Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სავარაუდოდ, ვიღაც რუსი ტიპები მართავენ“ - ბრიტანეთში არეულობის წამხალისებლების კვალს ეძებენ


მიგრანტების საწინააღმდეგო პროტესტი, ქალაქი როტერჰემი, 2024 წლის 4 აგვისტო.
მიგრანტების საწინააღმდეგო პროტესტი, ქალაქი როტერჰემი, 2024 წლის 4 აგვისტო.

სამი ბავშვის მკვლელობა დიდ ბრიტანეთში მუსლიმ ემიგრანტს დააბრალეს, რამაც მასობრივი ძალადობა და საპროტესტო აქციები წაახალისა. არის იმის ნიშნები, ეს რუსულმა დეზინფორმაციულმა ქსელმა გააკეთა.

ერთი კვირაა, დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში არ ცხრება გამოსვლები მიგრანტების წინააღმდეგ და შეტაკებები პოლიციასთან. დაკავებულია 500 ადამიანზე მეტი.


29 ივლისს, ქალაქ საუთპორტში დანით მოკლეს სამი გოგო და კიდევ რვა ბავშვი დაჭრეს. პოლიციამ მალევე დააკავა 17 წლის ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც მისი არასრულწლოვანების გამო არ გაამხილეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ყალბი ამბების გამავრცელებლებმა ეს სათავისოდ გამოიყენეს.

ტელეარხ “სქაი ნიუზის” ინფორმაციით, ერთ-ერთმა ულტრამემარჯვენე გვერდმა სოციალურ ქსელ X-ზე იმავე დღეს დაწერა, რომ თავდამსხმელი “მუსლიმი ემიგრანტი” იყო. პოსტი 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

“სქაი ნიუზმა” დაითვალა, რომ თავდასხმის საღამოსვე, დეზინფორმაციის შემცველმა ცნობებმა ჯამში 26 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვეს.

რუსული კვალი

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მალევე სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ცნობილია თავდამსხმელის სახელი - ალი ალ შაქათი და ის, თითქოსდა, თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმია.

სინამდვილეში ეჭვმიტანილი 2006 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ კარდიფში დაიბადა. მისი სახელი აქსელ მუგანვა რუდაკუბანია, ოჯახი კი წარმოშობით რუანდიდანაა.

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფის” ინფორმაციით, ყალბი ამბის წყაროა უცნობი საინფორმაციო სააგენტო, “Channel3 now news” (ჩენელ 3 ნაუ ნიუზ).

“ჩენელ 3-ს” პოსტი სოციალურ ქსელ X-ში აიტაცა მუსლიმი ემიგრანტებით უკმაყოფილო ასეულობით მომხმარებელმა.

ჩენელ 3-ის გვერდი პლატფორმა X-ზე
ჩენელ 3-ის გვერდი პლატფორმა X-ზე

მათ მომდევნო დღეებში მოაგროვეს მილიონობით ნახვა და არაერთი ბრიტანული გამოცემის თანახმად, კიდევ უფრო გააღიზიანეს მკლვლეობით და ხელისუფლების საიმიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანები.

დეზინფორმაციის მკვლევრები ამბობენ, რომ ჩენელ 3 ჩვეულებრივი საინფორმაციო სააგენტო როდია. დიდი შანსია, ის სპეციალურად იყოს შექმნილი ყალბი ამბების გასავრცელებლად და ბრიტანეთში საზოგადიებრივი აზრით მანიპულირებდეს.

ჩენელ 3-ის ყალბი პოსტი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი 17 წლის ალი ალ-შაკატია და "მას "MI-6 აკვირდებოდა, და იგი აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი ლივერპულის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურს"
ჩენელ 3-ის ყალბი პოსტი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი 17 წლის ალი ალ-შაკატია და "მას "MI-6 აკვირდებოდა, და იგი აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი ლივერპულის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურს"

სტივენ ჰაჩინგსი, რუსული კვლევების პროფესორი მანჩესტერის უნივერსიტეტში, ეუბნება "ტელეგრაფს", რომ ეს არხი ძალიან მოაგონებს რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტს.

2012 წელს ჩენელ 3-ის იუთუბ არხს ჯერ კიდევ არ ერქვა ჩენელ სამი. ეს იყო არხი, რომელიც პოსტავდა რუსეთის ქალაქ იჟევსკში ავტომოყვარულების გადაღებულ ვიდეოებს.

მანქანებიდან ტყუილებამდე

მაგრამ რამდენიმე წელიწადში არხმა სახელი გადაირქვა და დაიწყო განსხვავებული კონტენტის, მაგალითად, საფეხბურთო მიმოხილვების პოსტვა - ეუბნება “ტელეგრაფს” დოქტორი მაიკლ ჯონსი, ნორთვესტერნის უნივერსიტეტიდან.

იგი ამბობს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ დროს ჰაკერებმა გატეხეს და მოიპარეს არხი , და დაიწყეს აუდიტორიის მოგროვება.

ჯერ კიდევ 2012 წელს ჩენელ 3-ი პოსტავდა რუსეთში გადაღებულ ვიდეოებს ავტომობილებზე
ჯერ კიდევ 2012 წელს ჩენელ 3-ი პოსტავდა რუსეთში გადაღებულ ვიდეოებს ავტომობილებზე

კიდევ რამდენიმე წელიწადში იგი გარდაიქმნა ახალი ამბების არხად. მალევე გაჩნდა ინტერნეტ-გვერდიც.

გვერდი აქვეყნებს როგორც ავტორიტეტული გამოცემების სტატიებს, ისე ყვითელ ამბებს.

არხს ათეულობით ანგარიში უმაგრებს გვერდს, რომელიც მათ კონტენტს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. ასე მოხდა, საუთპორტის თავდასხმის შემდეგაც.

მათ უწერიათ, რომ აშშ-ი არიან დარეგისტრირებული, მაგრამ არ უთითებენ რომელ შტატში, ეს კი ძალიან საეჭვოა, - ეუბნება გამომძიებელი ჟურნალისტი ქეთრინ დენკინსონი გამოცემა “ტაიმსს”.

გარდა ამისა, საიტი არ უთითებს არც ერთი საკუთარი ჟურნალისტის სახელს და მისი ყველა მასალა ხელმოუწერელია.

“სავარაუდოდ, ვიღაც რუსი ტიპები მართავენ, რომელთა მიზანიც რასობრივი შეღლის გაღვივებაა.” - ამბობს დენკინსონი.

ეს ვლადიმირ პუტინის “რუხი ომია”. ყალბი ამბების გავრცელება მისი რეჟიმის “ფუნდამდენტური ტაქტიკაა,” რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ იყენებს - ეუბნება “ტელეგრაფს” ბრიტანული დაზვერვის ყოფლი უფროსი, რიჩარდ დირლავი.

თუმცა ზოგ ბრიტანელ ექსპერტს მაინც ეპარება ეჭვი იმაში, რომ “ჩენელ 3-ის” მიღმა რუსები დგანან.

მარკუს ბიერდი, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც კორონავირუსის დროს დეზინფორმაციასთან ბრძოლას ხელმძღვანელობდა, გამოცემა “გარდიანს” ეუბნება, რომ რუსული დეზინფორმაციის კვალობაზე, ვებ-გვერდის ტაქტიკა “მეტისმეტად სწორხაზოვანია”.

“ჩენელ 3 -მა” დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 31 ივლისს მოიბოდიშა. მათ სარედაქციო წერილში არ იყო ნახსენები, არც რედაქტორის და არც ერთი ჟურნალისტის გვარი.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საიტმა არც ერთ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა.

“ჩენელ 3-ის” იუთუბ-არხი გამქრალია. “რადიო თავისუფლებამ” მისი დამოუკიდებლად პოვნა ვეღარ შეძლო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG