Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

მსოფლიო ნერვიულად ადევნებს თვალს, თუ როგორ ზრდის რუსეთი სამხედროთა რაოდენობას უკრაინაში და მის გარშემო. ამ დროს თვალშისაცემია, რომ ერთი რამ არ ხდება.

რატომ არ გამოდის ათობით ათასი ადამიანი ქუჩებში, განსაკუთრებით დასავლეთში, და არ აპროტესტებს ომს, რომლის ალბათობა სულ უფრო იზრდება?

წესით, ამ დროს რუსეთის ქალაქებიც სავსე უნდა იყოს ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებით, სადაც დაგმობდნენ კრემლის ანტაგონისტურ ქცევას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში მოქმედებს მზარდად ავტორიტარული და სასტიკი უშიშროების აპარატი, გასაგები ხდება, თუ რატომ არ სურთ ადამიანებს მოსკოვსა და პეტერბურგში რისკზე წასვლა.

მაგრამ დასავლეთში ქუჩის პროტესტი დაშვებულია, მისი ორგანიზება - მარტივი და ის დემოკრატიული ნების გამოხატვის ლეგიტიმურ და აუცილებელ ფორმად მიიჩნევა. ამ ვითარებაში კი შემზარავია არასამთავრობოების, სამშვიდობო აქტივისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების დუმილი.

დიდწილად სამართლიანი იქნება, ამჟამინდელი ვითარება რომ შევადაროთ 2003 წელს ერაყის ომის დაწყებამდე არსებულ სიტუაციას. მთელი ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში იმართებოდა დემონსტრაციები. თებერვლის ბოლოს, აშშ-ის მიერ ერაყში სამხედრო ინტერვენციის გასაპროტესტებლად მსოფლიოს 600 ქალაქის ქუჩებში ექვსიდან 10 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. ცნობილი ადამიანები, სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით მიმართავდნენ ხალხს. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კი თანაბრად იყენებდნენ დაცინვასაც და რისხვასაც.

მაშინაც, ისევე, როგორც ახლა, ომი ჯერ არ იყო დაწყებული და სულაც არ იყო ცხადი, რომ შეიარაღებული კონფლიქტი მართლაც შედგებოდა. ეს საპროტესტო აქციებიც ცივ ამინდში ჩატარდა - ანუ არასწორია არგუმენტი, რომ ამჯერად ადამიანები ყინვას უფრთხიან.

ასევე, მართალია, ახლა შუა პანდემიაში ვიმყოფებით, მაგრამ ამას სხვა დემონსტრაციებისთვის ხელი არ შეუშლია. ანტივაქსერები დროდადრო მრავალრიცხოვან აქციებს მართავდნენ და კოვიდს არად დაგიდევდნენ 2020 წელს, როდესაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის ნაწილში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს ხელი არც შარშან გაზაფხულზე შეუშლია მათთვის, ვინც ისრაელსა და პალესტინას შორის სამხედრო დაპირისპირების გამწვავებით იყო აღშფოთებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში რამდენიმე დასავლელ ანალიტიკოსს, ჟურნალისტსა და დიპლომატს გავესაუბრე და ორი მიზეზი დავადგინე იმისა, თუ რატომ არ რეაგირებს დასავლეთის საზოგადოება რუსეთის მუქარაზე უკრაინის წინააღმდეგ და ნახევარი ევროპის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ერთია ეფექტიანობის, უფრო სწორად, ეფექტის არარსებობის მოლოდინი. მეორე კი - ბევრ ქვეყანაში ისტორიულად არსებული პოლიტიკური გამყოფი ხაზები, რომლებიც დღემდე რელევანტურად რჩება და რომლებიც ხსნის რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას და, ზოგადად, ქუჩაში გამოსვლების დინამიკას.

ეფექტიანობასთან დაკავშირებით ძალიან მარტივი, მაგრამ სანდო ახსნა არსებობს. თუ კიდევ ერთხელ მოვიშველიებთ 2003 წლის ერაყის ომის მოვლენებს, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ აშშ დემოკრატიული ქვეყანაა, მისი მოკავშირეებიც დემოკრატიები იყვნენ და დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკოსებზე გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრი. ქვეყნის ავტორიტარულ ლიდერს კი სულ არ შეაწუხებს, სხვა, შორეულ ქვეყნებში მის საელჩოსთან ვინმე დემონსტრაციას თუ ჩაატარებს.

