რეგიონალურმა არჩევნებმა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის სამ მხარეში - ბრანდენბურგში, საქსონიასა და თიურინგიაში - შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ევროკავშირის უდიდეს და ყველაზე მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოზე, სადაც არაპოპულარული ეროვნული კოალიციური მთავრობა კიდევ უფრო შესუსტდება და გაიზრდება კითხვის ნიშნები უკრაინისადმი ბერლინის სამომავლო მხარდაჭერის შესახებ.
თიურინგია და საქსონია 1 სექტემბერს მისცემენ ხმას, ხოლო ბრანდენბურგი - სამი კვირის შემდეგ, 22 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული რეგიონული განსხვავებები ამ სამს შორის, რომლებიც ერთად გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს, ტენდენცია მსგავსია - ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD, Alternative für Deutschland) გაძლიერდა და სამივეგან პირველი ადგილისათვის იბრძოლებს. ელიან, რომ სამივეგან მიიღებს ხმების 25-დან 30-მდე პროცენტს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიას პირველი ადგილი არცერთ სახელმწიფო არჩევნებში აღარ დაუკავებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე პოპულისტებს დასავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში კარგი შედეგები უჩვენებიათ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პირველ ადგილზეც გასულან და მთავრობებიც კი შეუქმნიათ, გერმანიაში ამას განსაკუთრებულად სიმბოლური მნიშვნელობა ექნება მე-20 საუკუნის მემკვიდრეობის გათვალისწინებით.
თანაც AfD მაინც კარგა რადიკალური მემარჯვენეები არიან. სხვა მემარჯვენე პარტიებმა, როგორებიცაა მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ და იტალიური „ლეგა“, მაისის ევროპული არჩევნების წინ ის გააძევეს მისი ევროპული პოლიტიკური პარტიის ოჯახიდან „იდენტობა და დემოკრატია“ (ID). მოგვიანებით მან შექმნა საკუთარი, კიდევ უფრო რადიკალურად მემარჯვენე ჯგუფი - „სუვერენული ერების ევროპა“.
კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა, გერმანიის შიდა უსაფრთხოების მცველმა, საქსონიაში, ასევე თიურინგიაში, პარტიას „დადასტურებული მემარჯვენე ექსტრემისტი“ უწოდა. პარტიის ლიდერი თიურინგიაში, ბიორნ ჰოკე, ნაცისტური ლოზუნგების გამოყენებისთვის არის გასამართლებული.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. პარალელურად სულ უფრო პოპულარული ხდება ულტრამემარცხენეობაც. დამკვიდრებულ ულტრამემარცხენე „ლინკეს“ ცოტა ხნის წინ გამოეყო „სარა ვაგენკნეხტის ალიანსი“ (BSW, Bündnis Sahra Wagenknecht), რომელიც სამივე მხარეში 15-20%-ს აჩვენებს გამოკითხვებში და მეორე-მესამე ადგილისათვის იბრძვის. ამ პარტიის ლიდერია პოპულარული, თუმცა სადავო რეპუტაციის სარა ვაგენკნეხტი, რომელიც ოდესღაც გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის წევრი (SED) იყო კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში. ახლა ის გერმანიის პოლიტიკური რუკის რესტრუქტურიზაციას ეცდება. „ლინკეს“ პოპულარობა დაეცა მას შემდეგ, რაც ვაგენკნეხტი წამოვიდა და მას ქმარი, გერმანელი მემარცხენეების პატრიარქი ოსკარ ლაფონტენიც შეუერთდა.
მაგრამ უფრო საინტერესოა მისი პოლიტიკური პოზიციები. ის ებრძვის იმიგრაციას და აპროტესტებს მწვანე პოლიტიკას. მრავალი თვალსაზრისით, მისი შეხედულებები საკმაოდ ახლოსაა AfD-ს პოზიციებთან. ორივე მხარე ევროსკეპტიკოსია, ნატოს წინააღმდეგია, აკრიტიკებს გერმანიაში ახლად ჩასულებს, სიმპათიით უყურებს რუსეთს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგია. AfD-მ და BSW-მ სექტემბერში სამივე მხარეში ერთად შეიძლება ხმების 50% მიიღონ.
ვითარებას რამდენიმე ფაქტორი ამსუბუქებს. პირველი ის არის, რომ BSW-მ, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ, დადო პირობა, რომ არ შევა რაიმე ალიანსში Afd-სთან. ამგვარად, AfD-მ ყველგან პირველი ადგილი რომც დაიკავოს და მხარის პარლამენტების პრეზიდენტის დასახელების უფლება მოიპოვოს, საკმარისი მხარდაჭერის მიღებას მაინც ვერ შეძლებს. მეორე მხრივ, მას შეუძლია დაბლოკოს გარკვეული ძირითადი გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დანიშვნა და კონსტიტუციის ცვლილებები, თუ ის მიიღებს მხარის საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მესამედზე მეტს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე მხარე ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰომოგენური ერთეული არ გახლავთ, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მხარეები უფრო ხშირად აძლევენ ხოლმე ხმას პოპულისტურ პარტიებს. აქ ხომ ჯერაც განიცდიან გერმანიის გაერთიანების ეკონომიკურ შოკს. ბევრი ამომრჩეველი აქ კვლავ ინარჩუნებს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ სენტიმენტებს და მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობას მოითხოვს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ სამი არჩევნები ცხადყოფს, თუ რამდენად გაყოფილია დასავლეთი და აღმოსავლეთი გერმანია გაერთიანებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, ეს არ ასახავს მთლიანად ქვეყნის განწყობას. AfD და BSW გაცილებით ნაკლებადაა პოპულარული დასავლეთში.
მიუხედავად ამისა, ეს კენჭისყრა ბერლინზე დიდ გავლენას მოახდენს. შემდეგი ფედერალური არჩევნები თორმეტ თვეშია. მაგრამ რამდენად გაძლებს სოციალ-დემოკრატების (SPD), მწვანეთა და ლიბერალური FDP-ს ისედაც მყიფე კოალიცია ამდენ ხანს? ეს ორი უკანასკნელი ამ არჩევნებში ალბათ 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს. სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ამდენი ხანია, გერმანიის პოლიტიკაში ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენენ, ამჟამად საქსონიასა და თიურინგიაში გამოკითხვებში ერთნიშნა შედეგებს აჩვენებენ. მხოლოდ ბრანდენბურგში ელიან, რომ ის AfD-ს შემდეგ მეორე ადგილზე გავა ხმების დაახლოებით 20%-ით. მეინსტრიმული პარტიებიდან, როგორც ჩანს, მხოლოდ მემარჯვენე-ცენტრისტული CDU (რომელსაც, გამოკითხვების მიხედვით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფედერალურ დონეზე ოპოზიციაში ყოფნა წაადგა) გაუწევს კონკურენციას პოპულისტებს. მას შეუძლია პოტენციურად გამარჯვება წაართვას AfD-ს საქსონიაში და მეორე ადგილისთვის იბრძოლოს დანარჩენ ორ მხარეში.
თუმცა მომავალში ორ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ყველა სხვა პარტია თითქოს (ჯერ კიდევ) გამორიცხავს AfD-სთან პოლიტიკურ ალიანსს, ამიტომ, წესით, უცნაური კოალიციები ჩამოყალიბდება. არ არის გამორიცხული, რომ CDU-სა და BSW-სთან მოუწიოს თანამშრომლობა მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტეს საკითხებში დაპირისპირებული პოზიციები უჭირავთ. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს AfD-ს დაბლოკვა? ასევე, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად გაიზიარებენ AfD-სა და BSW-ს დღის წესრიგსა და პოზიციას მთავარი პარტიები მომავალი წლის არჩევნებისათვის? ამას გავლენა მხოლოდ გერმანიაზე კი არა, მთელ ევროპაზე ექნება.