Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა საქართველო ნატოს სამიტზე მიიწვია - წავა თუ არა ვინმე ვაშინგტონში ან რას ჩამოიტანს?


ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოც მიწვეულია - წავა თუ არა ვინმე, ან რა შედეგებით დაბრუნდება?
ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოც მიწვეულია - წავა თუ არა ვინმე, ან რა შედეგებით დაბრუნდება?

„აგენტების კანონის“ მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ საქართველო 9-11 ივლისს ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მიიწვია. ახლა მთავარი კითხვები ასეთია:

  1. მიიღებს თუ არა საქართველო მიწვევას?
  2. თუკი მიიღებს, რას ჩამოიტანს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვაშინგტონიდან?

წასვლის შემთხვევაში ანალიტიკოსები ნაკლებად ვარაუდობენ რაიმე ხელშესახები სარგებლის მიღწევას და ხელიდან გაშვებულ შანსებზე საუბრობენ.

მიწვევა გაგზავნილია

24 ივნისს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველო მიწვეულია ნატოს ვაშინგტონის მომავალ სამიტზე.

ო’ბრაიენმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვაშინგტონში სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„დიახ, საქართველო და ყველა პარტნიორი მოწვეული იქნება“.

შემდეგ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საქართველოს წარმომადგენლებს უკვე გაეგზავნათ მიწვევა „საპარტნიორო ღონისძიებებზე“ მონაწილეობის მისაღებად.

ჯიმ ო'ბრაიენი, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ჯიმ ო'ბრაიენი, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

რადიო თავისუფლება 25 ივნისს დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს კითხვით, მიიღებს თუ არა ქართული მხარე მიწვევას და თუ კი, ვინ გაემგზავრება ვაშინგტონში.

სამინისტროს პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ უარი თქვა შეერთებული შტატების მიწვევაზე, უმაღლესი თანამდებობის პირებთან ვაშინგტონში განეხილათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ის დახმარება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს უარი იმით ახსნა, რომ მიწვევას თან სდევდა დათქმა „აგენტების კანონის“ განხილვის შეჩერებაზე, რაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

მას შემდეგ შტატებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ვითარება მხოლოდ გაუარესდა.

შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა სამ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.

რა ხდება ნატოს სამიტზე?

ნატოს მომავალი სამიტი ვაშინგტონშია დანიშნული 2024 წლის 9-11 ივლისს.

2024 წელს 75 წელი გავიდა ნატოს დაფუძნებიდან და ეს სამიტიც 75-ე წლისთავს ეძღვნება.

ამასთან, ივლისის სამიტი არის ნატოს პირველი სამიტი მას შემდეგ, რაც ალიანსს შვედეთი შეუერთდა.

განსახილველ საკითხებს შორის კვლავ უკრაინაში ომია მთავარი - რის გაკეთება შეუძლია ნატოს კიევის დასახმარებლად.

24 ივნისს, ორიოდე კვირით ადრე, ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის სამიტის ფოკუსში სამი ძირითადი საკითხია:

  1. „ალიანსის ჯანმრთელობა“
  2. ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან პარტნიორობა
  3. უკრაინის წარმატების უზრუნველყოფა

ო'ბრაიენის განცხადებით, ნატოს სამიტზე გადაწყდება, რომ უკრაინას შესთავაზონ „ხიდი“. შეერთებული შტატები ბოლო პერიოდში საუბრობს უკრაინისთვის „ნატოში გაწევრების ხიდის“ შეთავაზებაზე. ეს იქნება უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც უკრაინის ალიანსში საბოლოო წევრობისკენ გაკაფავს გზას.

„ეს სამიტი არის ისტორიული არა მარტო თარიღის გამო, არამედ კონცეპტუალურადაც“, - ეუბნება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია რადიო თავისუფლებას.

„ეს ნატოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიტია, რადგან ამ სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა უნდა განსაზღვროს, თუ როგორი პოზიციები ექნება მომდევნო წლების განმავლობაში ნატოს რუსეთის მიმართ. არა მხოლოდ მიმდინარე ომთან, უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, არამედ უფრო დიდხნიან პერსპექტივაში რუსეთის - და რუსეთისგან მომავალი საფრთხეების ფართო სპექტრის - შეკავების კუთხით“, - ამბობს ბათუ ქუთელია.

ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი
ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი

გამოწვევა, რაც ყველას უტრიალებს თავში, არის ნატოს შემდგომი გაფართოება: „გარდა ბალტიის ზღვაში უახლესი გაფართოებისა - შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებისა, - ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება საქართველოს და უკრაინის საკითხი, ანუ შავ ზღვაზე ნატოს პოზიციების გაძლიერება“.

„ჩემი აზრით, კონცეფცია, რომ შავი ზღვა ნატოს ტბად უნდა გადაიქცეს, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროპული უსაფრთხოებისა. და ამ საკითხზე, შესაძლოა, საჯაროდ არა, მაგრამ კულუარულად იქნება მსჯელობა - უფრო სიღრმისეული, ვიდრე აქამდე. ასევე, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ბედზე“, - ამბობს ბათუ ქუთელია.

იგი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დამფუძნებელ დათო სიხარულიძესთან ერთად იქნება ვაშინგტონის სამიტზე, როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი.

როგორ ხვდება თბილისი სამიტს?

მართალია, ვაშინგტონის სამიტი კარგი პლატფორმაა საკუთარი უსაფრთხოების საკითხების წარმოჩენისთვის, თუმცა „საქართველო ამ სამიტს არა მარტო მოუმზადებელი, არამედ ყველაზე ცუდ შესაძლო ფორმაში ხვდება“, - ამბობს ბათუ ქუთელია.

საქართველო „ცუდ ფორმაში“ რომ არის, ამაზე უკვე არსებობს კონსენსუსი შეერთებული შტატების მმართველობაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასმა 24 ივნისს განაცხადა, რომ ძალიან შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში საქართველოში მოვლენების ხილვა.

„როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი? პასუხი, ვფიქრობ, ასეთია: საქართველო გახდება წევრი, როდესაც მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზად არის, შეასრულოს ვალდებულებები, რაც მოჰყვება წევრობას, მათ შორის პრინციპების დაცვა - დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპებისა, მათ შორის ფუნდამენტური პრინციპისა, რომ ხალხს აქვს თავისუფლება, აირჩიონ საკუთარი ლიდერები“, - თქვა ჯონ ბასმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

ჯონ ბასი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
ჯონ ბასი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ჯონ ბასი, რომელიც ამჟამად ენტონი ბლინკენის მოადგილეა, 2009-12 წლებში საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო.

„ბევრი ჩვენგანისთვის, ვისაც დიდი ხანი გაგვიტარებია საქართველოში, ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსეთი ისევ და ისევ ცდილობდა, ეკარნახა, როგორ უნდა ეცხოვრა მეზობელ ქვეყანას და როგორ არ აერჩია უსაფრთხოების ურთიერთობები, ამ შემთხვევაში, ნატოსთან - და იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში იქ ვიყავით, - ძალიან შემაშფოთებელია ბოლო წლების განმავლობაში ვითარების განვითარება და, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლო თვეებში“, - განაცხადა ბასმა.

„სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე საქართველოში ელჩი ვიყავი, არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნების [ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის] მისაღწევად. პირიქით, სამწუხაროდ, ვნახეთ საკმაოდ დიდი უკანდახევა“, - განაცხადა მან.

ჯონ ბასმა ისიც გაიხსენა, რომ აშშ-ის ელჩის ამპლუაში იგი „საკმაოდ ბევრს მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ არსებულიყო პირობები, რათა "ქართულ ოცნებას" სამართლიანი კონკურენცია ჰქონოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, და ამის გათვალისწინებით, „ძალიან შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებსო“, ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

„ივანიშვილის მძევლად“

ჯონ ბასის განცხადებითვე, „უკიდურესად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები მძევლად ჰყავს აყვანილი ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ჩივილებს“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის რიტორიკის ანტიდასავლურ შემობრუნებას ზურგს უმაგრებს შეთქმულების თეორიების პროპაგანდისტული გავრცელება.

შეთქმულების თეორია გულისხმობს, რომ კულისებს მიღმა მყოფი, „ძალიან საშიში“ „გლობალური ომის პარტია“ უკვე წლებია, მუშაობს იმისთვის, რომ „საქართველო ომში ჩაითრიოს“.

ამ თეორიის ეპიცენტრშია ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელზე წვდომასაც, მისი ეჭვით, „გლობალური ომის პარტიის“ დავალებით უზღუდავენ.

რაც უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიაზე დაყრდნობით ოპერირებს, დასავლელი პარტნიორების რიტორიკაში გაოცებაცა და შეშფოთებაც იმატებს.

„ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა“, - თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, როდესაც 14 მაისს, თბილისში სტუმრობისას საუბრობდა ივანიშვილის მტკიცებაზე, თითქოს უკვე აქვს სანქციები დაწესებული - ეს ასე არ არის.

„ორი ბილიკი“

ამ დღეებში მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან ოფიციალურად იწყებენ გაწევრების მოლაპარაკებებს. საქართველოსთან, რომელიც წლების განმავლობაში ასოცირებული ტრიოს ლიდერი იყო, ევროკავშირს უკვე გაყინული აქვს ინტეგრაცია. მეტიც, ანტიდემოკრატიული ზომების საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს.

„ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება ახლა პარალელური პროცესებია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პარალელიზმში არის ის, რომ დიდი კონტექსტი არის ავტორიტარიზმის და დემოკრატიის დაპირისპირება მსოფლიოში“, - ამბობს ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია და განმარტავს:

„რეალურად, ევროკავშირთან ინტეგრაცია აძლიერებს ჩვენს ნატოსთან ინტეგრაციას და პირიქით - ნატოში ინტეგრაცია და მეტი თანამშრომლობა უფრო დააჩქარებს ევროკავშირში ინტეგრაციას“, - ამბობს იგი. მისი თქმითვე, ისტორიული არჩევანი ასეთია: „ან ხარ ავტორიტარების მხარეს, ან დემოკრატიის მხარეს. არ არის ნაცრისფერი ზონა“.

ჯიმ ო’ბრაიენმა, როდესაც 24 ივნისს საქართველოს მიწვევა დაადასტურა, განაცხადა, რომ ქართველი ხალხის 85%-ს სურს ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაცია, თუმცა გააკრიტიკა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები:

„ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული "უცხოური გავლენის აგენტების კანონი", ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან“.

2024 წლის მარტში, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისში ვიზიტისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს უთხრა, რომ რასაც აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იგივე დასჭირდება ნატოს სრულუფლებიანი მოკავშირეობისთვის: რეფორმები.

მაშინ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ არ ჰქონდა „აგენტების კანონი“ ხელახლა ინიციირებული.

მას შემდეგ ნატომ, სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაეწვია კანონი, რადგან ის აზიანებს ქვეყნის მომავალს.

„საქართველო აღარ არის და აღარ აღიქმება, როგორც დასავლეთის ყველაზე საიმედო პარტნიორი რეგიონში. პირიქით. არის აბსოლუტურად პრორუსული და ავტორიტარების, მათ შორის ჩინეთის დასაყრდენი არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ, ფართო კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონში. ეს, ბუნებრივია, დიდწილად დახევს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკან“, - მიიჩნევს ბათუ ქუთელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG