ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 17 სექტემბერს თავისი გუნდი წარადგინა, რომელიც ევროკომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მოკლე დასკვნა ასეთია: ყველაზე მეტი მოიგეს ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა. სწორედ მათ ერგოთ უმნიშვნელოვანესი პორტფელები. ცენტრალური და აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებს ბევრი არაფერი მიუღიათ. ვნახოთ, რა მოხდება ევროკავშირის გაფართოების კუთხით.
ცხადია, რომ ბალტიისპირეთი ფონ დერ ლაიენის გულთან ახლოსაა. უკვე ვიცოდით, რომ ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეური გახდებოდა. ლატვიელმა ვეტერანმა ვალდის დომბროვსკისმა მიიღო ეკონომიკისა და პროდუქტიულობის პორტფელი, მიუხედავად მუდმივი ჭორებისა, რომ ის უახლოეს წლებში გაფართოებასთან იქნებოდა დაკავშირებული.
ლიეტუვის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსს თავდაცვის ახალი პორტფელი ჩააბარეს. ეს შეიძლება ცარიელი სიმრავლე იყოს, თუ ევროკავშირი თავდაცვისთვის ფულს არ გამოყოფს. ბრიუსელი ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას ცდილობს, განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, თუმცა საკითხავია, რამდენად ემთხვევა ეს წევრი ქვეყნების სურვილებს. ამ სფეროში უამრავი ეროვნული ჩემპიონია, მაგრამ ევროპის ჩემპიონი ჯერ არ გამოჩენილა და საეჭვოა, რომ ეს ვითარება მალე შეიცვალოს. და ბოლოს, პიოტრ სერაფიმი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მარჯვენა ხელი, ბიუჯეტს უხელმძღვანელებს. შთამბეჭდავი შედეგია.
თუმცა, ამავე დროს, ჩანს, რომ ბლოკი დასავლეთისკენ გადაიხარა. ესპანეთი იქნება პასუხისმგებელი ევროკავშირის შიდა ბაზარზე, საფრანგეთი ინდუსტრიულ სტრატეგიას ჩაიბარებს, ირლანდიამ სამართლიანობა მიიღო, ლუქსემბურგმა სოფლის მეურნეობის პორტფელი, იტალიამ კი - ერთიანობა, რომელიც ევროკავშირის ნაღდ ფულს განაგებს. აქ გადაირიცხება ფული კლუბის უფრო მდიდარი რეგიონებიდან ღარიბ რეგიონებში. შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხები ავსტრიას ანდეს, რომელიც სულ უფრო და უფრო მარჯვნივ იხრება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
მართალია, რუმინელი კანდიდატი როქსანა მინზატუ დასახელდა ერთ-ერთ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად ექვსიდან, რაც დიდი საქმეა, მაგრამ სფერო: „ხალხი, უნარები და მზადყოფნა“, საკმაოდ ბუნდოვანია. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებელი იქნება განათლებისა და სოციალური უფლებების საკითხებზე - ეს კი ძირითადად ეროვნული მთავრობების კომპეტენციაში შედის ხოლმე და არა - ბრიუსელის.
ბულგარელი კანდიდატი, ეკატერინა ზაჰარიევა ჩაიბარებს კვლევებს და ინოვაციებს - კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ევროკავშირი დიდი ვერაფრით გამოირჩევა. უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჯანმრთელობასა და ცხოველთა კეთილდღეობას მიხედავს, რაც ევროპისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ, მაგრამ წამყვან როლს მაინც არ თამაშობს. ვრცელდება ხმები, რომ ევროპარლამენტმა მოსმენების დროს შეიძლება ორივე მათგანის კანდიდატურა ჩააგდოს - მოსმენები მალე იწყება და, როგორც წესი, რამდენიმე კანდიდატს იწუნებენ ხოლმე. სლოვაკეთმა ვაჭრობა ჩაიბარა გაზრდილი პროტექციონიზმის ეპოქაში, ჩეხეთს კი წილად ერგო „საერთაშორისო პარტნიორობა“, რომელიც არავინ იცის რას ნიშნავს. ხორვატია პასუხისმგებელია სამხრეთ სამეზობლოზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებიან, მაგრამ ბლოკს სჭირდება მათთან შეთანხმებების დადება იმიგრაციის თავიდან ასაცილებლად.
მაშ, რა ხდება გაფართოების მხრივ? ეს სფერო ეხება ევროკავშირის წევრობის ბევრ ქვეყანას დასავლეთ ბალკანეთში და ასევე კანდიდატ ქვეყნებს აღმოსავლეთიდან - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. ეს ახალი ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო. არჩევანი კი სლოვენიასა და მარტა კოსზე შეაჩერეს - კომისიის ერთადერთ კანდიდატზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია საკუთარ ქვეყანას. ლიუბლიანაში ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გადადო მისი დამტკიცების საკითხი. ლიუბლიანა გააღიზიანა იმან, რომ თავდაპირველი კანდიდატი, ტომაზ ვესელი თავიდან მოიშორეს, რადგან ფონ დერ ლაიენი გუნდში მეტ ქალს ეძებდა.
ეს გაფართოების პოლიტიკის მაღალ პრიორიტეტზე არ მეტყველებს. როგორც მესმის, უკრაინა და მოლდოვა იმედოვნებდნენ, რომ კანდიდატი უფრო მაღალი პროფილისა იქნებოდა - სასურველია ბალტიის მეგობრული ქვეყნებიდან. ის ასევე იქნება პასუხისმგებელი აღმოსავლეთ სამეზობლოზე, რაც გულისხმობს აზერბაიჯანს, სომხეთსა და ბელარუსს. საკითხავია, რამდენი დრო დარჩა ამ სამეულს.
სავარაუდოა, რომ კოსი, როგორც ყოფილი იუგოსლავიის წარმომადგენელი, ყურადღებას დასავლეთ ბალკანეთზე გაამახვილებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ ქვეყნებიდან ბევრი უფრო წინ იმყოფება ევროკავშირის გზაზე, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ბოლო წლებში კი ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბრიუსელი მათ უგულებელყოფდა. ის ალბათ ნაკლებად კონტროვერსიული იქნება, ვიდრე გაფართოების საკითხებში ამჟამინდელი კომისარი, უნგრელი ოლივერ ვარჰეი, რომელმაც როლს აშკარად უნგრული კვალი დაატყო. თუმცა, მაინც იგრძნობა, რომ მომდევნო წლებში გაფართოება არ იქნება ბრიუსელის დღის წესრიგის მთავარი თემა.