Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 30 აგვისტო 2024

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

უმეტესობას ყურადღება აშშ-ის ნოემბრის არჩევნებისკენ აქვს მიმართული, მაგრამ ამ შემოდგომაზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა ტარდება.

რეგიონალურმა არჩევნებმა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის სამ მხარეში - ბრანდენბურგში, საქსონიასა და თიურინგიაში - შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ევროკავშირის უდიდეს და ყველაზე მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოზე, სადაც არაპოპულარული ეროვნული კოალიციური მთავრობა კიდევ უფრო შესუსტდება და გაიზრდება კითხვის ნიშნები უკრაინისადმი ბერლინის სამომავლო მხარდაჭერის შესახებ.

თიურინგია და საქსონია 1 სექტემბერს მისცემენ ხმას, ხოლო ბრანდენბურგი - სამი კვირის შემდეგ, 22 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული რეგიონული განსხვავებები ამ სამს შორის, რომლებიც ერთად გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს, ტენდენცია მსგავსია - ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD, Alternative für Deutschland) გაძლიერდა და სამივეგან პირველი ადგილისათვის იბრძოლებს. ელიან, რომ სამივეგან მიიღებს ხმების 25-დან 30-მდე პროცენტს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიას პირველი ადგილი არცერთ სახელმწიფო არჩევნებში აღარ დაუკავებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე პოპულისტებს დასავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში კარგი შედეგები უჩვენებიათ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პირველ ადგილზეც გასულან და მთავრობებიც კი შეუქმნიათ, გერმანიაში ამას განსაკუთრებულად სიმბოლური მნიშვნელობა ექნება მე-20 საუკუნის მემკვიდრეობის გათვალისწინებით.

თანაც AfD მაინც კარგა რადიკალური მემარჯვენეები არიან. სხვა მემარჯვენე პარტიებმა, როგორებიცაა მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ და იტალიური „ლეგა“, მაისის ევროპული არჩევნების წინ ის გააძევეს მისი ევროპული პოლიტიკური პარტიის ოჯახიდან „იდენტობა და დემოკრატია“ (ID). მოგვიანებით მან შექმნა საკუთარი, კიდევ უფრო რადიკალურად მემარჯვენე ჯგუფი - „სუვერენული ერების ევროპა“.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა, გერმანიის შიდა უსაფრთხოების მცველმა, საქსონიაში, ასევე თიურინგიაში, პარტიას „დადასტურებული მემარჯვენე ექსტრემისტი“ უწოდა. პარტიის ლიდერი თიურინგიაში, ბიორნ ჰოკე, ნაცისტური ლოზუნგების გამოყენებისთვის არის გასამართლებული.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. პარალელურად სულ უფრო პოპულარული ხდება ულტრამემარცხენეობაც. დამკვიდრებულ ულტრამემარცხენე „ლინკეს“ ცოტა ხნის წინ გამოეყო „სარა ვაგენკნეხტის ალიანსი“ (BSW, Bündnis Sahra Wagenknecht), რომელიც სამივე მხარეში 15-20%-ს აჩვენებს გამოკითხვებში და მეორე-მესამე ადგილისათვის იბრძვის. ამ პარტიის ლიდერია პოპულარული, თუმცა სადავო რეპუტაციის სარა ვაგენკნეხტი, რომელიც ოდესღაც გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის წევრი (SED) იყო კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში. ახლა ის გერმანიის პოლიტიკური რუკის რესტრუქტურიზაციას ეცდება. „ლინკეს“ პოპულარობა დაეცა მას შემდეგ, რაც ვაგენკნეხტი წამოვიდა და მას ქმარი, გერმანელი მემარცხენეების პატრიარქი ოსკარ ლაფონტენიც შეუერთდა.

მაგრამ უფრო საინტერესოა მისი პოლიტიკური პოზიციები. ის ებრძვის იმიგრაციას და აპროტესტებს მწვანე პოლიტიკას. მრავალი თვალსაზრისით, მისი შეხედულებები საკმაოდ ახლოსაა AfD-ს პოზიციებთან. ორივე მხარე ევროსკეპტიკოსია, ნატოს წინააღმდეგია, აკრიტიკებს გერმანიაში ახლად ჩასულებს, სიმპათიით უყურებს რუსეთს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგია. AfD-მ და BSW-მ სექტემბერში სამივე მხარეში ერთად შეიძლება ხმების 50% მიიღონ.

ვითარებას რამდენიმე ფაქტორი ამსუბუქებს. პირველი ის არის, რომ BSW-მ, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ, დადო პირობა, რომ არ შევა რაიმე ალიანსში Afd-სთან. ამგვარად, AfD-მ ყველგან პირველი ადგილი რომც დაიკავოს და მხარის პარლამენტების პრეზიდენტის დასახელების უფლება მოიპოვოს, საკმარისი მხარდაჭერის მიღებას მაინც ვერ შეძლებს. მეორე მხრივ, მას შეუძლია დაბლოკოს გარკვეული ძირითადი გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დანიშვნა და კონსტიტუციის ცვლილებები, თუ ის მიიღებს მხარის საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მესამედზე მეტს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე მხარე ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰომოგენური ერთეული არ გახლავთ, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მხარეები უფრო ხშირად აძლევენ ხოლმე ხმას პოპულისტურ პარტიებს. აქ ხომ ჯერაც განიცდიან გერმანიის გაერთიანების ეკონომიკურ შოკს. ბევრი ამომრჩეველი აქ კვლავ ინარჩუნებს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ სენტიმენტებს და მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობას მოითხოვს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ სამი არჩევნები ცხადყოფს, თუ რამდენად გაყოფილია დასავლეთი და აღმოსავლეთი გერმანია გაერთიანებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, ეს არ ასახავს მთლიანად ქვეყნის განწყობას. AfD და BSW გაცილებით ნაკლებადაა პოპულარული დასავლეთში.

მიუხედავად ამისა, ეს კენჭისყრა ბერლინზე დიდ გავლენას მოახდენს. შემდეგი ფედერალური არჩევნები თორმეტ თვეშია. მაგრამ რამდენად გაძლებს სოციალ-დემოკრატების (SPD), მწვანეთა და ლიბერალური FDP-ს ისედაც მყიფე კოალიცია ამდენ ხანს? ეს ორი უკანასკნელი ამ არჩევნებში ალბათ 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს. სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ამდენი ხანია, გერმანიის პოლიტიკაში ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენენ, ამჟამად საქსონიასა და თიურინგიაში გამოკითხვებში ერთნიშნა შედეგებს აჩვენებენ. მხოლოდ ბრანდენბურგში ელიან, რომ ის AfD-ს შემდეგ მეორე ადგილზე გავა ხმების დაახლოებით 20%-ით. მეინსტრიმული პარტიებიდან, როგორც ჩანს, მხოლოდ მემარჯვენე-ცენტრისტული CDU (რომელსაც, გამოკითხვების მიხედვით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფედერალურ დონეზე ოპოზიციაში ყოფნა წაადგა) გაუწევს კონკურენციას პოპულისტებს. მას შეუძლია პოტენციურად გამარჯვება წაართვას AfD-ს საქსონიაში და მეორე ადგილისთვის იბრძოლოს დანარჩენ ორ მხარეში.

თუმცა მომავალში ორ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ყველა სხვა პარტია თითქოს (ჯერ კიდევ) გამორიცხავს AfD-სთან პოლიტიკურ ალიანსს, ამიტომ, წესით, უცნაური კოალიციები ჩამოყალიბდება. არ არის გამორიცხული, რომ CDU-სა და BSW-სთან მოუწიოს თანამშრომლობა მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტეს საკითხებში დაპირისპირებული პოზიციები უჭირავთ. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს AfD-ს დაბლოკვა? ასევე, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად გაიზიარებენ AfD-სა და BSW-ს დღის წესრიგსა და პოზიციას მთავარი პარტიები მომავალი წლის არჩევნებისათვის? ამას გავლენა მხოლოდ გერმანიაზე კი არა, მთელ ევროპაზე ექნება.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ბრიუსელში შემოდგომა სექტემბრის შუა რიცხვებში დგება ხოლმე, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს მოხსენებით ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ.

გამოსვლა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება, ასახავს პოლიტიკის პრიორიტეტებს, რომელთა განხორციელება უნდა დაიწყოს ან დაასრულოს ევროკავშირის აღმასრულებელმა უახლოეს თვეებში.

თუმცა ბრიუსელისათვის ეს ჩვეულებრივი შემოდგომა არ გახლავთ, რადგან "ევროკავშირის გვარდია" უნდა შეიცვალოს. ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ 1 დეკემბერს შარლ მიშელი უნდა ჩაანაცვლოს ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება, რომ გერმანელი ურზულა ფონ დერ ლაიენი კიდევ ხუთ წელს დაჰყოფს ევროკომისიის სათავეში. სექტემბერში ფონ დერ ლაიენს ბევრი საქმე აქვს - მან უნდა შეადგინოს 26 კომისრის ახალი გუნდი, სადაც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ეყოლება წარმომადგენელი. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე წარადგინა შესაბამისი კანდიდატები (ბოლო ვადა 30 აგვისტოა). ურზულა ფონ დერ ლაიენი ყველა მათგანს გაესაუბრება და თითოეულს გამოუყოფს პორტფელს.

ძირს ოლივერი, მაღლა კალასი?

ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი სახელი და პორტფელი ვიცით: ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა, კოსტასა და ფონ დერ ლაიენის დანიშვნების პარალელურად, გადაწყვიტეს, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ჩაანაცვლებს ესპანელ ჟოზეპ ბორელს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურის თანამდებობაზე. კალასი ჯერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უნდა შეხვდეს, რომლებიც ჯერ მას გაწურავენ, შემდეგ კი გაფართოების მომავალ კომისარს, ვინც არ უნდა იყოს ის.

ევროკავშირის დიპლომატებისგან შევიტყვე, რომ კალასის მოსმენა 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. ბრიუსელის საინფორმაციო ციკლი სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბრის დასაწყისში მთლიანად იქნება მოცული კომისრობის მსურველებთან გასაუბრებით. ამ დროს ევროპარლამენტს შეუძლია კბილები გამოაჩინოს და უარყოს რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც, მისი აზრით, ცუდად წარმოჩინდება გამოკითხვის დროს. (წინაზე, 2019 წელს, ევროპარლამენტარებმა უარყვეს სამი კანდიდატი, რის შემდეგაც მათ წარმდგენ ქვეყნებს მოუწიათ სწრაფად შეერჩიათ ახალი პირები ახალი მოსმენებისთვის.)

ევროპარლამენტარების ყურადღების ცენტრში ნამდვილად მოექცევა უნგრელი ოლივერ ვარჰეი. ის ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ უმაღლესი წარმომადგენელი გაფართოების საკითხებში და ბუდაპეშტი ახლა მას ახალი ვადით წარადგენს. ბევრი დიპლომატის აზრით, ის ბუდაპეშტის ინტერესებს ბრიუსელზე წინ აყენებდა - თბილად უდგებოდა სერბეთსა და საქართველოს, მაგრამ არა უკრაინას. ერთხელ კი მიკროფონი ჩართული დარჩა და ყველამ გაიგო, როგორ უწოდა ევროპარლამენტარებს "იდიოტები".

ვარჰეის გაფართოების პორტფელს ხელახლა, ალბათ, აღარ შესთავაზებენ. საკითხავი ისაა, მოახერხებს თუ არა უნგრელი ევროპარლამენტარების დარწმუნებას, რომ საერთოდ რაიმე პორტფელი მიიღოს. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ პარლამენტი ყველა კომისარს და მთლიანად ევროკომისიას მოიწონებს და 1 დეკემბერს მუშაობა დაიწყება, თუმცა ამ პროცესმა შეიძლება უფრო დიდხანს გასტანოს.

არც ისეთი სასტიკი ქორი

ევროკავშირის არცერთი ოფიციალური პირი, ვისაც ვესაუბრე, არ მოელის, რომ კალასის დამტკიცებას რაიმე რეალური საფრთხე ემუქრება. მაგრამ მაინც საინტერესო იქნება იმის მოსმენა, თუ რას იტყვიან ის და გაფართოების საკითხების მომავალი კომისარი უკრაინის, რუსეთისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შესახებ. საინტერესო იქნება მათი აზრები ბლოკში მეტი წევრის მიღების პერსპექტივის შესახებაც. ამ ფრონტზე რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ევროკავშირის პოლიტიკა მკაფიოდაა გამოკვეთილი - ესაა უკრაინის სრული მხარდაჭერა და გაფართოება მას შემდეგ, რაც ბლოკი რეფორმებს განახორციელებს და კანდიდატი ქვეყნები ყველა წინაპირობას შეასრულებენ. თუმცა მთავარია, რა აქცენტებს დასვამენ გამომსვლელები და როგორ მიეწოდება ეს გზავნილები.

კალასს „რუსეთის მოწინააღმდეგე ქორის“ რეპუტაცია აქვს. ის, ალბათ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პირველი ხელმძღვანელია, ვისაც მოსკოვის მიმართ ასეთი მკვეთრად გამოხატული პოზიცია უჭირავს. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ბლოკი მიუახლოვდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შეხედულებებს რუსეთზე მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მაგრამ მაინც, როდესაც მისი სახელი პირველად გაისმა, ბევრი ეჭვობდა, რამდენად მიზანშეწონილი იქნება მისთვის ევროკავშირის მთავარი დიპლომატის პორტფელიო.

ამიტომ ველით, რომ ის ოდნავ შეამსუბუქებს ტონს, როცა ევროპარლამენტარებს შეხვდება და მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე არ ილაპარაკებს. მან შესაძლოა არანაკლები ილაპარაკოს ღაზაზე, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამხრეთის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე; და ე.წ. გლობალური სამხრეთის სხვა დიდ ძალებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების საჭიროებაზე.

ევროკავშირის გაფართოება?

ასევე საინტერესოა, თუ ვის ირჩევს ფონ დერ ლაიენი გაფართოების კომისრად. ევროკავშირის გაფართოების ახლა აქტუალური თემაა - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ბლოკში მიიწვიეს და ეს ორი უკანასკნელი რეალურ პროგრესს აჩვენებს - და ევროკავშირის უფრო მეტი წევრი ქვეყანაა დაინტერესებული ამ პორტფელის მიღებით. ეს ძალიან განსხვავდება 2019 წლის ვითარებისგან, როდესაც ეს პორტფელი მხოლოდ ბუდაპეშტს სურდა და მიიღო კიდეც. ესტონეთმა, რომელიც ბრიუსელში „აღმოსავლეთის“ წევრ სახელმწიფოდ მიიჩნევა, საგარეო პოლიტიკის მესვეურის პოსტი მიიღო და გასაკვირი იქნება, თუ კომისიის გაფართოების პორტფელს კიდევ ერთი „აღმოსავლელი“ მიიღებს. ჩემი ვარაუდით, ფონ დერ ლაიენი სამხრეთისაკენ ან დასავლეთისკენ გაიხედავს, რათა გეოგრაფიული ბალანსი უზრუნველყოს და თავიდან აიცილოს ბრალდებები, რომ ბლოკის ერთადერთი ფოკუსი უკრაინაა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ მთავარია თუნდაც მინიშნება მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება მოხდეს ევროკავშირის შემდეგი გაფართოება.

ამის გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ბოლოს რაიმე თარიღი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაასახელა, როდესაც, გასულ წელს მოუწოდა ევროკავშირს, 2030 წლისთვის ყოფილიყო მზად. თუმცა ის თანამდებობას მალე დატოვებს და ისედაც - გაფართოების თარიღის დაწესება მისი გადასაწყვეტი არ ყოფილა. სიმართლე კი ისაა, რომ ეს თარიღიც ამბიციურად გამოიყურება, რადგან გაწევრიანებასთან ახლოს არცერთი კანდიდატი ქვეყანა არ ჩანს.

ევროკომისია, დიდი ალბათობით, გამოაქვეყნებს გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც ასახული იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი (ან მისი ნაკლებობა). მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით ტონი პოზიტიური იქნება, მაგრამ უნდა ველოდეთ, რომ ეს ქვეყნები წელს გახსნიან ევროკავშირში გაწევრიანების თავებს. ჯერ ევროკავშირი განიხილავს ეროვნულ კანონმდებლობებს და მათ თავსებადობას ევროკავშირის წესებსა და კანონებთან სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი 2025 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები რეალურად.

საქართველოსთვის, რომელიც წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო უპირისპირდება ბრიუსელს, ანგარიში ნაკლებად სასიამოვნო იქნება. რეალურ პროგრესს არ ელიან. ევროკავშირი, სავარაუდოდ, ასევე გაითვალისწინებს, თუ რამდენად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ნებისმიერ შემდგომ ნაბიჯს ამის მიხედვით განსაზღვრავს. ევროკავშირმა უკვე შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და სამხედრო დახმარება ახლახან ამოქმედებული „უცხოური გავლენის“ კანონის გამო და ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში დამატებითი სანქციებიცაა მოსალოდნელი.

მეორე მხრივ, დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ამ შემოდგომაზე შეიძლება ნამდვილი პროგრესი დაინახოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. არ არის გამორიცხული, რომ მონტენეგრომ დახუროს მოლაპარაკებების ზოგიერთი თავი, რაც მას 2017 წლის შემდეგ ვერ მოუხერხებია.

ბრძოლა ბუდაპეშტთან

ზოგიერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაძლოა ამ შემოდგომაზეც მიიღონ. ბრიუსელს მოუწევს მეტი ფულის გამოძებნა უკრაინის მხარდასაჭერად და ახლა მას გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაც შეუძლია. უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მონაცვლეობითი თავმჯდომარეა, ზაფხულის განმავლობაში ბრიუსელს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. ევროკავშირი, ალბათ, არ დაეხმარება ბუდაპეშტს რუსული ნავთობის მიღებაში და კიდევ ერთხელ გაჟღერდება, რომ უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების მიღება გაამარტივა.

წესით, ორივე ეს საკითხი წამოიჭრება, როდესაც ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 29 აგვისტოს შეიკრიბებიან. ეს არაოფიციალური შეხვედრა ბუდაპეშტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბორელმა ის ევროკავშირის დედაქალაქში გადაიტანა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა უნგრეთში ნებისმიერ შეხვედრას მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოსკოვსა და პეკინში იმოგზაურა ივლისის დასაწყისში.

უნგრეთთან დაკავშირებით კიდევ ორი საკითხი არსებობს, რომლებსაც შემოდგომაზე თვალყური უნდა ვადევნოთ. პირველი გახლავთ ბუდაპეშტის უარი უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის მერვე ტრანშის, 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით. ტრანში უკვე თითქმის 18 თვეა დაბლოკილია და, მიუხედავად წევრი ქვეყნების მზარდი ზეწოლისა, ცოტას თუ სჯერა, რომ უნგრელები პოზიციას შეიცვლიან ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს.

შემდეგი საკითხია დამატებითი სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. ბლოკმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-14 რაუნდი დაამტკიცა უნგრეთის პრეზიდენტობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 1 ივლისს. ევროკავშირის დიპლომატები, ვისაც ვესაუბრე, ამბობენ, რომ ახალი სანქციები უნგრეთის ექვსთვიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. საკითხავი ისაა, მზად არის თუ არა ევროკომისია, რომელიც ახალი სანქციების ინიციატორია ხოლმე, შეცვალოს ვითარება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ან ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ესკალაციის შემთხვევაში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG