Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და გერმანიამ ჩაშალეს კომპანია Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მოკვლის რუსული გეგმა - CNN


გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონცერნის, Rheinmetall-ის ხელმძღვანელი არმინ პაპერგერი
გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონცერნის, Rheinmetall-ის ხელმძღვანელი არმინ პაპერგერი

აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა. ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების ხუთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

Rheinmetall-ი არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც, აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას.

CNN-ის ცნობით, რუსეთი ევროპაში რამდენიმე თავდაცვის საწარმოს ხელმძღვანელთა მკვლელობას გეგმავდა, ხოლო პაპერგერის მკვლელობის მცდელობის სამზადისი მათგან ყველაზე წინ იყო წაწეული. სავარაუდოდ, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა შეიტყვეს ამ გეგმების შესახებ და გააფრთხილეს კოლეგები გერმანიიდან, რომლებმაც მოახერხეს მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება. CNN-ი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას ბერლინში სხვა წყაროებიც ადასტურებენ.

ტელეკომპანია ხაზს უსვამს ასევე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩადენილი დივერსიების სერიას ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. სპეცსამსახურები და ხელისუფლება ეჭვობენ, რომ მათ უკან სწორედ რუსეთი იდგა.

როგორც წესი, დივერსიულ აქტებს სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ახორციელებენ. თუმცა მანამდე არ ყოფილა ცნობილი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები შეეცადნენ უკრაინის იარაღით მომარაგებაში მონაწილე დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას.

"ჩვენ ვხედავთ დივერსიებს, ვხედავთ მკვლელობის მცდელობების მომზადებას, ვხედავთ ცეცხლის წაკიდებას. ჩვენ ვხედავთ ისეთ რამეებს, სადაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია", - ციტირებს CNN ნატოს ანონიმ მაღალჩინოსანს, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთი დგას ყველა ამ მცდელობის უკან, რასაც "სტრატეგიული ხასიათის" შედეგები ექმნება.

თეთრმა სახლმა პირდაპირ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ამზადებდა კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მკვლელობას. მაგრამ ითქვა, რომ ვაშინგტონი უკიდურესად სერიოზულად უყურებს რუსეთის დივერსიულ კამპანიას. აშშ-ში გერმანიის საელჩომ და Rheinmetall-მა უარი თქვეს CNN-ისათვის კომენტარის მიცემაზე, ხოლო ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ ასევე არ უპასუხა რედაქციის წერილობით თხოვნას. მანამდე მოსკოვმა უარყო დივერსიებში მონაწილეობა.

ბრიტანეთში რუსეთს ადანაშაულებენ 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ გრუ-ს ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. ლონდონი მიიჩნევს, რომ ჯერ სკრიპალების და შემდეგ 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას. მოსკოვი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG