Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

კვირა, 6 სექტემბერი 2009

ეს წერილი პირველად 10 წლის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ჩემთვის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ამიტომ მსუბუქი ადაპტაცია ჩავუტარე და გადავწყვიტე ბლოგზე დადება. თანაც “გაერთიანებულმა ტელეკომმა” სექტემბრიდან ტელეფონით სარგებლობისთვის ახალი ტარიფები დააწესა. მართალია, ტარიფებს არ შევეხებით, მაგრამ, იმედია, აქ აღწერილი ზოგიერთი სიტუაცია შეგახსენებთ მათი არსებობის შესახებ.

დილაობით ზოგს მაღვიძარა აღვიძებს, ზოგს ბიორითმები, ზოგს შინაური ცხოველი, ზოგს შვილი და ზოგსაც უშვილობა. ჩემთვის ამ ფუნქციას ტელეფონის ზარი ასრულებს. ამიტომ ვერ ვიტან ტელეფონს. იმდენად მძულს, რომ ხშირად მესიზმრება - თითქოს მძინავს და ტელეფონი რეკავს. როგორც წესი, როცა კოშმარულ სიზმარში ისტორია კულმინაციას აღწევს, დამფრთხალს გეღვიძება და გიხარია, რომ მთელი ეს საშინელება მხოლოდ სიზმარი იყო. ჩემთან ყველაფერი უკუღმაა: სიზმარში ტელეფონის ზარით გაწამებული ვიღვიძებ და... ტელეფონი კი აგრძელებს რეკვას.

ამიტომ დღის პირველ ზარს არ ვპასუხობ ხოლმე - ვიცი, ათ წუთში მას მეორეც მოჰყვება. დამრეკი იგივეა. საერთოდ, დილაობით ერთი და იგივე ხალხი რეკავს. დღესაც ასე იყო.

როგორც ყოველთვის, პირველი როკ-მუსიკოსი მირეკავს. მას, ძირითადად, არ ვუსმენ ხოლმე. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ, ძილბურანში ვარ, მეორეც - დღის განმავლობაში კიდევ 4-5-ჯერ შემეხმიანება და, გარდა ამისა, ვიცი, რასაც მეტყვის - სხვა სიტყვებით მომიყვება ძველ ამბებს, ანუ როგორ არ ესმით მისი პოტენციურ სპონსორებს და როგორ პარავენ იდეებს კოლეგები. ამიტომ მასთან საუბარში სულ ორიოდე ფრაზას ვხმარობ: “აჰა’’, “ყოჩაღ’’, “კაი ერთი”, “მაგარია’’...

ისევ საწოლში ვწვები, რომ ადგომის წინ ხუთიოდე წუთი ვინებივრო, მაგრამ ვინ გაცლის. ყურმილიდან მესმის ფრაზა, რომელიც ტელეფონზე მეტად მეჯავრება: “ხომ არ გაგაღვიძე?’’, “არა, რას ლაპარაკობ, სულზე მომისწარი, უკვე გავდიოდი’’, უმოწყალოდ ვიტყუები და ვცდილობ ხმას სიმხნევე შევმატო. “საუზმობისას თქვენი გაზეთის კროსვორდს ვავსებდი და ერთი სიტყვა დამრჩა’’. “შვეულად არის თუ თარაზულად?’’, ვეკითხები ყალბი ინტერესით. “შვეულად’’, ვერ ხვდება ირონიას, “კომუნიკაციის საშუალება, პირველი სამი ასო ტელ არის, ბოლოს სამი - ონი’’. “ტელეფონი’’ - ვპასუხობ გაბრაზებული და ყურმილს დაუმშვიდობებლად ვკიდებ’’.

ჩაცმა არ მაქვს დამთავრებული, რომ მირეკავს, ინგლისელი მეგობარი რომელიც საქართველოზე წიგნს წერს და მხოლოდ ორ წუთს დამაკარგვინებს, თუ მოკლე ინფორმაციას მივაწვდი ქართულ როკზე, სპორტსა და ჟურნალისტიკაზე. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ზრდილობიანად მიხდის ბოდიშს და მემშვიდობება. არა, ამ ინგლისელებს ვერ წაართმევ ჯენტლმენობას - თუნდაც დილის 9 საათზე.

ახლა მთავარია, სააბაზანომდე მივაღწიო. ისევ ზარი: ნათესავს მაცივარი გაუფუჭდა და ხელოსნის ტელეფონი უნდა. “რა სჭირს?’’, ვეკითხები უაზროდ და ვხვდები, რომ ფატალური შეცდომა დავუშვი, რადგან შემდეგი 15 წუთის განმავლობაში იძულებული ვარ, ვისმინო ლექცია სამაცივრო დანადგარებზე. გასაგებია, რატომ მელაპარაკებიან როკზე, ჟურნალისტიკასა და სპორტზე, მაგრამ სრულიად აუხსნელია, როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს და მესაუბროს მაცივარ “დნიპროს’’ ტექნიკურ მონაცემებზე, რომელიც ჩემს დაბადებამდეა დამზადებული.

სააბაზანოდან თანამშრომლის ზარმა გამომიყვანა: “შეიძლება ხვალ არ მოვიდე?’’ “შეიძლება, მაგრამ დღეს იქნები?’’ “რა თქმა უნდა’’. “ჰოდა, სამსახურში ვერ მეტყოდი, უთენია რომ არ დაგერეკა?!’’ ვბრაზობ და პირიდან “ბლენდამედის’’ ქაფს ვიცილებ. “რა ვიცი, ვიფიქრე საქმეს წინ წავიგდებ-მეთქი’’.

შემდეგ ზარს ვერ ვცნობ: “დენი გაქვს ახლა?’’ იმ იმედით, რომ გამოვიცნობ, ვინ არის, დროს ვწელავ: “ისე რა’’. “აუჰ, შენ რა მაგრად ხარ!’’, მეზობლის ქალი აღმოჩნდა. საღამომდე ისეთი რაღაცის სესხებას მთხოვს, რაც არ ვიცი, რა არის. “ჩამოვალ და მე თვითონ ვნახავ’’. ბელგიური საჭმლის ზეთი აღმოჩნდა.

ბინიდან თითქმის გასულს, მეგობრის ზარი მაბრუნებს ტელეფონთან. უკვე ისე დამაგვიანდა, რომ მისი ხმა აღარ მაღიზიანებს: “მისმინე, გუშინ აიფონი მაჩუქეს და ჩემ მესამე თაობის “სონი-ერიქსონს” ძალიან იაფად მოგცემ’’. აქ თავს ვეღარ ვიკავებ: “იცი რა - მსოფლიოში ყველანაირი ტელეფონის დედაც მო...’’

როცა სხვადასხვა სიტუაციებს აღვწერ, რათა როგორმე გავამართლო ბლოგებში ასაღები ჰონორარი, გამონაგონს და რეალობას ერთმანეთთან ვაჯერებ. თანაფარდობა მათ შორის, ძირითადად ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მაგრამ ამ უკანასკნელ ბლოგში ეს ბალანსი ცალსახად დარღვეულია: მოთხრობილ ისტორიებში 99 პროცენტზე მეტით სინამდვილეა.

რაც ჩემთვის სავალალოა, ეს მდგომარეობა დღესაც გრძელდება. ტექნოლოგიების განვითარებას, ბუნებრივია, კომუნიკაციის საშუალებების დახვეწა და გამრავალფეროვნება მოჰყვა. ტელეფონით დაკომპლექსებული, დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ ტექნიკური ინოვაციების საშუალებით ჩემი სოციალური აქტივობის ზრდას. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ვირტუალურ ურთიერთობებს მსოფლიოს გლობალურ ქსელში არსებული ფორუმების და Facebook-ის ტიპის სოციალური პროექტების მეშვეობით.

რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ წერილს, მან ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ იმუშავა: გამოქვეყნების შემდეგ წერილის გმირების პროტოტიპები სათითაოდ მირეკავდნენ და აზუსტებდნენ, ისინი ხომ არ მიგულისხმია წერისას. როცა ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი გამონაგონი იყო, კმაყოფილები მადლობას მიხდიდნენ წერილისგან მიღებული სიამოვნების გამო.

წარმოიდგინეთ, მე რა კმაყოფილი ვიქნებოდი ამდენი სატელეფონო საუბრით. თან გაითვალისწინეთ, რომ ბლოგის ვერსიაში ორიოდე სიტუაცია ამოვიღე.
პუტინი გდანსკში ჩავიდა და პოლონელებს მოუწოდა ისტორიის შეფასებისას ცალმხრივობისგან განთავისუფლდნენ.

ასე შეაფასა ”რეჩ პოსპოლიტას” გამოკითხვა, რომლის შედეგებით, გამოკითხულთა სამოცმა პროცენტმა გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთნაირად დაადანაშაულა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. ანუ სტალინის საბჭოთა კავშირი და ჰიტლერის გერმანია, მთელი თავისი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, ფაქტობრივად, ერთი და იმავე ხარისხის ბოროტებად წარმოადგინა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 70 წელი გავიდა.

და ზუსტად ერთი წელი გავიდა შარშანდელი სექტემბრიდან, როცა პრაღაში, ჩვენი რადიოს ცენტრალურ ოფისში მომიხდა რამდენიმე დღე მუშაობა. ცხადია, აგვისტოს მოვლენები ჩვენი გადაცემების მთავარ თემად რჩებოდა. ამიტომ ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც საქართველოზე წერდნენ. ფრანგულ ჟურნალ ”ტელერამას” კომენტარიც კი გავუგზავნე ჟან რადვანისთან ინტერვიუზე, რომელიც სავსეა დღევანდელი რუსული პროპაგანდის კლიშეებით. მაგრამ არ გამოაქვეყნეს... არადა, შეურაცმხყოფელი არაფერი დამიწერია; უბრალოდ, გავახსენე რედაქციას, რომ ეს რადვანი, ყოფილი ფრანგი კომუნისტი, საბჭოთა საქართველოსთვის (!) ბევრი კარგი რომ აქვს გაკეთებული (მისი ინიციატივით ჩატარდა, მაგალითად, ქართული ფილმების დიდი რეტროსპექტივა 1988 წელს, პომპიდუს ცენტრში), დღევანდელ საქართველოში აღარ აღიქმება ”ევროპელ მესიად”, რომელმაც დასავლეთი ჩვენს კულტურას უნდა აზიაროს. იგი ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ევროპელი ქართველოლოგია, რომელიც გულის სიღრმეში საბჭოთა კავშირს მისტირის - იმ დროს, როცა აქ ჩამოდიოდა, საუკეთესო სასტუმროებში ცხოვრობდა... როცა ”უცხოელად”, ”ფრანგად”, ”ევროპელად” აღიქვამდა და ხალიჩებს უგებდა სრულიად საქართველოს კულტურული ელიტა.

ჰოდა, აბა რას არ დაწერს ფუნქციადაკარგული მეცნიერი. უბრალოდ, ცუდია, რომ მის ბოდვას მრავალტირაჟიანი და პოპულარული ”ტელერამა” აქვეყნებს.

ყოფილ ევროპელ კომუნისტებს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია რომ აქვთ, ეს არცაა გასაკვირვი. გაკვირვებას უფრო იწვევენ ევროპული სახელმწიფოების ის ლიდერები, რომელთაც კვლავაც არ უნდათ იმის გაგონება, რომ სტალინიზმი და ნაციზმი ერთი და იმავე მოვლენის ორი მხარეა.

არ სჯერათ სტალინის საკონცენტრაციო ბანაკების, თუ, უბრალოდ, არ აწყობთ? როგორც მამაჩემი ამბობს ხოლმე, ”გაზი უნდათ” მართლა? და თუ ასეთი მერკანტილისტები არიან, რატომ გვარიგებენ ჭკუას?

ჰოდა, ბევრი ვიკითხე რუსეთის შესახებ შარშანდელ აგვისტო-სექტემბერში იმის იმედით, რომ დასავლურ პრესაში თანამოაზრეებს მივაგნებდი - იმ ხალხს, ვისაც ჩემსავით აკვიატებული აქვს, რომ საბჭოთა კავშირი ყოფილ საბჭოთა კავშირში არ დანგრეულა და რომ საბჭოთა კომუნისტები ასევე საჭიროებენ ნიურნბერგის პროცესს.

ვლადიმირ ბუკოვსკი!

ოჰ, ეს რა კარგი კაცი აღმოვაჩინე 2008 წლის სექტემბერში!

უფრო სწორად, ეს კაცი კი ვიცოდი, მაგრამ მისი სტატია არ მქონდა წაკითხული, ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე რომ გამოაქვეყნა ”კორიერე დელა სერაში”. ”სიცრუის კედელთან” ჰქვია წერილს.

ვერაფრით გავიგე, რატომ უყვართ დასავლეთში კაგებეო... იური ანდროპოვი ქვეყნის ლიდერი როცა გახდა, დასავლეთის პრესის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა - კონიაკი და ჯაზი უყვარს, ინგლისური იცისო... დასავლეთში მხოლოდ მოგვიანებით, როცა ანდროპოვმა მოლოდინი არ გაამართლა, გაახსენდათ, რომ ცეკას მდივანი 15 წელი იმ ორგანიზაციაში მუშაობდა, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ხოცავდნენო.

ბუკოვსკი კითხულობს, ნეტავი როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია გერმანიის კანცლერი რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს, ან ”სს”-ს ყოფილი ოფიცერი რომ გამხდარიყოო? დასავლეთის ლიდერები ხომ ლამის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ 1999 წელს ვლადიმირ პუტინის, კაგებეს ყოფილი პოლკოვნიკის, ქებაში. ბუკოვსკიმ ცინიკური უწოდა ტონი ბლერის სიტყვებს, წარმოთქმულს პუტინთან შეხვედრის შემდეგ: ”რუსეთს უდიდესი გამოცდილება აქვს ტერორიზმთან ბრძოლაში”... ”ეს იგივეა, რომ თქვა - გერმანიას უდიდესი გამოცდილება აქვს ებრაელებთან ურთიერთობაში” - წერს ბუკოვსკი და მკითხველს ახსენებს, რომ სწორედ რუსეთმა მოახერხა ტერიროზმის გადაქცევა სახელმწიფო პოლიტიკად. უფრო მეტიც, ეს პოლიტიკა მთელ მსოფლიოში გაავრცელა

ჰოდა, როგორ არ დავურეკავდი ლონდონში?!

მე კი ვიცოდი მისი პოზიცია, მაგრამ მინდოდა ჩემს თანამემამულეებსაც მოესმინათ; ბოლოს და ბოლოს შეეგნოთ, რომ ქართულ საზოგადოებაში კათარზისი ვერ მოხდება, სანამ ამ ეშმაკს, საბჭოთა კავშირს, თავისი კრემლითა და პუტინით საკუთარ თავში არ გავანადგურებთ; თორემ მოლოტოვ-რიბენტროპის მსგავსი პაქტები კიდევ არაერთხელ დაიდება და პატარები, სუსტები, დაუცველები ისევ დავიჩაგრებით... მერე ჩვენში ისევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ”ჩაგრულის პოზა” მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს - სახლში დაპატიჟებენ, კონფერენციებს გამართავენ, საპატრიარქოში წაიყვანენ... და ევროპაც ამოისუნთქებს; ყოფილ საბჭოთა სივრცეში სიმშვიდეა; ახლა შეიძლება გავთბეთ მათი გაზით, კარგი ვჭამოთ და კარგი ვსვათ!

ინტერვიუ რომ ჩავწერე, ბუკოვსკის სერგო ფარაჯანოვი გავახსენე. 1988 წელს, ჟან რადვანის ინიციატივით ჩატარებულ ქართული ფილმების ფესტივალზე როცა ჩავედით პარიზში... შეხედა იქაურობას და თქვა: ”ამათ ერთი ეს გრძელი სენდვიჩი პირიდან რომ წაგლიჯო, ეგრევე ომს დაგიწყებენ. ნურასდროს დაუჯერებ იმას, ვინც პატიოსანს თამაშობს”... მერე გახედა სენ-დენიზე მდგარ მეძავებს და შესძახა: ”აი, ესაა ხალხი!”

ბუკოვსკის გაეცინა. პრაღაში ცხოვრობო? - მკითხა. არა, ზეგ თბილისში ვბრუნდები მეთქი... ბედნიერი კაცი ხარ, საინტერესოა თქვენთან ცხოვრებაო... ლონდონიდან მითხრა.

მეც ასე ვფიქრობ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG