Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

არ ვიცი, თავიდანვე რატომ ავიჩემე, მაგრამ რადგან შეგპირდით, იძულებული ვარ ცოტა ხანი ამ ქვეყანაზე ვიფიქრო. ცხადია, აშკარად გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოს თანამეგობრობაში. ხომ არიან ქვეყნები, რომელთა არსებობაც არ გაგახსენდება, თუ იქ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ან თუ მათთან რაიმე პირადული არ გაკავშირებს?! ასეთი ქვეყნები თუნდაც ევროპაში არსებობს, სხვა კონტინენტებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამერიკა თავს არასდროს დაგავიწყებს. ან იქ ხდება რაიმე საყურადღებო, ან სხვაგან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახდენს რაღაცას.

ძალიან დავძაბე გონება და, თუ არ ჩავთვლით 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას, ვერ გავიხსენე უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ამერიკაში მომხდარი ვერც ერთი საყურადღებო ამბავი. 40 წლის წინ კი ვუდსტოკში ისეთი ფესტივალი გაიმართა, რომ დღესაც, არა მარტო როკის, არა მარტო კულტურის, არა მარტო მსოფლმხედველობის, არამედ თაობების განვითარების ათვლის წერტილად ითვლება. ფესტივალის 40 წლისთავთან დაკავშირებით 17 აგვისტოს გამოუშვეს 6 კომპაქტ-დისკისა და 80-გვერდიანი ბუკლეტისგან შემდგარი კომპლექტი, რომელშიც შესულია აქამდე გამოუქვეყნებელი 38 (!) ჩანაწერი. ბრწყინვალე საჩუქარია ნებისმიერი მელომანისთვის.

ეს საკუთარ საზღვრებში. საზღვრებს გარეთ კი ამერიკა უფრო აქტიურია. ძნელია დაასახელო რეგიონი, სადაც ის არ ფიგურირებდეს რამენაირად. სხვა ქვეყნებს მისადმი ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ. სხვანაირად უყვართ ის ისრაელში და საქართველოში და სულ სხვანაირად ინგლისში და ავსტრალიაში. სხვა სითბო აქვთ ამერიკისადმი სერბეთში და რუსეთში და სულ სხვა - ირანში და ერაყში. ერთადერთი სომხეთში და ლოს ანჯელესში აქვთ აბსოლუტურად ერთნაირი დამოკიდებულება ამ ქვეყნისადმი.

მაგრამ არის ერთი რამ, რაც ამერიკასთან მიმართებაში ყველა ქვეყანას აერთიანებს. ეს არის უზომო აღტაცება ამერიკელი პოლიტიკოსების არაჩვეულებრივი შვიდეულის მიმართ ასეთი შემადგენლობით: ბენჯამინ ფრანკლინი, ულის გრანტი, ენდრიუ ჯექსონი, ალექსანდრ ჰამილტონი, აბრაამ ლინკოლნი, თომას ჯეფერსონი და ჯორჯ ვაშინგტონი. ამ, ერთი შეხედვით, ეკლექტურ გაერთიანებაში მკაცრი ლოგიკა იმალება. ამ პოლიტიკოსების მაღალ საერთაშორისო რეპუტაციას განსაზღვრავს 100, 50, 20, 10, 5, 2 და 1-დოლარიანი ბანკნოტების უზომო პოპულარობა მთელ მსოფლიოში.

შვიდეულის ხსენებაზე ძნელია, არ გაიხსენო ამერიკული ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბურჯი - კინემატოგრაფი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკული კინემატოგრაფის ეროვნული სახეობის - ვესტერნის საუკეთესო ნიმუშები სულაც არ არის ეროვნული. თავად განსაჯეთ - იაპონელი კუროსავას “შვიდი სამურაის” მიხედვით გადაღებულ “შესანიშნავ შვიდეულში” მხოლოდ მუსიკაა ამერიკული. იტალიელი სერჯო ლეონეს სპაგეტი-ვესტერნებში კი კომპოზიტორიც იტალიელია - ენიო მორიკონე. სამაგიეროდ, კლინტ ისტვუდია ამერიკელი.

ბარემ კინემატოგრაფის სხვა დარგებიც გავიხსენოთ. თუნდაც ანიმაცია. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, მიკი მაუსი, თავის დროზე ისევე იყო ასოცირებული ამერიკასთან, როგორც კოკა-კოლა და ელვის პრესლი. ერთი კია, რომ მიკი მაუსის შემქმნელმა უოლტ დისნეიმ საფუძველი დაუდო ხელოვანების “თანამშრომლობას” ქვეყნის უშიშროების სამსახურებთან. შეიძლება სწორედ ამ მიზეზით, მე უპირატესობას ვანიჭებ “სიმფსონებს”, რომლის შემქმნელმა მეტ გრეინინგმა, საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ახალ მულტსერიალს, “ფუტურამას” დაუდო. რაც შეეხება, დოკუმენტალისტიკას, ამ ჟანრში ამერიკელთა დიდი უმრავლესობა უპირატესობას ჯეიმს კამერონის “ტიტანიკს” ანიჭებს.

ამერიკის კიდევ ერთმა სიმბოლომ, როკ-ენ-როლის მეფედ მონათლულმა ელვის პრესლიმ ნიქსონთან ურთიერთობით წარმატებით გააგრძელა დისნეის “საქმე”. ამ შემთხვევაში ჩემი სიმპათიები იხრება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსის ბობ დილანისკენ. მაგრამ ვეჭვობ, ამერიკელებს სწორად ესმოდეთ მისი ადგილი ამერიკულ კულტურაში: სხვანაირად ვერ ავხსნი მის წარდგენას ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში.

ნობელის ლაურეატი ლიტერატურაში კი ამერიკელებს 10 ჰყავთ. და მიუხედავად იმისა, რომ 3 მათგანი ამერიკაში არ არის დაბადებული, ეს მაინც ბრწყინვალე მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობით მოიხმარს ეს ერი კოკა-კოლას.

თუმცა, ისევე, როგორც კახეთში ღვინო, გერმანიაში ლუდი, შოტლანდიაში ვისკი და პორტუგალიაში პორტვეინი, ამერიკაში კოკა-კოლა ეროვნული სასმელია. მას ძალიან უხდება ასევე ეროვნული კულინარიის წამყვანი კერძი, მაკდონალდსის ნებისმიერი პროდუქტი. მაგრამ ამერიკული კულინარიის ნამდვილი შედევრი ენდი უორჰოლის მიერ დამზადებული კემპბელის სუპია.

უორჰოლთანვეა დაკავშირებული ამერიკის ფერწერული სკოლის განვითარების უმაღლესი წერტილი: მერლინ მონროს, მიკი ბოის (ჯაგერი) და მაო ძე დუნის ფოტოები ხომ სწორედ ენდი უორჰოლმა გააფერადა. ვიზუალური ხელოვნებისგან ნუ განვაცალკევებთ სკულპტურას. აქ ამერიკელების უპირობო ფავორიტია თავისუფლების ქანდაკება. და საერთოდ, ვეჭვობ, მათ ამ ჟანრში სხვა ნამუშევარი არც გაუგიათ.

რაშიც ეჭვი არ მეპარება, ამერიკის ნაციონალური სამოსის, ჯინსის უზომო პოპულარობაა მთელ მსოფლიოში. ჩემს ბავშვობაში Levi's 501 მოდელის ჯინსის შარვლები ისევე პოპულარული იყო თბილისში, როგორც დღეს BMW-ს X5 მოდელის ჯიპები. აქ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი პოპულარობის მიუხედავად, ის არასდროს არავის არ უხდებოდა.

ამერიკაზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ბოროტად არ ვისარგებლებ თქვენი მოთმინებით და აღარ მოგიყვებით ამერიკის ყველაზე საყვარელ სპორტსმენზე, ინგლისელ დევიდ ბექჰემზე, რომელსაც მალე ალბათ ბროდვეიზე მიუზიკლს დაუდგამენ; ამავე მიზეზით არაფერს ვიტყვი ამერიკის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე პოპულარული პიროვნების, ოსკარის შესახებ. მით უმეტეს, რომ ერთი 15 წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა.

საერთაშორისო პროექტში ვმუშაობდი. ამერიკიდან ჯიმი ჩამოდიოდა ხოლმე. ნამდვილი საშუალო ამერიკელი იყო, ჯიმბო. აი ჰომერ სიმფსონი ვის მოდელზეც არის შექმნილი, ისეთი. ანდა კიდევ უფრო საშუალო, არა, ძალიან საშუალო. მოკლედ, ეგეთი საშუალო არაფერი მინახავს. ისეთი საშუალო იყო, რომ ატლანტიკის თავზე ფრენისას, ცოლ-შვილის ფოტოებთან ერთად გულის ჯიბეში საკუთარი მანქანის ფოტოც ედო. ერთხელაც მძღოლთან ერთად ნეკრესში ვართ. ეს მძღოლიც მაგარი კლასიკა იყო - ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული (ფილოლოგიური და სამთო მექანიკა), აბა მძღოლად კი არ დაიბადა. ჰოდა ეს მძღოლი უპირატესობის გრძნობით ეკითხება ჯიმბოს, ნეკრესის მშენებლობა IV საუკუნეშია დაწყებული და თქვენი ყველაზე ძველი შენობა რამდენი წლისააო. ჯიმბოც არ დაიბნა და დაიწყო ზღაპრების მოყოლა პირამიდებზე. ეს აღარ მესიამოვნა, ამას მეც ორდიპლომიანი ხომ არ ვგონივარ-მეთქი და ვკითხე, სად არის ეგ პირამიდები-თქო. ტეხასის სამხრეთითო. მოკლედ, ისე თავხედურად მიითვისა მექსიკის აცტეკური ცივილიზაცია, როგორც რუსებმა აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ხედავთ, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბიგ მაკების ჭარბ მოხმარებას?! ზუსტად იგივე, რაც ხინკლის უზომო ჭამას.

პრემიერ ლიგა დაიწყო, გილოცავთ. მანჩესტერმა მოიგო, წარმოდგენა გრძელდება, ამჯერად ოუენთან ერთად, მერე რა რომ პირველივე თამაშში ბოლო წუთზე 100%-იანი გოლი ვერ გაიტანა.

ეს რამდენიმე დღეა ჩემი გული ქობულეთსა და ბრიტანეთს ეკუთვნის. ქობულეთში ოჯახი გავუშვი, ხოლო ბრიტანეთში დიდი დღესასწაულების დრო დადგა. ერთზე უკვე გითხარით, მეორე კი “ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალია”, მსოფლიოში საუკეთესო ფესტივალი - ორკვირიანი დროსტარებით, ჭკვიანური კითხვა-პასუხებით, საყვარელი მწერლებით, შერეკილი მკითხველებითა და მხიარული გამყიდვლებით, მუსიკითა და თეატრით, ლუდითა და ვისკით (ესენი, რა თქმა უნდა, ცალკ-ცალკე, ერთად ეგრევე თავში ურტყამს, განსაკუთრებით ლიტერატურის მოყვარულებს).

ფესტივალი გუშინწინ გაიხსნა და თვის ბოლომდე გაგრძელდება. მასში 750-მდე ავტორი იღებს მონაწილეობას. პროგრამას რომ თვალი გადავავლე, იქ რამდენიმე ვარსკვლავსაც წავაწყდი: ირვინ უელში და იეინ ბენკსი, მარგარეტ ეტვუდი და მარგარეტ დრებლი, უილ სელფი და უილიამ ბოიდი, გარისონ კეილორი და ტრეისი შევალიე, დაგლას კოუპლენდი, ალასდერ გრეი, შონ ო’ბრაიენი, იენ რანკინი, კელემ ტობინი... თანამედროვე ბრიტანული და მსოფლიო ლიტერატურის მოყვარულებისთვის ეს სახელები ბევრს ნიშნავს. საქართველოში რამდენიმე ამ მწერალს გულშემატკივრებიც ჰყავს (დაე მეპატიოს საფეხბურთო ტერმინი), მაგრამ ეს მაინც ვერ ცვლის საერთო ვითარებას, რადგან არც ერთი ამ მწერლის ქართული თარგმანი არ არსებობს და არც ერთი ამ ავტორის შესახებ (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) ჯერ სიტყვაც არ დაძრულა ქართულ პრესაში თუ ტელევიზიით. ანდა ვინ დაძრავდა? ანბანს ვერ გავცდით, გადართავ “საზმაუზე” და ომახიანი ხმა ჩაგძახის: “კითხვა ისევ მოდაშია!”. ჰოდა მეც ომახიანად ვპასუხობ ხოლმე: “მაშ მტყუანს?” (მართლა არ მახსოვს როდის იყო კითხვა მოდაში). გავა ერთი საათი და მორიგი ტიხარი ჩაგჩურჩულებს: “წაიკითხე და იოცნებე!”. “და ნაოცნებარზე რა ვქნათ, რითი გამოვიდეთ? ხაშით? თუ სუშით?”

ედინბურგში ზუსტად იციან როდის იოცნებონ და როდის აკეთონ საქმე. თავად ნახავთ, თუკი ზემოთ დადებულ ლინკს გაჰყვებით, რომ ფესტივალს 60-მდე სპონსორი ჰყავს, ასევე აუარება საინფორმაციო მხარდამჭერი, ბენეფაქტორი, პარტნიორი. დღეს სპეციალურად გადავურეკე თბილისის წლევანდელი და წინა წლების წიგნის ფესტივალების ორგანიზატორებს და სპონსორების შესახებ ვკითხე. აღმოჩნდა, რომ კულტურის სამინისტროსა და მერიის მიერ გამოყოფილი თანხის გარდა, არც ერთ დიდ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა ფესტივალის დაფინანსებაში. მართალია თითოოროლა გაზეთი და ტელეარხი კი აშუქებდა ფესტივალს (რომელიც სინამდვილში უფრო ბაზრობაა, ვიდრე ფესტივალი, სადაც ზოგიერთი გამომცემელი მაღაზიის ფასებში და უფრო ძვირადაც კი ჰყიდის წიგნებს), მაგრამ ამ გაშუქებას დაახლოებით ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორიც კვირადღის 12 საათიან “კურიერში” გაშვებულ სიუჟეტს ქართველი რეჟისორის მიერ ერევანში დადგმული მოცარტის “დონ ჟუანის” შესახებ.

რა თქმა უნდა, ჩვენი წიგნების ფესტივალსა და ედინბურგის წიგნების ფესტივალს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ანალოგიისთვის უკეთესი ვერაფერი მოვძებნე ჩვენს კულტურულ გარემოში, რაც სულ ცოტათი მაინც მიუახლოვდებოდა თავისი სადღესასწაულო განწყობით ედინბურგის ფესტივალს. ან კი უახლოვდება ჩვენებური წიგნის ზეიმი ნამდვილ ზეიმს? როგორ შეიძლება მიუახლოვდეს, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი უბრალოდ იტანჯება კითხვისას, რომელ ზეიმზე და დღესასწაულზეა საუბარი, როცა ხალხი ტოკ-შოუთი და ქართველი პოლიტიკოსების მიერ წამოსროლილი არასწორი ციტატებით იღებს განათლებას.

ლიტერატურული დღესასწაულის შეგრძნება ჩვენთან მართლა დაიკარგა. ალბათ იგი არც არასდროს არსებობდა, რადგან ლიტერატურული გართობის ტრადიცია საქართველოში მხოლოდ სუფრას უკავშირდებოდა, სადაც ბახუსი ყოველთვის ძლევდა და განსხვავებულებს აძალებდა მუზებს. XIX საუკუნის მერე ბევრი არაფერი შეცვლილა ამ მხრივ. ხომ გახსოვთ დანიელ ჭონქაძის “სურამის ციხე” როგორ იწყება, ახალგაზრდები რიყეზე, “ანჩისხატის ჩასწვრივ” იკრიბებიან და ამბებს ჰყვებიან, თან მოზრდილ ყანწებს ატრიალებენ და ზედაც მწვადებს აყოლებენ. იმავე პერიოდის მემუარულ პროზაში ხშირად შეხვდებით ე.წ. ლიტერატურული სალონების აღწერებსაც, სადაც ხალხი ძირითადად მეორე განყოფილებისთვის დადიოდა, საპურმარილოდ, პირველ ნაწილს კი ან არ ესწრებოდნენ, ან ძალით და ბუზღუნით ისმენდნენ გამომსვლელებს.

სამწუხაროდ, ქართული ლიტერატურული გართობა ვერ გაცდა გივი შადურსა და მის “არიფიონელ” მასპინძლებს. აი მთელი მისი ფილოსოფია, გივის პირიდან გამოსული: “მე მიყვარს ქართული სუფრა, სადაც მგოსანი შეზარხოშებულ ანგელოზად გადაიქცევა და გულში წინასწარმეტყველთა ღველფს გაიღვივებს”. ასე ერთობიან მწერლები საქართველოში, მეც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ამგვარ “დიონისიებში”, და დღეს რომ ვუკვირდები, რამხელა ენერგია იხარჯებოდა ამ რიტუალურ ქმედებებში, რამდენი რომანი, რამდენი კარგი პოეტური კრებული, ესსე და კრიტიკული წერილი ეწირებოდა ამ ღრეობებს, გული მწყდება.

დადგა დრო მართლა რაღაც ახალი მოვიფიქროთ, ახალი ფესტივალი ქართველი და უცხოელი სტუმრებით, მთარგმნელებით, კრიტიკოსებით (დღეს ბევრი ლატენტური კრიტიკოსი დადის საქართველოში), სპეციალური სექციებით, ვორკშოპებით, მასტერკლასებით, მრგვალი მაგიდებით, სადაც ლიტერატურის გარდა ვისაუბრებდით ეკოლოგიაზე, კვებაზე და ღვინოზე, საზოგადოებაზე და სოციალურ პრობლემებზე, მეცნიერებაზე და პოლიტიკაზე, ისტორიაზე და ტურიზმზე.

ამ ფესტივალზე ყველას უნდა ჰქონდეს თავის წარმოჩენის საშუალება. მაგალითად, თბილისის წიგნის ფესტივალზე ფართი საკმაოდ ძვირია და რომელიმე მცირეტირაჟიანი ლიტერატურული გამოცემა, არაკომერციული გამომცემლობა ან კონკრეტული ავტორის წიგნი შეიძლება საერთოდაც ფესტივალის მიღმა დარჩეს. ავტორებს ერთად-ერთი გამოსავალი რჩებათ, რომელიმე სტენდზე უნდა შეაცოდონ ვინმეს თავი და მათ მაგიდაზე რამდენიმე კვადრატული სანტიმეტრი მოიპოვონ, რომ თითო-ოროლა მკითხველმა მაინც შეამჩნიოს მისი წიგნი. ჩვენს ფესტივალზე ამის საპირისპირო ვითარება უნდა იყოს, მან ყველაზე მარგინალურ ავტორებსაც უნდა გაუხსნას გზა, დაუთმოს ადგილი და ეს ადგილი იქნება არა რამდენიმე კვადრატული სანტიმეტრი, არამედ, სცენა, ლიტერატურის სცენა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას დღეს ნამდვილად სჭირდება ესეთი კონტაქტი, სცენა, საიდანაც მწერალი თავისი არტისტიზმით კი არ გაგვაკვირვებს, არამედ მწვავე კითხვებს გასცემს პასუხს. ბოლო-ბოლო ის ადამიანებიც ხომ უნდა გავიცნოთ, მუდამ რაღაცაზე რომ ბუზღუნებენ, მუდამ რაღაცა რომ “უტყდებათ”, ღიზიანდებიან სხვების წარმატებით და თავიანთი უსაქმობით. გავიცნოთ, ჩავეძიოთ, ვალაპარაკოთ, შემდეგ გავამხნევოთ და ვუგულშემატკივროთ, დამწყებსაც და უკვე მწერლობაზე გულაცრუებულ ასაკოვან ოსტატებსაც.

გულშემატკივრობაზე ისევ ფეხბურთი და პრემიერ ლიგა მახსენდება. გუშინწინ, ოუენმა რომ ის გოლი ვერ გაიტანა ბირმინგემთან, კადრში რამდენიმე წამით მისი სახე გამოჩნდა. ძალიან იყო შეწუხებული, შუბლზე ეწერა გულისტკივილი, ასაკი, ჰოდა მაშინ გავიფიქრე, რა მაგარია, როცა მართლა გულშემატკივრობ ვიღაცას და სულ არ მიგაჩნია, რომ დაბერდა ან გატეხა ცხოვრებამ. ჩვენი ლიტერატურაც ამ დღეშია, ოდესღაც მასაც გაუტანია ოუენისნაირი ბურთები, ამიტომ ნუ დავივიწყებთ და ნუ გავწირავთ მას, სიზარმაცეც ვაპატიოთ ჩვენს ავტორებს და უფრო მეტად ვუგულშემატკივროთ, ვუგულშემატკივროთ წიგნებს, კითხვას, მკითხველებს. მსოფლიო ლიტერატურის პრემიერ ლიგაში მხოლოდ ასეთი გულშემატკივრობით გადავალთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG