. მათ უმეტესობას კი, ვინც უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის 2000-ლარიანი და მეტი ოდენობის ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი, 9 მარტს იტყობინებოდა, რომ მარტის აქციებზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული. მათივე განცხადების თანახმად, „სამართალდამცავები მათ უკეტავდნენ გასასვლელ გზებს, დასდევდნენ, აკავებდნენ და სცემდნენ“.

მარტში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ 21 მარტს განცხადება გამოაქვეყნა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობისგან გაათავისუფლა, კვლავ დღის წესრიგში დგას მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ აქციის მონაწილეებისთვის მაღალი ჯარიმების შეფარდებას.

21 მარტსვე გავრცელდა ევროპარლამენტარების, რუმინელი ვლად გეორგესა და დანიელი კარენ მელქიორის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე.

ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ პრემიერ-მინისტრის მუქარის გამო ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი და წერენ, რომ „ნებისმიერი შემდგომი ძალადობრივი ქმედება, უკანონო დაპატიმრებები და დემონსტრანტთა სამართლებრივი დევნა გამოიწვევს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას, არამედ, შესაძლოა, შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასაც იმ პირთა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი“.

ევროპარლამენტარები პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავენ, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება:

"თუკი რაიმე არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლსადენი გაზით პოლიციის მიერ დემონსტრანტთა ძალადობრივი დარბევა, რამაც არაერთ ადამიანს მიაყენა დაზიანებები. ასევე ანტიკონსტიტუციურია დემონსტრანტების თვითნებური დაკავება, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით 133-დან 165-მდეა", - ნათქვამია წერილში.

ვლად გეორგესა და კარენ მელქიორის თქმით, ნაცვლად დასჯისა, მთავრობამ უნდა დაარწმუნოს დემონსტრანტები, რომ ე.წ. რუსული კანონი განხილვაში აღარ დაბრუნდება და საქართველო დისტანცირდება პრორუსული პოზიციებისგან.

29 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება გრძელდება „ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები“.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
XS
SM
MD
LG