ეფექტის ნაკლებობით შეიძლება აიხსნას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფართომასშტაბიანი პროტესტის არარსებობაც - იქ, სადაც ბოლო წლებში არაერთი მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია ჩატარებულა. აი, თუნდაც პოლონეთში, სადაც ქალები აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ან სლოვაკეთში, სადაც ჟურნალისტ იან კუჩიაკის მკვლელობას აპროტესტებდნენ, ან ჩეხეთსა და უნგრეთში, სადაც ბაბიშის და ორბანის საწინააღმდეგო აქციები მოეწყო. თუმცა, ყველა ეს შემთხვევა საშინაო პრობლემებს შეეხებოდა და არა საერთაშორისო მოვლენებს. ეს კი შესაძლოა ასახავდეს ამ რეგიონის ისტორიას, სადაც უფრო დიდი ძალები გადაწყვეტილებებს ხალხის გვერდის ავლით იღებდნენ.

მეორე ახსნა კი უფრო ჩრდილოეთ ამერიკასა და დასვლეთ ევროპას შეეხება. მართლაც, ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ქუჩის პროტესტი უფრო ულტრამემარცხენეების, ულტრამემარჯვენეებისა და, ზოგადად, მემარცხენე-ცენტრისტების ასპარეზია. მემარჯვენე-ცენტრისტები კი პოლიტიკაზე ზეგავლენას უფრო ლობირების, სტატიებისა და არაფორმალური კავშირების მეშვეობით ცდილობენ.

ცივი ომის დროს მემარცხენეების რეაქცია დიდწილად იყო გამოწვეული ანტიკაპიტალიზმითა და ანტიკოლონიალიზმით, რასაც ხშირად ამერიკის, დასავლეთისა თუ ისრაელის საწინააღმდეგო ტონი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პროტესტის სათავეში ხშირად იდგა ხალხი, რომლებიც ნაცისტურმა ოკუპაციამ ჩამოაყალიბა - ან პირდაპირმა გამოცდილებამ, ან კი განცდამ, რომ თავის დროზე საკმარისი არ გაკეთებულა ამის თავიდან ასარიდებლად. გავრცელებული იყო სიმპათია მოსკოვის მიმართ, რომელიც ან განმათავისუფლებლად აღიქმებოდა, ან - ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლად. რა გასაკვირია, რომ მოსკოვი ცდილობდა, ხშირად წარმატებულადაც, რომ ახლო კავშირები დაემყარებინა და გარკვეული გავლენაც მოეხდინა დასავლეთში მოქმედ მემარცხენე პარტიებსა და ე.წ. სამშვიდობო მოძრაობებზე 1960-იან და 70-იან წლებში.

ეს მემკვიდრეობა, რაც უნდა უცნაური იყოს, დღემდე ცოცხლობს. ბევრი პოლიტიკოსი სწორედ ამ გარემოში ჩამოყალიბდა. ისევე, როგორც მედიის და კულტურის მოღვაწეები, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქმნიან შეხედულებებს დასავლეთში. და, მართალია, მათ არ აქვთ ერთიანი იდეოლოგიური მიდგომა და არც მაინცდამაინც მოსკოვის მხარდამჭერები არიან, ხშირად ისინი ვაშინგტონის წინააღმდეგ გამოდიან - ნებისმიერ შემთხვევაში.

ეს ანტიამერიკანიზმი დღემდე ცოცხლობს საფრანგეთის, გერმანიისა და სკანდინავიის საზოგადოებების დიდ ნაწილში. აქ ადვილია გაყიდო იდეა, რომ 1999 წელს სერბეთის დაბომბვისა და ავღანეთში ათწლეულობით მიმდინარე ომის შემდეგ ნატომ ახლა რუსეთი ამოიღო სამიზნეში.

„დასავლეთის ბრალეულობის“ განცდა - ექსპლუატაციასა თუ მესამე ქვეყნებში ომების წამოწყებასთან დაკავშირებით ახლაც უფრო ძლიერია, ვიდრე ბრაზი ნებისმიერი არადასავლური ქვეყნის მიმართ, რომელიც ამორალურ ქმედებებს ახორციელებდა და ახორციელებს. ანუ, როგორც ერთმა მემარცხენე-ცენტრისტმა პოლიტიკოსმა გამანდო: „ცივი ომის შემდეგ ჩვენ ვერ ან არ მოვახერხეთ მორალური კომპასის განახლება“.

პუტინის რეჟიმის ღირებულებები სულაც არაა შესაბამისობაში დღევანდელი მემარცხენეების ანტირასისტულ, პროლგბტ და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ შეხედულებებთან, მაგრამ მოსკოვიდან მომავალი საფრთხე მათ მაინც არ უჩქარებთ გულს.

ეს, საკმაოდ დამახინჯებული შეხედულება ქმნის ვითარებას, როდესაც მილიონობით ადამიანი აპროტესტებს მართლაც საკამათო ომს, რომლის ამოცანაც შუა აღმოსავლეთის შორეული ქვეყნის დიქტატორის დამხობა იყო და, ამავე დროს, გულზე ხელს იკრეფს, როდესაც მძლავრი დემაგოგი მათივე კონტინენტის უსაფრთხოებასა და წესრიგს ემუქრება.

საკონცენტრაციო ბანაკების, ევთანაზიის პროგრამისა და მხუთავი აირიანი მანქანების საშუალებით განადგურების გამოცდილება ნაცისტებისთვის ნათელს გახდის, თუ რას მოიტანდა მთელი ამ ცოდნის გაერთიანება.

ოქტომბრის დასაწყისში ბრიანსკში და ვიაზმაში გამარჯვების შედეგად - 64 განადგურებული საბჭოთა დივიზია, ერთ მილიონამდე დაკარგული წითელარმიელი - ბერლინი დარწმუნდება, რომ კრემლს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაიჯერებენ რა, რომ აღმოსავლეთში ომის აქტიური ფაზა დასასრულს მიუახლოვდა, ნაცისტები 15 ოქტომბერს დაიწყებენ გერმანელი, ავსტრიელი და ჩეხოსლოვაკიელი ებრაელების დეპორტაციას აღმოსავლეთით. 15 ოქტომბრამდე მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ემიგრაციის თეორიული საშუალება. 15 ოქტომბერს ისინი ამ უფლებას კარგავენ და შოას მსხვერპლის „რიგში დგებიან“.

ამის პარალელურად, ნაცისტები დაიწყებენ ოთხი სიკვდილის ბანაკის - აუშვიც-ბირკენაუს, ბელჟეკის, ხელმნოსა და სობიბორის - მშენებლობას პოლონეთის ტერიტორიაზე. ასევე შეირჩევა ადგილები სიკვდილის ბანაკებისთვის ბელორუსიაში (მოგილიოვი) და ლატვიაში (რიგა). მოგილიოვში კრემატორიუმის ღუმელიც კი იქნება გაგზავნილი დეკემბერში, მაგრამ საბოლოოდ რიგის და მოგილიოვის პროექტები აღარ განხორციელდება.

აუშვიც-ბირკენაუს სიკვდილის ბანაკი.
აუშვიც-ბირკენაუს სიკვდილის ბანაკი.

თუმცა, მხუთავ აირზე და სიკვდილის ბანაკებზე აქცენტის გადატანა არ ნიშნავდა ყუმბარებსა და ფეთქებად ნივთიერებებზე უარის თქმას. ყუმბარები გამოყენებულ იქნება ათეულობით ხოცვა-ჟლეტაში, რომელსაც ადგილი ექნება 1941 წლის ნოემბერში ბელორუსიაში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში თუ ყირიმში. ერთ-ერთი მათგანი მოხდება 15 ნოემბერს სლონიმის გეტოს ლიკვიდაციისას.

ყოფილი პოლონური ოციათასიანი სლონიმი (მათ შორის 9000 ებრაელი, 5000 პოლონელი და ამდენივე ბელორუსი) 1939 წლის ოქტომბერში, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შედეგად, ბელორუსიის საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი გახდება. ნაცისტების სლონიმში მისვლამდე, ნკვდ აღმოსავლეთში გადაასახლებს 1000 ებრაელსა და 1000 პოლონელ „კლასობრივ მტერს“. გასაბჭოების მოკლე პერიოდში სლონიმს კიდევ დაემატება ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთიდან გაქცეული 14 000 ებრაელი. 22 ივნისისათვის ებრაელების საერთო რაოდენობა ქალაქში 20 000-ს გადააჭარბებს. „ბარბაროსას“ ოპერაციის დაწყებიდან 48 საათში, სლონიმი გერმანელების ხელში აღმოჩნდება. ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში არტურ ნებეს Einsatzkommando 8 -ს (Einsatzgruppe B) და 314-ე პოლიციის ბატალიონის წევრები იქ დახვრეტენ 1100 ებრაელს. ოპერაცია ჩატარდება ერიხ ფონ დემ ბახ-ზელევსკის (ჰიმლერის მარჯვენა ხელი ბელორუსიაში) ზედამხედველობის ქვეშ.

15 სექტემბერს ცოცხლად დარჩენილ ებრაელებს მოათავსებენ ქალაქის განაპირას ახალშექმნილ გეტოში. 14 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, გერმანელი ჯარისკაცები გეტოს ალყას შემოარტყამენ. 15-ში დილის 6 საათიდან დაიწყებენ გეტოს ბინადრების სატვირთო მანქანებში განაწილებას და იქვე ტყეში გაყვანას. ტყეში გერმანელების მიერ იქნება გამზადებული 10 მეტრის სიგანის და 6 მეტრის სიღრმის თხრილები. -15C° სიცივეში ყველას გააშიშვლებენ და დახოცავენ ორი მეთოდით: თორმეტ-თორმეტს თხრილთან დაყენებულს კეფაში ტყვიით, ან კიდევ წინასწარ თხრილში ჩაყრილ ებრაელებს ყუმბარებს დაუშენენ. „ჯარისკაცები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს სხეულის კიდურების ამოფრქვევებსა და ხორციანი სისხლის შადრევნებს”, - იხსენებდა ერთი მოწმე სამი კვირის თავზე.

9 600-მდე ებრაელი ბავშვი, ქალი და კაცი იქნება იმ დღეს ამგვარად განადგურებული.

Post scriptum

1939 წლის ოქტომბერში ევთანაზიის პროექტის ხელმძღვანელებთან გაგზავნილ წერილს (რომელშიც ჰიტლერი მოითხოვდა ექიმების შესაბამის მომზადებას), ფიურერი 1 სექტემბრით დაათარიღებს. ამ წერილის 1939 წლის 1 სექტემბრით დათარიღებით, ჰიტლერს კიდევ ერთხელ უნდოდა სიმბოლურად გაესვა ხაზი ომსა და „უსარგებლო სიცოცხლის განადგურებას“ შორის კავშირისთვის.

1941 წლის 22 ივნისს „უსარგებლოთა“ განადგურების მასშტაბი გეომეტრიული პროგრესიით დაიწყებს ზრდას, რაც ნაცისტებში საკმარისი „ხელების და ფეხების“ დეფიციტს გააჩენს. ივლისში ჰიმლერი აინზაცჯგუფებს პოლიციის შენაერთებით გააძლიერებს - 16 700 კაცი იქნება გადასროლილი. პარალელურად 25 ივლისს ჰიმლერი, ჰიტლერის კურთხევით, აინზაცჯგუფების დასახმარებლად დაიწყებს ადგილობრივების რეკრუტირებას. ამგვარად, აგვისტოს დასაწყისისათვის ნაცისტების ხელთ არსებული ყველა რესურსი იქნება კონსოლიდირებული საბჭოთა ებრაელობის გასაწყვეტად. აგვისტოს მეორე ნახევარში ნაცისტების ლიდერები მივლენ პარადოქსულ დასკვნამდე, რომ 1. თეორიულად მათ შეეძლოთ საბჭოთა ებრაელობის გაწყვეტა, მაგრამ 2. არსებული modus operandi არ იძლეოდა 2-დან 3 მილიონამდე საბჭოთა ებრაელის გაწყვეტის საშუალებას. დაიწყება გამოსავლის ძიება. საომარი მოქმედებები რადიკალურად დააჩქარებს ამ პროცესს. შემოდგომის დასაწყისში ნაცისტების არნახული გამარჯვებები ჰიტლერს გეგმის შესწორებისკენ უბიძგებს: თუ ჯერ კიდევ აგვისტოში ფიურერი გეგმავდა მესამე რაიხი Judenrein (ებრაელებისგან გაწმენდილი) გაეხადა მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ, კიევში გამარჯვების შემდეგ გადაწყვეტს, 1941 წლის დასასრულამდე განახორციელოს ეს გეგმა. დასავლეთიდან პირველი ეშელონები დაიძვრება პოლონეთისკენ. ოქტომბრის დასაწყისში ვიაზმისა და ბრიანსკის გამარჯვების შემდეგ გადაწყდება სიკვდილის ბანაკების მშენებლობა. პარალელურად გაგრძელდება მასობრივი მკვლელობის ოპტიმალური მეთოდის, ნახშირბადის მონოოქსიდის თუ Zyklon-B-ს ძიება.

„ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“ მიიღებს კონკრეტულ ფორმებს. ამიერიდან შოა რეალობად იქცევა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG