Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოს სტრასბურგში დავა მოუგეს


აქცია „არა პანორამას“. 2015 წლის 19 ივლისი
აქცია „არა პანორამას“. 2015 წლის 19 ივლისი

აქციის, „არა პანორამას“, 7-მა მონაწილემ საქართველოს სტრასბურგში დავა მოუგო. საქმე ეხება 2015 წლის 19 ივლისის აქციას, როცა პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა ბანერის, "პანორამა არა *ლე", დაჭერისთვის. გადაწყვეტილება დღეს, 15 დეკემბერს, გახდა ცნობილი.

ევროსასამართლო აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების უფლება) დარღვევას, მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) გათვალისწინებით. შედეგად, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს დაევალა, თითოეულ მომჩივანს გადაწყვეტილების ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში გადაუხადოს 40 ევრო მატერიალური ზიანისთვის [ადგილობრივი სასამართლოს მიერ დაკისრებული 100-ლარიანი ჯარიმა] და 1000 ევრო მორალური ზიანისთვის.

აქცია "არა პანორამას"
აქცია "არა პანორამას"

2015 წლის 19 ივლისს თბილისის საკრებულოს წინ, „თბილისი პანორამის“ პროექტის გაპროტესტების მიზნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ეჭირა ბანერები, რომლებზეც ეწერა "არა პანორამას!", "სოლოლაკის გორა თბილისის მთავარი იდენტობაა!" და "ჩვენ არ გავჩერდებით!".

ერთ-ერთ მონაწილეს ეჭირა ბანერი წარწერით: “პანორამა არა, *ლე!”).

სტრასბურგი თავის გადაწყვეტილებაში აღწერს, რომ აქციის მონაწილე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ამ შინაარსის ბანერით მოძრაობა დაიწყო თბილისის საკრებულოს შესასვლელთან, სადაც გამვლელების ყურადღებას იქცევდა.

ოქმის მიხედვით, იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, უხამსი სლოგანით ბანერის დაჭერის გამო, უწესო ქმედებებისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს.

ჩანაწერში ასევე აღნიშნული იყო, რომ ის იმავე ფრაზას სკანდირებდა, როცა პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ.

მის დაკავებას მოჰყვა სპონტანური სოლიდარობის აქტი - ექვსმა აქტივისტმა მაშინვე დაწერა ფურცლებზე იგივე სლოგანი - "პანორამა, არა, *ლე!” და დემონსტრაციულად დაიწყო ამ ბანერების ფრიალი პოლიციის წინაშე.

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 პირი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით.

მომჩივნების ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა. მომჩივნებს შორის არიან აქტივისტები ნატა ფერაძე, გიგა მაქარაშვილი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ვახტანგ ქარელი, ანა მამულაშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი.

XS
SM
MD
LG